ვინ არიან 13 ივნისის ტრაგედიის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები? - გზაპრესი

ვინ არიან 13 ივნისის ტრაგედიის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები?

13 ივნისის საბედისწერო ღამეს, ელიზბარი მეგობრებთან, ირაკლისა და პაატასთან ერთად რესტორანში ქეიფობდა. მოსკოვიდან ორი დღის ჩამოსული იყო. კოკისპირულად წვიმდა, ტაქსი გამოიძახეს, მაგრამ პირველ გამოძახებაზე ტაქსი არ მოვიდა, ლოდინი დასჭირდათ, სანამ სხვა მოვიდოდა... ჯერ პაატა ჩავიდა სახლთან ვაკეში, შემდეგ ახალი გზით მძღოლს ელიზბარი სახლში უნდა მიეყვანა.

GzaPressშეშფოთებულმა მეგობარმა პაატას აცნობა, - ვიხრჩობიო, შველას სთხოვდა. მაშინვე გამოვარდა პაატა სახლიდან, ირაკლისაც შეატყობინა და იმ მიმართულებით წავიდა, სადაც მეგობარი ეგულებოდა. სამწუხაროდ, იქამდე მისვლა ვერ შეძლო, მალე თვითონაც წელამდე წყალში იდგა, უცებ ღვარცოფიც წამოვიდა, ნაშალი მოჰქონდა. პაატა ახლობლებთან იხსენებს: - წამებში ქუჩა კუნძულის მაგვარ ადგილად იქცა, იქ შევხტი, დიდ ხეს ჩავებღაუჭე და მასზე ავბობღდიო. თურმე ამ დროს ისევ დაურეკა ელიზბარმა, - ბიჭო, მგონი, საერთოდ ვიღუპები, მიშველე! ტელეფონიც გაითიშა, ხეზე ამძვრალი პაატა ღვარცოფმა გაიტაცა, კარგა მანძილზე წაიღო, ბოლოს ნაპირს მიახეთქა. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ირაკლიც ეძებდა მეგობრებს - ტალახში ამოსვრილი პაატა მოგვიანებით ნახა, მამაკაცი მწარედ ქვითინებდა, განიცდიდა, მეგობარს რომ ვერ უშველა. მას მერე ოჯახის წევრები და ახლობლები ელიზბარ ბაღაშვილს უშედეგოდ ეძებენ. დაკარგულის ოჯახს ჟურნალისტებთან არანაირი კომენტარის გაკეთება არ სურს.

ელიზბარ ბაღაშვილი წლებია, მოსკოვში ცხოვრობს. ის პროფესიით არქიტექტორია, სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული. ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. მეუღლე და ქალ-ვაჟი ჰყავს. მისი ოჯახიც 2 დღეში საქართველოში უნდა ჩამოსულიყო. მომხდარი მოსკოვში შეიტყვეს, ახლა აქ არიან და დაკარგულს ეძებენ. ჯერ საავადმყოფოებში დარბოდნენ იმ იმედით, რომ იქ იპოვიდნენ. თურმე გამოჩნდა ის ტაქსის მძღოლი, რომელსაც ელიზბარი მიჰყავდა. მას უთქვამს, - მანქანიდან გადმოვედით, დიდი წყალი იყო, მე ცოტა ხანს შევყოვნდი მანქანასთან, რადგან მანქანის დატოვება დამენანა, ვხედავდი, ელიზბარი და კიდევ 4-5 ადამიანი მაშველმა რომ წაიყვანა, მერე არ ვიცი, რა მოხდაო. შესაძლოა, სწორედ მაშველი ზურაბ მუზაშვილი ცდილობდა მათ გადარჩენას. ცნობილია, რომ ისიც შეეწირა ტრაგედიას. არავინ იცის, იქ რეალურად რა მოხდა.

