"მაზლმა სიცოცხლე გამიმწარა" - გზაპრესი

"მაზლმა სიცოცხლე გამიმწარა"

"გამარჯობა. მიხარია, ასეთი კარგი რუბრიკა რომ გაქვთ. ძალიან მინდა, დამიკავშირდეთ. ერთი სული მაქვს, ჩემს თავგადასავალს როდის გიამბობთ. მეც ძალიან მატკინეს გული. ამ ხნის ქალი ვარ და ძველი წყენა ვერ დავივიწყე. მინდა, ახალგაზრდა გოგონებს ვურჩიო, თავი არავის დააჩაგვრინონ... ქმარმა და მისმა ძმამ გამიმწარეს ახალგაზრდობა, მშობლებმა კი ჩემი დახმარება არ ინდომეს... მხოლოდ სიბერეში მივაღწიე მიზანს. ახლა თავს ბედნიერად ვგრძნობ საყვარელი ადამიანის გვერდით, მაგრამ ძველ ტკივილს ვერ ვივიწყებ... პატივისცემით, მედია, 68 წლის".

ქალბატონ მედიასთან ინტერვიუ ამ მესიჯის მიღებიდან რამდენიმე დღეში ჩავწერე და გაოგნებული დავრჩი მის თავს გადახდენილი ამბით. მაზლი, რომელზეც ქმრის ოჯახში შესვლისთანავე მოუხდა ზრუნვა, ნამდვილი დესპოტი აღმოჩნდა.

- ეჰ, შვილო, რომ იტყვიან, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩემს თავზე, თორემ ბევრი რამის გადატანა მომიხდა. რაიონში გაზრდილსა და სწავლამოწყურებულს არავინ მაღირსა უმაღლესში ჩაბარება. ჩემი მშობლები საშუალო განათლების მქონეები იყვნენ და სწავლა-განათლებაზე მეტად, იმ დღეზე ოცნებობდნენ, როცა სამ ქალიშვილს გაგვათხოვებდნენ და მერე ნაბოლარა ვაჟს ცოლს შერთავდნენ. 16 წლის ვიყავი, როცა პირველსავე მაჭანკალს, რომელიც კარს მოგვადგა, ხელი ჩამოართვეს ყველანაირი გაგებით. სასიძო ისე მოიწონეს, რომ თვალითაც არ ჰყავდათ ნანახი. მასზე მხოლოდ ის იცოდნენ, რომ დედა არ ჰყავდა, მამა ქარხანაში მუშაობდა. ჩემი მომავალი ქმარი ჩემზე 10 წლით უფროსი იყო და მასაც ჰქონდა შემოსავალი. თურმე, ოჯახს სჭირდებოდა გოგო, რომელიც სახლს ხელს შეავლებდა. როგორც მაჭანკალი ამტკიცებდა, თუ ამ ოჯახის რძალი გავხდებოდი და ცოტაოდენ ფხას გამოვიჩენდი, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ერთადერთი კითხვა, რაც ჩემმა მშობლებმა დასვეს, ვიდრე გამათხოვებდნენ, ასეთი იყო: ჩვენი სასიძოს ძმას სახლი აქვს თუ როცა ცოლს მოიყვანს, ისინიც ამათთან ერთად იცხოვრებენო? მაჭანკალმა დედაჩემი დაამშვიდა: ჯერ ცალკე სახლი მისთვის არ უყიდიათ, მაგრამ მამამისს ეგ არ გაუჭირდება, ცალკე დაასახლებს, მიწა უკვე ნაყიდი აქვსო. მერე მახსოვს, ჩემს სანახავად მოვიდნენ ვიღაცები და შემამოწმეს ისე, როგორც გასაყიდ ძროხას ამოწმებენ ხოლმე, მერე დამავლეს ხელი და წამიყვანეს. არ უკითხავთ, მინდოდა თუ არა გათხოვება ან იქნებ მყავდა შეყვარებული. ჩემი სურვილი ყველასთვის უმნიშვნელო იყო. ჩემმა მშობლებმაც ამოისუნთქეს უფროსი ქალიშვილის დაბინავების შემდეგ, ახლა მხოლოდ 2 ქალიშვილი დარჩათ "გასასაღებელი".

