რას ნანობს გიზო ჟორდანია - გზაპრესი

რას ნანობს გიზო ჟორდანია

მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი - გიზო ჟორდანია იმ ადამიანების შესახებ გვიამბობს, რომლებმაც მისი პროფესიონალად ჩამოყალიბებისა და შემოქმედებითი წინსვლის პერიოდში, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, განსაკუთრებული სიყვარულით კი ქალბატონ ლილი იოსელიანსა და ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდას, "ჯარისკაცის მამას", სერგო ზაქარიაძეს იხსენებს. ბატონი გიზო, ვიდრე მის მშობლებს დაიჭერდნენ ანუ სამ წლამდე გურიაში, კერძოდ, ლანჩხუთში იზრდებოდა, მერე კი საცხოვრებლად "ჰავლაბარში" გადმოიყვანეს...

სიგიჟედ შერაცხილი ბავშვური ონავრობა და დაზარალებული სირაჯი

- მავნე ბავშვი ვიყავი, ახლა გაცილებით წესიერი ვარ (იცინის). ჩემი ქცევები ჩვენს მიკროუბანში - ავლაბარში, როგორც გიჟის საქციელი, ისე განიხილებოდა. ჩვენი ერთი მეზობელი სირაჯი იყო. ძალიან კარგი კაცი გახლდათ, პატარა სარდაფი ჰქონდა და ღვინოს ყიდდა. მისი ღვინო 2 კაპიკით ძვირად ფასობდა, ვიდრე სხვების. ჰოდა, ამის გამო გაბრაზებულმა, ერთი ციცქნა ტერიტორიაზე გაშენებული ვაზი გავუჩეხე. ეს რომ ნახა, გადაირია. მამა ფანჯრიდან იყურებოდა. სირაჯმა უთხრა: - "ექიმო, შენი ბიჭის მარიფათია..." მამა ლამის გაგიჟდა, ეს რა ჩაიდინეო?! ალიყურის მისაღებად მზად ვიყავი და გავირინდე. ეს რატომ გააკეთეო? - მკითხა. - ღვინოს 2 კაპიკით ძვირად ყიდის, თან შიგ წყალს ურევს-მეთქი. გამიწყრა,- ასე როგორ შეიძლებაო?! მაგრამ სხვა - არაფერი, თავშიც არ წამომარტყა... ახლა ვხვდები, ასეთი რამ არ უნდა გამეკეთებინა!

სამართლის ბავშვური აღსრულება

GzaPress- ხომ იცით, ომის დროს თეთრი პური არ გვქონდა, მხოლოდ შავი პურის პატარა ნაჭერს გვაძლევდნენ, რომელიც ტალონებით იყიდებოდა. ხიზილალის დანახვა მეჯავრებოდა, - არ მქონდა და იმიტომ! მეზობელ სახლში ერთი მსუქანი ბიჭი ცხოვრობდა. დავინახე, ქუჩაში ჭამა-ჭამით მობრძანდება. შევხედე, დიდი ნაჭერი თეთრი პური უკავია, ზედ კი კარაქი და ხიზალალაა წასმული! მეორე ხელში უზარმაზარი ვაშლი უჭირავს. დავუძახე, - აქ მოდი-მეთქი! რომ მოვიდა, მაგრად ვცემე. მოცვივდნენ მეზობლები, ატყდა ერთი ამბავი. ჩვენ ირგვლივ შეკრებილი ბავშვები კი სიცილით იხოცებოდნენ. - რათა სცემეო? - მკითხეს. - ხიზილალას და პურს რომ ჭამდა, იმიტომ-მეთქი! თურმე, დედამისმა გამოუშვა ასე, რომ მეზობლებს დაენახათ, რა კარგად იკვებებოდა. ჩემს ჭკუაში, სამართალი დავამყარე. საწყალი დედაჩემი უკან დამდევდა, ასეთი მავნებლობები რომ არ ჩამედინა.

"გაწუწული" პოლიციელები

- პოლიციელებს "ვემასხარავებოდი" ხოლმე: ხეზე ავდიოდი და იქიდან პატარა ჩაიდნით თავზე წყალს ვასხამდი, მაგრამ ჩათვალეს, რომ წყალი კი არა, სხვა "რამ" იყო. აბა, რისი პოლიციელი იყო, ასე რომ არ ეფიქრა? ამას ისე ვაკეთებდი, ვერ იგებდნენ. სახლთან აკაციის ხეები იდგა. ერთ-ერთი ხის ტოტები ლამის ჩვენს სახლში შემოდიოდა. სულ ორი ოთახი გვქონდა: ერთი პატარა, ერთი - დიდი, მაგრამ მაშინ ბევრად ითვლებოდა. მეორე სართულზე ექვსი ოჯახი ვცხოვრობდით. ერთი ოთახი მუხრანელ გოგონას - როზას ჰქონდა და ფანჯარას რომ აღებდა, ამ აკაციის ხეზე ავდიოდი და ინსპექტორი უბანს რომ შემოუვლიდა, ზუსტად იმ დროს ვწუწავდი და გავრბოდი. როზას ერთი მაგიდა ჰქონდა, ზედ დავხტებოდი, გადავხტებოდი და "ვითესებოდი", სარდაფში ვიმალებოდი და ვერ მპოულობდნენ. ასე ორჯერ მოვიქეცი, მერე ჩემი მარშრუტი გაირკვა და ასეთ სისულელეებს შევეშვი (იღიმის).

