იტალიური "პროფუჟენის" ქართველი დამაარსებელი
მუსიკოსი, დრამერი ლადო სიჭინავა რამდენიმე წელია, იტალიაში ცხოვრობს. მან სიცილიელ მეგობართან - ჯონათან კარადონასთან ერთად ჯგუფი "პროფუჟენი" დააარსა და იტალიასა თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით გამოდის. იმ კომპოზიციებიდან, რომელსაც ლადო მეგობრებთან ერთად უკრავს, ზოგიერთი ქართული ფოლკლორის ელემენტებსაც შეიცავს. მაგალითად, იტალიელების მიერ ნამღერი მეგრული "ჭუტა ჭანი" იქაური მსმენელისთვის საკმაოდ ნაცნობი და საყვარელია. მეგობრებს ქართულ სიმღერებსა და საგალობლებსაც ასწავლის, ჩვენს კულტურას აქტიურად აცნობს.
- როკი ძალიან მრავალმხრივი და საინტერესო მუსიკალური მიმდინარეობაა. პირადად მეც, კლასიკად ქცეულ ჯგუფებს ბავშვობიდან ვუსმენ, მაგრამ საქართველოში ეს ჟანრი ბევრისთვის ისევ, რაღაც სატანურთან ასოცირდება (ასეთი ჯგუფებიც არის, რა თქმა უნდა). ინსტრუმენტების ის ერთობლიობა და ჟღერადობა, რომელიც როკმუსიკას ქმნის, ნებისმიერ მელოდიას ალამაზებს და ამ სტილში ცოცხლად შესრულებული სიმღერები თბილისის ბარებშიც პოპულარობით სარგებლობს. კიდევ უფრო საინტერესოა, როცა ამ ყველაფერს ქართული ხალხური საკრავები ემატება და ეს სინთეზი დახვეწილად არის წარმოჩენილი. თქვენ როდის აღმოაჩინეთ როკი, როგორც მუსიკა, რომელიც უნდა დაგეკრათ?
- საერთოდ, ყველაფერი, რაც იდუმალია და რაც არ იცი, ყოველთვის ცუდი, გაუგებარი ან რთული გეჩვენება. ჩემი აზრით, ყველა ჟანრში შეიძლება სატანისტური მესიჯის გადატანა, ქვეტექსტის, შინაარსის გადაცემა. მაგალითად, ნინა სუბლატის გამოსვლაში სატანისტური ელემენტების ძიება რომ დაიწყეს, ეს სულაც არ იყო სატანისტური; ასე ვთქვათ, ჩრდილო ქვეყნების კულტურის მიბაძვა იყო, გოტიკური, ნორდ-ჩაცმულობით. შეიძლება, ვინმე თეთრ სამოსში გამოვიდეს სცენაზე და მშვენიერი, მელოდიური სიმღერით სატანას უმღეროს. ჯერ ტექსტისა და მუსიკის ანალიზი უნდა გავაკეთოთ და მერე ვისაუბროთ. როკმუსიკა ემოციების გადმოცემის ერთ-ერთი ფორმაა. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი თავის ნაწარმოებებს რომ ასრულებდა, იმ ეპოქაში ყველას ძალიან ხმამაღალი და ხმაურიანი ეგონა. ვხუმრობ ხოლმე, - ბეთჰოვენი იმ დროის მეტალისტია-მეთქი. რაც შემეხება მე, "მეტალიკის" "ბლექ ალბომი" რომ გამოვიდა, ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ჩემი ინტერესები სრულიად შეცვალა.
- დრამერობაზე ბევრი ოცნებობს, "უდარნიკზე" ჯოხების რიტმულად "ბრახუნს" დიდი "მუღამი" და ადრენალინი აქვს, არა? რას ნიშნავს შენთვის ეს ინსტრუმენტი და ზოგადად, მუსიკოსის პროფესია?
