დუ­ბა­ის პრინ­ცის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი სიკ­ვ­დი­ლი და სკან­და­ლუ­რი სი­ცოცხ­ლე- თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბი ალა­პა­რაკ­დ­ნენ - გზაპრესი

დუ­ბა­ის პრინ­ცის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი სიკ­ვ­დი­ლი და სკან­და­ლუ­რი სი­ცოცხ­ლე- თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბი ალა­პა­რაკ­დ­ნენ

თუმცა, ირანული საინფორმაციო სააგენტო "ფარსი" ინფორმირებული წყაროებისა და თვითმხილველების მონაყოლზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ შეიხი იემენის ტერიტორიაზე, საბრძოლო შეტაკებისას დაიღუპა. სააგენტოს ცნობით, შეიხი რაშიდი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი შიიტური მოძრაობა "ანსარ ალაჰის" მომხრეებმა იემენის პროვინცია მარიბში მოკლეს.

იმავეს ამტკიცებენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე თვითმხილველები. 13 სექტემბერს, იემენის სამთავრობო ძალებმა პროვინცია მარიბში ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. სამხედრო ოპერაცია არაბული კოალიციის სახმელეთო ქვედანაყოფების მხარდაჭერით განხორციელდა, რომელთა ძალების იემენში აქტიურად გადასროლა ჰოუსიტების მიერ საფერის ავიაბაზის სარაკეტო დაბომბვის შემდეგ დაიწყო. შედეგად, ათეულობით უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა. აქედან ყველაზე დიდი დანაკარგი- 46 ჯარისკაცი გაერთიანებული საამიროებიდან. თავდასხმის შემდეგ საამირომ, საუდის არაბეთმა და კატარმა იემენში ელიტური ქვედანაყოფების ათასობით მებრძოლი გაგზავნა. მარიბში შეტაკებები დღემდე გრძელდება.

რაშიდი ამირისა და მთავარი უფროსი ცოლის, ჰინდ ბინტ მაქთუმის უფროსი ვაჟი, ტრადიციული ფასეულობებით აღიზარდა. დუბაიში შეიხ რაშიდის სახელობის ვაჟთა სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი მამამ ბრიტანეთში, სენდჰერსტის სამხედრო აკადემიაში გაამგზავრა სასწავლებლად, სადაც ტრადიციულად არაბი შეიხების შვილები სწავლობენ (სკოლა კატარის ამჟამინდელმა ამირმა, ბაჰრეინის მეფემ და ბრუნეის და ომანის სულთნებმა დაამთავრეს).

რაშიდ იბნ მუჰამედი მამის მემკვიდრეობისთვის ემზადებოდა: ამირი სახელმწიფო საქმეების კურსში აყენებდა და სხვადასხვა ეკონომიკური პროექტის კონტროლს ანდობდა შვილს, მაგრამ 2008 წლის 1-ელ თებერვალს უეცრად ყველაფერი შეიცვალა: მემკვიდრე პრინცად შეიხ მუჰამედის უმცროსი ვაჟი ჰამდანი გამოაცხადეს. უმცროსმა ძმამ მაქთუმმა დუბაის მმართველის მოადგილის პოსტი მიიღო. რაშიდი კი ტახტის მემკვიდრეობიდან ოფიციალურად მოიკვეთა. მეტიც, მისთვის საამიროს მმართველობაში ადგილიც კი არ მოიძებნა.

თუმცა, დიპლომატებმა და ექსპერტმა-არაბისტებმა ამირის განკარგულებამდე დიდი ხნით ადრე შენიშნეს, რომ ჰამდანი მამის გვერდით კამერების წინაშე სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა და პრესაშიც ბევრი იწერებოდა მასზე.

თუ რატომ მოხდა ასე, ამას "ვიკილიქსში" დოკუმენტების გამოქვეყნებისას აეხადა ფარდა. გამოქვეყნებულ დეპეშებს შორის არსებობს დუბაიში აშშ-ის გენერალური კონსულის, დევიდ უილიამსის ტელეგრამა, სადაც ის მემკვიდრეობის ცვლილებებსა და წესებზე იტყობინება. წყაროების მიუთითებლად, უილიამსი წერდა, რომ რაშიდმა ამირის სასახლეში მოკლა ერთ-ერთი მუშაკი, რამაც შეიხის განრისხება გამოიწვია და მემკვიდრეობის ხაზს გადახედა.

