ბერძენი კაცის გამო მიტოვებული ქმარი - გზაპრესი

ბერძენი კაცის გამო მიტოვებული ქმარი

სხვების გულახდილმა წერილებმა მეც დამაყენა ლაპარაკის გუნებაზე და იმედია, იმის გამო არ დამძრახავთ, რასაც გიამბობთ. გაითვალისწინეთ, არავინ იცის, მომავალში რა ელოდება და შეიძლება იმას, ვინც ჩემს ჩასაქოლად ქვას არ დაიშურებს, მომავალში თავადაც ისე მოუხდეს ცხოვრება, როგორც მე... ცნობისათვის, ემიგრანტი ვარ და წერილს ათენიდან გწერთ. მყავდა ქმარ-შვილი, მაგრამ ახლა მხოლოდ შვილებთან ვურთიერთობ, ლოთი ქმარი კი ენერგიულმა, ნამდვილმა ჯენტლმენმა ჩაანაცვლა :))", - ამ წერილის ავტორ ქალბატონს "ფეისბუკის" წყალობით დავუკავშირდი და მიწერ მოწერის რეჟიმში ეს ინტერვიუც შედგა.

- პროფესიით პედაგოგი ვარ. დაახლოებით 10 წელი ვასწავლიდი ერთ-ერთ სკოლაში, მაგრამ მოგეხსენებათ, საქართველოში მასწავლებლებს შრომა როგორც უფასდებოდათ წლების წინ. ჰოდა, ოჯახური მდგომარეობის გამო, მეც იძულებული გავხდი, საქართველოდან გადმოვხვეწილიყავი. ჩემი ქმარი მთელი ცხოვრება უმუშევარ ადამიანად მიიჩნეოდა. სოფლის კაცი იყო და როგორც გლეხს შეეფერება, ისე ცხოვრობდა, მხოლოდ ჩემი ხელფასით კი ვერ გაგვქონდა თავი. სამი შვილი მყავს. უფროსი სკოლას რომ ამთავრებდა, სწორედ მაშინ გადავწყვიტე, სამუშაოდ წამოვსულიყავი.

- მაინდამაინც საბერძნეთს რატომ მიაშურეთ? იქ ვინმე გყავდათ თუ უბრალოდ, ბევრის მსგავსად, ამ ქვეყანაში ემიგრანტების ყოფის შესახებ რაღაცები იცოდით და თქვენც, ბედის საძიებლად გაეშურეთ?

- აქ მართლა არავინ მეგულებოდა ჩემი გულშემატკივარი, მაგრამ მაინც გავრისკე, პროცენტიანი ვალი ავიღე და წამოვედი. მშრომელი ქალი ვარ და ვიფიქრე, როგორ დავიკარგები? ისე როგორ მოვკვდები, რომ არ მივდგე-მოვდგე და სამუშაო ვერ ვიშოვო, რათა შვილებს ვალი მაინც არ დავუტოვო-მეთქი. მოკლედ, საკუთარი თავის იმედი მქონდა, თან, როგორც ამბობენ, მარიფათიანი ქალი ვარ.

- თუ ასეთი მარიფათიანი ხართ, ქმარს სამუშაო რატომ ვერ უშოვეთ?

- როგორ ვერ ვუშოვიდი, მაგრამ არანაირი განათლება არ ჰქონდა. რაც შეეძლო, იმის გაკეთებას უკადრისობდა და აბა, ძალად როგორ ვამუშავებდი? სამაგიეროდ, თოხისა და ბარის მოქნევაში კაცი არ სჯობდა. ისეთი ბაღ-ვენახი გვქონდა, ხალხი სულ შურის თვალით გადმოჰყურებდა. მაგრამ რად გინდა, მარტო ბაღ-ვენახი ვის რაში გამოსდგომია, ჩემს შვილებს რომ გამოდგომოდა? ხომ იცით, გარდა იმისა, რომ ბავშვებს გაზრდა და აღზრდა სჭირდებათ, განათლების მიღებაშიც უნდა შეუწყო ხელი, დღევანდელ საქართველოში კი განათლებას ვერ მიიღებ, ჯიბეზე თუ არ გაიკარი ხელი. ჰოდა, რაც არ გვქონდა, საიდან მომეტანა? ამიტომაც მივატოვე სამსახური, ჩემი უმადური პროფესია და უცხო ქვეყანაში გამოვიქეცი.