- "ყველაფერი რომ მოვსინჯე, ბოლოს გიპოვე!" - ასეთი შეგრძნება მქონდა. ახლა, როცა ჩემს ჯგუფთან ერთად კომპოზიციებზე ვმუშაობ, არასდროს მაქვს მხოლოდ დრამერული მიდგომა, მთლიან პროდუქციაზე ვფიქრობ, ყველა პარტიაზე. დაკვრის დროს, რაც უნდა ცუდად ან კარგად ვიყო, ნეიტრალურ სამყაროში ვარ და აქცენტს მუსიკის მთლიან შეხმატკბილებლობაზე ვაკეთებ... საერთოდ, ყოველთვის მუსიკალური ბავშვი ვიყავი. თურმე, როცა გავჩნდი, დედას სამშობიაროში ეხუმრებოდნენ, - სულ კივის, ყველას აღვიძებს, ეს ოპერის მომღერალი გამოვაო (იცინის). მომღერალი არ გავხდი, მაგრამ 6-7 წლისა ჭურჭელს ვარახუნებდი, მიხვდნენ, რითმის კარგი შეგრძნება მქონდა და გადაწყვიტეს, "მზიურის" ხელმძღვანელთან წავეყვანეთ. უნდოდათ, გიტარა მესწავლა. პედაგოგმა ინსტრუმენტების ამორჩევა რომ შემომთავაზა, სულ დრამს გავცქეროდი, რაც მაშინ დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, მე კი დასარტყამი ინსტრუმენტის გარდა, არაფერი მაინტერესებდა და ტირილი დამიწყია, ხელმძღვანელის მაგიდის ქვეშ შევმძვრალვარ და კარგა ხანს აღარ გამოვსულვარ (იცინის). სამოქალაქო ომის დაწყებამდე პირველ საშუალო სკოლაში დავდიოდი. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გუნდს ამზადებდნენ გია ყანჩელის ოპერისთვის "და არს მუსიკა" და "ხმებს" კლასიდან კლასში ეძებდნენ. გუნდში მეც ამიყვანეს, მეორე სოპრანო ვიყავი. როცა პირველი სკოლა გადაწვეს, ავჭალის 118 სკოლაში განვაგრძე სწავლა და იქვე მდებარე ვიქტორ დოლიძის სახელობის მე-15 სკოლაში, ფორტეპიანოს სწავლა ვეტა ნონიევას კლასში დავიწყე, და იქ ფორტეპიანოს კლასში 5 წელი ვისწავლე, მერე თენგიზ გამიდაძესთან ნიჭიერთა ათწლედში, გიტარაზე დავდიოდი, კლასიკური განხრით. თუმცა, ქალაქურ სიმღერებს მანამდეც ვუკრავდი, მერე ესეც მივატოვე. "მეტალიკის" მოსმენის მერე, თენგიზ მასწავლებელს ვუთხარი, გიტარა ძალიან მიყვარს, მაგრამ მინდა, დასარტყამი ინსტრუმენტები ვისწავლო-მეთქი და "მზიურში" გურამ ტეცოშვილს გადაურეკა. იქ "დრამ სიმულატორს" ვერ გავცდი, რადგან მალევე წამოვედით იტალიაში.
- დრამის შესწავლა იტალიაშიც განაგრძეთ, პროფესიონალთან. რა გარდატეხა მოხდინა თქვენში და რა შეიძინეთ მისგან?
- სკოლის დამთავრების შემდეგ, ინფორმატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მუსიკასაც არ ვეშვებოდი. იტალიურ სკოლაში პროფესიონალ დრამერთან - ჯანი ჩერონესთან სამი წელი ვისწავლე. თუმცა, დამოუკიდებლადაც ბევრ რამეს ვაკეთებდი, ფაქტობრივად, თვითნასწავლი ვარ და ჩემი ჯგუფის პირველ ალბომზე უკვე მაშინ ვმუშაობდი. ვცდილობდი, ის ამეთვისებინა, რაც ჩემი კომპოზიციებისთვის გამომადგებოდა. პედაგოგი სხვადასხვა ჟანრის მუსიკას მასმენინებდა, თუნდაც, "ტოტო", "ლედ ზეპელინ", "ქუინი". სხვადასხვა სფეროს დრამერების მუსიკისადმი მიდგომა დამანახვა. დრამერი არ არის მუსიკოსი, რომელიც მხოლოდ "ბარაბანს" ურახუნებს, მელოდიის გულისცემაა. ისე უნდა უკრავდეს, რომ სიამოვნებით უსმენდე, არ კოჭლობდეს, რითმს უნდა გაგრძნობინებდეს. მუსიკის მოსმენა, მასზე დაკვირვება, ჟანრის გაანალიზება მასწავლა. საერთოდ, მოდერნისკენ მიდრეკილება ჯერ კიდევ ავჭალის მუსიკალურ სკოლაში სწავლის დროს მქონდა, მხოლოდ კლასიკური არ მაკმაყოფილებდა და მასწავლებელიც სულ ცდილობდა, რაღაც სხვა პროგრამა მოეტანა ჩემთვის.
