ფოტოები, რომელთაც პილოტი ფრენისას იღებს - გზაპრესი

ფოტოები, რომელთაც პილოტი ფრენისას იღებს

ქართველი პილოტი - ირაკლი მეზვრიშვილი სულ რაღაც 26 წლის არის, მაგრამ 2 წელია, ხომალდის მეთაურია და საკმაოდ გამოცდილ მფრინავადაც მიიჩნევა.

- როგორც მძღოლს აქვს ავტომობილის მართვის მოწობა, ისე პილოტსაც უნდა ჰქონდეს თვითმფრინავის საჭესთან დაჯდომის ნებართვა ანუ მოწმობა, სადაც მითითებულია თვითმფრინავის ტიპები. ამჟამად გახლავართ ხომალდის მეთაური და მაქვს სატრანსპორტო პილოტის მოწმობა.

- ეს რას ნიშნავს?

- ავიალაინერს ვმართავ, მგზავრები გადამყავს.

- ახლა სად მუშაობ?

- "აირზენაში" და დავფრინავ ყველგან, სადაც კომპანიას რეისები აქვს. მაგალითად: პარიზი, ამსტერდამი, ვენა, ფრანკფურტი და ა.შ.

- რას ნიშნავს იყო პილოტი?

- ეს პირველ რიგში, არის უდიდესი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ პროფესიას უდიდესი სიმაყეც მოაქვს. წარმოიდგინეთ, რა მაგარია, როცა ამხელა ავიალაინერს მართავ, მგზავრები გადაგყავს. ხომ იცით, ყველაფერს შრომა სჭირდება. პილოტს თავის საქმეში ბევრმა ფაქტორმა შეიძლება, ხელი შეუშალოს და ის მზად უნდა იყოს ნებისმიერი სირთულის დასაძლევად, პრობლემის მოსაგვარებლად.

- მაგალითად, რა მიიჩნევა თქვენთვის ხელისშემშლელ ფაქტორად?

- მეტეოპირობები, ელჭექი, თოვლი, წვიმა, განსაკუთრებით საშიში კი ნისლიან ამინდში აფრენაა.

- ალბათ ყველაფერი წინასწარ გაქვთ გათვლილი. ამინდის პროგნოზსაც აფრენამდე ეცნობით...

- ცხადია, ასე ხდება. სხვანაირად, ჩვენი მგზავრები თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობდნენ. უშუალოდ აფრენისა და დაშვების პროცესებია ყველაზე რთული. ხანდახან ხდება, რომ აფრენა შეუძლებელია.

- როდის იქმნება ასეთი მდგომარეობა?

- როცა ცუდი ხილვადობაა.

- იყო თუ არა შემთხვევა, როცა რაიმე საფრთხე შეგექმნათ უკვე ჰაერში მყოფებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი თითქოს გათვლილი გქონდათ?

- კი, გვქონდა შემთხვევა, როცა ტექნიკური გაუმართაობის გამო, უკან დაბრუნება და თვითმფრინავის დაშვება მოგვიხდა. ასეთ დროს პილოტისგან რისკი მიუღებელია!

- რა გამოვიდა მწყობრიდან?

- ხომ იცით, თვითმფრინავი ჰიდრავლიკურად იმართება და ერთ-ერთი სისტემა გამოვიდა მწყობრიდან.

- გაფრენის წინ თვითმფრინავი ხომ მოწმდება?

- კი, მაგრამ დაზღვეული მაინც არაფრისგან ვართ.

- როცა ერთ-ერთი მთავარი სისტემა გამოდის მწყობრიდან, ასეთ შემთხვევაში, ვინ არის დამნაშავე, პილოტი თუ სხვა ვინმე?

- ჩვენ გვყავს ავიატექნიკოსი, რომელიც გაფრენამდე თვითმფრინავს ამოწმებს, სამუშაოდ ამზადებს, შემდეგ პილოტებიც ვამოწმებთ, ხომალდი გამართულია თუ არა და მხოლოდ ამის შემდეგ ვადგენთ, შესაძლებელია თუ არა გაფრენის განხორციელება.

