”გალაკტიონს თავი არ მოუკლავს”! - გზაპრესი

”გალაკტიონს თავი არ მოუკლავს”!

არაერთხელ ყოფილა - გალაკტიონი და მე სტუმრად ვიყავით, ზღაპრული სუფრა გაიშალა, ბიძაჩემმა თქვა: ჩემს ნოდარს ლიმონათი მიართვით! ამას შეგნებულად აკეთებდა, რადგან აბჯართმტვირთველი არ უნდა დამთვრალიყო. რა მევალებოდა? გალაკტიონი უნდა წამეყვანა სახლში, მეორე სართულზე ამეყვანა, საძინებელში მომეთავსებინა, მომევლო და ა.შ". - ასე დაიწყო ჩვენი საუბარი. პოეტის ძმისშვილი, ნოდარ ტაბიძე და მე, ბატონი ნოდარის კაბინეტში ვსხედვართ. მაგიდაზე გალაკტიონის წიგნი დევს.

- ბატონო ნოდარ, ალბათ, დღე არ გავა, გალაკტიონს რომ არ გადახედოთ?

GzaPress- რა თქმა უნდა, გალაკტიონის წიგნი ყოველთვის მაგიდაზე მიდევს. ეს წიგნი უნიჭიერესი კაცის, მურმან ლებანიძის გამოცემულია. ერთხელ ვახტანგ ჯავახაძესთან მურმანი და კიდევ რამდენიმე პოეტი ვქეიფობდით. ქეიფის დასასრულ მურმანმა მითხრა, - უნდა გაგაცილოო. - მურმან, ძვირფასო აქვე ვცხოვრობ, რა გაცილება მინდა-მეთქი? - არაო, დაიჟინა. გზაში მითხრა: ბოლო ხანს გალაკტიონი ძალიან ხშირად მესიზმრება და მსაყვედურობს, რატომ მიმატოვეთ უყურადღებოდო? არ ვიცი რა ვქნა, სანთელი მინდა ავუნთოო. ჭყვიშში ჩამოსვლა შევთავაზე, ძალიან გაუხარდა. მართლაც, ბატონმა მურმანმა ქუთაისში ცხვარი იყიდა და სათანადოდ "შემკული" ჩამოვიდა. ოთხი დღის მანძილზე ჩემი ბებია-ბაბუის საფლავზე გავდიოდით და ხან ის თამადობდა, ხან - მე. მურმანს გალაკტიონი უზომოდ უყვარდა.

- თქვენ არ გესიზმრებათ ხოლმე?

- იშვიათად. ზოგჯერ, მავანთა მიერ, სიზმრის აღწერა მოჩვენებითია, ამიტომ ამაზე ხაზგასმა არ მიყვარს.

- მარჯანიშვილის ქუჩაზე როცა ცხოვრობდით, ის პერიოდი გაიხსენეთ.