- საქმრო გარეგნულად მაინც თუ მოგეწონათ?

- რა ვიცი, მთასავით კაცი იყო და ბევრ ქალს მოსწონდა მისი გარეგნობა, მაგრამ როგორც იტყვიან, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებოდა. ძალიან უხეში კაცი აღმოჩნდა და მაგის სახის სილამაზეს რა თავში ვიხლიდი? ჯერ ჭამა იცოდა ისეთი, გულისრევის შეგრძნება დაგეუფლებოდა მის შემყურეს. სულ ხვნეშა-ხვნეშით მიირთმევდა, კერძს გამუდმებით მაისურზე ისხამდა. რამდენიმე წელიწადი დამჭირდა საიმისოდ, რომ კარგად გამეცნო და მივმხვდარიყავი, გონებაში ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა, მაგრამ ქმრის გამოცვლა ვის გაუგონია?

- ახალი ოჯახის წევრებს როგორ შეეგუეთ? ქორწილი გადაგიხადეს?

- ქორწილი არა, ფიანდაზები დამიგეს. ვინ მაღირსებდა თეთრი კაბის ჩაცმას? მაშინ სხვა დრო იყო, შვილო. ახლა რომ ამბობენ, ქალების უფლებები ირღვევაო, მეცინება. ახლა კიდევ კარგად ვართ, ძველად უნდა გენახათ, როგორ ძალადობდნენ კაცები და ეს თითქოს, ასეც უნდა ყოფილიყო, ამას იშვიათად თუ ვინმე გააპროტესტებდა. მე არც გათხოვება მინდოდა, არც სხვა ოჯახში ცხოვრება, მაგრამ ვინ მკითხა, რაზე ვოცნებობდი, რაზე ვფიქრობდი? მოკლედ, ქმრის ოჯახში შესვლისთანავე დაიწყო ჩემთვის ჯოჯოხეთი. მხოლოდ საკუთარი ქმრის მოვალ-პატრონობა კი არა, მამამთილისა და მაზლის სისუფთავეზე ზრუნვაც დამევალა. ვაი ჩემი ბრალი, სახლში დაბრუნებულებს კერძი მზად თუ არ დახვდებოდათ ან სადმე მტვერს თუ შეამჩნევდნენ, მაშინვე იწყებოდა ჩემი ლანძღვა-გინება. მაზლი ჩემზე 2 წლით უფროსი იყო და თავს უფლებას აძლევდა, რძლისთვის დაეცინა. ბრძანებლობდა, ჩემს ქმარსაც თავის ჭკუაზე ატარებდა და ისე მაგინებდა, გეგონებოდა, მისი საკუთრება ვყოფილიყავი. მამამთილს ფული კი მოჰქონდა ხოლმე და ხანდახან ტკბილ სიტყვასაც იმეტებდა ჩემთვის, მაგრამ ძირითადად, შინ მთვრალი ბრუნდებოდა და ასეთ დროს მის გვერდით ყოფნა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.

- ქმრის გულის მოგება ვერ მოახერხეთ? პატივს არ გცემდათ?

-  არა, მასზე ძლიერი ზეგავლენა ჰქონდა ძმას. ის შვილივით უყვარდა. ჩემთან ცხოველივით იკმაყოფილებდა მოთხოვნილებებს, ადამიანურად დალაპარაკების სურვილი კი არასდროს გასჩენია... ახალი ოჯახის წევრების გინებას მოთმინებით ვიტანდი. აბა, რა მექნა, მშობლებს ხომ არ შევარცხვენდი და სახლში ხომ არ მივბრუნდებოდი?.. ერთხელ ქორწილში დაგვპატიჟეს, ყველანი წავიდნენ, მე კი შინ დამტოვეს - იქ შენი ადგილი არ არისო. რომ დაბრუნდნენ, ატეხეს ერთმანეთში ჩხუბი, საბოლოოდ კი, ერთმანეთზე გაბრაზებულებმა, ჯავრი ჩემზე იყარეს, მაგრად მაგინეს, მლანძღეს და საცემრადაც გამოიწიეს, მაგრამ მაშინ მეზობელი ქალი მომევლინა მფარველად: ჩხუბის ხმა რომ გაიგონა, ქმართან ერთად მოგვადგა,