დაწუნებული მსახიობი და სტუდენტების ფავორიტი - ლილი იოსელიანი

- ვინ იყო თეატრალურში ის ადამიანი, ვინც გითხრათ, რომ გარეგნული მონაცემების გამო მსახიობად არ გამოდგებოდით?

- ის კაცი გადასარევი ადამიანი იყო. ცოცხალი აღარაა... მე საშუალო სიმაღლის ვარ, თვითონ კი მხრებამდე მწვდებოდა. მსახიობი იყო და ჩემთვის გავიფიქრე, - ეს მეტრ-ნახევარი კაცი ჩემზე რომ ამბობს, დაბალიაო, სამართალი არ არის-მეთქი?! - სამსახიობოზე მაღალ-მაღალი, "ზდაროვი" ბიჭები აბარებდნენ და მაინც ვერ მოხვდებიო, - მითხრა. ამიტომ სარეჟისოროზე ჩავაბარე... მიუხედავად იმისა, რომ ცელქი ბავშვი გახლდით, სულ ვკითხულობდი და რაც მომწონდა, იმ საგნებს კარგად ვსწავლობდი. ასე რომ, უნივერსიტეტში ჩაბარება არ გამჭირვებია. ჩემი პედაგოგები იყვნენ ქალბატონები ლილი იოსელიანი, ბაბულია ნიკოლაიშვილი და ვასო ყუშიტაშვილი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, სტუდენტებს ლილი როგორ გვიყვარდა. რომელი საათიც უნდა ყოფილიყო, წვიმა იქნებოდა, ქარი თუ თოვლი, მთელი ჯგუფი სახლში ვაცილებდით; ვორონცოვის დასაწყისში ცხოვრობდა და ფეხით დავეშვებოდით ხოლმე. მან შესანიშნავი მსახიობები აღზარდა, მაგრამ რეჟისორებისთვის ზედგამოჭრილი პედაგოგი იყო. საოცარი უნარი ჰქონდა, რომ ახალგაზრდა თავისი საქმიანობით, პროფესიით დაეინტერესებინა. თეატრში მუშაობა ლილის რელიგიურ რწმენამდე ჰქონდა აყვანილი. მერე კი მივხვდი, რომ რელიგიასა და თეატრს საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ ამით შემოქმედებისა და თეატრის მიმართ მისი დამოკიდებულება გამოიხატებოდა. "ანა-ბანა" და სამსახიობო ოსტატობის საიდუმლოებები ლილიმ გვასწავლა, შემდეგ კი - ბატონმა ვასო ყუშიტაშვილმა.

ვასო ყუშიტაშვილი - დაუფასებელი ლეგენდა

- ვასო აშშ-სა და პარიზში მოღვაწეობდა, იქ თეატრ "ატელიეს" ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. სხვათა შორის, როდესაც მათ დასს საბჭოთა კავშირში გასტროლი ჰქონდა, თბილისში ჩამოსვლა მოითხოვეს, ყუშიტაშვილის საფლავზე უნდა მივიდეთო და პირველ რიგში, "მუსიე ყუშიტა" იკითხეს. სამწუხაროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ვასოს საფლავს ძლივს მიაგნეს, ვაკეში... არ შემიძლია, არ ვთქვა: არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვის სად დაასაფლავებენ, ყველა ღმერთთან მიდის, მაგრამ ვასო ყუშტაშვილი ვაკეში არ უნდა დაესაფლავებინათ! პანთეონები რისთვის გვაქვს? კოტე მარჯანიშვილის შემდეგ, ვასო მოვიდა მარჯანიშვილის თეატრში, ვასო იყო მისი დარი!.. ერთხელ პიესა მივიტანე, რაღაც სიმბოლოებით აღსავსე, ტრაგიკული, ფარსული ელემენტებით. მითხრა, - "ეგა შენ არ უნდა დადგა, ბიჭო". - რათა-მეთქი? - "ნუ, ახლა, შენა მაგისთვის ცანცარა ხარ", - ანუ ზედაპირული და სულელიო. მეწყინა... - "გეწყინა?" - მკითხა. - არა-მეთქი. - ჰო, მაგ პიესისთვის შენა მსუბუქი ხარ. მე მოგიტან პიესასო, - და მომიტანა ანატოლ ფრანსის "მუნჯი ცოლი", რომელიც ნანა მჭედლიძესთან ერთად დავდგი. გაამართლა: ამდენი ხანია, თეატრში ვარ და მას მერე ასეთი კომედია არც დამიდგამს...

