12 წლის ბავშვი, რომელიც 5 მეცნიერული შრომის ავტორია - გზაპრესი

12 წლის ბავშვი, რომელიც 5 მეცნიერული შრომის ავტორია

მისი ნაშრომები საქპატენტშია შესული და ყველა მათგანზე დეპონირების მოწმობაა გაცემული. რამდენიმე დღის წინ, ლუკამ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების ჯგუფთან მოაწყო შეხვედრა. მეცნიერებმა მისი აღმოჩენები შეისწავლეს, განიხილეს და მომდევნო შეხვედრამდე 2-თვიანი პერიოდი ითხოვეს.

ლუკა:

- V კლასში ვიყავი, როცა აღმოჩენები მქონდა. თავდაპირველად კოსმოსით დავინტერესდი, მერე - კვანტური ფიზიკით. როგორ ყალიბდებოდა ატომები 14 მილიარდი წლის წინ?

- 11 წლის ასაკში, ატომებმა და კვანტურმა ფიზიკამ რით დაგაინტერესა?

- სამყაროს წარმოშობის ეტაპები მაინტერესებდა. ინტერნეტში წავიკითხე, რომ პირველ ეტაპზე წარმოიქმნა წყალბადი, ჰელიუმი, ნახშირბადი და ჟანგბადი, მეორე ეტაპზე - სხვა 22 ელემენტი რკინის ჩათვლით. მესამე ეტაპზე - 94 ელემენტი ურანის ჩათვლით. ინტერნეტში ბევრ ვიდეორგოლს ვუყურებდი და ვუსმენდი. განსაკუთრებით დამაინტერესა აინშტაინისა და ნილს ბორის კამათმა. აინშტაინს ეგონა, რომ კვანტური მექანიკა სრულად არ იყო შესწავლილი. ისე გარდაიცვალა, კვანტური მექანიკა არ აღიარა. იმისთვის, რომ გამეგო, როგორ ყალიბდებოდნენ ატომები კოსმოსში, კვანტური მექანიკა უნდა შემესწავლა.

- ლუკა, სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე, რას ლაპარაკობ. თანატოლებთან ამ თემაზე საერთო ენა გამოგინახავს?

- (იცინის) არა. კლასელებმა, მეგობრებმა ჩემი ნაშრომების შესახებ რა თქმა უნდა იციან, მაგრამ დეტალებში ვერ ერკვევიან.

- პირველი მეცნიერული ნაშრომი რაზე დაწერე?

- პირველი ნაშრომი კვანტურ მექანიკაზეა. პირველად მე აღმოვაჩინე 4 ელექტრონი, რომელიც 5 სხვადასხვა ატომს აყალიბებს. ესენია 4ს2, 5ს2, 6ს2, და 7ს2 ორბიტაზე მბრუნავი ელექტრონები.

- შენამდე ეს არავინ იცოდა?

- ამ ელექტრონებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. მე ეჭვი შემეპარა, თუ როგორ ყალიბდებოდა ქრომის ატომი. ლიტერატურაში ცნობილია, რომ ელექტრონი ვარდება 3დ5 ორბიტაზე და ყალიბდება ქრომის ატომი. ამაში დავეჭვდი და საკითხზე მუშაობა დავიწყე. მალე ქრომის ატომში აღმოვაჩინე 4ს2 ორბიტაზე მბრუნავი ელექტრონი. იგი კი არ ვარდება, არამედ გადაადგილდება და თავის აზროვნებას იყენებს. ის სისტემა არამდგრადიდან მდგრადი გახდება და ასე ყალიბდება ქრომის ატომი.

დამეთანხმებით, ლუკა ძალიან რთულად ლაპარაკობს. შეეცადა, ჩემთვის კვანტური ფიზიკიდან კიდევ ბევრი რამ აეხსნა. რაც ვფიქრობ, რიგითი მკითხველისთვის წასაკითხად ცოტათი რთულია. ლუკას მონათხრობიდან ეს ნაწილი მის აზროვნებაზე წარმოდგენის შესაქმნელად დავტოვე.