- ხომ მშვიდობა გაქვთო? რომ მიხვდა, ტყუილად ამიშარდნენ მთვრალი კაცები, თავის სახლში წამიყვანა. მის კალთაში დიდხანს, ძალიან დიდხანს ვტიროდი და მერე ჩამეძინა კიდეც. დილით ჩემი ქმარი გადმოვიდა: სახლში წამოდი, დროზეო! იმ დღის მერე ეს მეზობლის ქალი ცდილობდა, ყველაფერში დამხმარებოდა და როგორც შვილს, ისე მივლიდა. ღვთისნიერები იყვნენ ისიც და მისი ქმარ-შვილიც. ხედავდა, როგორ ვიტანჯებოდი, რამდენ საქმეს ვაკეთებდი და მაინც არავინ არაფერს მიფასებდა.

- მშობლები თქვენს სანახავად არ მოდიოდნენ?

-  მოდიოდნენ, მაგრამ მათთან წუწუნს ვერ ვბედავდი. მაშინ ქალს არაფრის უფლება არ ჰქონდა. თან, სოფელში გაზრდილს მეგონა, რომ ასეთი იყო ყველა ქალის ცხოვრება.

- ვიდრე გაგათხოვებდნენ, შეყვარებული არ გყავდათ?

-  როგორ არა, ერთი ძალიან კარგი ბიჭი მიყვარდა. მასაც მოვწონდი. წიგნებზე გადარეული იყო და მისი ხათრით, მეც მოვუმატე სწავლას. ერთად ვოცნებობდით მომავალზე. მას ექიმობა უნდოდა, მე კი ვეუბნებოდი, საექთნოზე ჩავაბარებ-მეთქი. ღამით, როცა დავწვებოდი, სულ მასზე ვფიქრობდი, ვოცნებობდი იმ დღეზე, როცა ის ექიმი იქნებოდა და მე მასთან ერთად, ექთნად ვიმუშავებდი... მაგრამ არ დამცალდა ოცნებების ახდენა და დასაკლავი თხასავით გავყევი უცნობ ადამიანებს...

- შვილი გეყოლათ?

-  სულ ორჯერ დავფეხმძიმდი: პირველად მაზლის წყალობით მომეშალა მუცელი, მეორედ თივის ზვინიდან დავგორდი და მას მერე არ დავორსულებულვარ. დავრჩი ასე, უშვილძიროდ.

- "მაზლის წყალობით" მუცელი როგორ მოგეშალათ?

-  ერთხელ, როცა თურმე ფეხმძიმედ ვიყავი და რა თქმა უნდა, ამის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა, მაზლმა ოინი მომიწყო და ფეხი დამიდო, იატაკზე დამანარცხა. მოცელილი დავეშვი და პატარა სკამზე დავარტყი თავი. თუმცა, გონება არ დამიკარგავს. იმის ნაცვლად, რომ წამოდგომაში მომხმარებოდნენ, ძმებმა ხარხარი ატეხეს. კარგა ხანს ვეგდე, ვერ ვდგებოდი, ვფართხალებდი და თავზე მეტად, რატომღაც, მუცელი მტკიოდა. მერე როგორც იქნა, შევეცოდე ქმარს და წამოდგომაში დამეხმარა. მოულოდნელად სისხლდენა დამეწყო. მაშინ კი იკადრეს და მაგრად შეშინდნენ. ცხენი შეაბეს და წამიყვანეს რაიონში, ექიმთან. ჰოდა, სწორედ მაშინ გავიგეთ, რომ მუცელი მომეშალა. იმ პერიოდში ვერც გავაცნობიერე, მუცლის მოშლა რა იყო. ქმარი კი მყავდა, მაგრამ ისიც არ ვიცოდი მე უბედურმა, ბავშვი როგორ ჩნდებოდა ან როგორ უნდა მივმხვდარიყავი, რომ ორსულად ვიყავი და ა.შ. იმ დღესვე გამომწერეს. ექიმი განათლებული და მიხვედრილი ქალი იყო. ჰოდა, ვიდრე გამწერდა, დამიჯდა, დამელაპარაკა, გონს მომიყვანა... მერე შინ დაბრუნებულს ის ქალიც მესაუბრა, ჩემს მეზობლად რომ ცხოვრობდა და მეორე დედად მიმაჩნდა. მან გამიზიარა თავისი ცოდნა-გამოცდილება.

