"რატის მიწა და დაკრძალული მშობელი თანაბრად არ ეთმობა..." - გზაპრესი

"რატის მიწა და დაკრძალული მშობელი თანაბრად არ ეთმობა..."

ასფალტირებული გზიდან 15 კილომეტრის დაცილებით, სგურიშში ერთადერთი დევდარიანი ცხოვრობს. არ გეგონოთ, რომ ის უკანასკნელი მოჰიკანია სოფელში და ამიტომაა ერთი. 23 წლის გახლავათ რატი. როდესაც 39 წლის დედა უკურნებელი სენით გარდაეცვალა, მის მერე კიდევ უფრო შეუყვარდა დედლეთი (ასე ეძახის რატი დედულეთს).

მართალია, მიწამ ყველაზე ძვირფასი - დედა წაართვა, მაგრამ ახლა მიწა და დაკრძალული მშობელი თანაბრად არ ეთმობა. ჭუბერის ტერიტორიული ერთეულის სოფელი სგურიში ახალგაზრდა სვანისთვის უწმინდესია და არასდროს დატოვებს იქაურობას.

რატის მამა წალკაში წავიდა საცხოვრებლად. სამი ვაჟი გაჰყვა, უფროსი კი, 19 წლის უკვე ჭკუასაკითხავი რატი სოფელს არ მოსცილდა. ჰოდა, დეიდასთან და დეიდაშვილთან ერთად, სათემო სახლში ცხოვრობს. ყველა თანატოლის მსგავსად, ისიც უვლის სიმინდის ყანას, ლობიოსა და კარტოფილის ნათესს, ზოგჯერ ანკესსაც გადაჰკიდებს ბინულივით ცივ მდინარეებში, ხანაც - ძველსვანურ საგალობელს ჩაიღიღინებს, ფანდურზე ქართულ სიმღერებს დაამღერებს, მერე ნათხოვარი გიტარით "რაღაცას მოიხერხებს" და გადის დრო უჩვეულოდ ხალასი ფერებით!

დევდარიანები წარმოშობით მესტიის ახლო სოფლიდან, ფარიდან არიან. მამა ცალანის ქალზე დაქორწინდა და ოთხი შვილიც შეეძინათ. დედის მხარე ნაწყევლი გვარისააო, - ამბობს რატი.

GzaPress

"სოფელში ორი ოჯახი ყოფილა ჩვენი თემის. შეუდარებელი სიმდიდრის პატრონებს, სოფლად დიდი პატივით ეპყრობოდნენ და მათი დახმარების გარეშე, ჭირი თუ ლხინი თავმოუბმელი დარჩებოდათ. ცხვარ-ძროხაც ბევრი დაუდიოდათ საძოვარზე და ერთხელაც, იალაღებიდან დაბრუნებულ ფარას ვეება ვერძი მოჰყოლია. ცხვრის თვალიაო, - უთქვამთ მასზე. ყოჩი დილით მიუძღვებოდა ფარას და საღამოს შინ აბრუნებდა უკლებლივ. ერთხელაც, საპატიო სტუმარი სწვევიათ და გამორჩეული ცხვრის დაკვლა გადაუწყვეტიათ მასპინძლებს. ყელზე დანა მიაბჯინეს და ცხვარმა ენა ამოიდგა: დანა ნაბდად იქცეს, ჩემი ყელი რკინადო. მერე გაქცეულა ყოჩი, უცებ მობრუნებულა და დაუწყევლია თემი. მის შემდეგ ცალანები ვეღარ გამრავლებულან. ორი ოჯახიდან ერთს (რატის პაპას) მხოლოდ ორი ასული შესძენია, მეორეს კი ჰყოლია შვილები, მაგრამ დაავადებულებს შთამომავლობა არ დარჩენიათ. იმათ სახლში ახლა ამავე გვარის, ოღონდ - სხვა თემის ხალხი ცხოვრობს", - ამბობს რატი.

მეხუთე კლასამდე სანიმუშო მოსწავლე ყოფილა. მერე ავურიეო, - გამოტყდა. მეშვიდე კლასში სწავლობდა, როცა გამოკითხვა ჩატარებულა სკოლაში და სხვადასხვა ნომინაციაში, მოსწავლეების გარდა, მასწავლებლებსაც მიუღიათ მონაწილეობა. რატის ორ ნომინაციაში ერგო პირველი ადგილი - "ყველაზე ნიჭიერი" და "ყველაზე ზარმაცი" (პარადოქსია, მაგრამ სვანები პარადოქსულობაშიც არავის უთმობენ პირველობას, - ასე მიიჩნევს რატი).

საშუალო სკოლა რომ დაამთავრა, დირექტორის დაჟინებული მოთხოვნით, ორ მოსწავლეს კარ-სგურიშის სკოლიდან ეროვნულ გამოცდებში მიუღია მონაწილეობა. გერმანულ ენაში ორ კვირას ემზადებოდა და ყველა საგანი ჩააბარა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი კი გახდა, მაგრამ მაინც ვერ ისწავლა: მამას ჩემ გარდა სამი შვილი ჰყავს და ჩემთვის რომ დაეთმო მთელი ნაშრომი, დანარჩენებს შიმშილით ხომ არ დახოცავდაო?!

