აფხაზეთში დამწვარი სახლ-კარი და რომში აწყობილი კარიერა - გზაპრესი

აფხაზეთში დამწვარი სახლ-კარი და რომში აწყობილი კარიერა

თუმცა, 30 წლის ასაკში მიზანს მიაღწია და თავისი საქმის პროფესიონალია. ქართველი და იტალიელი პედაგოგების მადლიერი გახლავთ და დღემდე მუშაობს საკუთარ თავზე, გაცილებით უფრო რთული პარტიების შესასრულებლად.

ხუთ დას შორის ყველაზე უმცროსია. ოჯახში მხოლოდ მან გადაწყვიტა, პროფესიონალი მომღერალი გამხდარიყო. მარიკა გულორდავას სახელი ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როცა სრულიად ახალგაზრდა საოპერო მომღერალმა საქართველოში ჩამოსულ მონსერატ კაბალიესთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, მსოფლიოში ცნობილ ესპანელ სოპრანოსთან კიდევ მოუწია თანამშრომლობამ. დღეს მარიკა რომში ცხოვრობს. უცხოური კრიტიკოსებისგან მასზე მხოლოდ დადებითი შეფასებები ისმის...

- ჩემი ოჯახი სოხუმში ცხოვრობდა. 6 წლამდე იქ ვიზრდებოდი. ომის პერიოდში შემისრულდა 7 წელი. მიუხედავად მცირე ასაკისა, ყველაფერი ნათლად მახსოვს. მტკივნეულად გადავიტანე სახლ-კარის დაკარგვა. დღემდე მომყვება სევდა და ტკივილი აფხაზეთის გამო. ეს მხარე მხოლოდ ნათელ ფერებში მახსოვს, სიხარულსა და ბედნიერებასთან ასოცირდება... სამწუხაროდ, სოხუმში ჩვენი სახლი დაიწვა. საშინელებაა იმის ნახვა, თუ როგორ ნადგურდება ყველაფერი, რაც გიყვარს. ჩვენს უბანში ბომბი რომ ჩამოვარდა, ბებია და მამა სოხუმში იყვნენ, დედაჩემი, ჩემი დები და მე კი თბილისში გახლდით. ერთ დღეს საინფორმაციო გამოშვებაში დავინახეთ ჩვენი ცეცხლმოკიდებული სახლი. არ ვიცოდით ბებიისა და მამის ამბავი, სატელეფონო კავშირიც არ გვქონდა. ბოლოს, როგორც იქნა, გავარკვიეთ, რომ ორივე კარგად გრძნობდა თავს.

GzaPress

- ხუთი და ყოფილხართ. ალბათ, მშობლები ვაჟის ყოლაზე ოცნებობდნენ...

- სავარაუდოდ, ასე იყო, მაგრამ საბოლოოდ, ჩემი მშობლები მგონი, შვილების უკმაყოფილოები არ არიან (იღიმის).

- ომის დროს თქვენი ოჯახის ყველა წევრი უვნებლად გადარჩა?

- დიახ. მამას გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თორემ აფხაზეთის დატოვება არ უნდოდა. ცოლ-შვილი თბილისში გამოგვიშვა, ასეთი ფრაზა თქვა: ხალხი იხოცება, ტანსაცმელსა და ძვირფასეულობაზე ფიქრის დრო არააო და ხელცარიელი წამოვედით. დედაქალაქში ახლობელი არავინ გვყავდა. ფაქტობრივად, თბილისში ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება.

- მარიკა, ოჯახში შენ გარდა ვინმე მღეროდა?

- პროფესიონალურად არა, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი და მთელი დღე ღიღინებდა, მუსიკას ხშირად უსმენდა, რაღაც ჩანაწერებს აკეთებდა. ალბათ, ამანაც იმოქმედა ჩემზე. თუმცა, ბავშვობაში ვერ ვიფიქრებდი, ოპერის მომღერალი თუ გავხდებოდი. უბრალოდ, მინდოდა სცენაზე ვმდგარიყავი. კლასიკური მუსიკა ჩემს ცხოვრებაში 14-15 წლის ასაკიდან გაჩნდა. ვინაიდან სულ ვმღეროდი, მშობლებმა გადაწყვიტეს, ვოკალის პედაგოგთან მივეყვანეთ. რამდენიმეწლიანი მეცადინეობის შემდეგ გადაწყდა, რომ საოპერო მომღერალი უნდა გავმხდარიყავი და სწორედ ამის შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში. ახლა ოპერა ჩემთვის წყალივითაა.

- საზღვარგარეთ კარიერის აწყობა, პირველი ნაბიჯები ყოველთვის რთულია...

- კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში ვოცნებობდი ლა-სკალასა და სხვა დიდი თეატრების სცენაზე მემღერა. ეს ოცნება ამიხდა, თუმცა ცხადია, მიზანს შრომის გარეშე ვერ მივაღწევდი. გამიჭირდება ზუსტად გითხრათ, დღის განმავლობაში რამდენი საათი ვმეცადინეობ. ყოველდღიურად სხვადასხვა პარტიას ვსწავლობ, ვარჩევ და ა.შ. თუმცა, განტვირთვაც საჭიროა და ვცდილობ, დრო დასასვენებლადაც გამოვნახო.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- ვცდილობ, ბევრი ვიარო ფეხითაც. ზოგჯერ ვხატავ, ჩემთვის რაღაცებს ვჯღაბნი ხოლმე (იცინის).

GzaPress

- რამდენი ხანია, რაც რომში ცხოვრობთ?