- ქმარმა თქვენი გადაწყვეტილება, სამუშაოდ საბერძნეთში წასულიყავით, არ გააპროტესტა?

- დიდხანს ვეღრიჯინე, უნდა წავიდე-მეთქი და ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმე.

- რა მოხდა მას მერე, რაც საბერძნეთის მიწაზე დადგით ფეხი?

- ცხადია, ქართველები ავტობუსშივე გავიცანი. გაუკვირდათ, - ასე უპატრონოდ სად მიდიხარ? ენა მაინც თუ იციო? - რუსულის პედაგოგი ვარ და ეს ენა ცხადია, კარგად ვიცი; ქართულიც ხომ ვიცი და ცოტაოდენი გერმანულიც მეხერხება-მეთქი. გაეცინათ, - ეგ ენები საბერძნეთში არ გამოგადგებაო. მერე ერთ-ერთმა ღვთისნიერმა ქალბატონმა მითხრა: ნუ გეშინია, მალვინა, საყვარელო, სამსახურის მოძებნაში მე დაგეხმარები, მაგრამ იცოდე, არ დამივიწყო და საქართველოში რომ დავბრუნდებით, ქეიფი და მაღარიჩი შენზე იყოსო. ქეიფზე აბა, უკან როგორ დავიხევ?

- პირობა შეასრულა?

- რა თქმა უნდა, შეასრულა. საბერძნეთში რომ ჩავედით, ვიღაცას გადაურეკა; იმან კიდევ სხვა შეაწუხა, მაგრამ ვერაფერი გამოჩიჩქნეს. მერე ამ ქალმა იქ მიმიყვანა, სადაც მუშაობდა და მითხრა: ღამეს აქ ვერ გაგათევინებ, ამის უფლებას არ მომცემენ, მაგრამ ბარგს შეგინახავ, ერთი ღამე სადმე უნდა გაათიო, სხვა გზა არ არის, ხვალისთვის კი რამეს მოვიფიქრებო... თურმე, მისმა "ხაზეინმა" შემნიშნა და ჰკითხა: ეს ქალი ვინ არის, რას ჩურჩულებთო? იმანაც, უამბო ჩემი გასაჭირის შესახებ. - სანდოაო? - იკითხა. ჩემმა ახალგაცნობილმა მეგობარმა იმდენი იფიცა, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავსო, ლამის სიცილი ამიტყდა, ძლივს შევიკავე თავი. ხან ქართულად ელაპარაკებოდა აღელვებული და ხანაც - რუსულად ან მათსავე ენაზე. ჰოდა, იმ მოხუცმა ვიღაცას დაურეკა, რაღაც უთხრა, მერე თქვა: 600 ევროდ თუ იმუშავებსო? ცხადია, უარი არ მითქვამს. როდის იყო, ნაჩუქარ ცხენს კბილს უსინჯავდნენ? ის კი არა, რომ გავიგე, ვირაცის მოვლაში ამდენ თანხას მომცემდნენ, სიხარულისგან ცას ვეწიე. მევალებოდა მოხუცი ქალატონის მოვლა, რომელიც საოცრად ჭირვეული და ამნეზიით დაავადებული გახლდათ. საათობით მიამბობდა რაღაცებს, მე კი იძულებული ვიყავი მესმინა. თუ გავინძრეოდი ან შემატყობდა, არ ვუსმენდი, მაშინვე ყვირილს იწყებდა. არადა, როგორია უსმინო ადამიანს, რომელიც ლაპარაკობს, შენ კი მისი ენა არ გესმის და ისე მოიქეცე, თითქოს გაინტერესებს?

- მასთან დიდხანს მუშაობდით?

- დაახლოებით 8 თვე. ამასობაში ბევრი ქართველი გავიცანი. კვირა დღეს მათთან ერთად ვატარებდი და პარალელურად, ახალ უკეთეს სამსახურს ვეძებდი. ერთხელაც გამოჩნდა სამუშაო კარგი ანაზღაურებით: მოხუცის მოვლაში, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი, 900 ევროს გადამიხდიდნენ... ახალ სამსახურში ხალისიანად მივედი. რას წარმოვიდგენდი, იქ თუ ვიპოვიდი ბედნიერებას, სულის სიმშვიდეს? თუმცა, ადამიანი წინასწარ გრძნობს ბედნიერების დაგდომასაც და უბედურებასაც. თუმცა, რაც გაწერია, იმას ვერ შეცვლი.

