როდის გულშემატკივრობს უარყოფით პერსონაჟებს ლაშა ჯუხარაშვილი
ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ეს პროცესი დიდად მსიამოვნებდა, ეზოში ბავშვებთან ერთად სირბილი მერჩია", - იხსენებს რუსთაველის თეატრის მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილი და დასძენს, რომ კითხვას თუ დაიწყებდა, ნოდარ დუმბაძის მოთხრობები იმდენად იტაცებდა, ეზოში მოთამაშე ბავშვები ავიწყდებოდა. ახლა ლაშა მაგისტრატურაში, სარეჟისოროზე სწავლობს. წიგნებს კი საგრიმიოროში შესვენებაზე ან სახლში გვიან დაბრუნებული კითხულობს.
პრეამბულის მაგიერ
- ლაშა, საგრიმიოროში რომელი წიგნები გაქვს?
- რეჟისორ ნიკო შველიძისგან რამდენიმე წიგნი ვითხოვე, მხატვრულ ლიტერატურას ხშირად ვეღარ ვკითხულობ, უმეტესად პიესებს ვეცნობი. ამას ჩემი პროფესია მოითხოვს. პიესებს სხვა კუთხიდან ვაკვირდები.
- შემოქმედებით საქმიანობაში რა სიახლე გაქვს?
- რამდენიმე პროექტიდან მაქვს შემოთავაზება, ერთ-ერთი სატელევიზიო პროექტია. ჯერ ვერ ვილაპარაკებ. სექტემბერში ყველაფერი გაირკვევა.
- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?
- მინდა, რომ პეპი გრძელი წინდა ჩემი დაქალი იყოს. "პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან" კვაზიმოდოსთან ვიმეგობრებდი.
- საკუთარი თავი, პიროვნული თვისებებით, რომელიმე პერსონაჟისთვის თუ მიგიმსგავსებია.
- როცა ნაწარმოებს ვკითხულობ, საერთო პიროვნულ თვისებებს არაერთ პერსონაჟთან აღმოვაჩენ ხოლმე. მერე ერთ-ერთს ამოვიჩემებ და მას ვგულშემატკივრობ.
- პერსონაჟები, რომლებსაც საგულშემატკივროდ ირჩევ, უმეტეს შემთხვევაში დადებითი გმირები არიან?
- დადებითიც და უარყოფითიც. მაგალითად, პეტეფი ომის ქრონიკების აღწერისას, დედა-შვილის ურთიერთობაზე წერს. მგონია, რომ შვილს ვგავარ. ისიც ჩემსავით აზროვნებს. უარყოფით პერსონაჟს იმ შემთხვევაში ვგულშემატკივრობ, მომავალში მასში უკეთესობისკენ ცვლილების შესაძლებლობას თუ ვხედავ. დოსტოევსკის "ეშმაკნი" გამახსენდა. ამ ნაწარმოებში ლამის ყველა პერსონაჟის გულშემატკივარი ვიყავი.
- წაკითხულ წიგნებს ხელმეორედ უბრუნდები?
- კი, ეს ჩვევა მაქვს. წიგნებში გარკვეულ ეპიზოდებს ფანქრითაც ვინიშნავ ხოლმე, ფრაზა, რომელიც მომეწონება, ხაზს ვუსვამ. ამონაწერებს ვაკეთებ, შესაძლებელია, მომავალში გამოვიყენო.
- "ლამაზი გარეგნობა მუნჯი რეკომენდაციაა". - ვინ არის ამ სიტყვების ავტორი?
- არ ვიცი.
- ბალზაკი. ერთხელ ჰიპოკრატეს ჰკითხეს: მართალია, რომ გენიალურობა დაავადებააო? - ეს იშვიათი დაავადებაა და სამწუხაროდ არ არის..." დაასრულე, რა უპასუხა ჰიპოკრატემ.
- "...გადამდები". არა? სხვა რა უნდა ეთქვა?
