მშობლებისგან უარყოფილი "უკანონო ბავშვის" თავგადასავალი - გზაპრესი

მშობლებისგან უარყოფილი "უკანონო ბავშვის" თავგადასავალი

როცა მასთან ინტერვიუ დავგეგმე, ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი საინტერესო მოსაუბრე თუ იქნებოდა. ეს ინტერვიუ სილის გაწნაა საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც არსებობს ცნება "უკანონო ბავშვი". თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ილია ჩოხელი პოპულარული ერთ დღეში გახდა. ის საკუთარ შემოსავალს 13 მზრუნველობამოკლებულ ბავშვზე ანაწილებს.

ის 38 წლის არის. 6 წლამდე ჩვილ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი დიღმის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. 16 წელი შეუსრულდა თუ არა, იძულებული გახდა, ბავშვთა სახლი დაეტოვებინა და ქუჩაში აღმოჩნდა.

- ისე დავიბადე, ჩემი მშობლები დაქორწინებულები არ იყვნენ. უხეშად რომ ვთქვა, "უკანონო ბავშვი" ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა მიმატოვეს, დედის მაინც მადლობელი ვარ, რადგან გამაჩინა, სიცოცხლე დაბადებამდე არ მომისწრაფა და ბავშვთა სახლში ჩამაბარა.

- ბავშვთა სახლში დედა ან მამა გაკითხავდა?

- მამა არასდროს მინახავს, ჩემთან ურთიერთობა არ მოისურვა. მისი მხრიდან ნათესავებს რამდენჯერმე შევხვდი. დედა (მისი გვარი მაქვს) მოდიოდა ბავშვთა სახლში. თავადაც ობლად არის გაზრდილი, მაგრამ დღეს ურთიერთობა არც მასთან მაქვს.

GzaPress

- მშობლები სად ცხოვრობენ, იცი?

- სავარაუდო მისამართი ვიცი. დედა და მამა არ დაქორწინებულან, მათ ოჯახები ცალ-ცალკე შექმნეს. ჩემი წარსულიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, იმ ადამიანებს დავეხმარო, ვისაც დედისა და მამის მზრუნველობა აკლიათ, - მე ხომ ეს ტკივილი ყველაზე კარგად ვიცი. როცა გავიგებ, ვიღაც ფეხმძიმედ არის და ამას ოჯახში ვერ ამხელს, ყველას ვურჩევ, აბორტი არ გაიკეთოს. ეკლესიაში დავდივარ, მოძღვარი მყავს. ის ბავშვთა სახლი, სადაც გავიზარდე, ახლა აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ ვიდრე მოქმედი იყო, ხშირად მივდიოდი, სხვა ბავშვთა სახლებშიც დავდიოდი და შეძლებისდაგვარად ყველას ვეხმარებოდი, ბავშვებისთვის საჩუქრები მიმქონდა.

- ბავშვთა სახლში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებ?

- იქ ბავშვებს არა მხოლოდ მშობლების მზრუნველობა, არამედ ბევრი სხვა რამეც გვაკლდა. ჩვენი "ბურთი" ნაძვის გირჩები იყო. ჩვენთვის არანაირი გართობა არ არსებობდა. 150-ზე მეტი ბავშვი ვიყავით და ბევრი ძალადობაც ხდებოდა (არა მარტო უფროსების მხრიდან). იყო შემთხვევები, როცა ბიჭები გოგონებს საკვების კუთვნილ ულუფას ართმევდნენ და მერე საჭმლის დასაბრუნებლად იმართებოდა ბრძოლა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ შორის დიდი სიყვარული იყო, ერთმანეთს არ ვინდობდით. ყველანი გადარჩენისთვის ვიბრძოდით. თავიც მაქვს გატეხილი და ხელიც - მოტეხილი. როცა ერთი მეორეს ჩაგრავს, ჰგონია, რომ ის ძლიერია, სინამდვილეში კი მჩაგვრელი ყოველთვის სუსტი ადამიანია.

- ძალადობა ახსენე, სექსულური ძალადობაც მომხდარა?

- არაერთხელ მომხდარა მსგავსი რამ. ერთი გოგონა დაორსულდა, მაგრამ ეს ამბავი არ გაამჟღავნეს. ის გოგო ბავშვთა სახლიდან მალე წაიყვანეს.

- არავინ გაკონტროლებდათ?

- არა.

- დღეს იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც ბავშვთა სახლში გაიზარდე, ურთიერთობა გაქვს?

- რამდენიმეს ვიცნობ. უმეტესობა ისევ ქუჩაში ცხოვრობს, ზოგიერთი კი პატიმარია. ყველას ვურჩევ, სწორ გზას დაადგეს, მაგრამ უმრავლესობას ამისთვის ძალა არ ჰყოფნის.

- 16 წელი რომ შეგისრულდა, ბავშვთა სახლის კარი შენს ზურგს უკან მიიხურა და... მერე როგორ გააგრძელე ცხოვრება? შენ ხომ წასასვლელი და ღამის გასათევი არსად გქონდა?

