"დასამსხვრევი" და გასათვალისწინებელი ფრაზები - გზაპრესი

"დასამსხვრევი" და გასათვალისწინებელი ფრაზები

ე.წ. სამიზნე ჯგუფს ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეადგენდნენ. კვლევაში მონაწილეობა ას ცნობილ ადამიანს ვთხოვეთ და უმრავლესობამ - ასიდან ორმოცდათვრამეტმა კვლევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა - ყოველგვარი ახსნის, უხერხულობის განცდისა და მობოდიშების გარეშე... კვლევაში მონაწილეობაზე დაგვთანხმდა, მაგრამ საბოლოოდ, ეს თანხმობა "გადაავიწყდა" თხუთმეტ რესპონდენტს; უარის მიზეზად დროის უქონლობა შვიდმა ცნობილმა ადამიანმა დაასახელა, რვამ კი აღიარა, რომ ჩამოთვლილ სტერეოტიპთაგან არც ერთს არ ეთანხმება... თითოეულ მითითებულ სტერეოტიპზე აზრი ცამეტმა რესპონდენტმა დააფიქსირა.

"რას იტყვის ხალხი?!"

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ხალხის აზრი მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. მათთვის მიუღებელია ვიღაცის გამო პირადი გადაწყვეტილების შეცვლა. მიუხედავად ამისა, უმრავლესობა თანხმდება, რომ ძალიან ხშირად, ამ სტერეოტიპის "მონობაში ყოფნა" უწევთ...

ნანა მესხი, კომპოზიტორი:

- სრულიად მიუღებელი სტერეოტიპია, მაგრამ ზოგჯერ საზოგადოებრივ აზრს მეც ვუწევ ანგარიშს... მიმაჩნია, რომ ეს სტერეოტიპი ხელს გვიშლის და ხშირად, საბედისწერო შედეგამდეც კი მივყავართ...

"სპორტი მხოლოდ კაცების საქმეა!"

რესპონდენტთა უმრავლესობისთვის ეს სტერეოტიპი აბსოლუტურად მიუღებელია.

გელა ფარჩუკიძე, დირიჟორი:

- როგორ შეიძლება, ეს მხოლოდ კაცების საქმე იყოს, როცა მსოფლიო სპორტსმენების ერთი მესამედი ქალია?!

თემო მჟავია, იუმორისტი:

- სპორტის უმრავლეს სახეობაში ისეთი სუსტი ვარ, ბევრი ქალი ჩამომიტოვებს.

GzaPress

"საქართველოში ვერაფერს მიაღწევ!"

ამ ფრაზის მოყვარულებად ძირითადად, ზარმაც ადამიანებს მიიჩნევენ. საერთო სურათის მიხედვით, მთავარი მონდომებაა.

ხვიჩა მაღლაკელიძე, მუსიკოსი:

- ამას, ძირითადად, ისეთი ადამიანები ამბობენ, ვისაც დღის მანძილზე მუშაობა ეზარება, საღამოს კი ერთ ჭიქა არაყს დალევს და ქვეყნის გინებას "დააყოლებს" - სამუშაო არ მაქვსო.

თემო მჟავია:

- ვერსად ვერაფერს მიაღწევ, თუ ხელს არ გაანძრევ... საქართველოში ბევრი სფეროა ასათვისებელი, ასე რომ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსი არსებობს. მთავარი მონდომებაა! ამის მაგალითი თავად გახლავართ - არასოდეს არავითარი "პატრონი" არ მყოლია.

"ქალი ვერასოდეს მართავს მანქანას ისე კარგად, როგორც მამაკაცი"

მოულოდნელი არ არის, რომ გამოკითხულ მამაკაცთა უმეტესობა ამ სტერეოტიპს ეთანხმება... ამბობენ, რომ ავტომობილის ცუდად მართვისთვის ქალს არაერთი "მიზეზი" აქვს - თუნდაც, სარკის წინ გაპრანჭვის სიყვარული... ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ დაეთანხმნენ ქალბატონი ნანა მესხი, რომელიც თავად არაჩვეულებრივი მძღოლია და ცუცა კაპანაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ავტომობილის კარგად მართვა სწრაფი რეაქციის უნარზეა დამოკიდებული, ეს კი ზოგიერთ ქალს უფრო კარგად განვითარებული აქვს, ვიდრე - მამაკაცს...

