"გარდაცვალება ზეიმით აღსანიშნავი არ არს, ტირილად დავსდგებით!" - გზაპრესი

"გარდაცვალება ზეიმით აღსანიშნავი არ არს, ტირილად დავსდგებით!"

15 თემიდან, რომელიც ოდითგან არსებობდა ფშავში, 12 შემორჩენილა. დანარჩენი სამი მთლიანად ბარად გადაუსახლებია ზურაბ არაგვის ერისთავს. მოგვიანებით, დარჩენილი თემების მოსახლეობის უმრავლესობაც მთის ღატაკ ლუკმას გაჰქცევია. თუმცა, ყველა თემი მაინც ფშავლობს და თავის სალოცავებს არ ივიწყებს. ხატობაზე ადიან, საკლავითა და ლუდით წინაპრების სულებს შენდობას უთვლიან და არ ივიწყებენ, ვისი გორისანი არიან.

გონიერ ადამიანებს მოუფიქრებიათ და ვაჟა ფშაველას კარ-მიდამოს წინ თავისებური მცირე ბიზნესი წამოუწყიათ. ბრგე, საღი და თვალებბრიალა ახალგაზრდა კაცები მოთვინიერებული ცხენებით ტურისტებს გასეირნებას სთავაზობენ. ვიღაც კვადროციკლების გაქირავებით დაინტერესებულა და გამაყრუებელი გუგუნით დარბიან სხვადასხვა ასაკის ტურისტები ოდესღაც ვაჟას ფეხით მოთელილ მიწაზე (სატირალია, რომ ტრანსპორტიდან გადმოსულ ბავშვების უმეტეს ნაწილს კვადროციკლი უფრო აინტერესებთ, ვიდრე ვაჟას სამკვიდრებელი).

რა იცის ქართველმა ხალხმა ვაჟაზე გარდა იმისა, რომ შეჭირვებული და მსოფლიო დონის პოეტი იყო? შესაძლოა, არც თვლიან საჭიროდ, მეტად ჩაიხედონ გენიოსის ცხოვრების დეტალებში. ასი წლის წინ გარდაცვლილ პოეტს, კონკებში გახვეულ მსოფლიო დონის მოაზროვნეს, მითოლოგიური რეალიზმის პიონერს იმდენი ყოფითი ელემენტით უცხოვრია, რამდენიც ასობით ადამიანს ეყოფოდა, მაგრამ მაინც ზეკაცად დარჩა.

ვაჟა ნამდვილი მინიდია იყო. ნადირობდა და დანარჩენი ფშავლებივით ცხოვრობდა. ზოგჯერ, თავისი ფიცხი ხასიათის გამო, კონფლიქტებიც მოსვლია. სწრაფად აღელვებული, სწრაფადვე წყნარდებოდა თურმე.

ერთხელაც, უღელი გამოუთლია. მეზობელი მისულა და ლუკასთვის უღელი უთხოვია. ვაჟა რაღაც ნაწარმოებს წერდა და თავის სამყაროში იყო. გამორკვეულა და უთქვამს: აიღე, წაიღეო. იმავე მეზობელს სხვა დროსაც მიუკითხავს უღლისათვის. არავინ იცის, რაზე ფიქრობდა ამ დროს პოეტი, მაგრამ ფიქრებიდან გამორკვეულა და ისევ გაუტანებია ხარის საქედე პრიმიტიული მოწყობილობა. მესამედაც მისულა (მგონი მოლოდინაშვილი გვარად) უღლის მთხოვნელი და რაზიკაანთ დევი ისევ გამოუყვანია მუზათა საუფლოდან. ვეღარ მოუთმენია ვაჟას და ქეჩოში ხელი წაუვლია, კნუტივით აუთრევია იმ ტყეში, სადაც საუღლე მოუჭრია და ძირს დაუხეთქებია: აი, აქ მოვჭერ საუღლე და შენც შეგიძლია მოჭრა, შემდეგ კი გამოთალოო. გულქან რაზიკაშვილის საინტერესო მოგონება, ვაჟას ცხოვრებიდან: "ე, მაგ კაკლების ქვეშ იყო, მამაის მასაკვეთი კრება (ვისაც უნახავს ვაჟას სახლ-მუზეუმი ჩარგალში, ადვილად მიხვდება, რომელ კაკლებზეც არის საუბარი), ყანაი გვქონდა და საქონელს ზუსტად ჩვენს ყანაზე ატარებდნენ. არადა, მართლაც, მარცვალ-მარცვალ გვიგროვებდა სარჩოს მამა, რომ გვეარსება. გამვლელების გამო კი ყანა ნადგურდებოდა. მამამ რამდენჯერმე სთხოვა, ცოტა შორიდან მოუარეთ, გზით იარეთ, ამ ბალღებს ჭამა ხომ უნდათო? ერთხელაც ვიღაცასთან მოუვიდა ამის გამო კამათი და მოსაკვეთი კრება მოუწყვეს. კაკლის ძირში ჩოჩქოლი იყო, მამა გამოჩნდა. სულ არ იცოდა, რაში იყო საქმე, გახედა ხალხს და თქვა: რას არატრატებენ და რას აყრანტალებენო? ემ სოფლელმა ხალხმა მაიკვეთა მამაი, მაგრამ ღმერთმა და ქვეყანამ არ მაიკვეთა".