ბათუმის ფიასკო

- რა აღარ გამოვიგონე, მაგრამ ის სპექტაკლი, რომელსაც ბათუმის თეატრში ვდგამდი, ისეთი არ გამომივიდა, როგორიც მინდოდა. პიესა კუბაზე იყო და გადავწყვიტე, სპექტაკლი სროლების გარეშე ყოფილიყო. ჰოდა, წარმოდგენა რომ დამთავრდა და ფარდის უკან, გასროლის ხმა გაისმა, ვახტანგ გეგელიამ წამოიძახა, - რეჟისორ ზასტრელილსაო! მას ეგონა, ეს ჩავარდნა განვიცადე და თავი "მოვიკალი" (იცინის).

დაუვიწყარი და ფენომენალური სერგო ზაქარიაძე

- რუსთაველის თეატრში ჩემი მისვლის ერთ-ერთი ინიციატორი ბატონი სერგო იყო, ასევე - ბატონი მიშა თუმანიშვილი და დორიან (ნოშრევან) კიტია. ბათუმში დამირეკეს და მითხრეს, რომ თეატრში მიწვევდნენ. რუსთაველის თეატრში რომ მივედი, თამაზ ჭილაძის "აკვარიუმი" დავდგი. მთავარ როლში ბატონი სერგო იყო. ძალიან უნდოდა ამ პერსონაჟის განსახიერება. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ მისი იერი ამომივარდეს გონებიდან; ჩემი თვალსაწიერიდან მისი შემოქმედებითი პოტენციალი და სარეპეტიციო პროცესი არასდროს გაქრება. რეჟისორი ვიყავი და აქეთ მასწავლიდა, მისი ყოველი რეპეტიცია სასწავლო პროცესი იყო. თეატრს შეწირული კაცი გახლდათ. ასო-ასო კითხულობდა ყველაფერს და ნელა, ძნელად იქმნებოდა ის, რასაც საბოლოოდ მაყურებლის წინაშე წარმოაჩენდა. თუ ვასო გოძიაშვილს მეორე-მესამე რეპეტიციაზე როლი გენიალურად ჰქონდა მომზადებული, სერგო ორი თვის შემდეგ გახლდათ მზად, მაგრამ შეუდარებლად აკეთებდა ყველაფერს! მას უნდოდა, რუსთაველის თეატრი ისეთ საჩვენებელ ადგილად ექცია, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ იქნებოდა. თვითონ ნამდვილად მსოფლიო სტანდარტის არტისტი იყო. სცენაზე რომ გავიდოდა, დარბაზი ქუხდა. თითქოს გულში წაგავლებდა ხელს, დაგაფიქრებდა, დაგრთგუნავდა. დინჯი იყო, უკიდეგანო, როგორც ვაგნერის მუსიკა, რომელსაც რამდენიმე კულმინაცია აქვს, არ მთავრდება და მაინც კარგია! პირი ღია გქონდა და ისე უყურებდი. ახალგაზრდები ნამდვილად ვერ ვგრძნობდით მის დიდებულებას. იყო პერიოდი, როცა სერგო გამებუტა, თუმცა, მტყუანი არ ვიყავი... იქნებ რაღაც შემეშალა კიდეც... ბოლოს შემომირიგდა. მოსკოვში საპარიკმახეროს კიბეზე შემხვდა, მაშინ ოპერის მთავარი რეჟისორი ვიყავი და მის რეფორმირებას, "ამოტრიალებას" ვაპირებდი. სერგომ მითხრა: რას მიასკდი ამ ოპერას? ჩვენთან მოდი. ვეკვერტი უნდა ჩამოვიდეს, "გალილეო გალილეი" დადგას, მის რეპეტიციებზე იარე და რომ დაამთავრებს, მერე შენ დაიწყეო. ამ დროს სერგოს "ჯარისკაცის მამა" უკვე ნათამაშები ჰქონდა და საერთო ყურადღების ცენტრში იყო, უცნობი ადამიანები ჩერდებოდნენ და უყურებდნენ, ესალმებოდნენ კიდეც. პარიკმახერმაც საგანგებოდ, ზედმეტად გახოტრა (იღიმის). მოკლედ, ამოვარჩიე "კოლა ბრუნიონი" და თბილისში რომ დავბრუნდით, დავურეკე, - მოვიფიქრე-მეთქი. დიდი პაუზის შემდეგ მითხრა, სამ დღეში დამირეკეო. დავურეკე და, - ძალიან მომეწონა. ახლა თეატრიდან გამოვალ, სადმე შევხვდეთ და ვილაპარაკოთო. შევხვდი. მძღოლი დაითხოვა და ფეხით გავიარეთ. თქვა, - იდეა მომეწონა, მაგრამ ერთის უფლება მომეცი, მთარგმნელს მე მოვიფიქრებო... ბოლოს ნოდარ დუმბაძეზე შეაჩერა არჩევანი. მივხვდი, რაც უნდოდა სერგოს - ქართული ვარიანტი! ერთი კვირის შემდეგ იგივე მარშრუტი გავიარეთ. რაღაცნაირი ამინდი იყო, თოვდასავით. სამ ნომერ ავტობუსში ჩავჯექით, ვაკის პარკის პირდაპირ ჯერ სერგო უნდა ჩამოსულიყო, მერე ჩემს სახლთანაც გაივლიდა. რაღაცნაირად არ მომეწონა იმ დღეს სერგო... ისეთი სიცივეც არ იყო და სახეზე მოლურჯო ფერი დაჰკრავდა, მის ცხვირსა და ტუჩებს ჯანმრთელი იერი არ ჰქონდა. ჩავყევი, - გაგაცილებთ-მეთქი. - ნუ გეშინია, კარგად ვარო, - მეუბნებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, სახლში ფეხით მივდიოდი და "ლეჩკომისიას" რომ ჩავუარე, არტისტები იდგნენ. მივედი და, - სერგო აღარ არისო! ეს უმძიმესი წუთები იყო... ჩვენი ბოლო თანამშრომლობა აღარ შედგა... სხვათა შორის, უნიჭიერესი მხატვრის - თემურ სუმბათაშვილის დამსახურებაა, რომ სერგო მთაწმინდაზეა დაკრძალული.

