მოღალატე ცოლი, რომელსაც შვილის ყოლა არ სურდა - გზაპრესი

მოღალატე ცოლი, რომელსაც შვილის ყოლა არ სურდა

ახლა მარტო ვარ და მართალია, წარსულს აღარ მივტირი (ვითომ?!), რადგან ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობს ქალი, რომელსაც ერთგულების უნარი აქვს, მაგრამ როცა ის მახსენდება (მის თავს კი ბევრი რამ მახსენებს), გული მტკივა. მე არ ვიმსახურებდი ღალატს, მოტყუებას იმ ადამიანისგან, რომელიც გულით მიყვარდა თავის დროზე..." - ეს წერილი 37 წლის გოჩამ მომწერა. ამბობს, რომ ღალატის "გემოს მცოდნეა" და ამის დაგემოვნებას არავის უსურვებს, გარდა მოღალატე მეუღლისა, რომელმაც თავის დროზე ცხოვრება დაუნგრია, ახალგაზრდა კაცს სიცოცხლესთან გამომშვიდობება ანატრებინა.

- მზია ნათესავის ქორწილში გავიცანი და ძალიან მომეწონა. ვგრძნობდი, მასაც ჩემზე ეჭირა თვალი და საცეკვაოდაც არაერთხელ გამიწვია. დიდი მოცეკვავე არ ვარ, მაგრამ ამ გოგოს უარი ვერ ვუთხარი. მორცხვობა დავძლიე და სხვა დროს თუ დაბადების დღეზე, ვიწრო წრეშიც ვერ ვბედავდი ცეკვა-თამაშს, ახლა ქორწილში გამოვიდე თავი, შეუჩერებლად ვბუქნაობდი, რის გამოც ჩემი ნათესავები მაგრად ხალისობდნენ. მიხვდნენ, რომ გოგო მომეწონა. მაშინ 18 წლის ვიყავი... მზიას გაცნობამდეც მყავდა შეყვარებულები, მაგრამ ისეთი სერიოზული უთრიერთობა, როგორიც მასთან გავაბი, სხვასთან არასდროს მქონია. იმ ქორწილიდან წამოსულმა, ბალიშზე თავი ვერ დავდე, სულ მასზე ვფიქრობდი, ისევ ცეკვა მინდოდა (იცინის). მოკლედ, გამაგიჟა და თავგზა ამირია ამ გოგომ. სიყვარული მაგარი რამე ყოფილა - ამასაც მიმახვედრა. ის რომ მახსენდებოდა, სახეზე სულ ღიმილი მეხატებოდა... იმ წელს, მშობლების დაჟინებული თხოვნით, უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე. არ უნდოდათ, ჯარში გაეშვათ ერთადერთი შვილი. ცხადია, არ ჩავჭრილვარ - მართალია, სწავლით ტვინი არ მისკდებოდა, მაგრამ ფასიან სასწავლებელში განათლებას რომ დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, ესეც ხომ ფაქტია და ოღონდ თანხა პატიოსნად გადამეხადა, ვინ გამცემდა უბატონოდ ხმას ან ვინ დამამადლიდა წიგნაკში "ჩაეთვალას", ან დამაკმაყოფილებელი "სამიანის" დაწერას? სტუდენტს იშვიათად მეძლეოდა საყვარელი გოგოს ნახვის საშუალება, მაგრამ ჩემთვის ისიც ბევრს ნიშნავდა, რომ მისგან სიყვარულს ვგრძნობდი. ვიცოდი, ადრე თუ გვიან, ერთად ვიქნებოდით.

- დაოჯახება როდის გადაწყვიტეთ?