- გალაკტიონთან არავინ მოდიოდა, ჩაკეტილად ცხოვრობდა, მეგობარი არ ჰყოლია. ერთადერთხელ არჩილ სულაკაური მეგობართან ერთად მოვიდა, ალმანახი "პირველი სხივი" მოუტანეს. კალე ბობოხიძე გვერდით სახლში ცხოვრობდა. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა ის დაპატიჟა და პატარა სუფრა შუშაბანდში გაუშალა. ეს იყო და ეს. გალაკტიონი სულ პაპიროსს ეწეოდა. კაბინეტი მუდამ დაულაგებელი ჰქონდა. ერთხელ ვკითხე: - საქართველოში ვინ არის თქვენ შემდეგ დიდებული პოეტი? ისეთი პიროვნება დაასახელა, რომ ჩემი სახე ღიმილმა დაფარა. მიხვდა თავადაც, რომ არაზუსტი პასუხი გამცა და დაამატა: - არაჩვეულებრივად პატიოსანი კაცია, ნაღდი კომუნისტიო. პოეტ გიორგი ქუჩიშვილს ახლობლად თვლიდა. ეს იმითაც აიხსნება, რომ ორივეს ერთნაირი გატაცებები ჰქონდათ. ისინი ერთმანეთს არამარტო პოეზიის, არამედ მშფოთვარე ბოჰემური ცხოვრებითაც უახლოვდებოდნენ. ორივე ერთ სახლში ცხოვრობდა. ჩვენ მეორეზე სართულზე, ქუჩიშვილი - მეოთხეზე, ამიტომ ყოველთვის ერთად იყვნენ. გალაკტიონს არასოდეს მის პოეზიაზე სიტყვა არ დაუძრავს, მაგრამ უბრწყინვალეს მოქალაქედ და თუ გნებავთ, კარგ "ლოთად" თვლიდა. ჩვენს ქუჩაზე ტრამვაი დადიოდა. ვერადან ჩამოუხვევდა, მარჯანიშვილის ქუჩაზე გამოუხვევდა და მერე პლეხანოვზე მიდიოდა. 1937 წელი იყო, გალაკტიონი ტრამვაიდან ჩამოდიოდა. თავის სახლს გახედა, სადარბაზოსთან სამი კაცი იდგა. მიხვდა, დაჭერას უპირებდნენ და მორჩა, გალაკტიონი გაქრა. კიბის საფეხურთან შეჩერდა და აყვირდა: - ხალხო, უშველეთ საქართველოს სახალხო პოეტს, მოსაკლავად მოსდევენ! იმწამსვე ვიღაც ახალგაზრდები მასთან გაჩნდნენ და ის სამი კაცი უცებ გაუჩინარდა. მისი მონაყოლია.

GzaPress- გალაკტიონის ფოტოებზე ვისაუბროთ, მასთან ერთად გადაღებულ სურათებზე.

- აბა წავიდეთ, გავისეირნოთო, იტყოდა და მივდიოდით. მისი უკანასკნელი ფოტოს ისტორია ასეთია: გავისეირნეთ და ვორონცოვის მოედანს მივუახლოვდით. მოდი, ერთი სურათი გადავიღოთო. იქვე, ფოტოატელიეში შევედით. ხელი გადამხვია და სურათი გადავიღეთ. გარეთ გამოვედით - ახლა, შენ შენი გზით წადი და მე ჩემი გზით წავალო, მითხრა. გავოცდი, იშვიათად ხდებოდა ასე, რადგან მუდამ თან უნდა ვხლებოდი. ეს ფოტო გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიღეთ და მისი დაკრძალვის შემდეგ გამოვიტანე. ცოტა ადრინდელი ფოტოა სამაიას ბაღში, შადრევანთან გადაღებული. კარგ ხასიათზე იყო, ხარხარებდა. თბილისში არცერთი დიდი ფოტოგრაფი არ დარჩენილა, ვის ატელიეშიც სურათი არ გადაუღია და ყოველთვის დასძენდა ხოლმე: - ძამიკო, ეს ფოტო გამოაკარი! ისინიც თხოვნას უსრულებდნენ. სურათებს ძირითადად მარტო იღებდა.

- სითბოს როგორ გამოხატავდა, იცოდა მოფერება?

- მოფერება არ იყო მისთვის ნიშანდობლივი, ვერ გადაგეხვეოდა. ერთი რამ იცოდა, თუ რამე აწუხებდა ან რამის თქმა უნდოდა, პირველ რიგში, ჩემთან მოდიოდა. ჩემი პატარა ოთახის კარს შემოაღებდა და სასთუმალთან ჩამომიჯდებოდა. ერთხელ მომიყვა: გაიგე, მწერალთა კავშირში რა მომხდარა? თურმე, ღამის ათ საათზე შუქი ჩაქრა და მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანს თელასში დაურეკავს. - რა ხდება? აქ, მწერლები ვმუშაობთ, თქვენ კი შუქს გვირთავთ. ეს რას ჰგავსო? იქიდან უპასუხეს - რუსთაველის დროს ელექტროენერგია არ იყო, მაგრამ "ვეფხისტყაოსანი" დაწერაო. გალაკტიონი ხარხარებდა, პასუხი ძალიან მოეწონა. ამ ამბავს ხშირად იმეორებდა.

