სასწაულებრივად გადარჩენილი გოგონას ინტერვიუ - გზაპრესი

სასწაულებრივად გადარჩენილი გოგონას ინტერვიუ

და-ძმა, 20 წლის მარიანა და 15 წლის გიორგი ფოცხვერაშვილები და მათი მეგობარი, 21 წლის ვერიკო ზედგინიძე, მოულოდნელად, წყლის სიღრმეში აღმოჩნდნენ და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლეს, თურმე არც ერთმა ცურვა არ იცოდა, ისინი დინებამ გაიტაცა. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მათი მეგობარი, 15 წლის მარი ბერიძე, უკან გამოცურვა მხოლოდ 15 წლის არჩილ ინასარიძემ შეძლო, მან ცურვა იცოდა. თურმე, ცდილობდა მეგობრების გადარჩენას, მაგრამ უშედეგოდ. ყველაფერი ისე მყესეულად მოხდა, ახალგაზრდების მშველელი არავინ აღმოჩნდა. ამ შემზარავ ტრაგედიას მარიანას ორი წლის ბიჭუნაც შეესწრო, ბავშვი მდინარის ნაპირთან იჯდა, 15 წლის ხვიჩა ნაზარეტიანთან ერთად.

შოკში იყო სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მარი ბერიძე. მას ვთხოვეთ, ეს ტრაგიკული დღე გაეხსენებინა:

- ჩემი მეგობარი, ვერიკო ზედგინიძე ჩემთან სახლში მოვიდა და მითხრა, მდინარეზე საბანაოდ წავიდეთო. მამაჩემს ვუთხარი, რომ მივდიოდით და სახლიდან გამოვედით. გზად ჩემს მეზობლად მცხოვრებ, ჩვენს მეგობარს, მარიანას და მის ძმას, გიორგის გავუარეთ. გიორგი ჩემი თანაკლასელია, ვერიკომ იმათაც სთხოვა წამოსვლა, მეც ვუთხარი, წამოსულიყვნენ. მეორე დღეს მარიანა თავის პატარასთან ერთად რუსთავში ბრუნდებოდა, იქ იყო გათხოვილი. ცოტა ხნით ჩამოვიდა მშობლებთან, ისიც დაგვეთანხმა, - წამოვალ და ეს დღე მინდა სულ დაგვამახსოვრდესო. მერე ყველამ ერთად აჩიკო ინასარიძეს გავუარეთ, მას არ უშვებდნენ მშობლები, მაგრამ ვერიკომ ისიც გამოაშვებინა. აჩიკოს ბიძაშვილი, ხვიჩაც წამოვიდა ჩვენთან ერთად და ექვსივენი, მარიანას პატარასთან ერთად, წავედით მდინარეზე. GzaPress