GzaPress

ირაკლი საღინაძე, პროდიუსერი:

- კაცებს უბრალოდ, მეტი პრაქტიკული გამოცდილება დაუგროვდათ, რადგან უფრო დიდი ხანია, მძღოლები არიან. დროთა განმავლობაში ეს სტერეოტიპი გაქრება, რადგან ქალებიც გაითავისებენ ამ საქმეს. დღესაც უამრავი ქალი ბევრ კაცზე უკეთ მართავს ავტომობილს.

"ვინც როკს უსმენს - სატანისტია!"

ეს შეფასება მსახიობმა ზურა გორგაძემ "დეგრადირებულ რელიგიურ ფანატიზმთან" დააკავშირა. ჯაზშემსრულებელი მაია ბარათაშვილი კი ამბობს, რომ: "ამის მთქმელს წარმოდგენაც არ აქვს, რას ნიშნავს სატანისტი. თუმცა, როკი უნდა დავყოთ კატეგორიებად - მუსიკას უდიდესი ზემოქმედება აქვს სულზე. როდესაც ადამიანი ამა თუ იმ მუსიკას უსმენს, მას გარკვეული ფსევდო-განცდა ეუფლება, რაც ორგანიზმში კონკრეტულ ბიოქიმიურ პროცესებს იწვევს. თუ მუსიკას, რომელშიც ჭარბობს აგრესია, ადამიანი ყოველდღიურად, ხანგრძლივი დროის მანძილზე უსმენს, არ არის გამორიცხული, შემსრულებელმა განწყობა მსმენელსაც გადაეცეს. მაგალითად, თუკი მოზარდი, რომელსაც ლაბილური ფსიქიკა აქვს, რამშტაინს უსმენს, სადაც დიდი აგრესია, აპათია და ყოველგვარი ნათელის (ღმერთის) პირდაპირი გმობაა, არ არის გამორიცხული, ეს ფსევდოგანცდა ხანგრძლივი სმენის შემდეგ, მისი მუდმივი თანმდევი, მომავალში კი ბუნებრივი მდგომარეობა გახდეს. შესაძლებელია, დაფიქსირდეს აგრესიული ქცევაც..."

"ყველა კაცი (ქალი) ერთნაირია!"

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფრაზას ჩვენს რეალობაში ძალიან ხშირად გაიგონებთ, გამოკითხვაში მისი შინაარსი ყველამ უარყო. მხოლოდ ნანა მესხმა გაიზიარა "სანახევროდ" და ღიმილით დასძინა, რომ ქალებსა და მამაკაცებს მხოლოდ "სახელი, გვარი და დაბადების თარიღები აქვთ სხვადასხვა"...

"გათხოვდება და ქმარი მიხედავს!"

ზურა გორგაძე:

- და რომ არ გათხოვდეს, უპატრონოდ ვტოვებთ?!

ნოე სულაბერიძე, პროდიუსერი:

- აქეთ მიხედოს ქმარს!

GzaPress

მაია ბარათაშვილი:

- ეს სტერეოტიპი კარგავს აქტუალობას, რადგან ქალს საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარების სურვილი უჩნდება. ქალი, ისევე, როგორც მამაკაცი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრია და მამაკაცთან ერთად უნდა იყოს პასუხისმგებელი ოჯახის კეთილდღეობაზე. ამგვარად, ოჯახის განვითარებასა და წინსვლაში ქალიც აქტიურად უნდა მონაწილეობდეს.