მესამე კვირაა, მაშველები ასევე უშედეგოდ ეძებენ 27 წლის სერგო კაპანაძეს და 33 წლის ბექა ბუთურიშვილს. დილიდან საღამომდე ტრაგედიის ადგილას ტრიალებენ მათი ოჯახის წევრები. ისინი საკუთარი ძალებითაც ცდილობენ დაკარგულების პოვნას. სამართალდამცავთა ზარს შიშით ელიან. ვინ იცის, უკვე მერამდენედ მოუხდათ პროზექტურაში ამოცნობაზე მისვლა. ამბობენ, იქიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვიცით, უნდა გვიხაროდეს თუ უნდა გვწყინდესო.

ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ბექას ძმის, ლაშა ბუთურიშვილის მოსმენა.

GzaPress

ლაშა ბუთურიშვილი:

- ახალი არაფერია, ბექა ისევ არ არის ნაპოვნი. იმ ტერიტორიების დიდი ნაწილი დასუფთავებულია, მაგრამ არის ადგილები, რაც აუცილებლად სანახავია, კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. გაურკვეველ ვითარებაში ვართ, სულ იმის მოლოდინში, რომ ახლა დარეკავენ და გვეტყვიან - ვნახეთო. ამ მოლოდინით ვცხოვრობთ. ძნელია, არ ვიცი, როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი.

- ბექა მარტო იყო მანქანაში? რას საქმიანობდა თქვენი ძმა?

