არასოდეს თქვა არასოდეს!.. - გზაპრესი

არასოდეს თქვა არასოდეს!..

ჯინამ იცის, რომ მაინტერესებს იტალიური სამზარეულო. თავად მანტოვადან (ჩრდილოეთ იტალიიდან) არის და ცდილობს, მისი კუთხის კერძები მასწავლოს.

შაბათს მივედი თუ არა, მეუბნება, - დაჯექი მაგიდასთან, რაღაც უნდა გაგასინჯოო. ვხედავ, პატარა თეფშზე ოდნავ სქელი, ყავისფერი მასა დევს. ჯინა მიყვება, - ერთი კვირაა, მოხუცებულთა სახლში ხილად მხოლოდ ყურძენს გვთავაზობენ, რომლის ჭამაც მე არ შემიძლია; წამოვიღე სახლში, დავმარცვლე, გამოვწურე, ვადუღე ცოტა ფქვილთან და შაქართან ერთად; ამას მანტოვაში "შუგოს" ეძახიან და როგორც ტკბილს, ისე მივირთმევთო. - ვაიი, ისე გამიხარდა ჩვენებური ფელამუშიიი!!!

ჯინას შემოვეხვიე და გადავკოცნე. გაუხარდა, - ხომ კარგი რამე გასწავლეო?!. როგორ გინდა, გაუმხილო ბებოს, რომელიც ერთი კვირა ყურძენს აგროვებდა ჩემთვის, რომ ფელამუშისა და ჩურჩხელის ქვეყნიდან ვარ!..

შემდეგ ინტერნეტით ვაჩვენე, - ჩვენც ვაკეთებთ საქართველოში-მეთქი. ძალიან მოეწონა ჩურჩხელები და მეუბნება: გაისად შვებულება რომ გექნება, ერთად წავიდეთ საქართველოში, მასწავლე ჩურჩხელას გაკეთება, შუგოს კეთება კი ვიცი და მერე ბიზნესი დავიწყოთ რომშიო!..

გაისამდე მაცოცხლა-მეთქი, - მინდოდა მეთქვა, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილი. ჩემს თავზე გამეცინა: ამის თქმა მინდოდა ბებოსთვის, რომელსაც საქართველოში წამოსვლა სურს, ახალი საქმე უნდა ისწავლოს და სიახლეებისთვის გული და გონება გახსნილი აქვს!..

უეცრად, მისი ენთუზიაზმი და დადებითი ენერგია მეც გადმომედო და ვეუბნები:

- საქართველოშიც წავალთ, ჩურჩხელას კეთებასაც გასწავლი და კარგ ქართველ "ყმაწვილზე" ჯვარსაც ისკვნი, ქორწილსაც გადაგიხდით-მეთქი. ბებომ გულიანად იცინა და მითხრა: მაგ საკითხში თვითონ მიხედო თავს, ისა სჯობია; მე ამ ეტაპზე, ბიზნესი მაინტერესებს, დანარჩენზე - შემდეგო!.. მაგიჟებს ჯინას უვადო და პერსპექტიული გეგმები!.. ის ხომ ჯერჯერობით, "მხოლოდ და მხოლოდ" 91 წლისაა.

იცის შრომის ფასი: 14 წლისამ დაიწყო მუშაობა თამბაქოს ფაბრიკაში. დღესაც, ყოველ დილით 6 საათზე იღვიძებს, ვარჯიშობს, აქვს უამრავი ჰობი. სამოყვარულო თეატრის მსახიობია და ძალიან კარგად კითხულობს ლექსებს. რასაკვირველია, ამ ყველაფერს უკვე შენელებული ტემპით აკეთებს, მაგრამ მაინც... მანქანით მანამდე დაქროდა რომის ქუჩებში, ვიდრე კარაბინიერებმა არ დააკავეს. მას მანქანა ჩამოართვეს და მართვის მოწმობა მაკრატლით შუაზე გადაუჭრეს, თან - აქტში ჩაუწერეს: "ქალბატონს ყურში არ ესმის, გადატანითი კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით!.."

ჯინა თანახმაა, 4-საათიანი ოპერაცია გაიკეთოს, ოღონდაც სმენა დაუბრუნდეს, მაგრამ ჯერჯერობით, ვერც ერთი ქირურგი ვერ დაითანხმა, ასაკის გამო... ასე რომ, "არასოდეს თქვა არასოდეს"! - ამას საკუთარ თავს ვეუბნები, როდესაც დეპრესია "შემომაფრინდება" და არ გაწყენდათ, თუკი თქვენც გაითვალისწინებდით!

ლია უკლება