ქართველი მრევლი საფრანგეთში და სტიქიით გაღვივებული ნოსტალგია - გზაპრესი

ქართველი მრევლი საფრანგეთში და სტიქიით გაღვივებული ნოსტალგია

პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ანტონ კანდელაკს მაშინ უნდა შევხვედროდი, როცა ის რამდენიმე დღით თბილისში ბრძანდებოდა. დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, პარიზში წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძრის ორგანიზებით ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტიდან და ცალკეული ადამიანების შემოწირული თანხით,

საქართველოში მყოფი, დახმარებას უწევდა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახებს. შემდეგ, 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენები დატრიალდა, რამაც ბევრი რამ შეცვალა... ახლა უკვე მამა ანტონი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, საფრანგეთიდან ცდილობს დაზარალებულთა მხარდაჭერას...

- წარმოშობით აფხაზეთიდან გახლავართ, დევნილი. იქ დავიბადე, მერე კი ზუგდიდში ვცხოვრობდით. თბილისის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, მოსკოვის აკადემიაში გავაგრძელე სწავლა. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მცირე ხანს ავტოკეფალური ეკლესიების ისტორიას ვასწავლიდი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. სამების საკათედრო ტაძარში ბერად აღვიკვეცე. ერისკაცობაში მანუჩარ კანდელაკი ვიყავი, ბერობაში კი წმინდა ანტონ მესხის სახელი მეწოდა. სამების საძმოს წევრი გახლდით, რის შემდეგაც მისმა უწმინდესობამ დამასხა ხელი დიაკვნად. მოგვიანებით დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამისა და კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, დავინიშნე პარიზის სამრევლოში. აქ ჯერ ტაძარი არ არსებობდა. საფრანგეთში გამგზავრებისას, თავდაპირველად, ქალაქ რუანში ჩავედი მოძღვრად; მოგეხსენებათ, ეს ცნობილი ადგილია, სადაც ჟანა დ"არკი კოცონზე დაწვეს. აქვე 2009 წელს მეცენატმა ბუბა ქებურიამ აგვიშენა წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი. იმავე წელს ტაძარი აკურთხა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა მეუფე აბრაამმა და პირველი წირვა ჩაატარა მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ. მას შემდეგ წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ვარ.

- მაშინ და დღეს, როგორია მრევლის რაოდენობა?

- სანამ აღნიშნული ტაძარი გაიხსნებოდა, რომელიც საქართველოს საპატრიაქოს დაქვემდებარებაშია, მრევლი დადიოდა სხვადასხვა ერის წარმომადგენლების ეკლესიაში. მას შემდეგ, რაც წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი გაიხსნა, მათთვის ის დედაეკლესია გახდა. ტაძარში ყველაფერი საქართველოდანაა ჩამოტანილი და ამას ერთგვარი სიმბოლური დატვირთვაც აქვს. სვეტიცხოვლის ეზოდან წამოვიღეთ ქართული მიწა და ეკლესიის საძირკველში მოვფინეთ. საზოგადოება ამ ამბავს სიხარულით შეხვდება. დაქსაქსულმა მრევლმა ახლა ტაძარში მოიყარა თავი. პარიზის გარდა, გვაქვს 13 სამრევლო სხვადასხვა ქალაქში. თვეში ერთხელ ყველგან დავდივარ და წირვას ვატარებ, ყოველ კვირადღეს კი ვარ წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში. ამჟამად აქ გვაქვს ბიბლიოთეკა, რომელშიც ინახება როგორც სასულიერო, ისე საერო ლიტერატურა. მივმართეთ საქართველოს მთავრობას და გამოგვიყვეს წიგნები. მოქმედებს საკვირაო სკოლა, სადაც დღესდღეობით 58 ბავშვი დადის. ისინი ეუფლებიან ქართულ ენასა და ლიტერატურას, ქართულ სიმღერასა და ცეკვას. გვყავს 18-კაციანი გუნდი "თამარიონი", რომელსაც პარიზის რეგიონებში უამრავი კონცერტი აქვს ჩატარებული. ვცდილობთ, ჩვენი კულტურა გავაცნოთ ფრანგ საზოგადოებას.

GzaPress

- ბავშვები, რომელთა მშობლები წლების განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ივიწყებენ ან სულ არ იციან მშობლიური ენა. თქვენს საკვირაო სკოლაში ვინ ასწავლის - ემიგრანტები თუ სასულიერო პირები?

