"მეგონა, ცოცხლად მიპირებდა შეჭმას" - გზაპრესი

"მეგონა, ცოცხლად მიპირებდა შეჭმას"

არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ერთხელ ჩადენილი სისულელის გამო ნუთუ, მთელი ცხოვრება ვიღაცის ჭკუაზე უნდა ვიარო? საქმე ის არის, რომ ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანის გამო ციხეში ამოვყავი თავი, მას მივაკითხე და იმის მერე, ეს ნაბიჯი მძიმე ტვირთად მექცა... თუ დაინტერესდებით, დამირეკეთ. ყველაფერს გულახდილად გიამბობთ. პატივისცემით, ჟურნალ "გზის" ერთგული მკითხველი, ნატალი".

ნატალის სოციალური ქსელის მეშვეობით დავეკონტაქტე. ოდესღაც გადადგმულ უგუნურ ნაბიჯს გოგონა ძალიან ნანობს და ცდილობს, შექმნილი სიტუაციიდან თავი დაიძვრინოს, თანაც, ისე, რომ გარშემო მყოფებს ამით არაფერი ავნოს.

- ერთი სულელი გოგო ვარ, რომელმაც 19 წლის ასაკში ვერ გაუძლო ცდუნებას და ტელეფონით გაცნობილი ადამიანის სანახავად ციხეში შესვლაც კი გაბედა... მანამდე როგორ ვცხოვრობდი? მშობლები ცდილობდნენ, დამჯერი, ძალიან "შკოლნიცა" გოგოს იმიჯი მქონოდა. ჰოდა, მეგობრებთან ერთად სადმე წასვლის, საღამოს დაქალთან დარჩენის და ა.შ. უფლებას არასდროს მაძლევდნენ. ჩემი მოვალეობა კარგად სწავლა იყო, მეცადინეობა. თავისუფალი დრო რომ დამრჩებოდა, შემეძლო მეგობრები სახლში ამომეყვანა, ღამით ეზოში ჩასვლაზე კი მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. მზიან ამინდში დედა გვერდით მომყვებოდა ხოლმე, ქოლგით ხელში, - აქაოდა, არ გადაიწვასო. ამის გამო ბევრი დამცინოდა, მაგრამ ამ დაცინვას ვითმენდი, რადგან არ მსურდა, დედას გულის სტკენოდა. ბიჭებისკენ გახედვა ხომ საერთოდ, მამის ღალატის ტოლფასი იქნებოდა, ჰოდა, რა გასაკვირია, რომ სკოლა ისე დავამთავრე, პაემანზე არასდროს ვყოფილვარ.

- ბევრი მეგობარიც ვერ გეყოლებოდა...

- მართალი ხარ. გოგონები შინ რომ მოდიოდნენ, გარკვეული ტესტი უნდა გაევლოთ: მამა მათ ათასგვარ კითხვას უსვამდა, დედა კი შორიდან გვაკონტროლებდა და ამას ჩემი თანატოლებიც ხვდებოდნენ. ნამდვილი მეგობრები მომიწოდებდნენ, ცოტა ურჩი გავმხდარიყავი, მაგრამ ასე, მორჩილებაში ცხოვრებას მიჩვეულს, ურჩობა გამიჭირდა. ისე, წინააღმდეგობის გაწევა ბევრჯერ კი დავაპირე, მაგრამ ბოლო წუთას ვკარგავდი წარმატების მიღწევის იმედს და მხოლოდ ოცნებებში ვიპარებოდი სახლიდან, მივდიოდი კლუბში, პაემანზე და ა.შ.

- მგონია, ამ ყველაფერს იმიტომ მიყვები, რომ თავი იმართლო. როგორ ფიქრობ, ჩაკეტილ სივრცეში რომ არ გაზრდილიყავი, შეცდომის დაშვებისგან დაზღვეული იქნებოდი?

- შეცდომას ამქვეყნად ყველა უშვებს, მაგრამ სულელი გოგოსავით არ მოვიქცეოდი. უცნობი ადამიანის პირველსავე დაძახებაზე მასთან არ გავიქცეოდი. მშობლებს ჩემთვის ცოტაოდენი თავისუფლება რომ მოეცათ, პაემანი ჩემთვის უცხო ხილი არ იქნებოდა და ვინმესთან შეხვედრის მძაფრი სურვილი არ დამტანჯავდა... შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მგონია...

- ის, ვინც შეცდომა დაგაშვებინა, როგორ გაიცანი?

