ვისი სული დადის რუსთაველის თეატრში? - გზაპრესი

ვისი სული დადის რუსთაველის თეატრში?

თავდაპირველად, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბატონმა რობერტ სტურუამ დაწერა: "გუშინწინ, დაახლოებით 03:00 საათზე, პატარა, გადახურული თეატრის მოსაცდელში, სადაც მსახიობები და სტუმრები იკრიბებიან, სანდრო ახმეტელის მარმარილოს ბიუსტთან რაღაც ნათება ჩამოეშვა... პატარა ღრუბელივით მოძრაობდა სამი წუთი და მერე გაუჩინარდა... კამერამ დააფიქსირა ეს უცნაური მოვლენა. ამბობენ, რაღაც ხმები ახლდა ამ უცნაურ ობიექტს"...

მსახიობ ნიკა ქაცარიძეს დავუკავშირდით, რომელსაც მისტიკური სამყაროს არსებობის სჯერა:

GzaPress- ამოუცნობი ობიექტი პირადად რომ მენახა, "კარგად" იქნებოდა ჩემი საქმე... უბრალოდ, მეც ვიდეოჩანაწერი ვნახე. არ ვიცით, რა არის. მასალა გამოსაკვლევია. უფოლოგი არ ვარ და მხოლოდ ზოგადად საუბარი შემიძლია: თეატრში გარკვეულ დადებით და უარყოფით აურას სულ გრძნობენ, ძირითადად - მსახიობები. ამის აღქმა და განცდა მგრძნობიარე ადამიანს შეუძლია.

- თქვენც გრძნობთ?

- თავისებურად - კი, მეც ვგრძნობ.

- მისტიკური სამყაროს არსებობის უბრალოდ, გჯერათ თუ რაიმე მისტიკური თავგადასავალიც გადაგხდენიათ?

- მე უამრავი რამ გადამხდენია. ამასთან დაკავშირებით, ათასი ამბავი მაქვს, მაგრამ ეს ჩემი პირადულია. ამის აფიშირებას ნამდვილად არ ვაპირებ.

- კარგი. რუსთაველის თეატრში, სხვა დროს რაიმე მსგავსი დაფიქსირებულა?

- ასეთი პირველი კადრია, რომელიც სათვალთავალო კამერამ დააფიქსირა. ასეთი რაღაცები სხვა დროსაც შესამჩნევია, განსაკუთრებით - ღამის საათებში. შეგიძლია, საღამოს 10 საათიდან დილის 3-5 საათამდე რუსთაველის თეატრში იარო და შეიძლება, იქიდან ნორმალური ვერ გამოხვიდე.

- რას გრძნობთ?

- რაღაც აურა, მისტიკაა... საშინელებათა ფილმები არ გინახავთ? ეს თეატრია, ბუღალტერია ხომ არა?!

- რაიმე უცნაური თვალით თუ შეგინიშნავთ, თუ გინახავთ?

- არა, ეს ადამიანის თვალისთვის უხილავია, ჩემო კარგო. ამას მხოლოდ ფოტოაპარატი და ვიდეოკამერა აფიქსირებს, რომელსაც ადამიანის თვალზე მეტი მგრძნობელობა გააჩნია. კამერამ ამიტომ დააფიქსირა, თორემ შეიძლება, გვერდით "გყავდეს" და ვერ ხედავდე... მასალა ერეკლე შონიამ აიღო და ველოდებით, რა დასკვნას გამოიტანენ. ჩემთვისაც ძალზე საინტერესოა, ამ მოვლენას რა სახელს დაარქმევენ, როგორ ახსნიან...

ერეკლე შონია, უფოლოგი:

- თავისთავად ცხადია, რომ სხვა სამყაროსთან ურთიერთობასთან გვაქვს საქმე. ვნახოთ, ეს ურთიერთობა როგორ განვითარდება. ფაქტია, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული ნათება მწერის მოძრაობას არ ჰგავს. გარშემო სინათლესაც ასხივებს. თან, რუსთაველის თეატრის მდებარეობა (ძველი სამარხების გარდა, იქ გეოპათოგენური ზონაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს) უკვე იმაზე მეტყველებს, რომ გარკვეული ფენომენალური მოვლენები მიმდინარეობს, რასაც ხანგრძლივი კვლევა და დაკვირვება სჭირდება.

- შეიძლება, გულუბრყვილო შეკითხვას გისვამთ, მაგრამ გამორიცხავთ, რომ ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილი ნათება სფერული ელვა იყოს?

