ბედნიერი დაბრუნება წარსულში... - გზაპრესი

ბედნიერი დაბრუნება წარსულში...

მამა ათი, დედა კი სამი წლის წინ გარდაეცვალა და არც ერთის დაკრძალვაზე არ ჩამოსულა მოსკოვიდან. თავის დროზე სახლიდან მშობლებზე გაბრაზებული გაიქცა, - ჩემს ნახვას ვეღარ ეღირსებითო და ასეც მოხდა...

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა დედისერთა ბიჭს სოფლიდან ჩამოსული მეზობლის დისშვილი - ეკა შეუყვარდა, რომელიც სამედიცინო კოლეჯში სწავლობდა და რადგან მრავალშვილიანი მშობლები ვერაფრით ეხმარებოდნენ, საავადმყოფოში სანიტრად მუშაობდა, რათა საკუთარი თავი ერჩინა და დეიდას არ დასწოლოდა ტვირთად, რომელმაც ისედაც დიდი დახმარება გაუწია, როცა სახლში შეუშვა და ლოჯიაში "ლეჟანკის" გაშლის საშუალება მისცა...

ახალგაზრდებს თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. ისე მოხდა, რომ არც ინტიმისგან შეუკავებიათ თავი და ეკა დაფეხმძიმდა. სანდროს ოჯახის შექმნა არ ეჩქარებოდა და არც შეყვარებულის "სიურპრიზს" გაუხარებია დიდად, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაქცევა არც უფიქრია და მშობლებს გამოუცხადა, რომ ეკაზე უნდა დაქორწინებულიყო, ვიდრე გოგოს მუცელი დაეტყობოდა და ათას ჭორს აუგორებდნენ მოცლილი ავყიები...

დედამ თავი გაიგიჟა და არც მამამ დაინდო: ეკას სულ უნამუსო და ქუჩის ქალი ეძახეს, სანდროს კი კატეგორიულად გამოუცხადეს: ორსულ ქალს სახლში ვერ შემოიყვან და სადაც გინდა, იქ მიბრძანდი, თუ ეგ უნამუსო გოგო ჩვენს თავს და ოჯახს გირჩევნიაო...

სერიოზულად იკამათეს და სანდრო სახლიდან გაიქცა. მამიდასთან, ბათუმში იმალებოდა მთელი თვე და ბოლოს და ბოლოს, როცა მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, ეკა ვეღარსად იპოვა. დეიდამისმა მისი დატოვებული წერილი გადასცა დაბნეულ ბიჭს და არც ის დაუმალავს, რომ ფული მიუგდო გოგოს, აბორტის გაკეთება უბრძანა და თუ ასე არ მოიქცეოდა, ათასგვარი შურისძიებით დაემუქრა...

"აბორტი გავიკეთე და შვილი მოვკალი, რასაც არასოდეს გაპატიებ. არ მეძებო, ჩემთვის აღარ არსებობ! ეკა". - ეწერა წერილში.

იმ საღამოს გამოიტირა ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილი, მშობლებს ეჩხუბა, ბარგი შეკრა და დაიმუქრა: ვეღარასოდეს მნახავთო. მერე კი რუსეთში გაემგზავრა, სადაც ბიძაშვილები ეგულებოდა...

ოცდაათი წლის განმავლობაში სამჯერ შეირთო ცოლი და არც ერთთან შვილი არ ეყოლა. თითქოს, თავადაც ჯანმრთელი იყო და არც ყოფილ ცოლებს სჭირდათ რამე, მაგრამ არც ერთი არ დაფეხმძიმებულა. ხმამაღლა არ აღიარებდა, თორემ თავად დარწმუნებული იყო, უშვილობით შემთხვევით არ სჯიდა განგება და ეკას რომ არ ამოუდგა მხარში კაცურად, ამის გამო უნდა ეგო პასუხი...

დროთა განმავლობაში, საკუთარი რესტორანი გახსნა და ფული არ აკლდა, სახლიც მდიდრების ელიტურ უბანში აიშენა მოსკოვის გარეუბანში, მაგრამ ერთ დღეს ინფარქტი დაემართა და შემთხვევით რომ არ ეპოვა ნაცნობს, უპატრონოდ ამოსძვრებოდა სული. ჰოდა, მიხვდა, რომ არ უნდოდა უცხო მიწაზე სიკვდილი და საავადმყოფოდან გამოეწერა თუ არა, ყველაფერი გაყიდა, სამშობლოში დაბრუნდა...

ვერავინ ცნობდა გაჭაღარავებულს, წონაში საკმაოდ მომატებულს და ვეღარც თავად იცნო მეზობლები. უფროსების უმრავლესობა გარდაცვლილიყო და მისი ტოლებიც არსად ჩანდნენ თითქოს...

სააგენტოდან გამოიძახა ქალები და იმათ დაალაგებინა სახლი, სადაც სქელ ფენად დადებოდა მტვერი ყველაფერს...

რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ აეკვიატა ეკაზე ფიქრი და ვერ მოისვენა. ძალიან უნდოდა გაეგო, სად იყო და როგორ წარიმართა მისი ბედი...

ერთხელაც, გაბედა და ეკას დეიდის კარზე დააკაკუნა. კარი ახალგაზრდა მამაკაცმა გაუღო და რომ შეხედა, ლამის იქვე გაუსკდა ნაინფარქტალი გული: ყმაწვილი მას ძალიან ჰგავდა...

- ვინ გნებავთ?! - ჰკითხა დამხვდურმა.

- ეკა... - ძლივს დააცდენინა საყვარელი ქალის სახელი გახევებულ ენას.

- დედა მესამე წელია, საბერძნეთშია. სამუშაოდ წავიდა...

...მაინც დაკარგა გონება და თვალი რომ გაახილა, "სასწრაფო დახმარების" ექიმები ეხვივნენ:

- ეკას როგორ დავუკავშირდე?! - იკითხა ცრემლმორეულმა.

იმავე საღამოს დაალაპარაკეს "სკაიპით"...

ძველებურად ლამაზი და სიფრიფანა იყო. სანდრო მაშინვე იცნო და ატირდა: სწორედ ასეთი წარმომედგინე და შინაგანად სულ მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან დაგვიბრუნდებოდი... ბავშვის მოშორება არც მიფიქრია, ის ხომ ჩვენი დიდი სიყვარულის ნაყოფი იყო და რომ მომეკლა, როგორღა უნდა მეცოცხლაო?..

ეკას სოფელში გაუჩენია შვილი. წლების შემდეგ კი, ისევ ქალაქში დაბრუნებულა დეიდასთან, რომელსაც საკუთარი შვილი არ ჰყავდა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ეკას და მის შვილს დაუტოვა ბინა. ბიჭს სანდროს მამის სახელი - გიორგი დაარქვა ეკამ და ამანაც კი არ მოულბო გული სანდროს გაკერპებულ მშობლებს; არც კი შეატყობინეს შვილს, რომ საქართველოში მისი ვაჟი იზრდებოდა...

გიორგი უკვე თავად იყო მამა და სანდროს მისი მოსახელე შვილიშვილი - სანდრიკაც დაახვედრეს, რაზეც ვერც კი იოცნებებდა...

რა თქმა უნდა, ერთ ოჯახად დაიწყეს ცხოვრება და რადგან ფული ბლომად ჩამოიყოლა სანდრომ მოსკოვიდან, დღე დღეზე, ეკას დაბრუნებასაც ელოდებიან საბერძნეთიდან.

ინგა ჯაყელი