თბილისში იშვიათად, ალბათ, ორ წელიწადში ერთხელ ჩადის. წალკაში, მამის ახალ კერაზე სულ სამჯერ არის ნამყოფი. ათასჯერ უთხრეს: რა გინდა სვანეთში, გაყიდე ყველაფერი და ბარად ჩასახლდიო, მაგრამ დედის საფლავს, სანდო მეზობლებს, უღალატო თანატოლებს, წინაპრებისგან დატოვებულ სახლ-კარს, სათიბს, ტყეს, ყანას ვერ თმობს. ვეძა წყაროები და კალმახიანი მდინარეები მისია, უზარმაზარი სოჭები, ნაძვები და ფიჭვებიც მისია! განა გამომყენებლის თვალით უმზერს აქაურობას! პატრონია თავისი წილი ცისა და მიწის!

ბავშვობიდანვე ეხერხება ხის კვეთა. ხელოსანი მამის დავალებით, სკამებსა და ტახტებს ახარატულებდა, ლამაზ ჩუქურთმებს ჭრიდა და სკოლის დასრულებისას, ერთი მაგიდა საჩუქრად დაუტოვებია მასწავლებლებისთვის (მაგიდისთვის რატომღაც, კრეკერის სახე მიუცია. ესეც ალბათ, მთის შვილის კრეატიულობის ხასიათის გამოვლინებაა).

მამა გიტარაზე უკრავდა თურმე და რატისაც მან ასწავლა ძალიან მცირე, დანარჩენი თავად მოახერხა. მერე ნათლიასთან ფანდურები უნახავს და ახლა ფანდურზე სვანურ სიმღერებს ბუბუნებს. ნათლიის ნაჩუქარი ფანდური ერთადერთი ინსტრუმენტია, რომელიც სახლში აქვს. სალამურის დაკვრასაც ახერხებს, გიტარაზე კიდევ, "იუთუბიდან" მოსმენილ სიმღერებს აწყობს ხოლმე (ოღონდ, ინგლისურად ვერ მღერის, არ იცის ეს ენა) და ძალიან უნდა, კარგი გიტარა ჰქონდეს, რომ მეზობლის გიტარის მთხოვნელთა რიგში არ მოუწიოს ლოდინმა.

ფანდურზე დაკვრა მეზობლებსაც ასწავლა; მშობლიურ სკოლაში ბავშვებს მასტერკლასებს უტარებდა ამ ინსტრუმენტით და რამდენიმე თანატოლსა და მუხბეს გიტარაზე დაკვრაც შეაყვარა.

ლექსებსაც წერს რატი. სუფთა ქართულით, სვანურით და შერეულადაც. ზოგჯერ თავის ლექსებს სიმღერად გადააქცევს და თავის გულის სიღრმეში საგანძურად აწყობს. ისეთი საგალობლებიც ისწავლა, მხოლოდ რამდენიმე კაცმა რომ იცის და მისი ჩანაწერებიც არ არსებობს.

ბარის ნაცვლად, თუ დრო ექნა, მთისკენ უფრო მიუწევს გული. ხეებიც ეცოდება, მთის გადარეული მდინარის ულამაზესი კალმახებიც... გულით იმდენ სითბოს დაატარებს, რომელიც გაზაფხულის პირს ხეობაში ნარჩენ თოვლს ადვილად დაალღობს. მისთვის მთელი სვანეთი, საქართველო და სამყარო ერთია. ყველას მუხბეა და ერთგული კაცის სახელით დადის ჭუბერის მოქვიანებულ ცენტრში თუ თავის სოფელში, სადაც ბალახი სამეფო ხავერდზე უფრო რბილია და წყალი კიდევ, შარბათზე მეტად გემრიელი.

საჯიხვეებზეც მიუწვდება ხელი და მუხლი, მაგრამ არც ნადირობა უყვარს. უნდა, სოფელში გზა იყოს კარგი. დენზე სასაყვედურო არა აქვს, სატელეფონო კავშირგაბმულობაც წესრიგშია. სოფლად 80-მდე ბავშვი სწავლობს, სხარტები, ჭკვიანები და ზრდილები. არც ის გაუგია ბოლო დროს, რომ ვინმეს სოფლის დატოვება უნდოდეს. "დიდი ჰესების აშენების იმედიც აქვს მოსახლეობას, საქმე და ხელფასი გაჩნდება. ხაიშში აქვთ სალაპარაკო, წინაპრების საფლავები და ეკლესია დაიტბორება, თორემ ხაიშის მწირი მიწა კი არაა იმდენად დასანანებელი. კიდევ, კლიმატიც შეიცვლებაო, მაგრამ რაღა უნდა შეიცვალოს, როცა სგურიშსა და კარს შორის ჩამომავალი მდინარის ხეობა წელიწადში ორჯერ იმეწყრება და შიგ თევზი არ ბინადრობს", - ამბობს ეკლესიის გუმბათს შეკედლებული ღუღუნა მტრედის ხმით რატი.