- თქვენ გადაგიშლიათ მისთვის გული?

- მასთან გულის გადაშლა როგორ შეიძლებოდა? გალაკტიონს უნდა მოფერებოდი, მიჰყოლოდი, მისთვის ყველაფერი უნდა გაგეკეთებინა და თან, მუდამ უნდა გეგრძნო, რომ შენ მეფის წინაშე ვალდებული ხარ. ეს თავიდანვე გაცნობიერებული მქონდა და ჩვენი ურთიერთობაც ამ კუთხით ვითარდებოდა.

- როდის რთულდებოდა ურთიერთობა?

- როცა ლოთობის ხანა იწყებოდა, გამუდმებული სმა დილიდან საღამომდე ამაზრზენ სახეს იღებდა. ვეხვეწებოდი, - ბიძაჩემო, "ლეჩკომბინატში" წავიდეთ-მეთქი, მაგრამ არ მომყვებოდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ძლივს დავაწვინეთ. მაშინ უნდოდა გალაკტიონს ყურადღება, ლოთობის ზარხოშიდან გამოსვლა ურთულესია - ადამიანმა შეიძლება სისულელე ჩაიდინოს. ჩემი ვარიანტი ასეთია: გალაკტიონს თავი არ მოუკლავს. დაუკვირდით, ფანჯარასთან სკამი დგას, ზედ დაკეცილი ხალათია გადადებული. ის ფანჯრიდან იყურებოდა, ეგონა, რომ ქვემოთ ზღვა ლივლივებდა და გადაეშვა. ნახევარი საათის შემდეგ დამირეკეს, - გალაკტიონი დაიღუპაო. გავიქეცი, დირექტორის კაბინეტში შევედი. იქ უნივერსიტეტის პრორექტორი, სერგო ჯორბენაძე იჯდა. დამაეჭვა მისმა იქ ყოფნამ. მითხრა - ისე შემოვიარეო. სინამდვილეში, ფაქტის იურიდიულად გასაფორმებლად გამოიძახეს. ბიძაჩემი მხოლოდ რაღაც დროის შემდეგ მაჩვენეს. რატომ? გასაგებია. როცა ის დაეცა, გამოფხიზლდა და ტანჯვა სახეზე აესახა. გარკვეული პროცედურების შემდეგ ის ანგელოზოვით იწვა. გალაკტიონი სახლში არ წავასვენე. ვერავის ავუხსნიდი, რომ სახლი ანგრეულ-დანგრეული და მოსაწესრიგებელი იყო, ამიტომ პირდაპირ მწერალთა სახლში გადავასვენეთ, შემდეგ დიდებულ სავანეს - მთაწმინდას მიაბარეს.

- მისი ცხოვრების ყველა წვრილმანი იცით. რამე ისეთი დეტალი არის, რაც გაოცებდათ?

GzaPress- ერთი ფაქტი როცა აღმოვაჩინე, შევშფოთდი: გალაკტიონი 12 წლის იყო და დეიდასთან დასასვენებლად წავიდა. გალაკტიონის დედა დას სწერდა - "ყურადღებით იყავი, ლოთობა დაიწყო". ძალზე საგულისხმო ფაქტია. 12 წლისა ალკოჰოლისადმი გარკვეულ მიდრეკილებას ამჟღავნებდა. ე.ი. თავიდანვე, ღვინო და არაყი მისთვის ერთგვარი შვება, მოთხოვნა და სხვა სამყაროში გადასვლა იყო. სხვათა შორის, წყენის დამახსოვრება იცოდა. 20-იან წლებში რაჟდენ კალაძემ (კარლო კალაძის მამა) გალაკტიონის წინააღმდეგ მძაფრი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა. ერთხელ მწერალთა კავშირიდან გამოვედით. კალაძე მაჩაბლის ქუჩაზე ცხოვრობდა. უცებ გალაკტიონმა კარლო შენიშნა, რომელმაც გვერდის ავლა სცადა. გალაკტიონმა უთხრა: ძამიკო კალე, საით მიდიხარ, მოდი აქ! რაღას იზამდა? მოვიდა. გალაკტიონმა ქამარში ხელი ჩაავლო: - ნოდარ, იცი ვინ არის ამისი მამა? - მომიბრუნდა მე. - როგორ არა, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რაჟდენ კალაძე, - ვუპასუხე. - ეს ჩვენი რაჟდენი შუა ზაფხულში ვირზე შეჯდებოდა, ქოლგას დაიხურავდა და ვირს მიაჩაქჩაქებდაო, - გალაკტიონმა გადაიხარხარა, ამგვარად დასცინა წარსულის გამო. კარლომ ძლივს გაითავისუფლა თავი და გაიქცა. მისი უცნაურობის ბევრი დეტალი მახსოვს.