- ის უფრო სხვანაირი ფორმისაა. თან, იმ დღეებში კარგი ამინდი იყო, სფერული ელვა კი ღრუბლიანი ამინდის დროს ჩნდება ხოლმე. ზუსტად რა არის, არ ვიცი, მაგრამ მგონი, სფერული ელვა გამორიცხულია.

- საინტერესოა, რომ უცნაური ნათება იმ დღეს დაფიქსირდა, როცა სანდრო ახმეტელი დახვრიტეს...

- ფაქტია, რომ ნებისმიერი ადგილი იმ გარემოში მყოფი ადამიანების ემოციას, ამბავს ინახავს. გამორიცხული არ არის, რომ მართლა ვინმეს სული იყოს.

- გინახავთ სული? როგორი ფორმის, ფერის არის?

- არიან ადამიანები, ვინც სულის ამოსვლას ხედავენ. ისინი სულს პატარა, მანათობელ სუბსტანციასავით აღწერენ. არაა აუცილებელი, რომ სულს დიდი მოცულობა ჰქონდეს... ბევრ სურათზე, სადაც ანომალიური მოვლენაა აღბეჭდილი, ენერგეტიკული გამოსხივებებია დაფიქსირებული, რომლებსაც პლაზმოიდებს უწოდებენ... მთავარია, თეატრის თანამშრომლებს დავაკვირდეთ. დროთა განმავლობაში, მოვლენები განმეორდება. თანამშრომლები გარკვეულ ზემოქმედებას გრძნობენ, ხმაური ესმით, სარდაფში ჩასვლის ეშინიათ... საბოლოო ჯამში, საინტერესო ამბავია. მარტივად გამოსაკვლევი არ არის.

____________________________________________________________________

მსოფლიოში ცნობილი მოჩვენება

GzaPressამერიკის მე-16 პრეზიდენტს - აბრაამ ლინკოლნს მკვლელობამდე 3 დღით ადრე სიზმრად თეთრ სახლში დასვენებული კუბო და მოტირალი ხალხი უნახავს. როცა ერთ-ერთი ჯარისკაცისთვის უკითხავს, თუ ვინ იყო კუბოში დასვენებული, ჯარისკაცს უპასუხია: "პრეზიდენტი. ის დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა". ლინკოლნს სიზმარი 1865 წლის 14 აპრილს აუხდა. ამერიკის პრეზიდენტის მოჩვენება თეთრ სახლში გარდაცვალებისთანავე გამოჩნდა. ცნობილია, რომ აბრაამ ლინკოლნს მისტიკური სამყაროს არსებობის სჯეროდა. ამიტომ მისი აჩრდილის გამოჩენა დიდად არავის გაკვირვებია. თეთრ სახლში მყოფები ამტკიცებდნენ, რომ აჩრდილი ყურადღების მიქცევას ხმაურით ცდილობდა: ესმოდათ კარზე დაკაკუნების ხმა, ხედავდნენ დერეფნებში სწრაფი ტემპით მოხეტიალე სულს... რატომღაც, ლინკოლნის მოჩვენება განსაკუთრებულად ხშირად ფრანკლინ რუზველტის პრეზიდენტობისას ჩნდებოდა. ერთმა მოსამსახურემ აჩრდილი მის ყოფილ საძინებელ ოთახში დაინახა - საწოლზე იჯდა და ფეხსაცმლის თასმებს იკრავდა, მეორემ - აჩრდილი ბუხართან შენიშნა. რუზველტის მეუღლის კაბინეტი ლინკოლნის ყოფილ საძინებელ ოთახში იყო განთავსებული. პირველ ლედის მოჩვენება არასოდეს უნახავს, თუმცა აღნიშნავდა, რომ ისეთი გრძნობა ხშირად ეუფლებოდა, თითქოს ვიღც უთვალთვალებდა. ერთხელ ქალბატონ რუზველტთან სტუმრად მყოფი ჰოლანდიის დედოფალი - ვილჰელმინა კარზე კაკუნმა გააღვიძა. კართან ლინკოლნი იდგა... ჰარი ტრუმენი ირწმუნებოდა, რომ მისი ქალშვილი ლინკოლნის მოჩვენებას ესაუბრებოდა ამბობენ, რომ მან გოგონას დახმარებით, ლინკოლნისგან რჩევებიც მიიღო.

ეთო ყორღანაშვილი