GzaPress

ახლახან ვიღაცის ოჯახი თემში დაბრუნებულა. სამკვიდრებელს უბრუნდებიან სვანები. სვანებს მამულის სიყვარული რომ დიდი აქვთ, ეს ისედაც ვიცოდი, რადგან წასვლისას ნაკვეთები არ დაუყიდიათ.

სვანი კაცები ზოგჯერ მხოლოდ ბრაზდებიან, - მიპასუხა რატიმ კითხვაზე, თუ უყვართ შენს მეზობელ სვანებს ჩხუბი-მეთქი? რაზე ბრაზდებიან სვანები? იმაზე, თუ მამაპაპეულ ტყეს მიადგება ვინმე ჩუმად ან კიდევ - "დენით" ჩადგებიან კალმახიანებში, თორემ ან გასაბრაზებელი რა გვაქვსო?

პოლიტიკა რატიმდე ვერ მივიდა. ახლოს არ უშვებს (ეგებ, არაერთი სვანი გამოთქვამდეს წყენას, ერთი ჭუბერელი რომ შთანთქა პოლიტიკამ და მინისტრი გახდა). ამბობს: "სახელმწიფოს ყურადღება გვაკლია. გასულ წელს დიდი ტრაქტორით ჭუბერამდე გაწმინდეს გზა, მეტი საწვავი არ გვაქვსო. ეს რომ გავიგეთ, სგურიშლებმა ფული ავკრიბეთ, საწვავი ჩავუსხით და ჩემს სახლამდე გზა გავაწმენდინეთ".

დეიდასთან და დეიდაშვილთან ერთად, რატი გვიან საღამომდე ფუსფუსებს. ობოლ დეიდაშვილზეც უნდა იზრუნოს, ბედს რომ არ დაეჩაგვრინოს პატარა ქალი. ჯერ დაოჯახებაზე არ ფიქრობს, მაგრამ იცის, დაცოლშვილებაა საჭირო. ნოყიერ მიწაზე ამოსული მუხის ნერგივით, ახალგაზრდა დევდარიანი არაფერს უშინდება. იცის, თუ გაუჭირდა, მთელი სოფელი მხარში ამოუდგება. სწორედ თანასოფლელების იმედი აქვს და არა - ახალი სამინისტროსი.

ეგებ, მთის მინისტრის პორტფელი უფრო მეტი დაგვიჯდეს, ვიდრე მთის ბევრ სოფელში კეთილმოწყობილი გზის დაგება, მაგრამ პარლამენტში არც რატის იცნობენ და არც იმ საჭიროებებს, რომელიც მართლა აქვს ქართული მთის სოფელს! ხან 6 ათას ლარამდე საშემოსავლოს არდაქვითვაზე ნეტარებენ პოლიტიკოსები, ხანაც - მთაში მოგების გადასახებისაგან გათავისუფლებაზე. საინტერესოა, ჯერ 6 ათასი ლარი რა არის, მისი 20%-იანი დაქვითვა რომ არ წამოაყვედრონ მთის მცხოვრებთ? ეგებ, იმაზე დაფიქრდნენ, რომელი წარმოება უნდა დაიწყოს მთაში ბიზნესმენმა, რომ გადასახადებზე შეღავათდაწესებულმა სიხარულით მიაშუროს მთას? ეგებ, მასწავლებლებისა და ექიმებისთვის "სასათბურე პირობებმა" გაამართლოს მთის მინისტრის სკამის სითბო და კომფორტულობა? თუ მთაში სხვა კატეგორიის ხალხი არ გაჩერდა ან ექიმი ვიღას უნდა, ან - მასწავლებელი?

მთაზე ზრუნვა საჭიროა, მაგრამ თავად მთაში მცხოვრებთა აზრი გამოეკითხათ, მთის მინისტრი არის თუ არა საჭირო? ეგებ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს გადაენაწილებინათ პასუხისმგებლობები და მიეხედათ მთისთვის? ისე, როცა სვანები კოშკებს აშენებდნენ, მაშინ მთის მინისტრის (ან ვეზირის) თანამდებობა არსებობდა? იმედი გვქონდეს, რომ ახალი მინისტრი ისეთ რამეს გააკეთებს მთაში, რაც ადრე გააკეთეს მულახელებმა, უშგულელებმა ან მესტიელებმა? თუ დრო-ჟამის გამძლე პროექტებს განახორციელებენ, ჯანდაბას ცენტრალური ბიუჯეტიდან ბიუროკრატიისთვის გადახდილი ათასობით ლარიანი ხელფასები.

როლანდ ხოჯანაშვილი