- ახალშობილივით უსუსური ვიყავი. საზოგადოება ჩემნაირი ადამინების მიმართ ძალზე ცივია. ურთიერთობა მეც გამიჭირდა. რომ იგებდნენ, უპატრონო ვიყავი, არ მენდობოდნენ, არავინ მანუგეშებდა. ჩემი თვალით დანახული საზოგადოება ძალიან ცივი იყო. ბევრი ცუდი ფაქტი მომხდარა და ყველას ეშინოდა, სახლში შევეშვი, დავეპურებინე. ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ბავშვთა სახლში გაზრდილი ბიჭი ოჯახმა შეიფარა. სახლში მიიყვანეს, მზრუნველობა გამოიჩინეს და მერე მათი სახლიდან ძვირად ღირებული ნივთი დაიკარგა. ბუნებრივია, ამ ბიჭს დააბრალეს, რის გამოც 3 წლით დააპატიმრეს. აღმოჩნდა, რომ სახლიდან ის ნივთი მათი შვილის გატანილი იყო, მაგრამ აღარ გაახმაურეს ამბავი, ციხეში საკუთარ შვილს ხომ არ ჩასვამდნენ!.. მერე ოჯახის უფროსი საკუთარ საქციელს ნანობდა, მაგრამ კოლონიაში უსამართლოდ გატარებულ 3 წელს რაღა ეშველება?!

- ქუჩაში ცხოვრება როგორ გააგრძელე?

- ფიზიკურად ვშრომობდი, ღამეს პარკებში ვათევდი.

- მარტო იყავი?

- თავიდან მარტო ვიყავი, მერე ბავშვთა სახლიდან კიდევ რამდენიმე ბიჭი გამოვიდა და მათთან ერთად ვიყავი. მალევე მივხვდი, ამ გზით ცხოვრებას ვერ ავიწყობდი. იმ ბიჭებმა სხვა, ჩემთვის მიუღებელი გზა აირჩიეს, მე კი მათ არ ავყევი. სახელმწიფომ ასეთი კატეგორიის ბავშვების საცხოვრებელზე უნდა იზრუნოს. არავინ ფიქრობს, 16 წლის ადამიანს ქუჩაში რომ უშვებ, სად უნდა წავიდეს?

- ღამეს ქუჩაში ათევდი, მაგრამ თავი როგორ გაგქონდა, საკვებს როგორ შოულობდი?

- რომ გითხრა, ცხოვრებაში არაფერი მომიპარავს-მეთქი, ტყუილი იქნება. იძულებული ვიყავი, ცუდი საქციელიც ჩამედინა, თავი გამეტანა.

GzaPress

- დიდი იყო ალბათობა, ცუდ გზას დასდგომოდი. რამ გადაგარჩინა?

- დღე უმეტესად მეძინა, საღამოობით ქუჩაში გავდიოდი. ერთ საღამოს, წერეთელზე ვსეირნობდი და შევნიშნე, დიდუბის ეკლესიის ეზოში რამდენიმე მოძღვარი იდგა, ლაპარაკობდნენ. მაშინ ჩემთვის ეკლესია სხვა ნაგებობებისგან არაფრით განსხვავდებოდა. მონათლული არ ვიყავი, არც ტაძარში მოქცევის წესები ვიცოდი, მაგრამ ძალიან მომინდა, შევსულიყავი და მოძღვრებს ვკითხე, - შეიძლება, შემოვიდე-მეთქი? გაუკვირდათ, ნებართვა რატომ ავიღე. ღვთისმშობლობა იყო, ტაძარში შესულს რამდენიმე ადამიანი დამხვდა, ყველა თავისთვის ლოცულობდა, ზოგიერთი ხატებს დაჩოქილი ეჩურჩულებოდა, ზოგიერთს ცრემლი სდიოდა. უკან გაოგნებული გამოვბრუნდი. ერთმა მღვდელმა მითხრა, - მოდი, აქ ჩამოჯექი, ვილაპარაკოთო. მისი მადლიერი ვარ. ჩემი თავგადასავალი ვუამბე. მთელი ღამე ვისხედით ერთად და ვლაპარაკობდით. იმ ღამის შემდეგ პანთეონში მღვდლებთან ერთად ვცხოვრობდი, იქ მეძინა. მომნათლეს და 3 თვის შემდეგ ბეთანიის მამათა მონასტერში გამიშვეს. ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. ბეთანიის შემდეგ სხვა მონასტრებშიც ვცხოვრობდი. მერე წლების განმავლობაში, მამა მიქაელთან (გვარამაძე) ერთად ვიყავი.

- ახლა სად ცხოვრობ?

- მეგობრის ბინაში - ჩვენი ტაძრის მრევლმა დროებით საცხოვრებლად დამითმო.

- 12 ბავშვი ამ ბინაში გყავდა?