- ანუ გინდათ თქვათ, რომ პირველ ქმართან გაყრის გადაწყვეტილება თქვენი კი არა, ბედისწერის ბრალი იყო?

- სწორედაც რომ ასეა! აბა, ჩემ გარდა კიდევ 5 ქალი ეძებდა სამუშაოს და რაღა მე მითხრეს, - შენ წადიო? მოკლედ, სწორედ ამ სახლში გავიცანი ჩემი მომავალი მეორე ნახევარი, რომელიც მოსავლელი მოხუცის ნახევრძმა გახლდათ და მასზე ბევრად ახალგაზრდაც იყო. სხვათა შორის, პირველმა მან შემამოწმა და უნაკლო მოსამსახურედ მიმიჩნია.

- დამქირავებელსა და მოსამსახურეს შორის რომანი როგორ გაიბა?

- თავიდანვე ვიგრძენი, რომ მოვეწონე, როგორც ქალი და გული რაღაცნაირად ამიფორიაქდა. წამოსვლაც კი დავაპირე იმ სახლიდან, მაგრამ მომერიდა. მერე ვიფიქრე, ეტყობა, რაღაც მომეჩვენა-მეთქი და სამუშაოს შევუდექი. ის ყოველდღე მოდიოდა და ჩვენ შორის ურთიერთობაც ნელ-ნელა გაღრმავდა. სხვათა შორის, ჩემზე, ჩემს ოჯახზე ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა. მერე მითხრა: ქმარი გიყვარსო? - რატომ მეკითხები-მეთქი? - თავმოყვარე კაცი შენნაირ ლამაზ ქალს სამუშად საზღვარგარეთ როგორ გამოუშვებდა? დარწმუნებული ხარ, რომ მასაც უყვარხარო? - გადავირიე, რას ბჟუტურებს-მეთქი? გავებუტე კიდეც. ამ გაბუტვიდან მეოთხე დღეს მითხრა: უნდა შევრიგდეთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. თუ გინდა, ბოდიშს მოგიხდიო.

- საინტერესოა, ერთმანეთს რა ენაზე ესაუბრებოდით?

- ჩემდა საბედნიეროდ, რუსული კალომაც იცის და ენის ბარიერი არ შეგვიქმნია. თურმე, წლების მანძილზე მუშაობდა რუსეთში, საქართველოში კი ნამყოფიც არ არის. მეუბნება: შენს საქართველოზე იმდენ რამეს ყვებიან ჩემი მეგობრები, რომ ერთხელ აუცილებლად ჩავალ, რათა მათ ნათქვამში თავადაც დავრწმუნდეო.

- ჩამოსვლას ხომ არ აპირებთ?

- ჯერ არა! მე ალბათ კიდევ დიდხანს ვერ ჩამოვალ, რადგან საქართველოში ჩასული ყოფილ ქმარს შეიძლება, შემოვაკვდე. იქიდან მემუქრება: რომ გნახავ, მოგკლავ! თავი მომჭერი მთელს ქვეყანაზეო. მაშინ რატომ არ ფიქრობდა ჩემზე და სირცხვილზე, როცა ცოლი ვიღაცის მოსავლელად გამომიშვა?

- აკი თქვით, სხვა გზა არ გვქონდაო? თავიდან ხომ წინააღმდეგი იყო თქვენი საბერძნეთში წასვლის?

- კაცის მოვალეობაა, ქალი არჩინოს, რაც ჩემს უცხოელ მეუღლეს მშვენივრად გამოსდის; თქმაც არ სჭირდება, ისე მოაქვს ჩემთვის და ოჯახისთვის საჭირო ნივთები, პროდუქტები. ახლა თავს ნამდვილ ქალად ვგრძნობ, საქართველოში კი რა მერქვა, ნამდვილად ვერ გეტყვით. ხან ვფიქრობ, რომ უბრალოდ, სარეცხი მანქანა ვიყავი, ხან ტრეფიკინგის მსხვერპლად მივიჩნევდი თავს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა აბა, როგორ ვიტყოდი რამეს? ხან კაცი მეგონა თავი, ქალად კი მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი თავს, როცა შვილები "დედას" მეძახდნენ ან მოსწავლეებს ჩემთვის ყავილები მოჰქონდათ.

- ქმარს უკვე ოფიციალურად დაშორდით?