- როგორია როკმუსიკოსების ცხოვრება კლასიკური მუსიკის ქვეყანაში? რამდენად დაფასებულია თქვენი საქმე?
- პირადად მე, როგორც მუსიკოსი, თავს ამ საქმით ვერ ვირჩენ, რადგან ჩვენი მუსიკა არაკომერციულია. ერთადერთი შეღავათი ის არის, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენის საშუალება ნაკლებ ფასად შეგვიძლია, ზოგიერთ ინსტრუმენტს კი უფასოდ გაძლევენ, სამაგიეროდ, მათი სახელი დისკში, კონცერტების დროს უნდა გამოჩნდეს. კონცერტები პატარა პაბებში უნდა გამართო, თუ ისეთი მენეჯერი არ გყავს, რომელსაც შეუძლია, ნაცნობობით უკეთეს ადგილას გაგიყვანოს. ქავერ ბენდი ბევრია, მაგრამ მე სხვისი სიმღერების დაკვრა არ მიყვარს. რთული გზა ავირჩიე და ვუკრავ მხოლოდ იმას, რაც მომწონს.
- როგორ შეიქმნა "პროფუჟენი"?
- ჯგუფი მე და ჩემმა სიცილიელმა მეგობარმა - ჯონათან კარადონამ დავაარსეთ. ის პიანისტია. იტალიელები ტემპერამენტიანი ხალხია, ჩვენ ძალიან გვგვანან და როდესაც მუსიკას ერთად ვწერთ, ზოგჯერ ისე გვესმის ერთმანეთის, რომ არაფრის ახსნა არ არის საჭირო. ძმური დამოკიდებულება გვაქვს. "ჭუტა ჭანი" რომ დავამუშავეთ, ლაზური ტექსტი გამოვიყენეთ. მესამე ალბომზე მამუკა ღაღანიძე დავპატიჟეთ, როგორც "სპეციალ გუესტ" "შინიდან". სხვათა შორის, ანიტა რაჭველიშვილთან ვთანამშრომლობთ. მალე გამოვა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ვმუშაობთ ახალ კომპოზიციებზე. ჩვენი წევრებიდან: ლუკა ლატინი ვოკალისტია, ლუკა კამბი ბას გიტარაზე უკრავს, თომას ლაგუცი - გიტარისტია, იაკოპ პეტინი კი საუნდ ინჟინერი გახლავთ.
- ქართული ფოლკლორის ელემენტები ჯგუფის წევრებისა და მსმენელისთვის რამდენად კარგად აღსაქმელია? როგორ მოსწონთ ეს სინთეზი ტემპერამენტიან იტალიელებს?
- ევროპელებს მოსწონთ და სიამოვნებთ ქართული ჟღერადობა. მსმენელი ყველგან ერთმანეთს ჰგავს... ჩვენ ეკლექტიკურ როკს ვუკრავთ. "პროფუჟენ" თაიგულს ნიშნავს. ბევრს ჰგონია, რომ პროგრესივ ჟანრს და ფუჟენს ერთმანეთში ვურევთ, არადა, ნებისმიერი ჟანრია, მთავარია, კარგი მუსიკა იყოს. ახალ ალბომში ყველა იმ ჟანრის სინთეზია, რომელიც ჩვენ მოგვწონს - ჰევი მეტალი, ოპერა, კლასიკური მუსიკა, პოპი, სოული, არ ენდ ბი და ა.შ. ერთ-ერთ კომპოზიციაში დაბსტეპიც კი გვაქვს გამოყენებული.
- ამჟამად "პროფუჟენის" რომელი სიმღერაა ყველაზე პოპულარული?