- ანუ იმ დღეს რაღაც ყველას გამოგრჩათ?

- არაფერი გამოგვრჩენია, უბრალოდ, შესაძლებელია, რომელიღაც სისტემა ნებისმიერ დროს გამოვიდეს მწყობრიდან და ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ მსგავსი ფაქტი ვიღაცის დაუკვირვებლობით, დაუდევრობით მოხდება, პასუხსაც შესაბამისად აგებს. მოკლედ, როცა რაღაც ფუჭდება და მგზავრები გარკვეულწილად დაზარალდებიან, ტარდება ერთგვარი გამოძიება, თუ რა და რატომ მოხდა.

- ბავშვობაში ბევრი ოცნებობს პილოტობაზე. შენც ბავშვობის დროინდელი ოცნება აიხდინე?

- მფრინავის ოჯახში გავიზარდე და ვერასდროს სხვა პროფესიაზე ვერ ვიფიქრებდი. გავიზარდე იმ შეგნებით, რომ პილოტი გავხდებოდი და ეს მიზნადაც დავისახე.

- ოჯახის წევრებისთვის ძნელია იმის ატანა, როცა მათი საყვარელი ადამიანი რისკიან სამუშაოს ასრულებს. მამა ასაფრენად რომ ემზადებოდა, ამას არ განიცდიდი? არ გეშინოდა, რომ ფრენისას დაშავდებოდა?

- რა თქმა უნდა, ეს ძნელია და მეც ვგრძნობდი საფრთხეებს, მაგრამ რაც შენი მოწოდებაა, იმას გვერდს ვერ აუვლი. ოჯახის წევრებს უნდა გაუფრთხილდე, მაგრამ არა საკუთარი მიზნების უგულველყოფის ხარჯზე. მამას რომ ვუყურებდი, ძალიან მომწონდა ყველაფერი, რაც ფრენას უკავშირდებოდი. სხვათა შორის, მამა ვერტმფრენს მართავდა და არა - თვითმფრინავს, ასე რომ, მისი დაშავების საფრთხე თითქოს ნაკლები იყო.

- პირველად თვითმფრინავის საჭეს რომ მიუჯექი, როგორი შეგრძნება დაგეუფლა?

- სტუდენტები პირველად რომ წაგვიყვანეს პრაქტიკაზე და ავფრინდით, ძალიან მაგარი, ენით უთქმელი სიამაყის გრძნობა დამეუფლა.

- იმიტომ, რომ ზემოდან დაჰყურებდი მთელ ქვეყანას?

- (იცინის) ზემოდან კი ვუყურებდი ქვეყანასაც და ადამიანებსაც, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მერწმუნეთ, წარმოუდგენელია, ხომალდის მართვა შეძლო და სიხარულის გრძნობით არ აივსო... პირველად გავფრინდი დუბაიში, ეს იყო 2010 წლის იანვარში. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი, განვიცდიდი და იმაზე ვიყავი ორიენტირებული, რომ არაფერი გამომრჩენოდა, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი ადამიანი იჯდა ჩემ გვერდით და ის შეცდომის დაშვების უფლებას არ მომცემდა.

- მგზავრის ამპლუაში ხშირად ხარ?

- კი, ძალიან ხშირად.

- როდის უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, მზგავრობისას თუ მაშინ, როცა თვითმფრინავს თავად მართავ?

- რა თქმა უნდა, მგზავრის ამპლუაში როცა ვარ, ყოველთვის უფრო მეტად ვნერვიულობ. მოკლედ, ასეთ დროს მშიშარა ვხდები (იცინის).

- რისი გეშინია? სხვის შეცდომებს ადვილად აღიქვამ?

- არა, უბრალოდ, რომ ვიცი, რამდენი რამ შეიძლება მოხდეს, შიშის გრძნობა უნებურად მეუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისიც კარგად ვიცი: კომპანიაში ახალი თვითმფრინავები გვყავს და მათი წყობიდან გამოსვლის შანსი მინიმალურია.