ირაკლი საღინაძე:

- მსგავსი მიდგომა ოჯახური ძალადობის მთავარი წყარო ხდება.

"სელფებს არასერიოზულები და უსაქმურები იღებენ"

ეს სტერეოტიპი არც ერთმა გამოკითხულმა არ გაიზიარა.

ზურა გორგაძე:

- სელფებს ნამდვილად ვიღებთ არასერიოზულები... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ უსაქმურები.

ლაშა ღლონტი, მომღერალი:

- სელფი მეც გადამიღია, მაგრამ სერიოზულობა არ დამიკარგავს.

ნოე სულაბერიძე:

- დიახ, ხანდახან მეც ვარ ასეთი.

"ქალი უნდა იყოს მაღალი და გამხდარი!"

ამ ფრაზას გამოკითხულთაგან არავინ დაეთანხმა, თუმცა, ფაქტია, "კერძო საუბრებში" ამ სიტყვებს ხშირად ვისმენთ...

ლაშა ღლონტი:

- იზაბელ აჯანი არც მაღალი გახლავთ და არც გამხდარი. სამაგიეროდ, როგორი გოგოა?!.

გელა ფარჩუკიძე:

- ამ ფრაზას გურულები ასე პასუხობენ: "მაღალი და გამხდარი ალვის ხეც ქეა, ბიძიკო, მაგრამ ბუხარში ხვდება ბოლოს!

"საყურე უკეთია, გრძელი თმა აქვს - ცისფერია!"

რესპონდენტების ასმა პროცენტმა უარყო "ცისფერობის" მსგავსი გამოვლენა, თუმცა, ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ უმჯობესია, მამაკაცი ვაჟკაცური იერსახით გამოირჩეოდეს.

ბექა ჩხაიძე, მომღერალი:

- არიან "ცისფერები", რომლებიც თავს საყურეებისა და გრძელი თმის გარეშეც კარგად გრძნობენ".

GzaPress

ლაშა ღლონტი:

- საყურე სექსუალურ მოთხოვნებს არ განაპირობებს, ის მხოლოდ და მხოლოდ აქსესუარია!

"ქალის მთავარი დიპლომი გემრიელი კერძების ცოდნაა!"

სამის გამოკლებით, ყველა გამოკითხულმა მამაკაცმა აღნიშნა, რომ გემრიელი კერძების ცოდნა ქალისთვის მართლაც, დიდი პლუსია... ქალბატონებმა კი პირიქით, ეს სტერეოტიპი გააპროტესტეს...

გელა ფარჩუკიძე:

- ქართული მენტალობის ერთ-ერთი გამოხატულებაა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგ მზარეულებად მამაკაცები მიიჩნევიან, ოჯახში ქალის უმთავრეს საქმედ კერძების მომზადება რჩება.

ირაკლი საღინაძე:

- გემრიელი კერძების მომზადება მამაკაცისთვისაც მშვენიერი დიპლომია.

"მთავარია, ნაცნობი გყავდეს!"

უკლებლივ ყველა გამოკითხულმა დაადასტურა, რომ თუ მთავარი არა, ჩვენს ქვეყანაში ეს მართლაც რომ მნიშვნელოვანია...

გელა ფარჩუკიძე:

- მთავარი ნაცნობი, ვისაც დღეს მსოფლიოში ყველა აღიარებს, ფულია!

ზურა გორგაძე:

- ადრე იყო მთავარი, მაგრამ მნიშვნელოვანის სტატუსს ამჟამადაც ინარჩუნებს.

"მამაკაცები სამსახურში, ქალები - სამზარეულოში!"

საბედნიეროდ, ეს სტერეოტიპი ყველა გამოკითხულისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ლაშა ღლონტმა დააკონკრეტა, რომ: "მთავარია, ქალს თავისი სამსახური შეეფერებოდეს". ირაკლი საღინაძემ კი აღნიშნა: "ადამიანი იქ უნდა იყოს, სადაც მეტი სარგებელი მოაქვს!"

