Reuters, TopGear, BBC, ORT - მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ქართველი "დრიფტის მეფეზე" სიუჟეტებს ამზადებდნენ - გზაპრესი

Reuters, TopGear, BBC, ORT - მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ქართველი "დრიფტის მეფეზე" სიუჟეტებს ამზადებდნენ

საქართველოში დრიფტის განვითარება მისი ფუძემდებლის, "დრიფტის მეფის", გიორგი თევზაძის ("თევზი") სახელს უკავშირდება. თავდაპირველად, გიორგი ქუჩის რბოლებით იყო გატაცებული. თანდათან გატაცება პროფესიად აქცია და დროის სულ მცირე მონაკვეთში მისი პოპულარობა ქვეყნის საზღვრებს გასცდა - მისით მსოფლიოში ცნობილი კომპანიები და წამყვანი ტელევიზიები დაინტერესდნენ...

გიორგი თევზაძე 2013 წელს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის წევრები და მეგობრები მის მიერ დაწყებულ საქმეს მისივე სახელით აგრძელებენ... დღეს უკვე დრიფტი ჩემპიონატის ფარგლებში მოექცა, შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების ოფიციალური წესები და თუკი ორი წლის წინ ქვეყანაში 7-8 პროფესიონალი დრიფტერი იყო, წელს უკვე მათი რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

GzaPressახლახან გიორგი თევზაძის სახელობის 2015 წლის თასის გათამაშებაში გამარჯვებულები როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულებს შორის გამოვლინდნენ.

- დათო, გარდა იმისა, რომ თქვენ და გიორგი მეგობრები იყავით, ერთად ცდილობდით საქართველოში დრიფტის განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას. გიორგის შესახებ საქართველოში ყველა ავტომოყვარულმა იცის. მისი ვირტუოზობით საზღვარგარეთაც დაინტერესდნენ, არა?

დათო მიქაია, შეჯიბრების ორგანიზატორი:

- მსოფლიოში ცნობილი ბლოგერი და ავტომრბოლელი, ერიკ დავიდოვიჩ ქიტუაშვილი, გიორგის საქმიანობით მისივე გადაღებული ვიდეოების ნახვის შემდეგ დაინტერესდა. გიორგის ორგანიზებით, ერიკი მეგობრებთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა და ერთად დაგეგმეს სამომავლო ღონისძიებები. რამდენიმე დღეში თევზი ერთ-ერთმა ქართულმა ტელევიზიამ გადაცემაში მიიწვია. ჩანაწერი საქართველოში ORT-ს წარმომადგენელს უნახავს. მალე მან გიორგის საავტომობილო გადაცემის მომზადება და წაყვანა შესთავაზა. საპილოტე გადაცემაში "დრიფტის მეფემ" გერმანული და ამერიკული მარკის მანქანების ექსკლუზიური მოდელები შეადარა. ჩანაწერი რუსეთში მოეწონათ და ეთერში უკვე შემოდგომიდან უნდა გაეშვათ. ეს გიორგის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე იყო... მანამდე "როიტერმა" გააკეთა სიუჟეტი, რომელიც "ბიბისიზე" გავიდა. გიორგის გარდაცვალებიდან თვე-ნახევარში NეედFორDრივე-ზე (გიორგის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი. - ავტ.) "ბიბისის" პროდიუსერისგან წერილი მოვიდა. "ტოპგეარი" ("ბიბისის" სატელევიზიო პროგრამა ავტომობილების შესახებ. - ავტ.) ქალაქის ქუჩის რბოლებთან დაკავშირებით გადაცემას ამზადებდა და გიორგის მისი ვიდეოჩანაწერების გამოყენებისთვის ლიცენზიას სთხოვდა. კადრები გავუგზავნე და გამოიყენეს. "ტოპგეარში" მოხვედრა გიორგის ოცნება იყო... თევზის ავტომოყვარულთა ფანკლუბები ბრიტანეთში, ავსტრიაში, უკრაინასა და რუსეთში არსებობს. მათ ავტომობილებს გიორგისა და მისი მანქანის ფოტოები ამშვენებს. დავიდოვიჩის ვიზიტის შემდეგ, გიორგი მოსკოვში აპირებდა წასვლას, სერიოზული გეგმები ჰქონდა, სპონსორები უკვე ელოდებოდნენ...

GzaPress

- ხშირად იყავით ერთად. პატრულს როგორ არიდებდა თავს?