- უკვე მეოთხე წელია, რომში ვცხოვრობ... კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, 19 წლისამ თურქეთში გამართულ კონკურში მივიღე მონაწილეობა, სადაც პირველი პრემია ნინო მაჩაიძეს ხვდა წილად. შემდეგი მნიშვნელოვანი გამოსვლა მოსკოვში მქონდა, ამას მოჰყვა ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში გამართული კონკურსები. ბოლოს გადავწყვიტე ლა-სკალას აკადემიაში ჩაბარება. ბევრგან მაქვს ნამღერი: მადრიდში, ბარსელონაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში და ა.შ. მაგრამ პირველად ლა-სკალას სცენაზე რომ დავდექი, ეს იყო ისეთი დიდი და ძლიერი ემოცია, რომ თავი ზღაპარში მეგონა... ბოლო პერიოდში თავს ვიკავებ გარკვეული ხელსაყრელი შემოთავაზების მიღებისგანაც, რადგან მსურს, უფრო მეტი დრო მეცადინეობას დავუთმო. ჯერ კიდევ კონსერვატორიიდან მოყოლებული, ხშირად მთავაზობდნენ ისეთი პარტიების შესრულებას, რისთვისაც, ჩემი აზრით, ასაკიდან გამომდინარე, მზად არ ვიყავი (ძირითადად, დრამატულ როლებს ვგულისხმობ), თორემ ჩემი ხმა "მომწიფებული" იყო საამისოდ. ახლა მინდა, ისეთი როლების მომზადებას დავუთმო დრო, რაზეც ადრე უარს ვამბობდი.

- ბოლო წლებში ბევრ წარმატებულ ქართველ მუსიკოსს ვხედავთ უცხოეთის სცენებზე. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი სკოლა გვაქვს, რომელიც ატარებს იტალიურ ტრადიციებს. იმას, რაც სამწუხაროდ იტალიაში იკარგება, საქართველო ინარჩუნებს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ ქართველებს გენში გვაქვს მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარული. ამაზე ჩვენი საუცხოო ფოლკლორიც მეტყველებს.

- სტუდენტობის წლებში რომში მარტო ცხოვრობდით?

- მილანში ერთ არაჩვეულებრივ რუს ქალბატონთან ერთად ვცხოვრობდი. სხვათა შორის, იტალიაში გამგზავრებამდე ანიტამ დამირეკა და მითხრა, რომ საცხოვრებლად აუცილებლად, კირასთან მივსულიყავი. ჩემამდე, მასთან ცხოვრობდნენ: ანიტა რაჭველიშვილი, ქეთი ქემოკლიძე და კიდევ რამდენიმე ქართველი მომღერალი. ამ ქალბატონს, რომელიც 80 წელსაა მიტანებული, ძალიან უყვარს მუსიკა და კვირაში ერთხელ მაინც ესწრება კლასიკური მუსიკის კონცერტს. ძალიან მზრუნველი და თბილი ადამიანია. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ვიცოდი, რომ იქ დამხვდებოდა ქალი, ვინც ოჯახის წევრივით ჩამიკრავდა გულში. მასთან ნებისმიერ თემაზე შემეძლო საუბარი.

- დაოჯახებული ბრძანდებით...

- დიახ, მაგრამ პირად ცხოვრებაზე სახალხოდ ლაპარაკი საჭიროდ არ მიმაჩნია (იღიმის).

- ის მაინც გაგვიმხილეთ: თქვენი მეუღლე პროფესიით ვინ არის?

- იტალიელია, პროფესიით - კინომცოდნე და ხელოვნების აკადემიაში პედაგოგად მუშაობს. საერთოდ, მომღერალს გვერდით უნდა ჰყავდეს ისეთი ადამიანი, ვისაც საკუთარ ემოციებს ნებისმიერ დროს გაუზიარებს. შეიძლება, რადიკალურად განსხვავებული პროფესია ჰქონდეთ, მაგრამ უნდა მოსწონდეს ის, რასაც აკეთებ და კარიერულ წინსვლაში ხელს უნდა გიწყობდეს.

GzaPress

- თქვენი მეუღლე საქართველოში ნამყოფია?

- რა თქმა უნდა, ნამყოფია და ძალიან მოსწონს საქართველო, ყველაფერი ქართული: ფოლკლორი, კერძები, ბუნება (იღიმის).

- მისი პროფესიიდან გამომდინარე, ქართული ფილმები თუ გააცანით?

- რამდენიმე კლასიკად ქცეული ფილმი ნანახი აქვს. ვიცი, რომ "ჯარისკაცის მამა" ძალიან მოსწონს.

- რამდენად გახსნილი ხართ კოლეგებთან? მათთან მეგობრება თუ გამოგდის?

- რა თქმა უნდა, ნებისმიერ პროფესიაში შეიძლება შეგხვდეს ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობას ააწყობ, ვის გვერდითაც თავს კარგად იგრძნობ. ჩემი ახლო მეგობარია ანიტა. ის სიგიჟემდე მიყვარს... მაღიზიანებს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ზურგს უკან ჭორაობა უყვართ, სხვებს ყველაფერში ეჯიბრებიან.

- იცით ალბათ, რომ თბილისის ოპერის თეატრში რემონტი მალე დასრულდება და ოქტომბერში შენობის გახსნა გალა-კონცერტით იგეგმება...

- დიახ, შენობის რესტავრაცია 2009 თუ 2010 წელს დაიწყო. თბილისის ოპერის გახსნა ყველას გვახარებს. დაბოლოს, იმასაც გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს ქართველი მსმენელი.

ანა კალანდაძე