- დაზუსტებით არ ვიცით, მარტო იყო თუ არა. ბექა რკინიგზის ხაზით, ერთ-ერთ კერძო საექსპედიტორო, ტვირთების გადამზიდავ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა. აგვისტოში 34 წლის გახდებოდა. დედას 23 საათზე ესაუბრა, უთხრა, - მოვალო. მერე მოჰყვა იმ უბედურებაში. ბოლო კონტაქტი მეგობართან ჰქონდა. 00 საათსა და 28 წუთზე მეგობარს უთხრა, რომ ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე იყო და 15 წუთში მასთან, სოლოლაკში იქნებოდა - იქ წვეულება ჰქონდათ. მეორე ზარი ბექასთან იმავე მეგობარმა 00:42 წუთზე განახორციელა, მაგრამ მისი ტელეფონი უკვე გათიშული იყო. კახეთში ვიყავი, დედამ დილის 7 საათზე დამირეკა, - ბექა გუშინ სახლში არ მოსულა, ძალიან წვიმდა, მეშინია, რამე არ დამართოდა, გეხვეწები, სასწრაფოდ წამოდიო. გავთიშე ტელეფონი და მაშინვე წამოვედი. 15 წუთში ბექას მეგობარმა დამირეკა, პირველის ნახევრიდან ტელეფონი გათიშულიაო. მას მერე ვეძებთ. ბექას მანქანა პირადად მე ვიპოვე, 15 ივნისს, დილის 6-ის ნახევარზე. დილაუთენია ოჯახის წევრები, 4 მამაკაცი იმ ტერიტორიაზე გაგიჟებულები დავდიოდით. უშუალოდ მდინარე ვერეს კალაპოტში წავაწყდი მანქანას, სისხლი გამეყინა, საშინლად დამტვრეული იყო, ფაქტობრივად - დაჩეჩქვილი. ყველანი მივცვივდით, თან ვრეკავდი სამაშველო სამსახურში, დახმარებას ვითხოვდი. დილის 6 საათზე იქ ტექნიკა არ იყო, მათ მოსვლამდე ჩვენი ძალებით მოგვიწია მანქანის ამოყვანამ. მივაბით ჩვენს მეორე მანქანაზე "ტროსი" და ისე ამოვქაჩეთ. ეს საშინელი წუთები იყო. ვეჯაჯგურებოდით, გვეგონა, მანქანაში იქნებოდა. მერე სამაშველოც მოვიდა, ისინი მანქანის ამოტრიალებაში დაგვეხმარნენ. შიგნით ბექა არ აღმოჩნდა. გადმომხტარია მანქანიდან. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ღვედი გახსნილია. ძალიან კანონმორჩილი იყო ჩემი ძმა, აუცილებლად ეკეთებოდა ღვედი. როგორც ჩანს, გადმოხტა, საფრთხე რომ იგრძნო. ყველაზე მძიმე წუთები იყო, სანამ მანქანას დავათვალიერებდით, პირველი შოკი მაშინ მივიღე, როცა ჩემი ძმის მანქანა ასეთ მდგომარეობაში დავინახე. ავტომობილის საჭე და ჭერი მიჭეჭყილია. ღვედი რომ ჰკეთებოდა, ბუნებრივია, იქიდან გამოსვლას ვერ მოახერხებდა. ღვედი თავისით არ გაიხსნებოდა. იქ რომ არ აღმოჩნდა, უკვე აღარ ვიცოდი, გამხარებოდა თუ მწყენოდა. გამიხარდა კიდეც, მაგრამ მერე რომ წარმოვიდგინე, წყალს სად შეიძლება წაეღო, ცუდად გავხდი. უკვე აღარ ვიცოდი, რაზე მეფიქრა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვპოულობთ. შემდეგი უმძიმესი მომენტები რამდენიმეჯერ პროზექტურაში ამოცნობაზე მისვლა იყო. ყველა შესვლა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. ჯერჯერობით გრძელდება ჩვენი ტანჯვა. ძნელია, როცა გეუბნებიან, - ნაპოვნია ცხედარი და უნდა შეხვიდე ამოცნობაზე. მიდიხარ და არ იცი, რა დაგვხვდება. სადაც მანქანა ვიპოვეთ, იმ ტერიტორიას არ ვეშვები. ძალიან დამთრგუნველია ეს ყველაფერი. როგორც კი თენდება, იქ მივდივარ და ვეძებ. ჩემი ძმის გარდა კიდევ ორი ადამიანია დაკარგული. სულ ჩემთან ერთად არის სერგო კაპანაძის ძმა - ტატო. ჯერჯერობით სასოწარკვეთილები ვართ. ჩემი მშობლები, ფაქტობრივად, დახოცილები არიან. ამდენი დრო გავიდა, შეიძლება მიეღო სერიოზული დაზიანებები ბექას, იქნებ სადმე უგონო მდგომარეობაში მყოფი გამორიყა კიდეც წყალმა. იქნებ შველას ითხოვდა... ძნელია, რეალობისთვის თვალის გასწორება, მაგრამ უკვე სასიკეთოს არაფერს ველოდებით. ერთადერთი, რაც გვინდა და რასაც ვთხოვთ ყველას, არ შეწყდეს სამძებრო სამუშაოები მანამ, სანამ სამივე დაკარგულს არ იპოვიან. ადამიანის გაქრობას ვერ შევეგუებით. ასე სიცოცხლის გაგრძელება წარმოუდგენელია. აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს, რა დატრიალდა იქ. არ მაქვს ილუზია, რომ ისინი გადარჩებოდნენ. ღმერთმა ქნას, სასწაული მოხდეს და ვიპოვოთ!

დიდ გაურკვევლობაშია სერგი კაპანაძის ოჯახიც. 10 საათი სრულდებოდა, როცა სერგი საბურთალოდან სიძემ მანქანით მარჯანიშვილზე წაიყვანა. ოჯახმა იცოდა, რომ სერგი მეგობრებს ხვდებოდა. იმ დღეს სტიქიის დროს დაღუპულ დებთან, ლიზი და ინდირა ზარანდიებთან ერთად იყო კაფეში.

