კახა ბენდუქიძის მეუღლის ნატალია ზოლოტოვას ინტერესებს არჩილ კბილაშვილი დაიცავს
როგორც არჩილ კბილაშვილი ამბობს, ის ჩართულია იმ სასამართლო დავაში, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, სადაც კახა ბენდუქიძის ქონების მემკვიდრედ აღიარებას ანასტასია გონჩაროვა ითხოვს.
არჩილ კბილაშვილის განცხადებითვე ამ ეტაპზე მოსამზადებელი პროცედურები მიმდინარეობს. მას შემდეგ კი, რაც მოსამართლე ჩათვლის, რომ არსებითად განსახილველად საქმე მზად არის, ჩაინიშნება პირველი სასამართლო სხდომა.
ანასტასია გონჩაროვა პარალელურად მოსკოვშიც აგრძელებს სასამართლო დავას, სადაც მოსკოვის სასამართლომ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა დნმ-ის ანალიზის თაობაზე, თუმცა ამ პროცესში არჩილ კბილაშვილი არ არის ჩართული და მას სხვა ადვოკატები უძღვებიან.