ბუხუტი ზაქარიაძისთვის მიცემული სერგოს როლი

GzaPress- "ხანუმა" აკრძალული იყო, არ უნდა დადგმულიყო. დოდო ალექსიძე რომ გაუშვეს თეატრიდან, სწორედ მაშინ ჩამომიყვანეს ბათუმიდან. თავს უხერხულად ვგრძნობდი და ვიდრე ბრძანებას დაწერდნენ, ალექსიძესთან მივედი, - ასეთი ამბავია და თქვენ რას იტყვით-მეთქი? მას რომ ეთქვა, - არ დათანხმდეო, გავითვალისწინებდი, მაგრამ ისიც ვიცოდი, ამას არ მეტყოდა. "უ მენია პროსბა კ ტებე, ნე სტავ "ხანუმუ", ნო აბეზატელნა რაბოტაი ვ ტეატრე - ტი ბუდეშ მოიმ რეზიდენტომო", - იხუმრა, მაგრამ იქნებ არც იხუმრა... ამ საქმეში მე მას არ გამოვადექი. "გააზნაურებული მდაბიო" რომ დავდგი, არც ერთი თეატრმცოდნე არ მოვიდა, ნოდარ გურაბანიძის გარდა! ეროსი მანჯგალაძე გენიალური იყო ამ სპექტაკლში! ეს გახლდათ ბრძოლა გმირულ-რომანტიკული თეატრის მიმდინარეობასა და თანამედროვეს შორის. არადა, მართლა არ მესმის, რატომ შეუშლიდა "ჭინჭრაქა" "ფიროსმანს"? იმ პერიოდში სერგომ "დეზერტირკა" მოიტანა და დავდგი. იქ ერთი პეტრუზა იყო, სომეხი ვაჭარი და ის როლი მას კი არა, მის ძმას - ბუხუტი ზაქარიაძეს მივეცი. კაცმა თვითონ მოიტანა პიესა და ხომ უნდა მივმხვდარიყო, რომ ამ როლის თამაში უნდოდა?! მაგრამ სერგოს ხმა არ ამოუღია... მასთან მართალი არ ვიყავი. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბუხუტის როლებში ეს პეტრუზა ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

- რატომ მოიქეცით ასე?

- "მალაკასოსი" ვიყავი და იმიტომ! "ჩაძირული ზარი" რომ არ დავდგი, ამასაც განვიცდი. ახლა მესიზმრება ზოგჯერ სერგო, მივდივარ და ვეუბნები ხოლმე, - მოდი, რა, ეს დავდგათ-მეთქი... თვითონ ყველას ეფერებოდა და ჩემი თაობა ისე არ მიეფერა, როგორც იმსახურებდა.

თამთა დადეშელი