- ის ჩემზე 2 წლით უმცროსია და სკოლა რომ დაამთავრა, გადავწყვიტე, ცოლად შემერთო, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტი ვიყავი, უსაქმური და თავადაც მშობლები მარჩენდნენ. არავის რჩევა არ გავითვალისწინეთ და გავიპარეთ. ნათესავებს მივადექი სახლში, - ცოლი მოვიყვანე-მეთქი. მიგვიღეს, დაგვლოცეს. მეგონა, წივილ-კივილის ატანა მომიწევდა, მზიას მშობლები გამომლანძღავდნენ, მაგრამ შევცდი - ღიმილით შემოვიდნენ ოჯახში, შვილის სანახავად და ღიმილითვე ჩამიკრეს გულში. აი, ჩემები კი გამწარებულები იყვნენ: ქალაქში შენ ძლივს გინახავთ და სად გეჩქარებოდა? ცოტა ხანს მოგეცადა, ამ გოგოს ვინ წაგართმევდაო? ბევრი მლანძღეს, მაგრამ რაღას იზამდნენ, ხომ არ დამაშორებდნენ სახლში მიყვანილ ქალს?.. იმ წელს ინსტიტუტში აკადემიური ავიღე, მეორე წელს კი ერთად ჩამოვედით თბილისში. მე ვსწავლობდი, ის მივლიდა და პარალელურად, მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, დეიდაშვილმა დაასაქმა: სიგარეტს ყიდდა ერთ ლამაზად მოწყობილ მაღაზიაში და ამის საწინააღმდეგო არც მე მქონია არაფერი. მერე თავადაც დავიწყე მუშაობა - დაცვის თანამშრომელი ვიყავი ერთ-ერთ მარკეტში. შემდეგ ბანკში გადამიყვანეს და იქაც უსაფრთხოებაზე ზრუნვა მევალებოდა. ტანად დიდი ვიყავი, კუნთებიც "ბლომად მეყარა" ნავარჯიშებ სხეულზე... მოკლედ, ორივეს გვქონდა შემოსავალი და ვცხოვრობდით გემრიელად, მშობლებიც გვეხმარებოდნენ.

შვილის ყოლას არ ვჩქარობდით, რადგან გვინდოდა, ჯერ წელი მოგვემაგრებინა და ბავშვებზე მერე გვეფიქრა, როცა მე სტუდენტი აღარ ვიქნებოდი.

- მზიას სწავლის გაგრძელების სურვილი არ გასჩენია?

- არა, არ უთქვამს, სწავლის გაგრძელება მინდაო, თორემ ვინ დაუშლიდა? დარწმუნებული ვარ, ეს რომ ეთქვა, ჩემს ოჯახს რომც ვერ მოეხერხებინა, მისი მშობლები დააფინანსებდნენ შვილის განათლებას, მაგრამ არ მოინდომა. ფულის გემო რომ გაიგო, მუშაობაზე უარის თქმა გაუჭირდა და მერე, როცა დაორსულდა, მაშინაც კი სამსახურში გარბოდა, სახლში ვერ ჩერდებოდა...

- ანუ შვილი გყავს?

- არა, სამწუხაროდ არ მყავს... მართალია, თავს ყველანაირად ვიცავდით, მაგრამ როგორღაც, მაინც დაფეხმძიმდა. ეს ჩვენთვის შოკი იყო, მზად არ ვიყავით ამ ყველაფრისთვის. შობლებს გავაგებინეთ ეს ამბავი და ვკითხეთ, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ-თქო? სიხარულისგან ცას ეწივნენ: წელიწადზე მეტია, ცოლ-ქმარი ხართ და შვილზე არ ფიქრობდით? რას ჰქვია, რა უნდა ქნათ? შვილი აუცილებელია და ჩვენც გაგვიხარდება შვილიშვილის ნახვაო. მშობლების მხარდაჭერა რომ ვიგრძენი, გამიხარდა. მაგრამ ორსულობისას მზია ძალიან შეიცვალა, უხასიათო გახდა.

- ასე ხშირად ხდება...