- ამას აქედან როგორ მოვახერხებდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი დიდად არ მაღელვებს. მასთან ჯვარი დაწერილი რომ არ მქონდა, ვფიქრობ, კარგია, თორემ ჯვრის აყრაც ხომ დიდი ცოდვააა? ცოდვების კი მეშინია.

- უკაცრავად გულახდილობისთვის, მაგრამ თქვენ უკვე ჩაიდინეთ ცოდვა - ქმარს უღალატეთ და თანაც, იმას, რასაც ბედნიერებას ეძახით, ბევრი მრუშობაში ჩაგითვლით.

- ვინც რა უნდა, ის თქვას, მთავარია, შვილებმა გამიგონ.

- თქვენი შვილები რას ამბობენ? თქვენს გათხოვებას როგორ შეეგუვნენ?

- მათ ვუყვარვარ და რა გადაწყვეტილებაც უნდა მივიღო, ჩემ მიმართ არ შეიცვლებიან. შეუძლებელია, შვილმა დედა იმის გამო გასწიროს, რომ მან ქალური ბედნიერება იპოვა და წარსული, ის დრო დაივიწყა, როცა არ აფასებდნენ. უფრო მეტიც, თურმე, მამას ეუბნებიან, - შენი ბრალია, ცოლი რომ დაკარგე და ახლა ნუ მისტირიო. მხოლოდ უმცროსმა შვილმა, ჩემმა ერთადერთმა ვაჟმა ვერ გამიგო და არ მელაპარაკება, მაგრამ ვფიქრობ, მალე ისიც შეძლებს მიიღოს ის ადამიანი, ვინც შვილებზე მეტად - არა, მაგრამ საკუთარ თავზე მეტად კი მიყვარს.

- ოჯახში ფულს ხშირად გზავნით?

- ძალიან ხშირად და სხვათა შორის, ამის ინიციატორი ყოველთვის ჩემი საყვარელი ადამიანია. ვინაიდან მე არ ვმუშაობ, მასთან ფულზე ლაპარაკი მერიდება, მაგრამ გამიმართლა, რომ ყურადღებიანია და არასდროს არაფერი ეშლება. უფრო მეტიც, ის არა მარტო ჩემს შვილებზე ზრუნავს, არამედ აქ მყოფ ჩემს მეგობრებსაც ხშირად ეპატიჟება ჩვენთან და იწყება ქეიფი ქართულად. მოსწონს ჩვენი ტრადიციები, ცეკვა-თამაში და სიმღერა. კარგი სმენა მაქვს, ხმაც ხელს მიწყობს და უყვარს, როცა ვმღერი.

- თქვენგან მიტოვებული მეუღლე არ აპროტესტებს დახმარების მიღებას?

- პირიქით, თურმე, სულ ამას გაიძახის: რაც შეიძლება მეტი გამოსძალეთ, ყველაფრის ღირსიაო. მჯერა, ჩემი შვილები გასაძარცვად ვერ გამიმეტებენ და ისე მოიქცევიან, როგორც საჭიროა.

- თუ საიდუმოლო არ არის, თქვენი ბერძენი მეუღლე სად მუშაობს?

- სამართალდამცავ სტუქტურაში, გარკვეულ თანამდებობაზე. მე ის მართლა მიყვარს, მხოლოდ სიმდიდრისა და ფუფუნებაში ცხოვრების გამო არ გავყოლივარ. მან იცის ქალის ფასი. იცის, როგორ უნდა გაუფრთხილდეს სუსტი სქესის წარმომადგენელს, როგორ უნდა ელაპარაკოს და რაღაცებს ისე იკრძალავს, მაგალითად, რაიმე სამოსის ჩაცმას, რომ თავი უხერხულად არ ვიგრძნო.

- მის ნახევარდას ახლა სხვა უვლის?

- მას მერე, რაც ერთად დავიწყეთ ცხოვრება, აპირებდა ვინმეს დაქირავებას, მაგრამ ამის უფლება არ მივეცი. რა საჭიროა, სხვამ მოუაროს, როცა ეს თავადაც შემიძლია? ქმარი ჩემს ოჯახის წევრებს, ნათესავებს შეძლებისდაგვარად ეხმარება და მე მის გამო რაღაც რომ არ გავაკეთო, სირცხვილიც იქნება. ადამიანს სიყვარული, შენზე მზრუნველობა უნდა დაუფასო და ბოლოს და ბოლოს, სიკეთეზე სიკეთით უპასუხო!

ლიკა ქაჯაია