მეორედ რომ დავფეხმძიმდი, უკვე ვიცოდი ამის შესახებ. ძალიან მიხაროდა, ბედნიერი ვიყავი, - შვილი მეყოლება-მეთქი, მაგრამ არაფერში მიმართლებდა და ამაში როგორ გამიმართლებდა? ერთხელ თივის ზვინზე შემომსვეს, კარგად დატკეპნეო. მაღლა ასულს თავბრუ დამეხვა და გადმოვვარდი. ეს იყო და ეს, მას მერე არ დავფეხმძიმებულვარ. ამ ამბავს ძალიან განვიცდიდი, ჩემს ქმარს კი უშვილობა დიდად არც ადარდებდა. სამაგიეროდ, მამამთილსა და მაზლს გაუჩნდათ ახალი სათქმელი, - ბერწია, ეს ვინ მოვიყვანეთ სახლშიო. ამასობაში მაზლისთვისაც დაიწყეს საცოლის ძებნა. ერთ კარგ გოგოს დაადგეს თვალი. მაზლი სიმპათიური გახლდათ და ადვილად მოიგო იმ გოგოს გული. ნინო ოჯახში შემოვიდა თუ არა, დად მივიჩნიე. ვცდილობდი, მისთვის სითბო არ მომეკლო. ისიც კარგი გოგო აღმოჩნდა, ძალიან თბილი, კეთილი. განიცდიდა, დედას რომ დააშორეს. თურმე, მასზე ძალიან იყო მიჯაჭვული... მალევე დაფეხმძიმდა და შვილიც გაუჩნდათ. მის პატარაზე ამომდიოდა მზე და მთვარე. საოჯახო საქმეებს მხოლოდ მე ვაკეთებდი, ოღონდ - ის და მისი შვილი ყოფილიყვნენ კარგად.

- ეს დაგიფასდათ?

- ნინომ დამიფასა, მაზლმა კი ცხადია, არა... მან ცოლსაც არ დაუფასა, გვარის გამგრძელებელი რომ გაუჩინა. ჩემგან განსხვავებით, ნინო უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდა _ ქმარი ცხადია, უმიზეზოდ, ხშირად სცემდა, მე კი მის დაცვას ვერ ვახერხებდი. ერთხელ ძალიან რომ მოვინდომე, ნინო ცემას ამერიდებინა, მეც მომხვდა მაზლის მუჭი ცხვირში. მას მერე ქმარმა ამიკრძალა მაზლის საძინებელში შესვლა... მოკლედ, ნინოს ტირილი თუ მესმოდა, მეც ვიტანჯებოდი. ერთხელ დედამისი ისეთ დროს გვესტუმრა, როცა ახალი ნაჩხუბრები იყვნენ და თვალი დალურჯებული ჰქონდა. იმ ქალმა ერთი ამბავი ატეხა, მეც გამომლანძღა: ამას როგორ უყურებდი? ეტყობა, შენც გსიამოვნებდა, რძალს რომ სცემდნენ. გინდა, ნინო მოიშორო, რომ მერე ქონება შენ დაგრჩესო. ნინო ცდილობდა, დედისთვის დაემტკიცებინა, რომ უბრალო ვიყავი ამ საქმეში, მაგრამ გაგიჟებულ ქალს რას შეაგონებდი და მეც არ მიცდია თავის მართლება. თან, შეჩვეული ვიყავი ლანძღვის მოსმენა. მერე იმ ქალმა თავისი ქმარი მოიყვანა, _ თქვენ ვერ მოგაკვლევინებთ შვილსო და ნინო წაიყვანეს. მისი პატარაც წაგვართვეს, ცხადია. მას მერე სიცარიელე ვიგრძენი გულში. მივხვდი, რომ ყველას ჰყავს პატრონი, ჩემ გარდა. გონებაში "შემიძვრა" ფიქრი ამ სახლიდან გაქცევაზე. დავიწყე ფულის შეგროვება. როცა ცოტაოდენი თანხა დამიგროვდა, სახლიდან გავიქეცი. როგორღაც, ქუთაისამდე ჩავაღწიე. იქ ერთ-ერთ ქარხანაში სამსახური ვიშოვე, მერე ბინაც მომცეს. გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, მაგრამ იმის შიშით, რომ ჩემებს არ ვეპოვე, შეძლებისდაგვარად, ყველას თავს ვარიდებდი... მერე თურმე, ჩემი ფოტო ტელევიზორში უჩვენეს, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულის...