მსოფლიო პიარკამპანიამ ნაყოფი გამოიღო: ახალი მემკვიდრე პრინცი მალევე გახდა პრესის რჩეული. დაივერი და პარაშუტისტი, შევარდენზე ნადირობის მოყვარული, სნოუბორდისტი და პოეტი, რომელიც ლექსებს ფაზას ფსევდონიმით აქვეყნებს. უბადლო მხედარი, ცხენოსნური ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული, ძვირფასი იახტებისა და ავტომობილების მფლობელი- ამ ფუფუნების დემონსტრირებას ჰამდან იბნ მუჰამედი სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" აქტიურად ახდენს. ჰამდანი ცნობილია, როგორც მეცენატი და ფილანთროპი, რომელიც არ იშურებს შემოწირულობებს ავადმყოფი ბავშვებისთვის და შშმ პირებისთვის, აგრეთვე, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძო. აღფრთოვანებულმა თაყვანისმცემლებმა მას ალადინი შეარქვეს.

ძმის ფონზე რაშიდი მკრთალად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ სხვაობას მათ კაპიტალში: რაშიდის 2 მილიარდ დოლარზე ნაკლები, ჰამდანის 18 მილიარდის წინააღმდეგ. არც სოციალურ ქსელებში აქტიურობდა. ძმისგან განსხვავებით, მისი ფოტოები ინტერნეტქსელში იშვიათად ვრცელდება. თუმცა, რაშიდი პრესისგან უყურადღებობას არ განიცდიდა. 2005 წლიდან 5 წლის განმავლობაში რეგულარულად ხვდებოდა "20 ყველაზე სექსუალურ არაბ მამაკაცთა" სიაში. 2010 წელს, ჟურნალმა "ესქუაირმა" "სამეფო დინასტიების 20 გამორჩეულ წარმომადგენელთა შორის" დაასახელა. ერთი წლის შემდეგ კი "ფორბსმა"- "ყველაზე სასურველ სამეფო პირად".

არაბი შეიხები თავს არიდებენ ოჯახური სკანდალების სააშკარაოზე გამოტანას, მაგრამ როცა მათი ტრადიციული ღირებულებები ევროპულ რეალობას უპირისპირდება, ხდება ინფორმაციის გაჟონვა. ასე მოხდა რაშიდის შემთხვევაშიც.

2011 წელს ბრიტანულ სასამართლოს ამირის ბრიტანული სასახლის შავკანიანმა თანამშრომელმა ონალტუნჯი ფალეიემ მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაციის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა: შეიხის ოჯახის წევრები მას მიმართავდნენ, როგორც "შავ მონას" და არაერთხელ შეურაცხყვეს მისი რელიგია- ქრისტიანობა (ფალეიე ანგლიკანელია), "სულელურ, მდაბალ და ამაზრზენ" მრწამსად მოიხსენიებდნენ და არწმუნებდნენ, რომ მიეღო ისლამი.

საქმის მოსმენისას კიდევ ერთი მოსამსახურე, სახელად ეჯიდ მოჰამედ ალი გამოიძახეს, რომელმაც განაცხადა, რომ შეიხ რაშიდი ნარკომანია და ახლახან გაიარა სარეაბილიტაციო კურსი.

თუმცა, მსგავს სკანდალებს დუბაის სამეფო სასახლის რეპუტაციის შელახვა ნაკლებად შეუძლია, რადგან მმართველები მილიონობით დოლარს არ იშურებენ მედიასაშუალებებსა და სოცქსელებში პიარისთვის. რაშიდის პირად "ფეისბუკ"-გვერდზე უამრავი გამოხმაურებაა, მათ შორის- უღარიბესი ქვეყნების მცხოვრებლებისგან, მათთვის დუბაის ამირის უფროსი ვაჟის სიკვდილი პირადი ტრაგედიის ტოლფასია.