სოფელში უფროსი მეგობრებიც გვყავს, ცურვა კარგად იციან, მათთანაც მივედით, მაგრამ ისინი სახლში არ დაგვხვდნენ და გზა გავაგრძელეთ. ძალიან მხიარულად, სიმღერ-სიმღერითა და თავგადასავლების მოყოლით მივედით მდინარესთან. წელამდე წყალი იყო, იქ არ შევედით, რადგან ცურვა არ ვიცოდით და ცოტა მოშორებით წავედით, ვიცოდით, რომ იქ პატარა წყალი იყო. კარგა ხანს მდინარის პირას ფოტოებს ვიღებდით და ვპოზიორობდით, მერე ნაპირზე ვიწუწავეთ ყველამ ერთად, ბოლოს მდინარეში შესვლა გადავწყვიტეთ. აჩიკოს ხელი მოვკიდე, - მეშინია-მეთქი, მეორე მხარეს ვერიკომ მოჰკიდა ხელი და ასე ხელიხელჩაკიდებულები ნელ-ნელა წინ მივიწევდით. უკან მოგვყვებოდა ხელჩაკიდებული და-ძმა, მარიანა და გიორგი, ბავშვი კი ნაპირზე იჯდა და მდინარეში კენჭებს ისროდა, ხვიჩაც არ შემოსულა წყალში, გვითხრა, მე წყლის მეშინიაო. ხვიჩა იქვე ნაპირზე, პატარა წყალში დადგა და იქიდან გვიყურებდა. წელამდე წყალში რომ აღმოვჩნდით, აჩიკოს ვუთხარით, გზა არ გავაგრძელოთ-თქო. ამ დროს, უცებ წავბორძიკდით და სამივენი ჩავცვივდით წყალში. აღმოჩნდა, იქ წყალი ძალიან ღრმა იყო. უკვე ვიფარებოდით. ვერიკოს რომ შევხედე, შიშისგან ძალიან გაფითრებული იყო. ვერიკო ცოტათი ამოვწიე უკან, ვიფიქრე გული არ წაუვიდეს და აქ არ ჩავარდეს-მეთქი. მოულოდნელად მეც ჩავვარდი, მერე არც ვერიკო დამინახავს და არც აჩიკო, წყალში გამწარებული ვიბრძოდი. ფსკერზე ფეხებს ვურტყამდი, ისევ ზევით ვხტებოდი, ჰაერს ჩავისუნთქავდი და ისევ უკან ვვარდებოდი. ერთხელ, რომ ამოვყვინთე, მარიანას ყვირილი გავიგონე, ვაიმე, ჩუსტიო. როგორც ჩანს, გიორგი დაიხარა, რომ მოეძებნა მარიანას ფეხსაცმელი და ამ დროს ორივე ჩაცვივდა. ერთდროულად მოხდა ფაქტობრივად, ყველაფერი. ბევრჯერ ამოვხტი, საშველი აღარ ჩანდა, ვგრძნობდი, ძალაც აღარ მქონდა. სიმართლე გითხრათ, მეტჯერ ამოყვინთვა აღარ მინდოდა, მეგონა, წყალი წამიღებდა. გავიფიქრე - რა აზრი აქვს ასე ხტუნვას, ცურვა მე არ ვიცი და წყალი მაინც წამიღებს-მეთქი, მაგრამ ბოლოს რომ ამოვყვინთე, აჩიკო დავინახე და გული მომეცა, გამწარებულმა კიდევ ერთხელ ამოვყვინთე და შევხტი. ახლა უკვე ყელამდე წყალში აღმოვჩნდი, იქ ჩქარი დინება იყო. როგორც ჩანს, იმ ღრმა ორმოდან ამომახტუნა წყალმა, შემდეგ აჩიკომ ხელი მომკიდა, ხვიჩაც მოვიდა და ამომიყვანეს. ისტერიკულად ვკიოდი. ჩემი კივილი რომ გაიგონა მარიანას ბავშვმა, ისიც ატირდა. ხვიჩას ვთხოვე, სასწრაფოდ ჩვენს მეგობართან, დიმასთან დაერეკა, მან კარგი ცურვა იცის და იქნებ გვიშველოს-მეთქი. დიმასაც დაურეკა და აჩიკოს მამასაც. მე ბავშვისკენ წავედი, ვიფიქრე, დავამშვიდებდი, მაგრამ რომ დამინახა, უფრო შეშინდა. თან უკან მივიხედე მდინარისკენ, არც ერთი აღარ ჩანდა. გავაცნობიერე, ისინი დაიხრჩობოდნენ და ისევ ისტერიკაში ჩავვარდი. ვერ მოვიფიქრეთ, უცებ 112-ში რომ დაგვერეკა. ამ საშინელების შემყურე ხვიჩაც, ძალიან დაიბნა. აჩიკო ეძებდა მათ, მე ვუყვიროდი, - ღრმად არ შეხვიდე-მეთქი. შემეშინდა, ისიც არ წაეღო წყალს. მართლა დაიხრჩობოდა, რადგან ძალიან ღრმა იყო. აჩიკომ ცურვა ისე იცოდა, თავი რომ გადაერჩინა. დაახლოებით 10-15 წუთში მოვიდნენ აჩიკოს მამა და სხვები. მანამდე ხვიჩა ამშვიდებდა ბავშვს, მე და აჩიკო კი პატარა წყლისკენ გავიქეცით, ვფიქრობდით, წყალი მათ იქითკენ წაიღებდა. ცოტა მოშორებით მეთევზე იყო, იმას ვეძახდი, მაგრამ სანამ ახლოს არ მივედი, ვერაფერი გავაგონე. თავიდან ჩვენს დასახმარებლად მოსულებიც პატარა წყლისკენ ეძებდნენ ბავშვებს. მათ დარეკეს 112-ში, როცა ხალხი დავინახე, უკვე ძალაც გამომელია, თან პანიკაში ვიყავი, ბევრი წყალი მქონდა ნაყლაპი, ხმაც ჩამიწყდა... მერე აღარაფერი მახსოვს, სრულ ისტერიკაში ვიყავი. თურმე ზემოთ მწყემსები ყოფილან, რომ გვეყვირა ყველას ერთად, იქნებ იმათ გაეგონათ და დაგვხმარებოდნენ. მე ხმაც ჩაწყვეტილი მქონდა, ხვიჩაც პანიკაში იყო და არ გვიყვირია... პოლიციაც მოვიდა, მითხრეს, - არსად წახვიდეო. ორი საათი ვიჯექი პოლიციის მანქანაში, იქ მყავდა მარიანას პატარა, რომელიც წარამარა იძახდა, - დედა წყალშია და მალე მოვაო.