- პატრულის თანამშრომლები კარგად იცნობდნენ. ისე სწრაფად დადიოდა, ხშირად ვერც ხედავდნენ ან გადევნებას ვერ ახერხებდნენ. თუ გააჩერებდნენ, სერიოზული სახით წესრიგის დაცვაზე მიანიშნებდნენ, მერე კი გაუღიმებდნენ და მაგარი კაცი ხარო, - ჩუმად ეტყოდნენ ხოლმე. ხშირად მანქანის დათვალიერებასა და გასეირნებას სთხოვდნენ. ერთხელ, პატრულის ორმა თანამშრომელმა სთხოვა, შენი მანქანით მცირე მანძილზე გაგვატარეო. როცა გიორგიმ მანქანის ჩვეულად მართვა დაიწყო, გზაში პატრულის სხვა ეკიპაჟი აედევნა. მანქანაში მსხდომმა ბიჭებმა უთხრეს, - არ დაგვღუპოო. თანამშრომლებს ამ "ავტოხულიგანის" მანქანაში თავისივე კოლეგები რომ ენახათ, კარგი დღე არ დაადგებოდათ. გიორგი მდევარს დაუსხლტა და ბიჭები მოშორებით გადმოვიდნენ მანქანიდან... წელს თასის გათამაშებაზე პატრულის ათი ეკიპაჟი იყო. "სტიკერები" და სამაჯურები, რომლებზეც გიორგის BMW-ს მარკის მანქანის სერია და ნომერი - OOM -500-ია გამოსახული, ნებისმიერი ავტომოყვარულისთვის ძვირფასი საჩუქარია. პატრულის თანამშრომლები ტურნირის განმავლობაში ამ სამაჯურებსა და სტიკერებს გვთხოვდნენ. მათ მაშინაც იცოდნენ, რომ გიორგი არ იყო ავტოხულიგანი, არამედ, შეიძლება ითქვას, ავტომეცნიერი, რომელიც საკუთარი გატაცების ხელოვნების რანგში აყვანას ცდილობდა. მისი დიდი სურვილი იყო, სამეგობროსთან ერთად ამერიკულ ბოევიკში მიეღო მონაწილეობა და კომპიუტერული სპეცეფექტები ნამდვილი დრიფტით ჩაენაცვლებინა. ერთი ჩვეულებრივი გასვლით ისეთ საოცარ ვიდეოს იღებდა, მონტაჟიც არ იყო საჭირო.

- გავრცელებულია ვიდეოები, სადაც გიორგი მანქანას წვიმიან და თოვლიან გზაზე აცურებს...

- დიახ, მოცურებულ მანქანას სველ გზაზეც მართავდა. საერთოდ, ოდნავ დისკომფორტსაც არავის უქმნიდა. ამბობდა, ვცდილობ, მიმავალ მანქანას ისე ჩავუარო, ვერც დამინახოს, რომ დაბნევისა და არასწორი მანევრის გაკეთების დროც არ ჰქონდესო. სამი ერთმანეთზე უარესი, ძალიან რთულად სამართავი მანქანა ჰყავდა. არასოდეს დასვამდა თავისი ავტომობილის საჭესთან სხვას - კარგად იცოდა, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა. უთქვამს, ჩემი მანქანა ყველა სურვილს შეგისრულებს, ოღონდ, შეცდომას არ გაპატიებსო. როგორც ჩანს, მართლაც არ აპატია ის საბედისწერო გადაწყვეტილება, როცა თავისი მანქანის საჭესთან დაჯდომის უფლება სხვას მისცა... მაშინ გიორგი და ჩვენი მეგობრები ბათუმში უკვე მეორედ ჩამოსულ ერიკ დავიდოვიჩ ქიტუაშვილსა და მის მეგობრებს დახვდნენ. რესტორანში თამადა, როგორც ყოველთვის, გიორგი იყო. მეგობარს უთქვამს, - თქვენ დალიეთ, საჭესთან კი მე დავჯდებიო. რესტორნიდან გამოსულები შუქნიშანზე გაჩერდნენ, საიდანაც სასტუმრომდე ოციოდე მეტრი იყო დარჩენილი. მძღოლმა მანქანა მოაცურა და... ვეღარ დაიმორჩილა... გიორგის სიცოცხლე იქვე მდგარმა ერთადერთმა ხემ შეიწირა...

ალექსანდრე თევზაძე, გიორგის მამა:

- მანქანებით ბავშვობიდან იყო გატაცებული. დროს თანაბრად უთმობდა უნივერსიტეტს, ჩოგბურთს, მუსიკას. ყველაზე მეტად კი დრიფტი აინტერესებდა. ბავშვობა რუსეთში გაატარა. რუსეთში ყველაზე ცნობილი პეტერბურგის მუსიკალური სკოლა დაამთავრა. როცა საქართველოში გადავწყვიტეთ წამოსვლა, პედაგოგმა დანანებით უთხრა, - შენთვის კონსერვატორიაში ადგილი მზად მქონდაო. ჩოგბურთის მწვრთნელი, თავის მხრივ, ურჩევდა, ჩოგბურთს გაჰყოლოდა, მაგრამ მასში მანქანის სიყვარული ვერაფერმა დაძლია. თანდათან მისი ეს გართობა სპორტულ ჟინში გადაიზარდა. პროფესიულ შეჯიბრებაში 2010 წელს მიიღო მონაწილეობა და "დრიფტის მეფის" ტიტულიც მოიპოვა.