- საქართველოსგან განსხვავებით, აქ სკოლაში სწავლების განსხვავებული რეჟიმია. ბავშვი დილიდან საღამოს 7-8 საათამდე სკოლაშია და, აქედან გამომდინარე, ოჯახთან არ აქვს ისეთი კომუნიკაცია, რომ შეძლოს მშობლიური ენის დაუფლება. საკვირაო სკოლა დიდ როლს ასრულებს ამ თვალსაზრისით. ბავშვები აქ საუბრობენ, სწავლობენ, თამაშისას მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ. თვეში ერთი კვირადღე ქართული მულტფილმებისა და ფილმების ჩვენებას ეთმობა. მართალია, ზოგჯერ იგრძნობა, რომ ამ მულტფილმებისადმი ინტერესს არ ამჟღავნებენ, რადგან მოგეხსენებათ, დღეს რა ანიმაციურ ფილმებზე იზრდებიან, მაგრამ პედაგოგები ცდილობენ, მათ ისე მიაწოდონ ეს ყველაფერი, რომ აქცენტი გაკეთდეს იმ სიკეთესა და სიყვარულზე, რომელზეც ჩვენი მულტფილმებია შექმნილი. რაც შეეხება პედაგოგებს: ძირითადად, ემიგრანტები არიან, თუმცა, რასაკვირველია, თავ-თავიანთი საქმის სპეციალისტები გახლავან და გამოცდილება აქვთ პედაგოგიურ საქმიანობაში. ბავშვების სასულიერო განათლებაზე მე ვზრუნავ და საღვთო სჯულს ვასწავლი. სასიხარულოა, რომ ბავშვს ერთდროულად, ეკლესიასთან, მშობლიურ ენასა და კულტურასთან აქვს კონტაქტი, რაც მის სამშობლოსთან დაახლოებას და ინტეგრირებას უწყობს ხელს.

- საქართველოში პედაგოგები ხშირად გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ უწინდელი პატრიოტიზმის განცდა ახალ თაობაში დაკარგულია. ორმაგად რთული მგონია, საზღვარგარეთ გაზრდილ ადამიანს გაუღვივო მშობლიური ქვეყნისადმი ინტერესი და საქართველოში დაბრუნების სურვილიც გაუჩინო...

- ეს საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არ დგას. პირიქით, სამშობლოსგან შორს მყოფი ადამიანები უფრო მეტად განიცდიან მშობლიური ქვეყნის სიყვარულს. ნებისმიერი ქართველის თვალში ჩახედვისას დაინახავთ უდიდეს სევდასა და ტკივილს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს მონატრებაა. როცა მშობელს ენატრება თავისი ქვეყანა, ასეთივე განცდას უღვივებს შვილს და აქ მყოფ ნებისმიერ ბავშვს ეამაყება თავისი სამშობლო. ხშირად დედ-მამა შვილებს ტრადიციულ ქართულ სამოსს აცმევენ და ისე მიჰყავთ სხვადასხვა ღონისძიებაზე. ამით კიდევ ერთხელ ხდება ხაზგასმა პატრიოტული სულისკვეთების. არასოდეს დამავიწყდება ერთი ამბავი: ერთ-ერთ სააღდგომი სუფრასთან ჩემთან მოვიდა მოხუცი კაცი და ცრემლმორეულმა მითხრა, რომ ძალიან გახარებული იყო ერთად შეკრებილი ამდენი ქართველის ხილვით. ჩემთვის ეს სუფრა ერთდროულად არის ჩემი დაბადების დღეც, ქორწილიც, ქელეხიც; მამაო, ერთადერთს გთხოვთ, თუ ამდენი ქართველის ერთად შეკრება მოახერხეთ, თქვენვე მინდა ითავოთ ჩემი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში გადასვენების საკითხიო... ძალიან ძნელად მოსასმენი სიტყვები იყო, მაგრამ მასში კარგად ჩანდა სამშობლოსგან შორს მყოფი ადამიანის სულისკვეთება. ასე მოაზროვნე საზოგადოებას არ გაუჭირდება შვილის პატრიოტად აღზრდა. ყველა ცდილობს საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას და ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ასეც მოხდება.

- მამა ანტონ, რამდენად ხშირად გაქვთ სამშობლოში ჩამოსვლის საშუალება?