მედეა კაპანაძე, სერგის და:

GzaPress- იმ დღეს 9 საათზე მოვედი სახლში, სულ გალუმპული ვიყავი. მკითხა, - ასე ძალიან წვიმსო? თვითონ გამოპრანჭული იყო. - შენ სად მიდიხარ-მეთქი? ჩემს სიძეს ელოდებოდა: - გიორგი წამიყვანს, მეგობრებთან მივდივარ, შენ აღარ გახვიდე გვიან, ჭკუით იყავიო. გასვლისას გვითხრა, - გასაღები მაქვს, თუ გვიან მოვედი ან არ მოვედი, არ შეიმჩნიოთო. ჩემი სიძე ამბობს, მარჯანიშვილზე დავტოვეო. შეყვარებული რომ ჰყავდა, არ ვიცოდით. ეტყობა, ურთიერთობას ახლა აწყობდა. სერგი სახლში არ მოსულა, მაგრამ ვიფიქრეთ, - სადმე დარჩა. მეორე დილით მისმა ძმაკაცმა დარეკა, - გოგონები არ ჩანან, ვისთანაც ერთად სერგი იყო და თვითონ სად არისო? მერე ტელევიზიით გავიგეთ, რაც მოხდა. მისი ტელეფონი გამორთული იყო, მაგრამ ისედაც ხშირად ეთიშებოდა და ვიფიქრეთ, რომ უბრალოდ, გაეთიშა. იმედს არ ვკარგავდით, საავადმყოფოებში დავიწყეთ ძებნა. პოლიციამ გვითხრა, ძებნას 24 საათის მერე გამოვაცხადებთო. კიდევ იმის მოლოდინში ვარ, რომ დამირეკავს ან გამოჩნდება. რა იქნება, ცხედარი მაინც გამოჩნდეს?!. გვირაბი სრულად გაწმინდეს, გარდაცვლილები ნახეს, მაგრამ იქ სერგის ვერ მიაგნეს. მძღოლიც არ არის ნაპოვნი. ჩემი მშობლები რუსეთში იყვნენ, იქ გაიგეს ეს ამბავი. მამას ვუმალავდით, რადგან გვეგონა, გამოჩნდებოდა. ინტერნეტით გაიგო, სასწრაფოდ ჩამოვიდა. აეროპორტში ტირილით რომ მოდიოდა და მის სახეს ხედავდნენ, ყველა გზას უთმობდა. ძალიან უჭირს. ვცდილობთ გავამხნევოთ, მაგრამ არ გამოგვდის. დილას არც საუზმობენ, ისე მიდიან მამაჩემი და ჩემი პატარა ძმა - ტატო იმ ტერიტორიაზე და ეძებენ სერგის. ახლაც იქ არიან. წვიმის დაწყება ჩვენს ოჯახში კატასტროფაა. სერიოზული ფობია მაქვს. ჩემს პატარა ძმას კიდევ აქვს იმედი, რომ სერგი ცოცხალია.

- ამის შანსი არსებობს?

- მე არ მჯერა ამის. ჩემი ძმა, ტატო დადის გვამების ამოცნობაზე. საშინლად განიცდის, ამბობს, ამოცნობაზე რომ შევდივარ, ისე ვნერვიულობ, გული მისკდება, მაგრამ რომ ვიგებ, სერგი არ არის, უკვე სხვანაირად გამოვდივარო. მამას სუპერმარკეტის ბიზნესი ჰქონდა საქართველოში და სულ მამასთან ერთად მუშაობდა. ჩართული იყო ბიზნესში. მერე მამას პრობლემები შეექმნა და სერგიმ თავისი პატარა მაღაზია გახსნა მეგობრებთან ერთად. მერე პეროვსკაიაზე პატარა ბარიც ჰქონდა. პირველ დღეებში მეც გავედი ტრაგედიის ადგილას. დავინახე, როგორ ამოჰყავდათ მანქანა. ვერ შევძელი ამის ყურება, ცუდად გავხდი. სერგის ფოტოები გადავარჩიე. ვფიქრობდი დამებეჭდა, მაგრამ გადავიფიქრე. რომ გამოჩნდეს, ხომ მისაყვედურებს, რატომ გაადიდე ჩემი სურათიო? ბედნიერია ის ოჯახები, ვინც ცხედარი მაინც ნახა. მანქანა იმდენად საშინელ მდგომარეობაში იყო, რომ შეხედვის შემეშინდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ უძლურები ვართ.

თეა ხურცილავა