- მაგრამ მას ბავშვის გაჩენა არ უნდოდა. ბევრს იცნობთ ისეთ ფეხმძიმეს, რომ წუწუნებდეს, მუცელში რომ მყავს, ეს ბავშვი ნერვებს მიშლისო? აი, მზია კი წუწუნებდა. ვფიქრობდი, რომ ეს სიგიჟე გაუვლიდა და მუცლადმყოფი შეუყვარდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ყველა დედას უყვარდება შვილი და მზია რომ იქნებოდა გამონაკლისი, ამას როგორ ვიფიქრებდი?.. ერთ დღეს სამსახურში ვიყავი, როცა დამირეკა, - ცუდად ვარ, სახლში მოდიო. სამსახურიდან წასვლა გამიჭირდა, რადგან ჩემი უფროსი შენობიდან გასული იყო, დაუკითხავად წასვლა კი სამსახურის დაკარგვას ნიშნავდა, სამუშაოს დაკარგვა კი - ფულის გარეშე ყოფნას. ამიტომ, უფროსს დაველოდე, თან - მზიას ყოველ წამს ვურეკავდი. შინ რომ მივედი, ცოლის სიტყვებმა თავზარი დამცა: ამდენ ხანს სად ხარ? რომ მოვმკვდარიყავი, რას ფიქრობდი? იყავი ახლა ასე, ბავშვი აღარ გეყოლებაო. გონს მოსასვლელად რამდენიმე წუთი დამჭირდა, მხოლოდ ამის შემდეგ ვიკითხე: რა მოხდა, რას ამბობ-მეთქი? ტირილი დაიწყო: წავიქეცი, მუცელი დავარტყი და ნაყოფი მომშორდაო. მუცელზე ვეცი, მაგრამ დანარტყამი, დალურჯებული ადგილი ვერ ვუპოვე. თუმცა, უცებ ბავშვზე ვეღარ ვიფიქრე და, - შენ ხომ კარგად ხარ-მეთქი? - გული მტკივა, რომ საქმეში გამცვალე. მიჭირდა, შენ კი ახლა მოხვედიო და აღრიალდა. გულში ჩავიკარი. - ნუ ნერვიულობ, ბავშვები კიდევ გვეყოლება-მეთქი. უცნაურად გაიცინა, მაგრამ მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ არ წაქცეულა, ბავშვი თავად, საკუთარი სურვილით მოიშორა ისე, რომ ჩემთვის არაფერი უკითხავს. ეს იყო ალბათ, პირველი ტყუილი და ღალატი მისგან.

- ამას რატომ ამბობ? შვილს მოსაკლავად როგორ გაიმეტებდა?

- თვითონ განსაჯეთ: ვიდრე დაორსულდებოდა, სულ იმას ამბობდა, რომ ბავშვი არ უნდოდა. როცა დაორსულდა, სულ წუწუნებდა, ამის გაზრდა არ გინდა? მე ხელს ვერ მოვკიდებ, ამის გამო სახლში ვერ დავჯდებიო. დედაჩემი ეუბნებოდა, - თუ ასეა, მე გავზრდი, მაგრამ ნახავ, როცა გაჩნდება, მის გარეშე ყოფნა წამითაც აღარ მოგინდება და შემეხვეწები, პატარას მე გავზრდი, დამიბრუნეთო. - არა, ასეთი რამ არ მოხდება. მე გაგიჩენთ, თქვენ კი თუ გინდათ, გაზარდეთო. ჰოდა, არავინ რომ არ უთხრა, - თუ დედობისთვის მზად არ ხარ, მუცელი მოიშალეო, აწუწუნდა: სწავლის გაგრძელება მინდოდა და ხელს შემიშლის, ჩემი გეგმები თავდაყირა დააყენაო. ახლა მუცლადმყოფს დააბრალა თავისი უტვინობა.

- როდის მიხვდით, რომ შეიძლებოდა, ბავშვი საკუთარი სურვილით მოეშორებინა?