- ნებისმიერი მსმენელისთვის - "ჭუტა ჭანი", რომელიც 2012 წელს გამოვიდა. ამ სიმღერით ბევრი ქვეყანა მოვიარეთ და ხალხი მისამღერს ღიღინებდა, საქართველომ კი ახლა გაიგო მისი არსებობის შესახებ. იტალიელი რომ მეგრულად მღერის და ფრანგი ღიღინით აჰყვება, სასიამოვანო არ არის? ვიდეო იტალიაშია გადაღებული. კლიპის რეჟისორს - კლიცია კორტის სიგიჟემდე შეუყვარდა საქართველო, ქართული კულტურა, ცეკვა, განსაკუთრებით - ქალების მოძრაობები და შეეცადა, სიმულაცია გაეკეთებინა, ქართული ელემენტები შეეტანა. ეს სიმღერა ხომ დედაზეა, რომელიც შვილს უმღერის. ახლა შემდგომზე მუშაობს, ახალ კომპოზიციას Vანიტყ Fაირ ჰქვია, ფსიქოლოგიური ვიდეოა და ქალზე ძალადობას გმობს.
- თავისუფალ დროს რას აკეთებთ? გართობა იტალიურად - როგორია?
- იტალიური გართობა ხალისიანია, მაგრამ მოწყენილობაც თან სდევს. თუმცა, თუ სუფრას ქართველი უზის, ყოველთვის დიდი მხიარულებაა ხოლმე. ჩემს უცხოელ მეგობრებს ქართული საგალობლები და სიმღერები ვასწავლე. თუ ჩვენი მუსიკა დღეს რამეს წარმოადგენს, ეს ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობის დიდი დამსახურებაა. ევროპელი მუსიკოსი ცდილობს, რაღაცები იწავლოს, ჩვენთვის კი ეს ყველაფერი ნატურალურია, გენსა და ბუნებაში გვაქვს... მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, რომ ხელს მიწყობენ და ყველანაირად მხარში მიდგანან. ჩემი ძმა - კოტე ახლა სომხურ დუდუკზე დაკვრას სწავლობს, 8 თუ 9 მუსიკალური ინსტრუმენტი აქვს. ამას წინათ, კავკასიურ-რუსული ფართი ჩავატარეთ - ქართულ-სომხური კერძებითა და მუსიკით. ჰოდა, კოტემ იქ დაუკრა, იტალიელებმა კი ვიქტორ ცოის სიმღერები შეასრულეს და კარგი საღამო გამოგვივიდა!
- მესამე ალბომის გამოშვების შემდეგ, საქართველოში გასტროლზე ხომ არ ფიქრობთ?
- ჩემი დიდი ოცნებაა კონცერტის ჩატარება - ანაკლიაში ("ჭუტა ჭანში" ხომ ეს ადგილია ნახსენები), ბათუმში, სოხუმში, ცხინვალში, თბილისში... სოხუმსა და ცხინვალში თუნდაც, ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით მოგვიწიოს გამოსვლამ, მაინც კარგი იქნება კონცერტის გამართვა. საბრძოლველად არავინ მიდის, მუსიკა კი ყველასთვისაა. კიდევ, სურვილი მაქვს, ჩვენი კომპოზიციები დიდ ორკესტრთან ერთად შევასრულო და ანიტა რაჭველიშვილთან, როკ ბენდთან ერთად ექსპერიმენტი გავაკეთო. წინა ალბომში ჩვენი ერთი კომპოზიცია ქალბატონმა მაია ბარათაშვილმაც შეასრულა, რომელთანაც დიდი ხანია, ვმეგობრობ. საერთოდ, კარგი იქნებოდა, საქართველოში მუსიკალურ სკოლებში მოზარდებს თანამედროვე მუსიკის დაკვრა შეასწავლონ და მერე ბევრი კარგი ჯგუფი და ბენდი შეიქმნება, ფესტივალები ჩატარდება და ა.შ. ამჯერად ჯგუფი ახალ ალბომზე - Pჰერსუ-ზე მუშაობს, რაც ეტრუსკულ ენაზე ნიღაბს, ან ადამიანს (პერსონაჟს) ნიშნავს, ალბომი ივლისის დასასრულს გამოვა სავარაუდოდ. დაბოლოს, იყავი ის, ვინც ხარ და არ დაგავუწყდეს როკ ენ როლი!
თამთა დადეშელი