"რაც გიწერია, არ აგცდება!"

"რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების!" - უმრავლესობისთვის სარწმუნო ფრაზაა. თუმცა, იყვნენ გამონაკლისებიც...

ცუცა კაპანაძე:

- "ბედისწერას ვერ გაექცევი, უფლის ნებას ვერ ასცდები. თუმცა, შესაძლებელია, შენს ცხოვრებაში გარკვეული კორექტირება შეიტანო.

GzaPress

ირაკლი საღინაძე:

- ბედის ფორმირება ჩვენი გადაწყვეტილებებისა და გარემო ფაქტორების კომბინაციით ხდება. ჩვენ თავად ვმონაწილეობთ საკუთარი ცხოვრების გზის ფორმირებაში.

"ქალ-ვაჟის ურთიერთობაში ქალი არ უნდა იყოს ინიციატორი!"

მართალია, სტერეოტიპს არც ქალბატონები დაეთანხმნენ და არც მამაკაცები, მაგრამ მაინც ხშირად გვესმის, რომ ქალს აქტიურობა არ უხდება. ზურა გორგაძის აზრით: "სადაც სიყვარულია, იქ სტერეოტიპები არ არსებობს!"

"დედამთილი მაინც, დედამთილია!"

აზრი ორად გაიყო და ამ გამონათქვამს ძირითადად, მამაკაცები დაეთანხმნენ.

"ბავშვის მოვლა მხოლოდ დედის საქმეა!"

თითქმის ყველა რესპონდენტი თანხმდება, რომ ბავშვის მოვლაში ცოლ-ქმარმა მონაწილეობა თანაბრად უნდა მიიღოს. თუმცა, რამდენიმემ ხაზი გაუსვა, რომ მთავარი როლი მაინც დედას აკისრია...

"თუ დაგარტყა, უნდა გაშორდე"

მამაკაცების უმრავლესობამ სტერეოტიპის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად აღიქვა და ცალსახად დაეთანხმა, რომ თუ დაგარტყა, ქმარს ნამდვილად უნდა დაშორდე...

საგულისხმოა, რომ ყველა გამოკითხული ქალბატონი კარგად მიხვდა სტერეოტიპის დედააზრს და კატეგორიულად უარყო კიდეც... ჩვენს რეალობაში, ქალის მიერ ოჯახის დანგრევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ახლობლები თუ ნათესავები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამართლებენ, თუ სისხლნაჟღენთები ან სხვა სახის ფიზიკური დაზიანება გაქვს. არადა, ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა (მათ შორის, სექსუალურსა და ფიზიკურზე), ფსიქოლოგიური ძალადობაა...

"ბრენდი აცვია - მაგარი ტიპია"

ამ "კაი ტიპობის საზომმა" ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ბევრმა ვრცელი კომენტარიც არ დაიშურა. თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ ბევრ "არაბრენდირებულ" "მაგარ ტიპს" იცნობს და ჩაცმულობის მიხედვით ადამიანის შეფასებისას, საქმე მხოლოდ განვითარების არასაკმარის დონესთან გვაქვს...

ნანა მესხი:

- ვისაც პატივს მხოლოდ ბრენდის გამო სცემენ, გამოდის, რომ ის არაფერს წარმოადგენს...

ხვიჩა მაღლაკელიძე:

- ბრენდულ სამოსში გამოწყობილი ბევრი ადამიანი მართლა კარგი ტიპია და დიდ პატივსაც ვცემ, მაგრამ არა - ტრენდულ-ბრენდული ჩაცმულობის გამო. ბევრი ისეთიც მინახავს, ბრენდულ ტანსაცმელში გამოწკეპილს, ნაპოლეონი მხოლოდ ნამცხვარი რომ ჰგონია და ანკეტის გრაფაში მითითებული შEX-ის გასწვრივ "კვირაში სამჯერო", რომ მიუწერია... ძირითადად, ლილოს "ტავარი" მაცვია და რა, ცუდი ტიპი ვარ?!

