"მამალოების" ბიზნესი და კრეტიული ახალგაზრდებისგან თავბრუდახვეული მასწავლებელი - გზაპრესი

"მამალოების" ბიზნესი და კრეტიული ახალგაზრდებისგან თავბრუდახვეული მასწავლებელი

მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში, კონკურსში. სკოლა წელს დაამთავრა და სურს, სწავლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გააგრძელოს; თუ გაუმართლა, მომავალში ფოტოკორესპონდენტი იქნება. ფოტოგრაფობით გატაცებული მინდია ოცნებობს, ოდესმე ისეთი პროფესიონალი გახდეს, რომ გამოფენის მოწყობაც გაბედოს. ამბიციურია, მაგრამ საკუთარ ნამუშევრებს კრიტიკულად აფასებს. სტიქიის შემდეგ მისმა გადაღებულმა ფოტომ - სადაც ტალახით მოსვრილი ფუმფულა სათამაშოა აღბეჭდილი, სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა და კადრი ტელეშოუებშიც გამოიყენეს...

- ჩემი თაობა გამორჩეულად კრეატიული და სხარტად მოაზროვნეა. ვფიქრობ, საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი ახალგაზრდა, რომელსაც საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის სურვილი არ აქვს. ჩემს კლასში 30 ბავშვი იყო და ოცდაათივე ძალიან აქტიური გახლდათ. იდეები ყველას გვქონდა და საქმის ორგანიზებაც თითოეულს შეგვეძლო. ნებისმიერ საკითხზე ვკამათობდით და ბოლოს და ბოლოს, როცა ერთ რაღაცაზე შევჯერდებოდით, მერეც გვქონდა იმის განცდა, რომ რაღაცების შეცვლა ღირდა. მოგვიანებით, როცა ჩვენსავე მოწონებულ იდეას ანალიზს ვუკეთებდით და ვცდილობდით გამოგვეცნო, თუ როგორი გამოხმაურება მოჰყვებოდა საზოგადოების მხრიდან ამ ყველაფერს, მერე უკვე ერთი კონკრეტული იდეის ირგვლივ გავერთიანდებოდით ხოლმე. ძალიან მოგვწონდა "ფლეშმობის" გაკეთება, უფროსებისთვის სიურპრიზების მოწყობა, კრეტიულ აქციებში ჩაბმა და ა.შ. სიურპრიზებით მასწავლებლებსაც ხშირად ვანებივრებდით. ერთხელ მაგალითად, კლასელები ძალიან პატარა ოთახში ჩავიკეტეთ. ამ ოთახის გასაღები წინა დღეებში მოვიპარეთ და დუბლიკატი გავაკეთეთ ისე, რომ სასწავლო ნაწილს ამის შესახებ არც უეჭვია. შემდეგ გასაღები დავაბრუნეთ. ჰოდა, ამ დუბლიკატის წყალობით შევაღწიეთ იმ ოთახში, სადაც სუნთქვაც კი ჭირდა, დავიტანჯეთ, მაგრამ არ გამოვედით მანამ, ვიდრე მასწავლებელმა კარი არ გამოაღო და უნდა გენახათ მისი გაოგნებული სახე, როცა ამდენი მოსწავლე ერთად დაგვინახა დაკეტილ ოთახში. თუმცა, გონს მოსვლა არ დავაცადეთ, გაბრაზება ვერ მოასწრო, რადგან თავბრუ დავახვიეთ, კოცნით, ჩახუტებითა და ლამაზი სიტყვებით გავუმასპინძლდით (იღიმის).

GzaPress

- როგორც ვიცი, მეგობრებთან ერთად, "მამალოს" ამზადებდი და მერე რეალიზაციაზეც თავად იზრუნეთ.

