17 წლის გოგონას თავბრუდამხვევი წარმატება
ქეთი ჟღენტი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და უკვე წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს. მიაჩნია, რომ საქართველოში მოდის სფეროს განვითარებისთვის არაფერი კეთდება და ამიტომაც, გეზი ევროპისკენ აქვს აღებული.
- ევროპულ სკოლაში ვსწავლობ, მე-12 კლასში ვარ. დედა - ლიკა შენგელია ყოფილი მოდელია, მამა - არჩილ ჯღენტი კი ყოფილი კალათბურთელი გახლავთ. მყავს ერთი და და ორი ძმა. სულ მალე კიდევ ერთი ძამიკო მეყოლება.
- როგორც ვიცი, შენი მშობლები დაშორებულები არიან...
- დიახ, დაშორებულები არიან, მაგრამ არ მახსოვს, როდის და როგორ დაშორდნენ... დედისა და მამის ყურადღება არც არასდროს მომკლებია. მამასთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. მას სხვა ოჯახიც ჰყავს და მამის მხრიდან ერთი და მყავს, 4 წლის თინი, რომელიც ძალიან მიყვარს.
- სამოდელო კარიერა რა ასაკიდან დაიწყე?
- 14 წლის ვიყავი, როცა პოდიუმზე გავედი. თავდაპირველად მოდელობაზე არც ვფიქრობდი, რადგან 9 წელი ჩოგბურთზე დავდიოდი. ახლაც დავდივარ, ოღონდ - გასართობად (იღიმის). მინდოდა, ცნობილი ჩოგბურთელი გავმხდარიყავი. ძალიან კარგად ვთამაშობდი. ტურნირებში ვმონაწილეობდი და წარმატებებიც მქონდა. პირველად 7 წლისამ, ჩემზე 2 წლით უფროს გოგონას მოვუგე და მეორე ადგილზე გავედი. მშობლებს ძალიან უხაროდათ სპორტის ამ სახეობაში ჩემი მიღწევები...
- და მიუხედავად ყველაფრისა, სპორტს თავი დაანებე და მოდელობა დაიწყე?
- კი, ასე მოხდა. გარშემო ბევრი მოდელი მყავდა, თან - წარმატებულები და ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა, რომ სამოდელო კარიერა ამერჩია.
- კალათბურთსაც თამაშობდი, არა?
- დედას და მამას დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ სპორტს გავყოლოდი. 6 წლის ვიყავი, როცა კალათბურთზე შემიყვანეს.
- გარდა იმისა, რომ სამოდელო კარიერაზე ფიქრობ, რა პროფესიას გინდა, რომ დაეუფლო?
- ჩემი აზრით, მოდელობა დროებითი პროფესიაა. გადაწყვეტილი მაქვს, ლონდონის უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ჩავაბარო და პარალელურად, სამოდელო კარიერის აწყობაზეც ვიფიქრო.
- მომიყევი შენს პირველ წარმატებასა და პოდიუმზე პირველ ნაბიჯებზე...
- 14 წლის თბილისის "ფეშენ ვიკზე" გამოვედი. სხვათა შორის, მიუხედავად ჩემი ამ სფეროში გამოუცდელობისა, საერთოდ არ ვნერვიულობდი. ვფიქრობ, საკუთარ თავს ზედმეტი განცდებით ზიანი არ უნდა მიაყენო და ვცდილობ, არაფერზე ვინერვიულო. ეს თვისება ბევრ რამეში მეხმარება. ისე, 14 წელი ძალიან ადრეა სამოდელო კარიერის დაწყებისთვის. ჩემი აზრით, არ უნდა ავჩქარებულიყავი, ცოტა გვიან უნდა დამეწყო.
- რატომ? შენმა ასაკმა რაში შეგიშალა ხელი?
- თბილისის "ფეშენ ვიკის" შემდეგ ბაქოში გამართულ, "ერმანო სერვინოს" ჩვენებაზე გავედი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი და ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია. პოდიუმზე ყველაზე პატარა მე ვიყავი და შესაბამისად, სიმაღლის მიხედვით, ბოლოს დამაყენეს. მაგრამ როდესაც თავად ერმანომ დამინახა, მოვიდა, პოდიუმზე პირველი გამომიყვანა და შოუც დამახურვინა. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო. შემდეგ, 15 წლის ასაკში პარიზში წავედი, სადაც "პარიზის ფეშენ ვიკზე" გავედი. პირველი ქართველი მოდელი ვიყავი, ვისაც ეს ბედნიერება ხვდა წილად. ეს ყველაფერი კი 15 წლის გოგონასთვის დიდი მიღწევაა და რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოც. არაერთ ჩვენებაში ვმონაწილეობდი, მათ შორის იყო "ესკადა". მიუხედავად იმისა, რომ არც საჭირო ფოტოები მქონდა და არც შესაბამისი გამოცდილება, ამ ჩვენებაზე გამოსასვლელად მაინც ამირჩიეს და ვფიქრობ, ეს მართლა დიდი გამართლება იყო...
- ანუ ასაკის გამო არაფერში გზღუდავდნენ, არა?
- როგორ არა! ვინაიდან პატარა ვიყავი, ყველა კასტინგზე არ მიშვებდნენ. ბევრი სააგენტო მოდელებს 18 წლიდან იღებდა და პრინციპში, 14 წლისას სიმაღლეც არ მიწყობდა ხელს. ახლა ჰონკონგში 2 თვით მივდივარ.
- საქართველოში მოდელობა უპერსპექტივო პროფესიად ითვლება. კარიერის ასაწყობად საზღვარგარეთ ხომ არ აპირებ წასვლას?