- სასულიერო პირებს ძირითადად, აგვისტო გვაქვს შედარებით თავისუფალი. ამ პერიოდს ჩვენი თანამემამულეთა დიდი ნაწილი საქართველოში ატარებს და ჩვენც ამ დროს ჩავდივართ ხოლმე ერთი თვით. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ წელიწადში ერთი-ორჯერ ჩავდივარ, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა. ასე იყო 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს. მაშინ საქართველოში გახლდით და ვიყავი მონაწილე ტრაგიკული მოვლენებისა. სასულიერო პირების გარკვეულმა ნაწილმა სურვილი გამოვთქვით, გორში ჩავსულიყავით და ჩვენი შვილების გვერდით დავმდგარიყავით. ჩვენმა სამრევლომ შეკრიბა გარკვეული თანხა, ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად ვითავე ტყვიავში ჩასვლა და მრევლის შემწეობით შეძენილი ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა. დავარიგეთ საკვები პროდუქტი, რომელიც მაშინ ძალიან საჭირო იყო. შემდეგ ვიყავი მონაწილე ჩვენი დაღუპული ბიჭების გადმოსვენებისა.

- 13 ივნისს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების დროსაც თბილისში იმყოფებოდით...

- დიახ. სტიქია ჯერ მომხდარი არ იყო, როცა ჩვენი გადაწყვეტილებით, პარიზში 2 საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარეთ, საქართველოში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად: პირველი კონცერტი 5 აპრილს, ხოლო მეორე - 16 მაისს ჩატარდა. მონაწილეობის მისაღებად დავპატიჟეთ ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები: "სუხიშვილები", დები გოგოჭურები, ანსამბლი "ოდოია", "კომედი შოუს" ბიჭები, ნოდიკო ტატიშვილი, დავით არჩვაძე და სხვები, რომლებმაც საფრანგეთში მყოფ ადგილობრივ მოღვაწეებთან ერთად გამართეს კონცერტი. შეგროვილი თანხით საქართველოში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად გამოვემგზავრე. სწორედ ამ პერიოდში მოხდა თბილისში ტრაგიკული მოვლენები. ამ დროს მე, როგორც ყოველთვის, ვალდებული ვიყავი, ჩვენს შვილებთან ვყოფილიყავი. გარკვეული თანხით შევიძინეთ პროდუქტი და სასმელი წყალი, გმირთა მოედნის ტერიტორიაზე მისულ მოხალისეებთან ერთად მივიღეთ მონაწილეობა გაწმენდით სამუშაოებში.

GzaPress

- ახალგაზრდების აქტიურობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში...

- დიდი ტრაგედია მოხდა, ბევრი ადამიანი დაიღუპა. 13 ივნისის ღამეს მეც ვიმყოფებოდი გმირთა მოედანზე, ოღონდ - ერთი საათით ადრე; შემდგომ დატრიალებდა ტრაგედია. მეორე დღეს როცა იქ მივედი, საოცრება ვნახე: ამგვარად კონსოლიდირებული ახალგაზრდობა და ერთსულოვნება დიდი ხანია, საქართველოში არ მინახავს. მთელი საზოგადოება გაერთიანდა. საერთოდ, ქართველებს გვახასიათებს ამგვარი გასაჭირის დროს ერთმანეთის მხარში დგომა და ეს უმნიშვნელოვანესია. ახალგაზრდებთან ერთად, ვნახე პატარა ბავშვებიც, რომლებსაც შეიძლება, სულ არ შეეძლოთ და არ ეკუთვნოდათ იქ მუშაობა, მაგრამ მოყვნენ მშობლებს, დებს, ძმებს. ფუტკრის სკას ჰგავდა იქაურობა. ამგვარი თანადგომითა და ერთსულოვნებით აღფრთოვანებული, დღემდე ვუყვები ჩვენს მრევლს მომხდარს.

- ამ დღეების განმავლობაში არაერთ ქვეყანაში მიმობნეული ქართველები შეძლებისდაგვარად, ფინანსურად ეხმარებიან დაზარალებულებს. თქვენმა მრევლმა თუ გამოიჩინა ამ მხრივ ინიციატივა?

- დიახ, 21 ივნისს პანაშვიდი გადავიხადეთ თბილისში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების საოხად. მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, დასავლეთ ევროპის ეპარქიის 13-ვე სამრევლოს დაევალა თანხების შეგროვება დაზარალებულთა დასახმარებლად და შემდეგ უკვე ჩვენი სასულიერო პირები ადგილზე გაუწევენ ამ ადამიანებს დახმარებას. მოგეხსენებათ, ნიცაში უამრავი ადამიანი ისვენებს და 4 ივლისს ამ ქალაქში უფასო კონცერტი გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, სოლიდარობის ნიშნად, კონცერტით გარკვეული შემოწირულობები შევაგროვოთ 13 ივნისის ღამეს დაზარალებულთა დასახმარებლად. ფართომასშტაბიანი კონცერტიდან შემოსული და აქ მრევლის მიერ შეგროვილი თანხების ერთად მობილიზება მოხდება და თბილისში მომხდარი უბედურების შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება.

ანა კალანდაძე