- ერთ-ერთ უნივერსიტეტში მოაწყვეს კონკურსი, სადაც 10 გამარჯვებული უნდა გამოევლინათ და მერე მათ მიეცემოდათ კონკრეტულ სავაჭრო ცენტრში საკუთარი იდეებისა თუ პროექტის რეალიზაციის საშუალება. ეს რომ გავიგეთ, მეგობრები შევიკრიბეთ. ყველა ვამბობდით საკუთარ იდეას, ყოველგვარი კომპლექსის გარეშე. უაზრო იდეებს შორის მისაღები რაღაცებიც მოვიფიქრეთ, მათ შორის, "მამალოების" მომზადებაზეც დავფიქრდით. ხომ იცით, ეს ტკბილეული ნოსტალგიას იწვევს უფროსი თაობის ადამიანებში და ვიფიქრეთ, რომ კარგად გაიყიდებოდა. სხვათა შორის, 9 სხვა გამარჯვებულთან ერთად, ჩვენც მოგვცეს დახლი სავაჭრო ცენტში და კარგი შედეგი მივიღეთ: "მამალოების" მომზადებაში 20 ლარი დაგვეხარჯა, ტკბილეულის გაყიდვის შემდეგ კი 254 ლარი შევაგროვეთ.

- კანფეტი თავად მოამზადეთ თუ ვინმე დაგეხმარათ?

- ჯგუფში 5 ბავშვი ვიყავით და ყველაფერი თავად მოვამზადეთ, მაგრამ რაღაცებში დედაჩემიც დაგვეხმარა. ერთი ყალიბი მე მქონდა სახლში, მეორე - მეგობარმა მოიტანა და დავიწყეთ კანფეტის "ჩამოსხმა". მომგებიანი საქმე აღმოჩნდა, მაგრამ იმასაც მივხვდით, რომ ბიზნესის კეთება ადვილი არ არის(იღიმის). საბოლოოდ, ამ კონკურსში მეექვსე ადგილს დავჯერდით, მაგრამ შედეგით მაინც კმაყოფილები ვიყავით. რაც მთავარია, დრო მხიარულად გავატარეთ და რაღაც ვისწავლეთ კიდეც.

- როგორ ფიქრობ, დღევანდელი თინეიჯერები უფროსი თაობისგან რით განსხვავდებით?

- უფროსებს ხშირად, იდეა აქვთ, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, რადგან ეშინიათ, ამის გამო მათ ვინმემ არ დასცინოს. "თავის მოჭრას" ურჩევნიათ, გაჩუმდნენ, რაც ჩემი აზრით, კარგი არ არის. ჩემს თაობას კი ახასიათებს სითამამე. ჩვენ შეგვიძლია, კონკრეტულ სიტუაციაში ნაბიჯი თამამად გადავდგათ. იდეების გამოთქმაშიც არავინ გვიშლის ხელს, პირიქით - კომპანიები, ორგანიზაციები ახალგაზრდებს მოუწოდებენ, გააქტიურდნენ, იდეები თამამად გამოთქვან. ეს დიდი ხელშეწყობაა... პირადად მე, ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და ვცდილობ, ამ მხრივ ვიაქტიურო, თუმცა, რა გამომივა - ეს სხვა საკითხია. ისე, გული მწყდება, საქართველოში ფოტოგრაფია დაკნინებისკენ რომ მიდის.

- რას გულისხმობ?

- ბოლო დროს ასეთი გამოთქმა დამკვიდრდა: ქვა რომ ააგდო, ფოტოგრაფს დაეცემაო. ვინც კამერას ყიდულობს და ფოტოებს იღებს, უკვე ფოტოგრაფობაზე აქვს პრეტენზია. მოყვარულსა და პროფესიონალს შორის ზღვარის გავლების ნიჭი ბევრს არ აქვს და მაგალითად, იგივე "ფეისბუკ"-კონკურსებში, პროფესიონალიც და დილეტანტიც თანასწორები არიან. სინამდვილეში, ეს ფოტოკონკურსი კი არა, ჩვეულებრივი "ლაიქების" კონკურსია. მასში გაიმარჯვებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიდი სანაცნობო წრე გყავს და თითოეულს სთხოვ, "დაგილაიქონ".

- როგორც ვატყობ, იმედგაცრუება ბევრჯერ გქონია...