- გეთანხმებით, საქართველოში მოდის სფეროში იმის მეოთხედიც არ კეთდება, რაც უნდა კეთდებოდეს, მაგრამ ეს საქმე მიყვარს. საქართველოში ჩვენებებზე იშვიათად გამოვდივარ, ძირითადად, უცხოეთიდან მაქვს შემოთავაზებები.
- დედას მოეწონა შენი გადაწყვეტილება, რომ პოდიუმზე გეცადა ბედი?
- არა, მას არ სურდა, მოდელობა დამეწყო. ურჩევნია, კარგად ვისწავლო. მიიჩნევს, რომ ქალისთვის მხოლოდ სილამაზე არ არის საკმარისი, განათლებაც აუცილებელია! თუმცა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგიც არ არის და ყველანაირად ხელს მიწყობს.
- სამოდელო კარიერა სწავლაში ხელს არ გიშლის?
- როცა საზღვარგარეთ ვარ, თავისთავად, გაკვეთილები მიცდება. თუმცა, როცა სამშობლოში ვბრუნდები, თავდაუზოგავად ვმეცადინეობ, რათა თანაკლასელებს არ ჩამოვრჩე.
- რომელიმე სილამაზის კონკურსში მონაწილეობაზე არ გიფიქრია?
- არა, ამაზე არასდროს მიფიქრია და სიმართლე გითხრათ, ამის სურვილიც არ მაქვს.
- როგორი იყო დედა პოდიუმზე, გახსოვს?
- სამწუხაროდ, არ მახსოვს. იმ პერიოდში, როცა დედა აქტიურად იყო ჩართული მოდის სფეროში, მე ძალიან პატარა ვიყავი... ის საკუთარი გამოცდილებიდან სულ მაძლევს რჩევას, რასაც ყოველთვის ვითვალისწინებ.
- საზღვარგარეთ კასტინგებსა და ჩვენებებზე მარტო დადიხარ?
- დედა მომყვება, მთელი კვირა ჩემთან რჩება და მასწავლის, რა როგორ უნდა გავაკეთო. მერე, როდესაც დარწმუნდება, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ, საქართველოში ბრუნდება. ბოლო დროს ჩემ გამო ძველებურად აღარ ნერვიულობს. უკვე იცის, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შემიძლია. პარიზში 2 თვე ვიყავი მარტო და დიდი გამოცდილება მივიღე, ახლა ჰონკონგში მივფრინავ და მშვიდად შეხვდა ჩემს მარტო გამგზავრებას.
- ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გყავს. როგორ გამოხატავენ ისინი შენდამი სიმპათიას?
- თაყვანისმცემლების რაოდენობით მართლაც, გაოცებული ვარ. სიმპათიას ძირითადად, თავიანთი ყურადღებით გამოხატავენ. ხშირად ვარდებს მჩუქნიან და დიდ, ფუმფულა სათამაშოებსაც.
- ამ ყველაფერზე შენ როგორ რეაგირებ?
- რა თქმა უნდა, საჩუქრები ყველა გოგონას სიამოვნებს და უხარია. თუმცა, ჯერჯერობით არავინ მომწონს. მსგავს რაღაცებზე სერიოზულად არც ვფიქრობ, რადგან წინ სულ სხვა გეგმები მაქვს. ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტული სწავლა და კარიერაა.
- სკოლაშიც ალბათ, დიდი პოპულარობით სარგებლობ. ლამაზი, წარმატებული გოგონა ხარ და შესაბამისად, ყურადღების ცენტრში ყოფნას მიჩვეულიც იქნები. ასეა?
- უფ (იცინის), კი, სულ ყურადღების ცენტრში ვარ და სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მომწონს. მიხარია, რომ ჩემ მიმართ ძირითადად, დადებითად არიან განწყობილები.
- როგორ ფიქრობ, რთულია სამოდელო სფეროში წარმატების მიღწევა?
- წარმატებული მოდელი მაშინ ხარ, როცა რომელიმე ცნობილი ბრენდის სახე ხდები და ამით მსოფლიო გაგიცნობს, ეს კი იოლი ნამდვილად არ არის. წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით რამდენი ლამაზი გოგონაა და რამდენი ოცნებობს პოდიუმზე გასვლაზე. ჰოდა, კასტინგებზე ყოველთვის დიდი კონკურენციაა. ასეთ დროს, გარეგნობასთან ერთად, ცოტა იღბალიც საჭიროა. უნდა გაგიმართლოს, რომ აგირჩიონ და რომელიმე ცნობილი ბრენდის სახე გახდე ან მაღალი დონის ჩვენებაზე გახვიდე.
- შენ იღბლიანი ადამიანი ხარ?
- მართლაც, იღბლიანი ვარ. გამართლებაა, ჩემს ასაკში ამდენს რომ მივაღწიე.
- რომელი ბრენდის სახე გინდა, რომ გახდე?
- ჩემი ოცნებაა, მსოფლიოში ნომერ პირველი ბრენდის - "შანელის" სახე გავხდე. ისე, შეუძლებელი არაფერია! მთავარი ხომ მიზანია და მისკენ სწრაფვა.
- კარიერამ შესაძლოა, მსხვერპლის გაღება მოითხოვოს და ოჯახისგან, საყვარელი ადამიანებისგან შორს მოგიხდეს ცხოვრება. ამისთვის მზად ხარ?
- დიახ, ეს ყველაფერი გაცნობიერებული მაქვს. სიმართლე გითხრათ, საქართველოდან წასვლა ძალიან მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ქვეყანაზე მეტად არასდროს, არც ერთი ქვეყანა არ მეყვარება, აქედან წასვლის სურვილი მაქვს, რადგან სამწუხაროდ, ეს არის ის ადგილი, სადაც ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამომჟღავნების შანსი არ ეძლევა.
სოფო ჭონიშვილი