მოგვიანებით სამივე გარდაცვლილი იპოვეს. ამბობენ, სამივეს გული გაუსკდაო. ვერიკოს გული რომ მისდიოდა, ვხედავდი, ის აღარ შებრძოლებია, მაშინვე ჩაიძირა. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. არ ვიცი, რა გითხრათ, სიტყვებით ძნელია იმის გადმოცემა, რასაც ახლა განვიცდი. ვერიკო ნათესავთან ცხოვრობდა, ექთანად მუშაობდა. ყველას შეაყვარა თავი, ძალიან მხიარული და საყვარელი გოგო იყო. სულ ერთად ვიყავით, ლაშქრობებზე ერთად დავდიოდით. ვერ წარმომიდგენია, მის გარეშე როგორ უნდა ვიყო. ყველაფერი ეხერხებოდა. იმ დღეს ვუთხარი, საქმეები მაქვს-მეთქი. - რა გაქვს გასაკეთებელი, უცებ მეც მოგეხმარები და წავიდეთო. თეფშები უცებ ამორეცხა. ასეთი იყო, შრომა არ ეზარებოდა. მე და მარიანაც ბავშვობიდან ვმეგობრობდით, ერთად გავიზარდეთ, მეზობლად ვცხოვრობთ. ძალიან საყვარელი გოგო იყო, ძალიან თბილი. რუსთავში გათხოვდა და ბოლო დროს ისე ხშირად ვერ ვნახულობდი. ძალიან გვენატრებოდა ერთმანეთი. მდინარეზე რომ მივდიოდით, ჩვენს თავგადასავლებს ვუყვებოდით მარიანას. ჩემი კარგი მეგობრები აღარ მყავს, ეს საშინელებაა, არ ვიცი, როგორ შევეგუო ამას.

რაც შეეხება 15 წლის არჩილ ინასარიძეს, ისიც ამბობს, რომ შუა მტკვრისკენ ხელიხელჩაკიდებულები ერთად წავიდნენ.

- მარტო ხვიჩა დარჩა ნაპირთან, ბავშვთან ახლოს რომ ყოფილიყო. წყალი ჯერ მუხლებამდე გვწვდებოდა, შუამდე რომ მივედით, ვერიკოს წელამდე შემოსწვდა და შეშინდა. მანაც თქვა, - ძალიან ღრმაა, უკან წავიდეთო. შემოტრიალებას ვაპირებდით, ამ დროს ფეხი დაგვიცურდა და წყალში ჩავცვივდით... გიორგი და მარიანა დავინახე, ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, ცურვა არც ერთმა არ იცოდა... ვცდილობდი, ისინი მეპოვა. ბოლოს მარი დავინახე, ისღა მოვიფიქრე, თმაში ვწვდი და ამოვიყვანე. მერე დანარჩენების მოსაძებნად ისევ ჩავყვინთე, მაგრამ ფსკერზე ვერაფერი დავინახე. ალბათ, წყალმა წაიღო-მეთქი და ნაპირზე ამოვძვერი. ძალიან ცუდად ვიყავი, მეგონა, ვგიჟდებოდი. არავინ იყო, რომ ჩვენთვის ეშველა, შორს ვიღაცები კი თევზაობდნენ, მაგრამ მათთვის დაძახებას აზრი არ ჰქონდა, ვერ გაიგონებდნენ. მამაჩემი რომ მოვიდა, მერე გავითიშე... ისღა მახსოვს, რომ მარი კიოდა, ხვიჩა ადგილიდან ვერ იძროდა შიშისგან.GzaPress

აჩიკოს მამა, ვეფხვია ინასარიძე პირველი მივიდა ბავშვების საშველად, მაგრამ ვერ შეძლო მათი დახმარება.