- კი, მქონდა იმედგაცრუება, მაგრამ მერწმუნეთ, არა იმიტომ - რომ თავი პროფესიონალი მგონია. ვიდრე ოსტატი გავხდები, კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი - ამას ვაცნობიერებ. "დამილაიქეთ"-მეთქი, - ამასაც ვერავის ვთხოვ, რადგან ამ შემთხვევაში, ჩემი გამარჯვება ფალსიფიკაცია იქნება.

GzaPress

- ინტერნეტში გავრცელებული ფოტო, რომელიც თბილისში დატრიალებული სტიქიის მეორე დღეს გადაიღე, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

- არ ველოდი, ამ სურათს ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა... სტიქიის მეორე დღეს ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წასვლის სურვილი რომ გამოვთქვი, ოჯახის წევრები არ მიშვებდნენ, - სიტუაცია საშიშიაო, მაგრამ მაინც წავედი და ფოტოკამერაც წავიღე. იმ დღეს ბევრი კადრი გადავიღე, მაგრამ ხალხმა ის სურათი "აიტაცა", სადაც ტალახში მოსვრილი მიკი მაუსია აღბეჭდილი. მერე ვიღაცამ მოაჭრა ის ნიშანი, რომლითაც ჩემი საავტორო უფლება მქონდა მონიშნული და ეს "მოჭრილი", უავტორო ფოტო დიდი სისწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელში, მერე - ტელეშოუებშიც.

- ამის გამო წყენა საკუთარ "ფეისბუკ"-გვერდზე დააფიქსირე კიდეც...

- არ დამიწყია იმის ძებნა, ვინ იყო დამანაშავე და ვერც ცნობილ ადამიანებს ვკითხავდი, ორიგინალი რატომ არ გააზიარეთ-მეთქი? რაც ნახეს, ის გააზიარეს. ჩემთვის მთავარია, რომ ჩემმა მეგობრებმა იციან, ვისი გადაღებულია, თუმცა, ვაღიარებ, სადღაც გულის სიღრმეში მეწყინა კიდეც ეს ყველაფერი. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ჩემი გადაღებული ფოტოსურათი გამოიყენეს და ავტორი არ დააფიქსირეს. ისე კი, მირჩევნია, ნამუშევარი მოეწონოთ და ამიტომ გააზიარონ, ვიდრე იმიტომ, რომ მე, მინდიამ გადავიღე.

- შენ და შენი კრეატიული სამეგობრო როგორ ერთობით?

- არ მიყვარს კლუბები, დისკოთეკები და ა.შ. სამაგიეროდ, ძალიან მომწონს მთაში ხეტიალი, მეგობრებთან ერთად ბუნებაში ყოფნა.

- მგონია, რომ ლაშქრობაში სიარულიც მოდური ტენდენციაა. ვცდები?

- ყველა ცდილობს, იყოს განსხვავებული და ვთქვათ, კონკრეტული მაისური მოდაში რომ შემოვა, ყიდულობს, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ამ მოდური სამოსით ქუჩაში უამრავი ადამიანი დადის და ეს "უტყდებათ". საბოლოოდ, ისე ხდება, რომ განსხვავებულია ის, ვინც მოდური მაისური კი არ იყიდა, არამედ ჩაიცვა ის, რაც რეალურად უხდება... მართალია, ლაშრობაში სიარულიც მოდურ პონტად იქცა და ამას მივესალმები. კლუბი კი ჩემთვის ძალიან უინტერესო ადგილია: შევედი, მუსიკა ჩაირთო, დავლიე, მოვკვდი, სახლამდე ძლივს მივედი, დავიძინე... სულ სხვა საქმეა ქალქგარეთ გასვლა. სხვა თუ არაფერი, რაღაც ახალს ნახავ, რაღაცას ისწავლი. სიმართლე გითხრათ, ლაშქრობის სიყვარულამდეც ფოტოგრაფიამ მიმიყვანა.

- ალკოჰოლი არ არის საჭირო საიმისოდ, რომ კარგ განწობაზე იყო?