- არა, სხვაგან მქონდა ბინა ნაქირავები. უდედმამო ბავშვები შევკრიბე, მათ ძიძაც ავუყვანე და ვუვლიდი, მზრუნველობას არ ვაკლებდი. მღვდელი, მრევლი, მეგობრები მეხმარებოდნენ. მერე ისე მოხდა, რომ სახელმწიფომ ეს ბავშვები სხვაგან გადაიყვანა და ახლა ზოგიერთი მინდობით აღზრდაშია. 3 წელია, დასუფთავების სამსახურში ვმუშაობ. გარდა ამისა, ბევრ სხვა რამესაც ვაკეთებ და პერიოდულად, სანთლებსაც ვამზადებ.

- ხელფასს დღესაც უდედმამო ბავშვებზე ანაწილებ?

- რა თქმა უნდა, და ალბათ, ასე იქნება მანამ, ვიდრე ცოცხალი და შრომისუნარიანი ვიქნები. ყოველთვე 660 ლარს ვიღებ. უქმე დღეებშიც თუ ვიმუშავებ, პრემია - დღეში 30 ლარი მერიცხება. ახლა ჩემი შემოსავალი 13 მოზარდზე ნაწილდება. აქედან 5 ბავშვი ჩვილ ბავშვთა სახლშია და მათზე სახელმწიფო ზრუნავს, მაგრამ პერიოდულად მეც მივდივარ, ოღონდ - სხვისი სახელით და "პამპერსები" მიმაქვს.

- სხვისი სახელით, რატომ?

- არ მინდოდა, სიკეთის კეთების აფიშირება მომეხდინა, მაგრამ მაინც ყველამ გაიგო. სახლში არაფერი მაქვს, მათ შორის - არც ტელევიზორი. არადა, 3 ტელევიზორი და 23 სარეცხი მანქანა მაჩუქეს და ყველა გაჭირვებულ ოჯახებზე გავაჩუქე. ჩავთვალე, რომ მათ მეტად სჭირდებათ, ვიდრე - მე. მარტოხელას მეტი უნდა თუ 5-შვილიან ოჯახს?.. მე რომ ოჯახს შევქმნი, მერე ყველაფერი მექნება.

- ქუჩაში ბევრი სისასტიკეა, არა?

- ძალიან ბევრი! ხშირად მიჩხუბია, სიგარეტი და ფულიც წამირთმევია... ზოგიერთი ძალიან უხეშად მეპყრობოდა. ერთ ღერ სიგარეტს არ მაძლევდნენ.

- სიკეთის მაგალითები არ იყო?

- როგორ არ იყო?! ერთხელ ისე მცემეს, საავადმყოფოში მოვხვდი. იქ ვინ მიპატრონებდა?!. ერთი ებრაელი კაცი იყო, შვილი ჰყავდა ძალიან მძიმედ. შეიძლება ითქვას, მაშინ იმ ადამიანმა გადამარჩინა და შვილიც გადაურჩა. მერე ისრაელში წავიდნენ. ვიდრე აქ იყო, იმ კაცთან ურთიერთობა მქონდა. მარიგებდა, - როგორც მე გეცი პატივი, შენც ასე მოეპყარი სხვა ადამიანებს და ყველას შეუყვარდებიო. ვცდილობ, ასე ვიცხოვრო. საკუთარ თავზე სულ არ ვზრუნავ.

- შენს უახლოეს გეგმებში დაოჯახება არ შედის? როცა ამდენ ბავშვზე ზრუნავ, ალბათ საკუთარი შვილის ყოლის სურვილიც გაქვს.

- ამაზე არაერთხელ მიფიქრია და დაოჯახებაც მომინდომებია. მიცდია, მაგრამ გოგონები ვერ მიგებენ. ვერავის მოვატყუებ, ჩემ შესახებ ყველას დაუფარავად ვუყვები, გულწრფელი ვარ და ეს ხშირად მაზარალებს. გოგონები საკუთარ თავზე მეტისმეტად ზრუნავენ... ერთი გოგო მიყვარდა. მას ჩემს გრძნობებში გამოვუტყდი. ვუთხარი, - მინდა, შენთან ოჯახი შევქმნა-მეთქი. ცივად მომახალა: უპატრონო ბავშვთა სახლში გაზრდილ ადამიანს ცოლად არასდროს გავყვებიო. არ გავბრაზებულვარ, მაგრამ მისი სიტყვები გულზე მომხვდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ეს გოგო გათხოვდა და ფეხმძიმობის პერიოდში ქმარმა მიატოვა.

- მერე დაგიკავშირდა?

- კი, თავად მომძებნა და მიამბო, როგორ ნანობდა საკუთარ საქციელს. ვანუგეშე: როგორც შემეძლება, დაგეხმარები; რა დროსაც გინდა, დამირეკე, მაგრამ მხოლოდ მეგობრებად დავრჩებით-მეთქი.

- ახლა შეყვარებული არ ხარ?

- მე ყველა მიყვარს (იცინის). ისეთი ქალი, რომელთან ერთადაც ოჯახის შემქნას ვიფიქრებდი, ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ არის.

- რამდენი და და ძმა გყავს?

- 6 დედმამიშვილი მყავს. მათ იციან ჩემ შესახებ, მაგრამ ურთიერთობის სურვილი არ აქვთ.

თამუნა კვინიკაძე