- გამოიცანი. არსებობს მთა ტონგა, რომელიც მცირედით პატარაა ევერესტზე, მაგრამ მას ჩვენ ვერ ვხედავთ. რატომ?
- მარტო ქართველები ვერ ვხედავთ?
- ვერავინ ხედავს.
- ეს როგორი კითხვაა, ევერესტის სიმაღლე თუ არის, როგორ ვერ უნდა დავინახოთ?
- მდებარეობა აქვს ისეთი, ვერ ვხედავთ. გამოიცანი სად მდებარეობს?
- აზრზე არ ვარ.
- ის წყნარ ოკეანეშია. ერთხელ კომპოზიტორმა ჯუზეპე ვერდიმ განაცხადა, ეს მუსიკის განუყოფელი ნაწილიაო და მისი პარტიტურაში ჩაწერაც კი მოითხოვა. რაზეა საუბარი?
- არ ვიცი, ადამიანის ქმედებას გულისხმობდა?
- დიახ. მას ადამიანები მოწონების ნიშნად აკეთებენ.
- მივხვდი, აპლოდისმენტებზეა ლაპარაკი.
- "ერთ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი, თუ იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადება". რომელი ნაწარმოების ეპილოგში წერს ამ სიტყვებს მიხეილ ჯავახიშვილი?
- "არსენა მარაბდელში".
- 1931 წელს, მწერალთა ფედერაციამ ეს მწერალი თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. "ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძოდა მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალური, თავადაზნაურული იდეოლოგიის, შოვინიზმისა და "შავი ჩოხის" ტრადიციის დასაცავად, პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს და თავისი პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე". - ვკითხულობთ გარიცხვის ოქმში. რომელ მწერალზეა ლაპარაკი?
- კონსტანტინე გამსახურდიაზე.
- რომელი ცნობილი ქართველი რომანტიკოსი პოეტია დაკრძალული ქაშუეთის ტაძარში?
- გრიგოლ ორბელიანი.
- დაასრულე ნოდარ დუმბაძის ცნობილი გამონათქვამი: "სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე..."
- არ მახსოვს, სამწუხაროდ.
- "...ვიდრე დალხინება და დღესასწაული". ბოლო პერიოდში ეგვიპტის პირამიდებს ტურისტებისგან დიდი საფრთხე დაემუქრათ. დამთვალიერებლების უმეტესობა ცდილობს, სახლში პირამიდის პატარა ნატეხი წაიღოს. რა მოიმოქმედა ეგვიპტის მთავრობამ ამის საწინააღმდეგოდ?
- სატვირთო მანქანებით მიაქვთ ქვის ღორღი და პირამიდებზე ყრიან.
- პოეზია გიყვარს?
- რა თქმა უნდა. ლექსებს თავადაც ვწერ, მაგრამ ზეპირად დამახსოვრება მიჭირს.
- "აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს -/ ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის.../ და მე ვყვირი: - ჩემს სისხლს დალევს უწინამც!/ და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი!/ როსმე "არგო" (სხვა ხომალდი გუშინაც!)/ მოაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით.../ და მე ვყვირი: - მკვდარსაც მნახვენ უწინამც! და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი" - ვინ არის ამ ლექსის ავტორი?
- მურმან ლებანიძე.
- საქართველოს რომელ რაიონშია თავმოყრილი ისტორიული ძეგლები: წუღრუღაშენი, ქვეშის ციხე და ორბელიანთა კარის ეკლესია?
- მიმანიშნე.
- ქვემო ქართლის...
- ...(მაწყვეტინებს) ბოლნისშია.
- 7 საოცრებიდან ერთ-ერთი, - არტემიდეს ტაძარი ამ ადამიანმა დაწვა, რათა მთელ ქვეყანაზე სახელი გაეთქვა, მაგრამ კანონის ძალით, ვინც მის სახელს ახსენებდა, სიკვდილით სჯიდნენ. მიუხედავად ამისა, მისი სახელი ისტორიამ მაინც შემოგვინახა. დაასახელე იგი.