- არა, ფხიზელიც მშვენივრად ვერთობი. თუმცა, ჩემს თაობაში ყველა ასე როდი ფიქრობს. მაგალითისთვის მოხალისეებს მოვიყვან, რომელიც გასაჭირის დროს ერთმანეთს მხარში ამოუდგნენ: მათ შრატის გაკეთებისკენ რომ მოუწოდეს, ბევრმა დაწერა "ფეისბუკზე", - აუ, მერე ვეღარ დავლევო. ვფიქრობ, ახალგაზრდა არც სასმელზე უნდა იყოს დამოკიდებული და არც - სიგარეტზე. ჩემთვის მაგარი ტიპია ის, ვინც არ სვამს, არ იფურთხება, ნაგავს არ ყრის, არ უყვირის თანატოლებს, დეპრესიისკენ არ არის მიდრეკილი...

- დეპრესიისკენ მიდრეკილება შენს თაობაში ბევრს ახასიათებს.

- ზოგი დეპრესიას ეძახის იმას, თუ მეგობარი აწყენინებს და ამის გამო ერთი დღით დასევდიანდება. სინამდვილეში არ იცის, რა არის დეპრესია და ეს ღმერთმა არავის გამოაცდევინოს. პირადად მე, მხიარული ცხოვრება მაქვს, მოსაწყენად არ მცალია. არ მიყვარს საკუთარი პრობლემების აფიშირება და წუწუნი. იმედია, მომავალშიც შევძლებ კარგი განწყობის შენარჩუნებას. ქუჩაში ხშირად ღიმილით დავდივარ, ხალხს კი უკვირს, - რა აცინებსო? გამვლელების უმეტესობას, სახე ჩამოსტირის. რუსთაველზე კი ვხვდები მოღიმარ ადამიანებს, მაგრამ ასეთებს შორის უცხოელები ჭარბობენ. ამას წინათ ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ამბობდა: ხალხმა არ იცის, ბედნიერება რას ნიშნავსო. რაღაცას რომ ვკარგავთ, მერე ვხვდებით, რომ კონკრეტული ნივთის დაკარგვამდე უფრო მეტად ბედნიერები ვიყავით. რატომღაც, კარგის დანახვა გვიჭირს.

GzaPress

- თანატოლების მსგავსად, საქართველოდან წასვლაზე შენც ოცნებობ?

- სამწუხაროდ, ბევრჯერ მითქვამს, - ოღონდ აქედან წავიდე, არაფერი მინდა-მეთქი. ისეთ რაღაცებს ვხედავ, რასაც ჩემი ასაკის ადამიანი არ უნდა ამჩნევდეს. მაგალითად, იგივე ნეპოტიზმი. როცა ბავშვობიდან რაღაცაზე ვოცნებობ, მაგრამ ვიცი, ის რაღაც არ მომეცემა მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობილი ადამიანის შვილი არ ვარ და როგორი საქმის მცოდნე და პროფესიონალიც უნდა ვიყო, სასურველის მისაღებად ბრძოლა უშედეგო იქნება, ცხადია, ოცნებებზე უარს ვამბობ ან დავუწყებ ძებნას იქ, სადაც სურვილის დაკმაყოფილებას შევძლებ... არა მგონია, ყველა ახალგაზრდას უნდოდეს საქართველოდან წასვლა. ასე რომ მოხდეს, ქვეყანა დაიღუპება. ძალიან მინდა იგივე, მატერიალური დამოუკიდებლობის მიღწევა, მაგრამ სწავლის პარალელურად სამსახურის პოვნა, ფუფუნებაა დღევანდელ საქართველოში. სამაგიეროდ, როგორც მოხალისე, ბევრ საქმეში ვარ ჩართული. მეხალისება საქმის კეთება მიუხედავად იმისა, რომ ამაში ფულს არავინ მიხდის... დაბოლოს, იმასაც გეტყვით, რომ უკეთესი მომავლის იმედი მაქვს და სურვილიც - საქართველოში დავრჩე. ძალიან მინდა, გავთავისუფლდეთ კომპექსებისგან და ხშირად გავიღიმოთ.

ლიკა ქაჯაია