ვინ არის დამნაშავე?!... - გზაპრესი

ვინ არის დამნაშავე?!...

- აღარ ვიცი, რა ვუყო და მოვუხერხო ჩემს თხუთმეტი წლის ვაჟს, რომელსაც ვერც დახეული და ჭუჭყისფერი, ჩაჩაჩული ჯინსი შევაცვლევინე ნორმალური შარვლით და ვერც თმა დავამოკლებინე. დადის ქუჩის მაწანწალასავით, ბინძური და თმაგაწეწილი. რომ დავემუქრე, - თუ სტილისტთან არ მიხვალ, ძილში შეგჭრი თმას და დაგამახინჯებ-მეთქი, ისტერიკა გამართა: ეგ რომ გააკეთო, მეცხრე სართულის ფანჯრიდან გადავხტებიო. მეც შემეშინდა და შევეშვი...

- მასწავლებლები რა სიკვდილს აკეთებენ სკოლაში, რომ ბავშვები ამდენს ბედავენ?! - მიუგო მეორემ და მართლაც, პირღია დამტოვა. მინდოდა მეკითხა: მშობელი თუ ვერაფერს უხერხებს საკუთარ შვილს, მასწავლებელმა რა უნდა ქნას-მეთქი? მაგრამ ტრანსპორტში ამასწრეს... მოსმენილმა ისე ამაფორიაქა, გეგმები შევცვალე და დიქტოფონმომარჯვებული ქუჩას დავუყევი, გამვლელებს ერთ კითხვაზე ვთხოვდი პასუხის გაცემას:

- მოზარდები მშობლებს აღარ ემორჩილებიან და ზოგჯერ, აუტანლად იქცევიან. თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე მეტად დამნაშავე მათ უზნეო ქმედებაზე, აგრესიასა და სიჯიუტეზე?!

ლარისა, 56 წლის, დიასახლისი:

- არც მე მომწონს ჩემი შვილიშვილების სიჯიუტე და ის, თუ როგორ გვიშორებენ თავიდან უფროსებს: არ გვჭირდება ამდენი დარიგება, მშვენივრად ვიცით, როგორ მოვიქცეთო. ორი წლის წინ, თხუთმეტი წლის შვილიშვილი გამითხოვდა და ექვს თვეში მობრუნდა უკან: არ შემიძლია დედამთილის ჭკუაზე სიარულიო და არც იმ ქალს უნდა ლიკას დანახვა. საშინელება ის არის, რომ არც მისი გამტყუნება შემიძლია: არაა ადვილი ჩემი შვილიშვილის კაპრიზებს აყოლა და იმიტომ!.. მთლიანად საზოგადოებაა დამნაშავე იმაში, რაც ხდება, ტელევიზიები კი ყველა ზღვარს გადასცდნენ: ამას წინათ, წნევამ ამიწია, როცა ერთ-ერთ შოუში წამყვანმა ნახევრად შიშველ გოგოს უთხრა: შენზე ამბობენ, ქალიშვილიაო და იმან შეურაცხყოფად მიიღო ნათქვამი, - ეს როგორ მაკადრეო?.. რას მოვესწარით ქართველები, გული მიკვდება: თითქოს, მრუშობას უფრო მეტი დაფასება აქვს, ვიდრე უმანკოებას, მაგრამ სინამდვილეში არაა ასე - არავის უნდა სხვასთან ნაწოლი ქალი ცოლად, მაგრამ ჩემმა ოცდაექვსი წლის ძმისშვილმა, იმ შოუს ცქერისას, ცრემლები გადმოყარა: აწი ვიღა მითხოვს? ვინ დააფასებს ჩემს ასაკში ქალიშვილობასო?! - ტელევიზორში გაგონილი დაიჯერა და არა - ჩემი... ნუ ცდილობენ საზოგადოებრივი აზროვნების გაუკუღმართებას ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთებმაც თავი შეიკავეთ ასეთი პოზიციების რეკლამირებისგან...

მარიკა, 36 წლის, პედაგოგი:

- ხშირად მასწავლებლებს გვადანაშაულებენ, მოზარდების საქციელი რომ არ მოსწონთ, მაგრამ როცა სამინისტრო სადამსჯელო კომისიას შეგიქმნის და თუ მოსწავლემ რაიმეში დაგადანაშაულა, არც მოგცემს თავის მართლების საშუალებას, ისე დაგსჯის, მერე უკვე ბევრ რამეზე დახუჭავ თვალს და აღარც სხვისი შვილების უზნეობას იდარდებ. ამას წინათ, ერთი ცნობილი ქალბატონის ინტერვიუ წავიკითხე ჟურნალში: ჩემი შვილი რომ მასწავლებელმა აატიროს და თმა დააწიწკნოს, როგორც მე გამიკეთა ბავშვობაში ერთმა პედაგოგმა, შეიძლება, საყვედური არც ვაკმარო, დავაჭერინებო. ჰოდა, ძალიან დამავალებთ, იმ ქალბატონს და მის მსგავსებსაც "ააფარებთ ცხვირ-პირში" ჩემს პასუხს: მე თოკს მივიტან გაკვეთილზე, მერხებსა და ჩემს მაგიდას შორის გავაბამ, რათა შემთხვევითაც არ შევეხო მათ შვილს, მერე კი ვილოცებ ასე უზნეოდ გაზრდილი ჩემს ოჯახში არ შემოვიდეს სიძედ ან რძლად. არ მოვითმენ არავისგან უზრდელობას და ვისაც თავხედი შვილი მოსწონს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს...