GzaPress

- ალბათ, მის გატაცებას ოჯახის წევრების ნერვიულობაც ახლდა...

- მის მიერ განხორციელებულ საშიშ მანევრებს ვიდეოზე ვნახულობდი მაშინ, როცა უკვე საფრთხე ჩავლილი იყო. დაშლას რა აზრი ჰქონდა?!. მახსოვს, რუსეთიდან მანქანა გამოვუგზავნე ახალი საბურავებით. ორ კვირაში ჩამოვედი და საბურავები დამდნარი დამხვდა... პასუხი რომ მოვთხოვე, "ბრაკი" აღმოჩნდაო - მითხრა. ერთხელ, რუსეთში წასვლამდე მანქანის ავზი გავუვსე და 1000 ლიტრი ბენზინის ტალონი დავუტოვე. რამდენიმე დღეში დავურეკე, მოვდივარ და აეროპორტში დამხვდი-მეთქი. აღმოჩნდა, რომ იქ მოსასვლელი ბენზინი არ ჰქონდა...

თიკა მახარაშვილი, გიორგის მეუღლე:

- სანამ გიორგის გავიცნობდი, სპორტის ამ სახეობის შესახებ არაფერი ვიცოდი. მასთან ურთიერთობის პარალელურად კი ეს ინტერესი ჩემშიც გაღვივდა. ვიდეოგადაღებებზე ხშირად დავყვებოდი. როცა საჭესთან გიორგი იჯდა, არაფრის მეშინოდა. ჩვენი ქორწილის დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, "ცეკვა" მანქანებმაც შეასრულეს... როცა უკვე რესტორანში ვიყავით, გიორგიმ გარეთ გასვლა მთხოვა და შუაში მდგარს გარშემო მანქანით "მიცეკვა"... ფაქტობრივად, რისკის ზღვარს გასცდა, მანქანას ფეხებთან მიტრიალებდა, მაგრამ წამითაც არ შემშინებია. თეთრი კაბა განაცრისფერდა, მაკიაჟიც ჭუჭყისფერი გამიხდა, მაგრამ შოუმ გაამართლა - ეს დაუვიწყარი განცდა და ულამაზესი, შთამბეჭდავი სანახაობა იყო... რესტორნის ძებნისას საგულდაგულოდ ისეთი შეარჩია, რომელსაც დრიფტ-შოუსთვის საჭირო დიდი ეზო ჰქონდა. გიორგი რომ გარდაიცვალა, ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ახლა კი პატარა ანასტასიას დედა ვარ.

მევლუდ მელაძე, ავტომრბოლელი, გიორგის მეგობარი:

- გიორგის შესახებ ბევრი რამის გახსენება შემიძლია, თუმცა, ამჯერად, მისი ერთ-ერთი თვისების შესახებ გეტყვით: თუ სხვა მძღოლებს შეეძლოთ ვიღაცის თვალწინ ევარჯიშათ და შეცდომაზე არ დარდობდნენ, გიორგი ძალიან მტკივნეულად განიცდიდა ნებისმიერ წვრილმან შეცდომასაც კი... სწორედ ამიტომ, ისეთ დროს მიდიოდა სავარჯიშოდ, როცა იქ არავინ იყო და ასრულებდა მანევრებს, რომლის არათუ განხორციელება, გაფიქრებაც კი შეუძლებელია...

GzaPress

- დღევანდელი მონაცემებით, თუ აქვს საქართველოს შანსი ავტორბოლის ამ სახეობაში საერთაშორისო მასშტაბით ისახელოს თავი?

- ბოლო ათი წლის მონაცემების მიხედვით ხშირად ვაცხადებ: გაუშვით ნებისმიერი ქართველი მრბოლელი ავტორბოლის ნებისმიერ სახეობაში, ნებისმიერ შეჯიბრებაზე და ის აუცილებლად ჩამოიტანს მედალს. დრიფტის მიმართულებაც ძალიან ჩვენეულ, ქართულ ხასიათზეა მორგებული. სჭირდება ვაჟკაცობა, გამბედაობა, საკმარისად ცხელი სისხლი, ცივი გონება და გამარჯვების ჟინი. შარშან, როცა დრიფტი ჯერ კიდევ განვითარების ფაზაში იყო და ავტომობილებიც ბევრად ნაკლებად ჰყავდათ მომზადებული, საქართველოს ჩემპიონატზე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი დრიფტერი, გრიმჩუკი ჩამოვიდა. ძალიან გაუჭირდა საბოლოო გამარჯვების მოპოვება. რამდენჯერმე გაიმეორეს ბოლო ორთაბრძოლა, რადგან ვერ წყვეტდნენ, ორიდან რომელი იყო გამარჯვებული. ახლა უკვე გადაჭრით ვამბობ: თუ ჩამოვა მსგავსი ტიპის მრბოლელი, გაუჭირდება კი არა, უეჭველად დამარცხდება!

შორენა ლაბაძე