"ახალი კვანტური რიცხვი აღმოჩენილია";

"აზროვნების ახალი ფორმა და ბუნების ერთ-ერთი უნივერსალური კანონი - "კანონი განწყობის შესახებ" აღმოჩენილია";

"პალეონტოლოგიური მეცნიერება";

"აღმოჩენილია ელექტრონები, რომლებშიც წარსული, აწმყო და მომავალი ერთდროულად არსებობს";

"გამოკვლევები კვანტურ მექანიკაში". - ეს ის 5 მეცნიერული ნაშრომია, რომელზეც საქპატენტმა დეპონირების მოწმობა გასცა.

- ნაწილაკების განწყობა შესწავლილი არ არის. ფსიქოლოგიაში ლუკამ პირველმა მიაქცია ყურადღება ელემენტარული ნაწილაკების ფსიქოლოგიას. ლუკამ კვანტურ მექანიკაში შემოიტანა დროის ცნება. მის სქემებზე კარგად ჩანს დიდი დროის ინტერვალში, რომელიც მილიონობით წლით განისაზღვრება, როგორ ახერხებს ელექტრონი სხვადასხვა სახის ატომების წარმოქნას. კვანტურ ფიზიკაში ასეთი შემთხვევები განხილული საერთოდ არ არის. - მიხსნის ლუკას ასისტენტი და ამავე დროს ბაბუა, ილია ხითარიშვილი.

- ბატონო ილია, მეცნიერებთან ლუკას შეხვედრამ როგორ ჩაიარა?

- შეხვედრას ვესწრებოდი, ლამის დარბაზიდან გამაძევეს. ძალიან ვნერვიულობდი, ლუკა ლაპარაკობდა და ყველა მხრიდან უტევდნენ. შეხვედრას 20 მეცნიერი ესწრებოდა.

ლუკა:

- მე ამ შეხვედრამ დიდი გამოცდილება მომცა.

- ღელავდი?

- თავიდან მეგონა, ვინერვიულებდი, მაგრამ ლაპარაკი რომ დავიწყე, დაძაბულობა მომეხსნა.

- საინტერესოა, თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

- 24-ე სკოლის მოსწავლე ვარ, მე-7 კლასში გადავედი. კალათბურთს ვთამაშობ, ფეხბურთი მიყვარს. კომპიუტერულ თამაშებსაც ვთამაშობ. ინტერნეტში საინტერესო ინფორმაციას ვეძებ. ინგლისური ენა დამოუკიდებლად ვისწავლე.

- როგორ სწავლობ-მეთქი რომ გკითხო, უადგილო არ იქნება?

- (იცინის).

მაია ხითარიშვილი, ლუკას დედა:

- ჩვეულებრივი მოსწავლეა.

- ჩვეულებრივი? ვთვლი, რომ თანატოლებისგან გამორჩეულია.

- ჩემი უფროსი შვილი, გუგა, "ათოსანია". ლუკას ყველა საგანში 10-იანი არ ჰყავს. 3-4 წლის ასაკიდან უცნაურ კითხვებს სვამდა. 3 წლის რომ იყო, ითხოვდა, ტელესკოპი მიყიდეთ, ვარსკვლავები უნდა დავათვალიეროო. აინტერესებდა, - წერტილებივით რატომ ანათებენ, მერე რატომ ქრებიანო? ისეთ კითხვებს სვამდა, პასუხი არ ვიცოდი. იმ საკითხებით ინტერესდებოდა, რაც მისი ასაკის ბავშვებისთვის ნაკლებად საინტერესოა.

ლუკა:

- მოგვიანებით ამ ყველაფერზე პასუხები ინტერნეტიდან გავიგე.

- მომავალი პროფესია არჩეული გაქვს?

- არა. არ მინდა, რომ მაინცდამაინც მეცნიერი ვიყო. ჯერ არ ვიცი, რა არჩევანს გავაკეთებ.

ლუკას ინტერესების სფერო მრავალფეროვანია. ძვლის შემადგენლობა უკვე შეისწავლა. ახლა დაინტერესებულია, თუ რამდენი წლისაა წყალი. იაპონელი და პეტერბურგელი მეცნიერების ნაშრომები შეისწავლა და დარწმუნდა, რომ მათი დასკვნა მცდარია. საკუთარ მეცნიერულ ნაშრომებს კი ერთ-ერთ საიტზე ასატვირთად, ინგლისურ ენაზე თარგმნის და მსოფლიოს მეცნიერებს კამათში იწვევს.