გოჩა, 45 წლის, ექიმი:

- როცა უმცროსს რაიმე ეშლება, ერთნაირად არის დამნაშავე ოჯახიც, სკოლაც და საზოგადოებაც, რომელშიც ტრიალებს. მე იმ რეკლამამ გამაღიზიანა, ბავშვებს რომ მოუწოდებდნენ: თუ მშობელი გავიწროებს, ამ ტელეფონის ნომერზე დარეკე და პასუხს მოვთხოვთო. სკოლებში რომ მანდატურები დააყენეს და რაც უნდა თქვას ბავშვმა მასწავლებელზე, ყველაფერს იჯერებენ, ამაზე აღარაფერს ვამბობ. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ მითხრეს: თუ კვირა ისე ჩაივლის სკოლაში, რომ მანდატურმა ოქმი არ ამოწერა, უფროსები სამსახურიდან გაყრით ემუქრებიან და პრემიებს იმის მიხედვით უწერენ, რაც უფრო მეტ ბავშვსა და მასწავლებელს დასჯიანო... ნამდვილად არ მინდა, ეს სიმართლე იყოს. თავისუფლებასაც ზომიერება და რაც მთავარია, სწავლა სჭირდება. ხეც არ იზრდება სწორად, თუ ჭიგო არ შეუყენე და მიმართულება არ მიეცი. ბავშვი როგორ გაიზრდება შენიშვნისა და საყვედურის გარეშე?!

მაია, 42 წლის, გარე მოვაჭრე:

- თავისუფლება კი არა, სიმკაცრე უნდა პატარას, რომ ხელიდან არ წავიდეს და არ ეგონოს, რომ ყველა დანაშაული ეპატიება. აღარც მშობელს სცალია ბავშვისთვის და აღარც მასწავლებელი იკლავს თავს მისი აღზრდისთვის. ყველაზე მეტად, დამნაშავე მაინც სახელმწიფოა, რომელმაც სამუშაო ადგილები ვერ შექმნა და ათასობით ქალი იძულებული გახადა, საზღვარგარეთ გაქცეულიყო ოჯახის გადასარჩენად. უდედოდ გაზრდილების თაობები მოდიან და რას მოითხოვთ მათგან, რომელ ზრდილობასა და პატიოსნებაზე მელაპარაკებით?!. ჩემს თაობაში ვინმეს დედა რომ მოუკვდებოდა, მთელი უბანი და სანათესაო ცდილობდა, ობოლი ბავშვისთვის უდედობა შეემსუბუქებინა: ზოგი სისუფთავის დაცვას ასწავლიდა, ზოგი სამზარეულოში ტრიალსა და საოჯახო საქმეს, რომ დიდობაში არაფერი შეშლოდა. ახლა კი რამდენი ბავშვია უდედოდ და რა გასაკვირია, თუ ძვირად ღირებული, მაგრამ ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვიათ? დახეული შარვლებით სიარულიც ზარმაცებისა და ბინძურების მოგონილი მგონია. რა მოდა, რის მოდა, ველურობაა ეს ყველაფერი...

ზურა, 32 წლის, ინჟინერი:

- დამჯერი ბავშვი არც მე ვიყავი და სიგარეტის მოწევაც 12 წლიდან დავიწყე. არავის ვუჯერებდი ადვილად, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ბევრად უკეთესად იქნებოდა ჩემი საქმე, უფრო მეტი რომ მესწავლა და ცხოვრების ჯანსაღი წესზეც არ მეთქვა უარი. ჩემი შვილები ჯერ პატარები არიან, მაგრამ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო მათ გვერდით, რომ იმ ზეგავლენის ქვეშ არ მოექცნენ, რისკენაც ახლა ცდილობენ გარკვეული წრეები ქართველების აზროვნების მიმართვას - არ მინდა, ბავშვები მხოლოდ თავიანთ უფლებებს აღიარებდნენ და პასუხისმგებლობა არ გააჩნდეთ, თუნდაც, უფროსებთან მიმართებაში... მთავრობის, არასამთავრობოებისა თუ ტელევიზიის მხრიდან ისეთი პროპაგანდა მიდის, თავისუფალი კი არა, მოუთოკავი თაობების აღზრდა დაუსახავს თითქოს ვიღაცას მიზნად. არ გვინდა ქართველებს ახალი ველოსიპედის გამოგონება. ბევრი უცხოელი მინახავს, ვინაც სწორედ ჩვენი ტრადიციებით, ოჯახებისა და უფროსების დაფასებითაა მოხიბლული და ცდილობს, თავის ქვეყანაში დაამკვიდროს აქ ნანახი. თუ ჩვენ დავუკარგავთ შვილებს ამ სიკეთეებს, ყველანი დამნაშავეები ვიქნებით მათ წინაშე...

ზურამ ისეთი დასკვნა გააკეთა, უკეთესად ვერაფერს ვიტყვი და ამიტომაც, აქ დავსვამ წერტილს იმის იმედით, რომ სხვაგან კი არ დავუწყებთ დამნაშავეს ძებნას, თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას მომავალ თაობის წინაშე.

ინგა ჯაყელი