GzaPress

მუზეუმის თანამშრომელმა ქალმა გაბედულად თქვა: ვაჟას წერა მხოლოდ ჩარგალში შეეძლო და ადვილად წარმოსადგენია, რამხელა სხვაობა იქნებოდა რიგით ფშავლებსა და ვაჟას შორისო. რთული იყო იმ დროისათვის ვაჟას შეფასება-დაფასება, ბევრ მის თანამედროვეს ეგონა, რომ ლექსობაში მასზე ძლიერებიც იყვნენ ფშავში (ცნობილია, რომ კაფიების თქმაში ბევრი ფშაველი უფრო სხარტობდა ვაჟაზე).

ფშავში ხევისბრები ახლაც ხევისბრობენ, თუმცა, ფშაური წეს-ჩვეულებებიდან ბევრი იდუმალებით არის დაფარული. ვაჟას სახლი, რომლის მხოლოდ უკანა კედელიღაა მამამისის დროინდელი, სამგანყოფილებიანია. შუა, მომცრო დერეფანი საქალებოს საკაცებოსგან გამოყოფს. სწორედ განწმენდის დროს იყრებოდა ცოლ-ქმრის სარეცელი, ამის შემდეგ ეძლეოდა კაცს უფლება კოპალას, იახსარს, ლაშარს მომსახურებოდა. ფშავის (ისტორიული ფხოვის) ცენტრი ხოშარი ყოფილა, ამჟამად ეს სოფელი ორიოდე ოჯახს მოითვლის. იქ იკრიბებოდნენ ფშავის თხუთმეტივე თემი და ფხოვის სათხუთმეტოც ამიტომ ერქვა. რაზიკაშვილების საგვარეულო გვიანდელი შუა საუკუნეების დროს გაჩენილა ფშავში. სავარაუდოდ, ისინი ხევიდან ჩამოსული ღუდუშაურები უნდა იყვნენ, მერე ამანათად მოსულან ფშავს.

ამანათს ეძახდნენ სხვა მხრიდან მოსულ ხიზანს. თემი ამანათს ჯერ მოშორებით დასახლების უფლებას მისცემდა. ვიდრე ამანათი არ გამოიცდებოდა, მანამდე ხიზანს თემის წევრის სტატუსი არ ეძლეოდა. ძირითადად, "სამამაცო ზნეთა" გამოცდის მერე, ამანათი კლავდა საკლავს და უერთდებოდა თემს. თუ ამანათის შესაძლებლობა მწირი იყო, მაშინ ხევისბერი მას "შესამწირველოს" გარეშე, რიტუალის ჩატარების შემდეგ, თემის წევრად ჩარიცხავდა.

ალბათ ასეთივე წესით მიიღო რაზიკა ღუდუშაური გოგოჭურების თემმა (გოგოჭური ფშავში არის თემის სახელი და არა - გვარი) და სამომავლოდ, რაზიკაშვილებად იწოდნენ.

ვაჟას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იას. ვისაც ლუკა რაზიკაშვილის შემოქმედება წაუკითხავს, ჩვენს უთქმელადაც კარგად იცის, რომ ვაჟა სათუთად ეპყრობოდა ბუნების უსულო შვილებსაც. თურმე, პირველ მეუღლესაც იას ეძახდა ვაჟა. კეკეს, როგორც დიდგვაროვანის შვილს, დაქორწინებამდე სთხოვდა, უარი ეთქვა სიყვარულზე. - ვერ შეძლებ შენ ფშავში ცხოვრებასო, აფრთხილებდა ვაჟა მომავალ მეუღლეს, თუმცა, ის დაჟინებით იძახდა - კი, შევძლებ, კიო! სამწუხაროდ, ვაჟას ავი წინათგრძნობა ასრულდა და კახეთში ერთ ზამთარს ჩარჩენილ ვაჟას ამბავი მიუვიდა ცოლის დაღუპვის შესახებ. როცა ვაჟა დაუბრუნდა ჩარგალს, მეუღლე უკვე დაკრძალული დაახვედრეს.

ვაჟას ცხოვრებიდან ერთი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საგულისხმო ფაქტი ასეთია: ილიასთვის უთხოვიათ, - ეს მთის შვილი, რუსული და გერმანული ენები რომ იცის კარგად, გერმანიაში გავუშვათ სასწავლებლადო. ილიას დინჯად უთქვამს, - თქვენ გინდათ, რომ ლუკა გერმანიაში გავუშვათ და იქიდან გერმანელ ფილოსოფოსად დაგვიბრუნდესო? ილიას არ უღალატა გუმანმა და ევროპისკენ გზა არ გაუკვალა იმ ადამიანს, რომელმაც ფშავის მთებიდან უწვდენი სიმაღლეები დაიპყრო.

თავის დროზე ვაჟა ვერ დააფასა ქართველმა ხალხმა, თუმცა, სიკვდილის მერე ჯერ დიდუბის პანთეონი მიუჩინა განსასვენებლად, მერე - მთაწმინდა.

ფხოველ დიაცს ვკითხე: ასი წლის თავი, ვაჟას გარდაცვალებისა, უნდა აღნიშნოთ-მეთქი? და ასეთი პასუხი მივიღე: - გარდაცვალება ზეიმით აღსანიშნავ არ არს, ტირილად დავსდგებით!

ლუკა რაზიკაშვილი რომ არა, ალბათ, ჩარგლურას ხეობასაც და ფშავურ ყოფა-ცხოვრებასაც მოგონების მტვერი დაფარავდა და ეს ადგილიც ისეთივე უკაცრიელი გახდებოდა, როგორც მთიანი საქართველოს დიდი ნაწილი.

როლანდ ხოჯანაშვილი