- ოჯახმა გიპოვათ?

- კი, მიპოვეს, მოვიდნენ ბინაში, ამიტეხეს ჩხუბი... მარტო ქმარი კი არა, მამამთილიც და მაზლიც საცემრად იწევდნენ, შეგვარცხვინეო. დედ-მამაც მემუქრებოდნენ. მახსოვს, მაშინ თავის მოკვლა მინდოდა და ყველაფერი, რაც წლების მანძილზე მაწვალებდა, ერთბაშად ამოვანთხიე. ვყვიროდი ბოლო ხმაზე. მერე მშობლებსაც მივახალე, - ნინოს უშველეს, თქვენ კი ჩემთვის რა გააკეთეთ-მეთქი?.. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ქმარს დავშორდი. ერთი პერიოდი მშობლებთან ვცხოვრობდი და ახლა უკვე ძმას, მის ოჯახს ვემსახურებოდი. მერე ჩემი გავიტანე და დედაქალაქში წამოვედი. მართალია, ექთანი ვერ გავხდი, მაგრამ ერთ-ერთ საავადმყოფოში სანიტრად მოვეწყვე. სწორედ მაშინ გავიცანი ერთი კარგი ადამიანი, რომელმაც მაგრძნობინა, რომ ქალი ვარ, ნაზი არსება და მოვლა-პატრონობა მჭირდება.

- ეს კაცი როგორ გაიცანით?

- ერთხანს ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. ის იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა, ოღონდ - ერთი სართულით დაბლა და როგორც მეზობელი, გავიცანი. აღმოჩნდა, რომ ქვრივი იყო. ზაფხულში ხშირად ერთად ვისხდით ეზოში და ვსაუბრობდით ათას რამეზე. ერთხელაც, გული გადამიშალა, თავისი წარსულის შესახებ ყველაფერი მიამბო და მეც დამაყენა გულახდილობის ხასიათზე. მას მერე ერთად ვართ ჭირშიც და ლხინშიც. ის არის საუცხოო ადამიანი და ერთადაერთი, რასაც ვნანობ, გახლავთ ის, რომ უფრო ადრე არ გამოვიქეცი ყოფილი ქმრის ოჯახიდან. ხომ შეიძლებოდა, ეს კაცი გაცილებით ადრე გამეცნო და მასთან შვილიც მყოლოდა? ხომ შეიძლებოდა, ჩემი ცხოვრება სხვანაირად აწყობილიყო და იმ კაცზე კი არ გავეთხოვებინე, ვისი ოჯახის წევრებმაც სული გამიმწარეს, არამედ თავიდანვე მეპოვა ის, ვის გვერდითაც თავს ადამიანად ვიგრძნობდი და არა - ნივთად. მართალია, მდიდრები არ ვართ, მაგრამ შიმშილითაც არ გვძვრება სული. შიმშილსაც აიტანს ადამიანი, მაგრამ გამუდმებით ჩხუბსა და გამიშვი-გამატარეში ცხოვრება ძალიან ძნელია.

- ყოფილ მეუღლეზე რა იცით?

- ვიცი, რომ მის ძმას ცოლი შერთეს და ახლა ის ქალი ზრუნავს ქმარზეც და მაზლზეც, ყოფილი მამამთილი კი დიდი ხნის წინ წავიდა ამ ქვეყნიდან... მინდა, გოგონებს ვურჩიო, არავის დააჩაგვრინონ თავი. ნუ იქნებიან სხვისი მონები. არ შეშინდნენ, საკუთარი გულის კარნახს მიჰყვნენ. მერწმუნეთ, თუ ქალი ძლიერი იქნება, მას აუცილებლად გაუმართლებს, სუსტი კი ყოველთვის ჩრდილში იდგება.

ლიკა ქაჯაია