- დედაშენი ალბათ შეეგუა პილოტებთან ცხოვრებას, მაგრამ მეუღლე რას გეუბნება?

- ცხადია, როცა ვმუშაობ, გარკვეულწილად დარდობს კიდეც ჩემზე, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესს ისიც შეეჩვია.

- შვილი გყავთ, არა?

GzaPress- ძალიან ლამაზი, უსაყვარლესი გოგონა მყავს... სხვათა შორის, მამაჩემი აღარ მუშაობს პილოტად. დიდი ხანია, სხვა საქმეს მოჰკიდა ხელი.

- დიდი ლაინერის მართვა არასდროს უცდია?

- ისეთ პერიოდში მოუხდა ცხოვრება, რომ ამის შანსიც არასდროს ჰქონია. თუმცა, ახლა ხშირად უწევს თვითმფრინავით მგზავრობა და ფრენის სიამოვნება არ აკლია. ჩემთვის არასდროს უთხოვია, დიდი ლაინერის საჭე დამითმეო. მოსწონს, როცა იმ თვითმფრინავით მგზავრობს, რომელსაც მისი შვილი მართავს.

- ის ალბათ, ამაყობს შენით.

- რა თქმა უნდა! ისე, როცა პროფესიას ვირჩევდი, დედამ ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ორმა ვაჯობეთ (იღიმის).

- როცა თვითმფრინავს ასაფრენად ამზადებთ, პირველ რიგში, რას აკეთებთ?

- აფრენამდე აუცილებლად ვიწერ პირჯვარს.

- აბეზარი მგზავრი თუ გყოლიათ?

- ჩვენ ვერავინ შეგვაწუხებს, მაგრამ ბორტგამცილებლებს კი ექცევიან უხეშად. ჩვენს კაბინაში შემოსვლა დანაშაულის ტოლფასია და თუ ვინმე ამას შეეცდება, შესაძლოა, ტერორის, თვითფრინავის გატაცების მცდელობადაც ჩაეთვალოს. ასე რომ, ამის გაკეთებას არავის ვურჩევ. თანაც, სპეციალური კოდის აკრების გარეშე, კარს ვერც გააღებენ.

- თვეში დაახლოებით რამდენ საათს ატარებ ჰაერში?

- დაახლოებით 70 საათს.

- ზემოდან რომ გადმოჰყურებ, ყველაზე ლამაზი ქვეყანა რომელია?

- საქართველო, ოღონდ - ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი სამშობლო მიყვარს და სხვა ქვეყნებს პატივს არ ვცემ. მარტო კავკასიონის ზემოდან დანახვა ერთ რამედ ღირს... თუმცა, ულამაზესია შვეიცარიაც, იტალიაც...

- რომელი უფრო მწვანეა?

- ისევ საქართველოს დავასახელებ (იღიმის). მწვანე და ულამაზესი ქვეყანა გვაქვს.

- კარგი, მაშინ ასე გკითხავ: როცა მიწაზე ეშვები, რომელი ქვეყანა გეჩვენება საინტერესოდ?

- ჰო... ევროპის, აფრიკის ქვეყნებია ძალიან საინტერესო. საოცარი ქალაქებია ვენა, რომი, პარიზი.

- სად უფრო დაფასებულია პილოტის პროფესია?

- აზიაში. თუნდაც, იმ სოციალური პაკეტებიდან გამომდინარე, რითაც აზიელი პილოტები საკუთარ ქვეყნებში სარგებლობენ, შრომის ანაზღაურებით. პილოტის დაფასების მხრივ წამყვანი ქვეყანაა ჩინეთი. იქ იციან ჩვენი ფასი.

- ქართველი პილოტები რა პრობლემებს აწყდებით?