- გალაკტიონის წიგნების ყველა გამოცემა გაქვთ, რომელია თქვენთვის განსაკუთრებული?

- 1919 წელს "არტისტული ყვავილები" გამოვიდა. ეს იყო მოვლენა ქართულ პოეზიაში, ამ წიგნის გამო აირჩიეს პოეტთა მეფედ. ყველაზე საუკეთესო გამოცემაა 1927 წლის რჩეული "ზარნიშიანი წიგნი". შემდეგ წლებში უამრავი ტომეული და კრებული გამოვიდა, მაგრამ გალაკტიონი ამ წიგნს ყველაზე მეტად აფასებდა.

- გალაკტიონის მთავარი სიყვარული ოლია ოკუჯავაა, კიდევ ვინ იყო?

GzaPress- გალაკტიონს ოთხი ცოლი ჰყავდა. მისი არაოფიციალური ცოლი, დიდებული ქალი ლიდია მეგრელიძე იყო, თუმცა მას ქმარიც ჰყავდა. ქალი თავის დღიურებში წერდა, როგორ უყვარდა გალაკტიონი და მას ქმარს ეძახდა. "ის გარეწარი, ლოთი მოვკლათ?" არის ასეთი ჩანაწერიც, ლიდიას ნათესავებს ეკუთვნით ეს ფრაზა. მათი სიყვარულის ამბავი საკმაოდ გახმაურებული იყო. ყოველთვის, როდესაც გალაკტიონობა იმართება, რასაც შემდეგ პატარა სერობა მოყვება ხოლმე, როგორც თამადა, ამგვარ სადღეგრძელოს ვამბობ: ამ ოჯახის მთავარ დიასახლისს, ოლია ოკუჯავას გაუმარჯოს! ვისაც ამ წყვილის წერილები, ერთმანეთთან მიმოწერა წაკითხული აქვს, ის გაოცდება მათი ზეციური და ამაღლებული სიყვარულით.

- არსებობს ისეთი ლექსის ხელნაწერი, რომელიც არასოდეს დაბეჭდილა?

- ძნელი სათქმელია, გალაკტიონი ყველაფერს ბეჭდავდა. მე რა ხელნაწერებიც მაქვს, ყველა გამოქვეყნებულია.

- მის ლექსებზე უამრავი სიმღერა დაწერილა...

- გალაკტიონის ლექსი თავად მუსიკაა, ამიტომ ბუნებრივია, იგი უნდა ჟღერდეს. კიდევ ბევრი საუკეთესო სიმღერა დაიწერება მის ლექსებზე.

- ჭყვიშში სახლ-მუზეუმი რა მდგომარეობაშია?

- სახელმწიფო ყურადღებას აქცევს. გალაკტიონის სახლის გვერდით საკმაოდ დიდი სახლ-მუზეუმია, დაახლოებით 15 კაცი მუშაობს. სახლის რიკულები დაძველდა და ამას წინათ გამოცვალეს. ძველი სახლი საინტერესოა ტრადიციული ქართული აივნით და ოთახით, რომელსაც ფიცრული იატაკი და ჭერი აქვს.

ნანული ზოტიკიშვილი