- ამ ამბავს ძალიან განვიცდიდი. დიდის ამბით ველოდებოდი შვილს და უცებ, ცა თავზე ჩამომემხო, მაგრამ ვცდილობდი, მზიასთვის ჩემი დარდი არ მეჩვენებინა. ჩვენმა მშობლებმაც ძალიან განიცადეს ეს ამბავი... ერთხელ ტელეფონზე ელაპარაკებოდა დედამისს. რაღაცის გამო მაგრად კამათობდნენ. მესმოდა, ის ქალი ეჩხუბებოდა, უყვიროდა, - არ უნდა გამეჩინეო, ეს კი პასუხად იცინოდა. - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო. მერე გაუთიშა ტელეფონი: გოჩა მოვიდა, ვეღარ დაგელაპარაკებიო. ვკითხე, - რა ხდება-მეთქი, მაგრამ აბა, სიმართლეს ვინ მეტყოდა? ამ ამბიდან რამდენიმე ხნის შემდეგ სიდედრი გვესტუმრა. მართალია, ჩვენთან დარჩა, მაგრამ სამსახურში რომ მომაკითხა, - შენთან სალაპარაკო მაქვსო, ცუდად მენიშნა. მითხრა, ცოლს ყურადღება მიაქციე, რაღაც არ მომწონს მისი საქციელი და ლაპარაკიო. - რას გულისხმობ-მეთქი? - მგონი, ჭკუაზე ვერ არის. მე გაფრთხილებ, აქ ამისთვის ჩამოვედიო. ეჭვებში ჩამადგო, გადამრია კაცი. მას მერე დავიწყე ეჭვიანობა და როცა დრო მქონდა, მის მაღაზიას შორიდან ვუთვალთვალებდი. თუმცა, საეჭვოც ვერაფერი შევნიშნე ან ისე ვიყავი დაბრმავებული მზიას სიყვარულით, რომ არაფრის დანახვა არ მინდოდა და სიდედრის ნათქვამი ბოდვად ჩავთვალე.