- ვერ ვიხსენებ.
- ჰეროსტრატე. რომელი ცხოველი ზრუნავს თავის ნაშიერზე ყველაზე მეტხანს: დათვი, კატა თუ სპილო?
- ზუსტი პასუხი არ ვიცი, სპილო იქნება.
- პატარა სპილო დედასთან 10 წელიწადზე მეტხანს რჩება. არისტოტელე ამბობდა; ნათესავი ეს არის ჩვენი სხეულის ნაწილი, ვის მიიჩნევდა იგი სულის ნაწილად?
- საყვარელ ადამიანს.
- მეგობარს. "განგაში", "ხევისბერი გოჩა", "ნინო", "დათა თუთაშხია": ამ ფილმებიდან, რომლისთვის არ დაუწერია მუსიკა რევაზ ლაღიძეს?
- "დათა თუთაშხიასთვის".
- ის თეატრისა და კინოს რეჟისორი იყო. 1913-21 წლებში რუსეთში მოღვაწეობდა. 1922 წელს საქართველოში დაბრუნდა. გახმაურებული სპექტაკლებით "ცხვრის წყარო", "ურიელ აკოსტა"... 1928 წელს ქუთაისში თეატრალური დასი ჩამოაყალიბა. პარალელურად მუშაობდა კინოში. დაასახელე ეს პიროვნება.
- კოტე მარჯანიშვილი.
- ადამიანის ამ ორგანოს 24 კუნთი აქვს და სწრაფად მოძრაობა შეუძლია. რომელ ორგანოზეა ლაპარაკი?
- ენა.
- ამ ქართველი მწერლის მამა თვითნასწავლი მღვდელი იყო. რომელ მწერალზეა ლაპარაკი?
- არ ვიცი.
- ის საქართველოში ბევრს გამორჩეულად უყვარს. ფსევდონიმითაა ცნობილი.
- ვაჟა-ფშაველა.
- ბერძნული მითოლოგიით, რომელი მცენარე ითვლება ქორწინების სიმბოლოდ?
- ბროწეული.
- დაასახელე ამერიკის ქალაქი, რომელიც გადმოცემით განგსტერებმა დააარსეს და დღეს კაზინოებისა და საქმიანი შეხვედრების ადგილად არის ცნობილი.
- ლას-ვეგასი.
- რომელი ქართული ფილმის გმირები არიან "ბოლოკა" და "ბეთჰოვენა"?
- "ღიმილის ბიჭების".
- რომელ სისხლძარღვებში მიედინება სისხლი ყველაზე ნელა?
- კაპილარებში, არა?
- დიახ. რა ჰქვია ლომის შვილს?
- ბოკვერი.
- კონფუცი თვლიდა, რომ ახალგაზრდებს უნდა გამოეჩინათ უფროსების მიმართ პატივისცემა, მშობლების მიმართ - მოკრძალება. საქმეს სერიოზულობითა და ღირსებით უნდა მოპყრობოდნენ, ხალხი უნდა ჰყვარებოდათ და დაახლოებულიყვნენ კაცთმოყვარე ადამიანებს. ყოველივე ამის შემდეგ, კიდევ დარჩებოდათ დრო და კარგი იქნებოდა თუ მას დახარჯავდნენ...
- სწავლაში.
- სწორი პასუხია წიგნების კითხვაში. რა ჰქვია მეცნიერებას სამყაროს შესახებ?
- ასტრონომია.
- დაბოლოს, დაასრულე ილია ჭავჭავაძის ცნობილი გამონათქვამი - "ბედი იმისია, ვინც ძლიერია. ძლიერი კი მარტო..."
- ვერ დავასრულებ.
- "...მარტო მცოდნე კაცია".
თამუნა კვინიკაძე