- "აირზენა" ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელმაც საქართველოს ბაზარი აითვისა. გვაწუხებს ის ფაქტი, რომ კონკურენციას გვიწევენ არა ქართული, არამედ უცხოური დიდი კომპანიები, რომლებსაც ფიზიკურად ვერ გავუწევთ ღირსეულ კონკურენციას. ჩვენ პატარა მასშტაბები გვაქვს, იგივე - ავიაპარკი. თუმცა, საბედნიეროდ, მგზავრი ამას ვერ ხედავს, ჩვენი პრობლემები მისთვის შეუმჩნეველია.

- სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მგზავრებს რას სთავაზობთ საიმისოდ, რომ გიერთგულონ და თქვენი მომსახურებით ისარგებლონ?

- მათ პირდაპირ რეისებს ვთავაზობთ. დიდი კომპანიები კი სტამბოლის გავლით დაფრინავენ... ასევე, გვაქვს უმაღლესი კლასის მომსახურება.

- რა ითვლება უმაღლესი კლასის მომსახურებად?

- თუნდაც კვება, ბიზნესკლასი. გვყავს პროფესიონალი მფრინავები, ბორტგამცილებლები, გვაქვს ახალი თვითმფრინავები.

- როგორ უნდა მიხვდეს მგზავრი, რომ თვითმფრინავს, რომელშიც ის ზის, გამოცდილი პილოტი მართავს?

- ამაში დარწმუნება არაფერში სჭირდებათ, რადგან ჩვენ ისედაც, წელიწაში ორჯერ, ევროპის საავიაციო ცენტრში გავდივართ შემოწმებას. იქ ევროპელი ინსტრუქტორები გვიქმნიან ხელოვნურ ბარიერებს და აკვირდებიან, სირთულეებს როგორ გავუმკლავდებით.

- პილოტისთვის ფიზიკური ძალა აუცილებელია?

- რა თქმა უნდა, ძლიერიც უნდა იყო და ჯანმრთელიც.

- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პილოტი, რომ სამსახურში მიიღონ?

- მთავარია, დავალებას გაუმკლავდე და როცა გამოცდას მოგიწყობენ, არ დაიბნე. მობილიზაცია გჭირდება და რაც მთავარია, სიმაღლის არ უნდა გეშინოდეს.

- გარდა სიმაღლეზე ფრენისა, რა გიზიდავს?

- მანქანების მართვა, რბოლაში მონაწილეობა. ადრე რალიშიც ვმონაწილეობდი, ახლა კი საამისოდ არც დრო მაქვს და არც სურვილი.

- როგორც ვიცი, ფოტოგადაღება შენი ჰობია. როგორი კადრები გიზიდავს?

- პეიზაჟების გადაღება ძალიან მიყვარს. კაბინაში ორნი ვართ და როცა რაღაც მომეწონება, ფოტოს გადაღებაც არ არის პრობლემა. ვფიქრობ, ფოტოგრაფებისთვის ყველაზე კარგი სამუშაო ადგილი საქართველოა, კავკასიაა. კავკასიონის მთები ის ადგილია, რომელიც ხელოვანს აუცილებლად მიიზიდავს.

- პროფესიული თვალსაზრისით, რაზე ოცნებობ ხოლმე?

- როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ყოველთვის აფრენაზე ვოცნებობ. ჩამოვფრინდები თუ არა, მაშინვე იწყება ოცნება აფრენაზე. ეს ჩემი ცხოვრებაა. ვფიქრობ, ადამიანი საკუთარ საქმეზე შეყვარებული თუ არ არის, ვერაფერს მიაღწევს.

- ყველა მძღოლი ოცნებობს რომელიღაც ავტომობილის საჭესთან დაჯდომაზე. ალბათ შენც ოცნებობ რომელიმე ლაინერის მართვაზე.

- აქამდე რაზეც ვოცნებობდი, ყველაფერი ამიხდა. ახლა "ბოინგ 737"-ს ვმართავ, მაგრამ ძალიან მინდა, "ბოინგ 777"-ის საჭეს მივუჯდე. იმედია, ეს ოცნებაც ამიხდება.

ლიკა ქაჯაია