GzaPress

მაგრამ ერთხელ სახლში ძალიან გვიან მოვიდა, - აღწერა გვქონდაო. არაფერი ვუთხარი, რადგან დავუჯერე. მეორე დღესაც დაიგვიანა, მესამე დღესაც და გაუტკბა ეს დაგვიანებები, მიზეზი კი არ ილეოდა. ამან ბოლოს და ბოლოს, დამაეჭვა და ერთ დღესაც ავუყვირდი: სად დადიხარ, რა ხდება-მეთქი? - რა არ მოგწონსო? - გამომწვევად მკითხა. პირველად მაშინ გამიჩნდა სურვილი, ცოლისთვის მეჩვენებნა ჩემი მუშტის სიძლიერე, მაგრამ თავის შეკავება როგორღაც მოვახერხე და სახლიდან წავედი. არც კი მოვუკითხივარ, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. მეორე დღეს სახლში რომ მივედი, ისევ არ დამხვდა, ისევ გვიან მოვიდა. არაფერი მითქვამს. მეორე დღეს სამსახურთან დავუდარაჯდი. სამუშაო საათები რომ დასრულდა, სადღაც წავიდა, მე კი უკან გავყევი. სასტუმროში რომ შევიდა, "დამცხა" და გული დამიმძიმდა იმაზე ფიქრით, რომ მღალატობდა. მეც ვცადე იმ სასტუმროში შესვლა, მაგრამ დაცვამ არ შემიშვა. შინ წავედი, გამწარებული და როცა სახლში დაბრუნდა, ვეცი კისერში: სასტუმროში რა გინდოდა-მეთქი? იქ მაღაზიის მეპატრონემ გამგზავნა, რაღაც საქმისთვის. ხომ არ გარეკე, რას აკეთებო? არ დავუჯერე, მაგრამ ვინაიდან საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი, ხელი ცივად გავუშვი. მეორე დღეს მეპატრონესთან მივედი და ვკითხე: გუშინ მზია სად გაუშვი-მეთქი? მხრები აიჩეჩა, რას მეკითხებიო? დავუკონკრეტე, - სასტუმროში რა უნდოდა სამსახურის შემდეგ-მეთქი? - არ ვიცი, შენი ცოლის ამბებს მე რატომ მეკითხებიო? თავიდან მომიშორა. მაღაზიაში ცოლზე ხელის აწევა მომერიდა და შინ დაბრუნებული მაგრად ვცემე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ქალზე ხელი ავწიე და ამას არც ვნანობ. იმის ნაცვლად, რომ გაჩუმებულიყო, ეტირა, პატიება ეთხოვა, დამცინოდა, - უსუსურ კაცს აბა, სხვა რა გინდოდა? ახლა გავიგე ნამდვილი კაცის ფასი და თუ გინდა, ცემით მომკალი, ციხეში რომ წახვალ, ამოვისუნთქებო. მერე ისიც მითხრა: შენი შვილი ნებით მოვკალი და დედა ამიტომაც მეჩხუბებოდა ხოლმე, შენ კი გეგონა, რომ შენზე ვზრუნავდი, შვილებს გაგიჩენდი. ვაი, შენს პატრონსო... მართლა არ ვიცი, თავი როგორ შევიკავე და არ მოვკალი... მას მერე მზიასკენ აღარც გამიხედავს. ვიცი, რომ მშობლებმაც უარი თქვეს ასეთ შვილზე და სახლში დღემდე არ უშვებენ. ახლა საბერძნეთში თუ თურქეთში ცხოვრობს, ზუსტად არ ვიცი და ეტყობა, კმაყოფილია არჩეული გზით. ის ნამდვილი ეშმაკი იყო, სულში ჰქონდა ბოროტება და ყველას აშოროს უფალმა ასეთ ქალთან ურთიერთობა. კაცი ასეთ ქალზე იძალადებს კი არა, თუ შემოაკვდა, მაშინაც არ უნდა გაამტყუნონ. დედა, რომელიც საკუთარ შვილს გაიმეტებს მხოლოდ იმიტომ, რომ "გულაობა" უნდა, მოსაკლავი არ არის?

- მის გარეშე როგორ გააგრძელეთ ცხოვრება?

- ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე, სწავლა მივატოვე, სამსახურიც და მშობლებთან წავედი. რამდენიმე წელი საკუთარ თავთან ჭიდილში გავატარე, რომ ყველა ქალი ერთნაირი არ არის. მეგობრები ცდილობდნენ ამ მდგომარეობიდან ჩემს გამოყვანას. იმ პერიოდში გავლოთდი კიდეც, გარეგნობასაც აღარ ვაქცევდი ყურაღებას და "ბომჟივით" ვიქცეოდი. ჩემი ატანა შეუძლებელი გახდა... მაგრამ დრომ მაინც მოახერხა და წაიღო ჩემი დარდები; მეც გამოვნახე საკუთარ თავში ძალა და ერთ დღეს, როცა გავიგე, რომ ჩემი ყოფილი ცოლი საზღვარგარეთ წავიდა, ვთქვი: ვის დავაჩაგვრინე თავი? ვის გამო ვკვდები ან ვკლავ დედას, მამას? ისინი ხომ ჩემს ასეთ მდგომარეობას ძალიან განიცდიან-მეთქი? საცოდავებს, დარდისგან ერთ თვეში გაუთეთრდათ თმა. ვიფიქრე ყველაფერზე და ერთ დღესაც, სულ სხვანაირ განწყობაზე გავიღვიძე: დილიდანვე მოვიწესრიგე თავი, გავედი ქუჩაში, მეგობრები თავად მოვნახე... თუმცა, დალევას უკვე ვეღარ ვეშვებოდი, ეს პროცესი მსიამოვნებდა. მერე, როცა ძველმა უფროსმა სამსახური შემომთავაზა, უარი არ ვთქვი და მაშინ დავძლიე ეს სისუსტეც. ახლა კარგად ვარ, მაგრამ მზია როცა მახსენდება, გული მეწურება. რისთვის ან ვისზე დარდში დავკარგე ძვირფასი წლები? განვიცდი, რომ არ ვიძიე შური მასზეც და იმ ადამიანზეც, ვისთანაც მიღალატა, მაგრამ სიყვარულმა დამაუძლურა ალბათ, სხვა ახსნას ვერ ვუძებნი ჩემს საქციელს. ახლა ველი თქვენი ჟურნალის მკითხველისგან ლანძღვასაც, რჩევასაც. უკვე არც კრიტიკის მეშინია და არც სხვა რაღაცების. ერთი რამ კი დაიმახსოვრეთ: ღალატისგან არავინ არის დაზღვეული და ასეთ სიტუაციაში ვინ როგორ მოიქცევა, არავინ იცის.

- ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? თუ გყავს შეყვარებული, საცოლე?..

- ცოლთან ოფიციალურად გაყრილი არ ვარ, ამიტომ ვერ მეყოლება საცოლე. არ შემიძლია, იმ საშინელ ქალთან კიდევ ერთხელ შეხვედრა თუნდაც, სასამართლოში, ეს ჩემს ძალებს აღემატება. მისი სახის დანახვა აღარ მინდა, ამიტომ ცოლს ოფიციალურად ვეღარ მოვიყვან. თუმცა, მასთან ჯვარი არ მქონდა დაწერილი, მხოლოდ ხელი მოვაწერეთ და ჯვრის დაწერის უფლება კი მაქვს სხვა ადამიანთან, როგორც ვიცი... მზიას მშობლები ძალიან განიცდიდნენ ჩემს ამბავს. ხშირად ურეკავდნენ ჩემს მშობლებს და პატიებას სთხოვდნენ მათ. მე პატივს ვცემ ყოფილ სიდედრსა და სიმამრს. რა მათი ბრალია, თუ მზია ავხორცი გამოდგა? ამ ადამიანებს სხვა შვილებიც ჰყავთ და ისინიც ისე გაზარდეს, როგორც იმ ქალს ზრდიდნენ: ყველა პატიოსან გზას ადგას, მხოლოდ მზია აღმოჩნდა უსინდისო...

- ანუ ქალებისკენ გახედვა აღარ გინდა? - პირიქით - ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ შეყვარებული ვარ. ის ჩემი თანამშრომელია. უკვე ყველაფერი ვუამბე ჩემს წარსულზე. მჯერა, არასდროს მიღალატებს, სულ სხვანაირი ადამიანია, მაგრამ მაინც ვაკონტროლებ ხოლმე, უნებურად და თითოეულ მის სიტყვას ყურადღებას ვქცევ. ჰო, ეს სიგიჟეა, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. წარსულმა მასწავლა, რომ საყვარელ ადამიანსაც არ უნდა ენდო ბოლომდე - ეს არც შეყვარებულისთვის დამიმალავს. ვუთხარი, რომ დამინახო, ქუჩაში ჩუმად მოგყვები, არ გაგიკვირდეს, არ გამიბრაზდე-მეთქი. გაეცინა: რომ დაგინახო, მომყვები, ძალიან გამიხარდებაო. ის შვილებს გაჩენაზე ოცნებობს. სურს, ყველაზე ცოტა, 3 ბავშვი მაინც ჰყავდეს და მჯერა, ქალს, რომელსაც შვილის ყოლა სურს, რომელიც დედობაზე საკუთარი ნებით უარს არ იტყვის, მას სიყვარულის დიდი უნარი აქვს. ასე რომ, ოდესმე მეც მექნება ლამაზი ოჯახი, სადაც ბავშვებიც ირბენენ და საყვარელი მეუღლეც ერთგულად ამომიდგება მხარში, რათა ერთად გავაძლიეროთ პატარა ბუდე... ბატონებო, ყველა ქალი ერთნაირი ნამდვილად არ არის!

ლიკა ქაჯაია