ვეფხვია ინასარიძე:

- როგორც კი დამირეკეს, მაშინვე გავიქეცი, მაგრამ ვერაფერი ვუშველე. სამი ანგელოზივით ბავშვი ცოცხალი აღარ არის. ისინი ჩემ თვალწინ გაიზარდნენ. ფოცხვერაშვილების საცოდაობით ვიწვი. ერთი შვილი ადრე გარდაეცვალათ, ახლა კიდევ ამხელა ტრაგედია. მტკვარი არ არის ისეთი ღრმა, რომ კაცი დაიხრჩოს. იმ ადგილას 20 მეტრს ისე გაივლი, რომ წყალი მუხლებამდეც არ შემოგწვდება. იქ ორმო ყოფილა და იმაში ჩაცვივდნენ ბავშვები... მარიანასა და გიორგის მშობლებს მე თავად დავურეკე, სხვა რა გზა მქონდა... დედამისი გიჟივით მოვარდა, გამწარებული ყველგან ეძებდა, სხვა გზა არ მქონდა და მოვიტყუე, - ნუ გეშინია, წადი სახლში, შენი შვილები ცოცხლები არიან, ქვემოთკენ იქნებიან-მეთქი... საშინელ დღეშია. მარიანას 2 წლის ბიჭი სულ დედიკოს ეძებს. საშინელებაა, რაც მოხდა. არ ვიცით, როგორ გადავიტანთ ამ ტრაგედიას. ყველგან ვეძებდით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ, მერე მაშველებმა კაუჭების საშუალებით ამოიყვანეს წყლიდან ჯერ გოგონები, შემდეგ - ბიჭი. საბანაოდ რომ მიდიოდნენ, ვუთხარი, ისეთ ადგილზე ებანავათ, სადაც წყლის დონე დაბალი იყო. არ მინდოდა აჩიკოს გაშვება, მაგრამ ძალიან მთხოვეს და გავუშვი. ვერიკო სიცოცხლით სავსე გოგო იყო, აქედან 2 კილომეტრშია მისი სოფელი, იქ ცხოვრობენ მისი მშობლები და იქ გადაასვენეს.

ვერიკო ზედგინიძე მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. მას 2 და და 2 ძმა ჰყავს. პროფესიით ექთანი იყო, ახალციხის საავადმყოფოში მუშაობდა და ამიტომ მამის ბიძაშვილებთან ცხოვრობდა. თურმე უმაღლეს სასწავლებელში უნდოდა სწავლის გაგრძელება, ბევრი გეგმა განუხორციელებელი დარჩა. ყველა ამბობს, რომ ძალიან მხიარული და თბილი ადამიანი იყო.

ალექსანდრე ბერიძე:

- უდიდესი ტრაგედიაა. მარიანა ჩემი ძმაკაცის ცოლი იყო, არ ვიცი, როგორ ვანუგეშო, რა ვუთხრა. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და უცებ, ამხელა ტრაგედია დაატყდა თავს. მარიანა და გიორგი ჩვენთან ერთად გაიზარდნენ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. არც ერთმა არ იცოდა ცურვა, თორემ ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა. ჩემი და, მარი, გადარჩა. ვერიკოს სულ რაღაც ორი წელია, ვიცნობდი და ძალიან შეგვაყვარა თავი. მარი და ვერიკო ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ. სულ ერთად იყვნენ.

რაც შეეხება ფოცხვერაშვილებს, ისინი უმძიმეს მდგომარეობაში არიან. მშობლებს მხოლოდ ქალ-ვაჟი ჰყავდა და დიდი სიყვარულით ზრდიდნენ შვილებს, მათ დღეს არც ერთი შვილი აღარ ჰყავთ. დედის განწირული გოდება მთელ სოფელს ესმოდა. მათ ნუგეშად მხოლოდ მარიანას ორი წლის გიორგი დარჩათ. უმძიმეს მდგომარეობაშია მარიანას მეუღლე, შმაგი აჩელაშვილი. მან მეუღლეზე საუბარი ვერ შეძლო. "მართლა არ შემიძლია საუბარი, აი, ნახეთ მისი ფოტოები და რაც გინდათ, ის დაწერეთ", - მითხრა მან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილების ძებნა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. მერე ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს, იქ ჩაუტარდათ ექსპერტიზა. სამივე გარდაცვლილი ერთ დღეს დაკრძალეს. ვერიკო ზედგინიძე თავის სოფელში, ჯავახეთში მიაბარეს მიწას. ხოლო გიორგი და მარიამ ფოცხვერაშვილები ერთად დაკრძალეს. ბიძის მოსახელე პატარა გიორგი, სამწუხაროდ, დედის გარეშე გაიზრდება...

პ.ს. ჩვენც ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს ამ უდიდეს ტრაგედიას.

თეა ხურცილავა