14 წლის გოგონას პირადი ტრაგედია - გზაპრესი

14 წლის გოგონას პირადი ტრაგედია

სწავლითაც კი ვერ სწავლობდა კარგად და გადაწყვეტილი ჰქონდა, ცხრა კლასს დაასრულებდა თუ არა, პროფესიულ კოლეჯში რაიმე ხელობას დაუფლებოდა...

...წნევის დამწევი პრეპარატების დიდი დოზა მიიღო და დილით, როცა საწოლში იპოვეს, უკვე გვიანი იყო...

სიმართლე ჩემამდე ვერც მოაღწევდა, რომ არა გოგონას მამიდა, რომელმაც ძმისშვილის მიერ დატოვებული წერილის ასლი მიჩვენა, სადაც ის მშობლებს პატიებას კი არ სთხოვდა, მომეჩვენა, რომ საყვედურობდა: "ვიცოდი, მაინც არ მაცოცხლებდით და ამიტომ გადავწყვიტე სიცოცხლესთან საკუთარი ნებით გამოთხოვება. თქვენი მხარდაჭერის იმედი რომ მქონოდა, სხვაგვარად მოვიქცეოდი და ამ ბავშვსაც გავაჩენდი, რომელიც ჩემთან ერთად მოკვდება და რომლის მამაც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ შეეშინდა და უარი თქვა ჩვენს დაცვაზე"...

არ გაუმხელია, ვინ იყო მისი შეყვარებული. ფაქტი ერთია, სიმართლის გამოაშკარავებით შეშინებული გოგონა აჩქარდა: სამედიცინო ესპერტიზამ დაასკვნა, რომ სინამდვილეში, ის ფეხმძიმედ არც ყოფილა...

სწორედ ესაა ალბათ ქართული ტრაგედია, რომელიც საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს და ისევე, როგორც ჩვენს ბებიებს აშინებდნენ, - ბიჭისთვის კოცნის უფლებაც რომ მიეცათ, ამ შემთხვევაშიც კი გარდაუვალი იქნებოდა დაორსულება, ასევე ჰგონიათ XXI საუკუნის მოზარდებს მხოლოდ იმიტომ, რომ არავინ ზრუნავს მათ სექსუალურ განათლებაზე და არავინ აღმოჩნდა ამ გოგონას გვერდით ისეთი, ვინც მისთვის საინტერესო კითხვებზე გასცემდა პასუხს და სავარაუდოდ, სიკვდილისგან იხსნიდა...

საზოგადოებამ კარგად იცის, რით დასრულდა საჯარო სკოლებში ოჯახური ცხოვრებისა და ურთიერთობების სასწავლო საგნად შეტანის რამდენიმე მცდელობა; ამიტომ ამ თემაზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ და არც რაიმეს მტკიცებას მოვყვები. უბრალოდ, დავსვამ შეკითხვას: თუ არა სკოლაში და ოჯახში, სად უნდა მიიღოს მოზარდმა პასუხი იმ კითხვებზე, რომლის ცოდნის შემთხვევაში, არც შემთხვევითი დაორსულება დაემუქრება და არც თვითმკვლელობამდე მივა შეშინებული, - რადგან "შევცდი" და ორსულად ვარ, მშობლები მომკლავენო...

გარდაცვლილი გოგონას მამიდა:

- გაბრაზებული ვარ ძმასა და რძალზე. იმის შიშით, რომ საზოგადოებას მათ ოჯახზე არ ეჭორავა და სიმართლეს არ გაეჟონა, არც პოლიციას უთხრეს სიმართლე და არც თავად ცდილობენ რაიმეს გარკვევას. სამძიმარზე მისულ ხალხს იმას უმტკიცებდნენ და უყვებოდნენ, თუ როგორ მოსჭრა მათ თავი შვილმა, რომელსაც არაფერს აკლებდნენ და არც თვითმკვლელობის საბაბი ჰქონდა ყველაფრით უზრუნველყოფილს. ტირილითაც კი ვერ იტირეს შვილი იმაზე ფიქრით დატანჯულებმა, რომ სიმართლე არავის არ უნდა გაეგო. ბავშვის დატოვებული წერილიც შემთხვევით ვნახე, თორემ არც მე მიჩვენებდნენ და ვერასოდეს გავიგებდი, რომ მამის შიშმა ათქმევინა სიცოცხლეზე უარი საბრალოს. ჩემი ძმაა, მაგრამ სიმართლე ერთია, - უბრალოდ მკაცრი კი არა, ნამდვილი დესპოტია და მართლა ორსულად რომ ყოფილიყო მისი თოთხმეტი წლის შვილი, მეც ვფიქრობ, რომ მოკლავდა და არ მისცემდა იმ ბავშვის გაჩენის უფლებას. მე თექვსმეტი წლის გავთხოვდი; უსიყვარულოდ გავყევი კაცს მხოლოდ იმიტომ, რომ სასტიკი ძმისგან დამეღწია თავი. ორი წლითაა ჩემზე უფროსი და ცემასაც კი არ ერიდებოდა, თუ მოეჩვენებოდა, რომ "წესიერად" არ ვიქცეოდი... ვიცი, შვილებსაც სცემდა. კიდევ ორი გოგონა რომ ეზრდება, იმათაც გაუმწარებს სიცოცხლეს, მით უმეტეს, რომ ქეთის თვითმკვლელობის მიზეზი შეიტყო...