"კაცს ღალატი ეპატიება!"

თემო მჟავიამ ამ სტერეოტიპს ისევ ქართული გამონათქვამი დაუპირისპირა: "ნურასოდეს მოიქცევი ისე, როგორც არ გინდა, თავად მოგექცნენ". ზურა გორგაძემ კი აღნიშნა, რომ ღალატს სქესი არ გააჩნია. ირმა გიგანის აზრით: "კაცს და ქალს - არა! სწორი ასე იქნებოდა: ადამიანს ღალატი არ ეპატიება!" ირაკლი საღინაძე მიიჩნევს, რომ: "ღალატი კრიმინალი არ არის. ის ყველას ეპატიება - ქალსაც და კაცსაც. ღალატს არავინ იმსახურებს, თუმცა, ის ცარიელ ადგილზე არ ხდება".

"შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია და რა უნდა გააკეთოს?!"

სტერეოტიპი ყველა რესპონდენტმა უარყო. გელა ფარჩუკიძე:

- საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის აუცილებელია მოიძებნოს ფორმა, რომელიც შინაარსსაც განსაზღვრავს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერი ადამიანი, შესაძლებელია, ერთ წუთში გახდეს შშმ პირი.

თემო მჟავია:

- რამდენადაც ადამიანი შეზღუდულია ერთ კონკრეტულ შესაძლებლობაში, იმდენად ძლიერია სხვა საქმეში.

ირმა გიგანი, პიანისტი:

- ვერაფერს გააკეთებს სწორედ ის ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს."

GzaPress

"ლამაზი ქალი სულელია!"

"ლამაზი ქალი საშიში უფროა, ვიდრე სულელი", - მითხრა თემო მჟავიამ. "რა ვიცი, დედაჩემი ძალიან ჭკვიანია", - მომწერა ზურა გორგაძემ. ნოე სულაბერიძემ კი აღნიშნა: "გარეგნობა ხშირად, ძალიან ატუტუცებთ. მიაჩნიათ, რომ ამის წყალობით აიწყობენ პირად ცხოვრებასაც და კარიერასაც..."

"ყველა ჟურნალისტი ინტრიგანია!"

რესპონდენტთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ინტრიგანობა ადამიანის პიროვნული თვისებაა და არა - პროფესიული.

ირაკლი საღინაძე:

- ყველა ჟურნალისტს, ისევე როგორც ყველა ადამიანს, შეუძლია იყოს ინტრიგანი.

გელა ფარჩუკიძე:

- ჟურნალისტის საქმიანობა მზარეულისას ჰგავს: მოიხმარს საკმაზს დახვეწილად და ზომიერად - შედეგიც არაჩვეულებრივი იქნება და უამრავ კომპლიმენტსაც დაიმსახურებს... ვერ გაართმევს თავს და გადაამლაშებს?! ე.ი. ცუდად იცის საქმე. სამწუხაროდ, დღეს ჟურნალისტების უმრავლესობას ჰგონია, რომ "შეუპოვრობა" და "უზრდელობა" სინონიმებია... არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი მათგანი გმირულად დაიღუპა იმ ომებში, მართლა უტვინო და ინტრიგანმა პრეზიდენტებმა, მმართველებმა რომ წამოიწყეს... ინტრიგანი ხელისუფალი უფრო მეტია მსოფლიოში, ვიდრე ჟურნალისტი...

გამოკითხულთა უმრავლესობა ჩამოთვლილი სტერეოტიპების დიდ ნაწილს არ დაეთანხმა. მაგრამ ეს ფრაზები ხომ საზოგადოებამ თავად შექმნა! შექმნა და ემსახურება კიდეც მათ... შესაბამისად, ეს სტერეოტიპები არსებობს, იკვებება და ზოგ შემთხვევაში ძლიერდება, ზოგჯერ - პულსაცია ნელდება.

შორენა ლაბაძე