ვუნდერკინდი გერმანული სიტყვაა, ქართულად ფენომენალური ნიჭის მქონე ბავშვს ნიშნავს. თავისი ნიჭით ცნობილია ავსტრიელი კომპოზიტორი - მოცარტი. მას უკვე 3 წლისას ჰქონდა საყოველთაო აღიარება. ასევე განთქმულია პასკალი, პიკასო. ამგვარი მოვლენები ისტორიაში არცთუ ისე ბევრია.

გაგაცნობთ თანამედროვე ვუნდერკინდების სიას, რომლებმაც წარმატებას სხვადასხვა ასაკში მიაღწიეს.

მიხაელა ფუდოლიგი

მან ფილიპინების უნივერსიტეტში 11 წლის ასაკში ჩააბარა და 16 წლის ასაკში წარმატებით დაამთავრა. ფიზიკის მეცნიერებაში ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. ამჟამად მიხაელა იმავე უნივერსიტეტის პროფესორია.

აკრიტ იასვალი

GzaPressინდოეთში ცნობილი მას შემდეგ გახდა, როდესაც 7 წლის ასაკში პირველი ქირურგიული ოპერაცია ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ექიმი არ იყო, ნაცნობების ვიწრო წრეში გენიოსი მედიკოსის რეპუტაცია ჰქონდა. მისმა 8 წლის თანატოლმა ბიჭმა ხელის მძიმე დამწვრობა მიიღო და აკრანმა მისი თითების ამპუტაცია შეძლო. 12 წლის ასაკში აკრანმა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა და 17 წლის ასაკში მაგისტრის ხარისხი მიიღო გამოყენებითი ქიმიის სფეროში. დღეს ის კიბოს დასამარცხებელი პრეპარატის შექმნაზე მუშაობს.

კამერონ ტომპსონი

გენიოსი მათემატიკოსია ჩრდილოეთ უელსიდან. მან ოთხი წლის ასაკში მასწავლებელს შეუსწორა, რომ ნული უმცირესი ციფრი არ არის. შეახსენა, რომ არსებობს უარყოფითი ციფრებიც. 11 წლისამ მათემატიკოსის ხარისხი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტში მიიღო. იმავე ასაკში ბიჭმა მათემატიკურ სკოლაში წარმატებით ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები და ის BBC-ზე აჩვენეს, როგორც ერთ-ერთი გენიალური მოზარდი. ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა გენიოსი მათემატიკოსია.

მარკ ტიან ბოეზდიხარჯო

ჰონკ-კონგში დაიბადა. ის ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვინც ჰონკ-კონგის უნივერსიტეტში ჩააბარა; მაშინ 9 წლის იყო. ბიჭი სპეციალური პროგრამის მიხედვით სწავლობდა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მათემატიკასა და სტატისტიკას ეთმობოდა. ახლა მარკს ორი დიპლომი აქვს, ბაკალავრის ხარისხი მათემატიკურ მეცნიერებაში და ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი მათემატიკის სფეროში.

ტეილორ უილსონი

GzaPressტეილორ რამონ უილსონი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია მსოფლიში, რომელმაც მოქმედი ფუზორი (მოწყობილობა, რომელიც ბირთვული სინთეზის რეაქციისთვისაა განკუთვნილი) 14 წლისამ შექმნა. მანამდე, 10 წლისამ, ბირთვული ბომბის კონსტრუირება შეძლო. 2011 წლის მაისში ტეილორმა პრემია მიიღო "ინტელის" საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ გამოფენაზე, გამოსხივების დეტექტორის შექმნისათვის. ტეილორმა კომპაქტური ბირთვული რეაქტორი შეიმუშავა, რომელსაც, მისი თქმით, 50 მეგავატი ელექტროენერგიის გენერირება შეუძლია. მოწყობილობას დამუხტვა მხოლოდ 30 წელში ერთხელ სჭირდება.

პრიანში სამანი

უნიკალური თვისება აქვს, მას ტვინით ურთულესი მათემატიკური გამოთვლების განხორციელება შეუძლია. ექვსი წლისა ზეპირ მათემატიკურ გამოთვლებს აკეთებდა და 11 წლისამ ათი ექვსნიშნა ციფრიდან კვადრატული ფესვის გამოთვლა რეკორდულ დროში - 6 წუთსა და 51 წამში შეძლო.

თამუნა კვინიკაძე