- რასაც თქვენი ძმა აკეთებს, ამას ოჯახური ძალადობა ჰქვია და ბავშვის დაღუპვის შემდეგაც არ გინდათ, რომ პოლიციაში განაცხადოთ მისი დესპოტიზმის შესახებ?!

- ამას ვერ გავაკეთებ ბევრი მიზეზის გამო და ვიცი, დამნაშავის ხელის შემწყობი რომ ვარ ჩემი უმოქმედობით, მაგრამ მე ახლა სხვა რამის გამო მოვინდომე შენთვის სიმართლის გამხელა. მართალია, საზოგადოების ერთი ნაწილი სასტიკი წინააღმდეგია სკოლებში ისეთი საგნის შეტანის, რომელიც მოზარდებს ბევრ რამეს ასწავლიდა და ეჭვიც არ მეპარება, უბედურებასაც ააცილებდა ჩემს ოჯახს, მაგრამ მეორე ნაწილიც ხომ არის, ვინც მიიჩნევს, რომ მოზარდის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს? ჰოდა, ისეთი სალექციო კურსები მაინც შემოიღონ, რომელზე დასწრებაც თავისუფალი იქნება და ვისაც უნდა, ის ისაუბრებს ფსიქოლოგთანაც, ექიმთანაც და თუ საჭირო გახდება, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებთანაც... ექთანი ვარ და გინეკოლოგის დამხმარედ ვმუშაობ ერთ-ერთ კლინიკაში. ვერც წარმოიდგენთ, ისე ხშირია არასრულწლოვანთა ფეხმძიმობის შემთხვევები, რაც თავისთავად, აღმაშფოთებელია, მაგრამ უფრო დიდ ტრაგედიად ის მიმაჩნია, რომ მშობლები მათზე ძალადობენ და აბორტის გასაკეთებლად მოჰყავთ იმის შიშით, რომ მათ ოჯახზე ცუდი არავინ თქვას... ხშირად დედებს ისე მოჰყავთ გოგონები, მამებს და ძმებს არც კი აგებინებენ ამ სამარცხვინო ამბავს, რადგან ფიქრობენ, რომ სიმართლის გამჟღავნების შემდეგ მხოლოდ "დამნაშავე" მოზარდი კი არა, თვითონაც დაისჯებიან, ვითომ მხოლოდ დედის მოვალეობა იყოს შვილების აღზრდა და შეცდომებისგან მათი დაცვა. ვინმემ აუცილებლად უნდა ილაპარაკოს ამაზე! სხვა მოზარდები მაინც ვიხსნათ სასოწარკვეთისა და მით უმეტეს, თვითმკვლელობისგან...

ვიდრე ამ ამბავს დავწერდი, პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე და ჩემს მეგობარს, რომელიც საჯარო სკოლის პედაგოგია და მეათეკლასელების დამრიგებელი გახლავთ, ვთხოვე, ბავშვებისთვის ეთქვა, რომ მათთან ფსიქოლოგი მივიდოდა, რომელიც მათ ნებისმიერ შეკითხვას შეძლებისდაგვარად უპასუხებდა. ისიც ვათქმევინე, რომ დასწრება სავალდებულო არ იყო.

გაინტერესებთ ალბათ, რა მოხდა?

ამ შეხვედრაზე კიდევ ერთ მეგობართან, პროფესიით ფსიქოლოგ ეკა ქარდავასთან ერთად მისულს მხოლოდ მეათე კლასის კი არა, სხვა კლასების მოსწავლეებიც დაგვხვდნენ და სამი საათი აღარ გამოგვიშვეს; ამის შემდეგ კი ბევრმა მოზარდმა ინდივიდუალური გასაუბრების სურვილიც გამოთქვა...

ეკა ქარდავა, ფსიქოლოგი:

- ახალი არაფერი აღმომიჩენია ამ ბავშვებთან შეხვედრით, რომლებსაც დიდების ცხოვრებასთან დაკავშირებული ელემენტარული ცოდნაც არ გააჩნიათ და აქვთ უამრავი შეკითხვა, რომლებზეც პასუხს ვერავისგან იღებენ. ისინი მშობლებს არ ენდობიან და მასწავლებლებსაც არ "სცალიათ" მათთვის. რომც ეცალოთ, სათანადო კომპეტენციაც არ გააჩნიათ ალბათ. როგორც ამბობენ, - "პური მეპურემ უნდა გამოაცხოს" და განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა შემოიღოს სასწავლო საგნად ფსიქოლოგია. არ მინდა, ვინმე შევაშინო, მაგრამ მოზარდების პრობლემები ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე წარმოგვიდგენია. მთელ მსოფლიოში გახშირებულია მოზარდთა თვითმკვლელობის შემთხვევები და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, სამწუხაროდ...

...დასასრულს, ერთ რამეს თუ დავამატებ ზემოთ თქმულს: სირცხვილი არაა ჩვენი შვილების მიერ დაშვებული შეცდომები. შეცდომა და ტრაგედია უფროსების მიერ გამოჩენილი გულგრილობა და არასწორი მიდგომაა პატარებისთვის მტკივნეული საკითხებისადმი და რაც უფრო მალე გავითავისებთ ამას, უფრო მეტ უბედურებას ავიცილებთ თავიდან.

ინგა ჯაყელი