- ტელეფონით გავიცანი. პირველად რომ დამირეკა, ვიფიქრე, ვიღაც ნაცნობი მაშაყირებს-მეთქი. მერე მივხვდი, სერთოდ არ მიცნობდა. მასთან ლაპარაკმა შემიტყუა და ტელეფონი გაითიშებოდა თუ არა, უკვე მორიგ ზარზე ვოცნებობდი. თავიდან მიკვირდა, - რა ნომრით მირეკავს-მეთქი? უცნაური ის იყო, ამ ნომერზე რა დროსაც უნდა დამერეკა, ყურმილს არავინ იღებდა. მერე ვიფიქრე: ეტყობა, რომელიღაც რაიონის კოდია-მეთქი. ერთხელ გავბედე და ვკითხე: სად ხარ, ეს რა ნომერია-მეთქი? - მართლა გაინტერესებსო? - რა თქმა უნდა, მაინტერესებს-მეთქი. მაშინ შემპირდი, რომ თუ სიმართლეს გეტყვი, ჩემთან ლაპარაკს არ შეწყვეტო. დავპირდი და ვუთხარი: არ მესმის, რატომ აღარ უნდა გელაპარაკო? რა მნიშვნელობა აქვს, საიდან ხარ, მთავარია, შენთან ლაპარაკი მომწონს-მეთქი. რომ მიპასუხა, ციხეში ვარო, სიცილი ამიტდა, არ დავუჯერე. რატომღაც მეგონა, რომ ეს იყო ჩაკეტილი სივრცე, საიდანაც ვერავინ დაგიკავშირდებოდა... მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დავიჯერე, რომ პატიმარს ვეტრფოდი. პირველი, რაც ვიგრძენი, გულის უცნაური ტკივილი იყო. შემებრალა ადამიანი, რომელიც ყოველგვარ თავისუფლებას მოკლებული გახლდათ, მით უმეტეს, რომ მსგავს რაღაცას თავადაც განვიცდიდი.

- შენს ადგილას, ცოტა არ იყოს, შემეშინდებოდა...

- შიში? არა, შიშით არაფრის მეშინია! მგონია, რომ მშობლები ყველანაირი სიტუაციიდან შეძლებენ ჩემს დაძვრენას და ალბათ ამიტომ. ბოლოს და ბოლოს, დედისერთა ვარ... თუმცა, არ ვიცი, რამდენად მოეწონებათ იმის გაგება, რომ მათი შვილი ოდესღაც მკვლელის შესახვედრად ციხეში შევიდა. დედას ვერ წარმოუდგენია, მის გარეშე სადმე თუ ვარ ნამყოფი.

- გაპარვა როგორ მოახერხე?

- რამდენიმე დღით დეიდასთან წავედი, მცხეთაში. დეიდაც მაგარი ასინეთაა, მაგრამ როცა ის სამსახურში იყო, დრო ვიხელთე და გავიპარე. ყველაფერი წინასწარ მქონდა დაგეგმილ-გათვლილი. ვიდრე ციხეში შევიდოდი, დედასაც ველაპარაკე, მამასაც. ბოლოს დეიდასაც დავურეკე, - რაიმე კერძი ხომ არ მოვამზადო-მეთქი? წინასწარ ვიცოდი, დეიდა ამ საქმისთვის რომ ვერ გამიმეტებდა :)).

- მასთან შეხვედრის შემდეგ იმედი ხომ არ გაგიცრუვდა?

- ციხეში რომ შევედი, უხერხულობის შეგრძნება დამეუფლა. ჩვენი პაემანი ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ცოტა არ იყოს, დავმფრთხალიყავი და უკან დახევაზე დამეწყო ფიქრი. ჯერ ერთი, გარეგნულად ისეთი არ არის, როგორიც წარმომედგინა და როგორც ამიღწერა საკუთარი თავი; მეორეც, თვალები ისე უელავდა, მეგონა, ცოცხლად მიპირებდა შეჭმას და რაც მთავარია, მივხვდი, რომ მე მისთვის გასართობი ვიყავი, რომელსაც თავს აღარ დაანებებდა. შეხვედრისთანავე ისე ჩამიხუტა, სუნთქვა შემეკრა. ვიგრძენი, ის არ იყო, ვისზეც ვოცნებობდი, მაგრამ ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა რთულია... მითხრა: რადგან ჩემამდე მოხვედი, ე.ი. გიყვარვარ. ამით დამიმტკიცე, რომ შენი გაშვება კარგი იდეა არ არისო. - ეს რას ნიშნავს-მეთქი? - იმას, რომ ჩემი გახდებიო და თვალი ჩამიკრა. მერე უცებ, გულახდილობის ხასიათზე დადგა.

- რა გითხრა ისეთი, რაც მის შესახებ მანამდე არ იცოდი?

- მითხრა, რომ ჰყავს ცოლი, რომელიც თავის დროზე მხოლოდ იმიტომ შეირთო, რომ ძლიერი ოჯახის შვილი იყო. გვერდით ჰყავს ქალი, რომელსაც დასანახად ვერ იტანს, მაგრამ იძულებულია, საღამოს ქმრის მოვალეობა შეასრულოს. მითხრა, რომ შვილიც ჰყავს, რომელსაც ვერავის გამო ვერ დაკარგავს და რომელიც თურმე, 16 წლის არის. წარმოგიდგენიათ, ჩემზე 3 წლით უმცროსი! მანამდე მეგონა, რომ ჩვენ შორის სხვაობა მხოლოდ 5 წელი იყო, მაგრამ ყველა სიკეთესთან ერთად, მამის ტოლა აღმოჩნდა. გულის რევის შეგრძნება გამიჩნდა, თუმცა, ვცდილობდი, ეს არ ეგრძნო. მინდოდა, დრო სწრაფად გასულიყო, რათა ეს გულისამრევი პაემანი დასრულებულიყო და შინ გამოვქცეულიყავი... არადა, დრო საოცრად გაიწელა. ის აწყობდა გეგმებს, თუ როგორ ვიცხოვრებდით ერთად. ამბობდა, როგორც კი ციხიდან გამოვალ, ცოლს დავშორდები, მერე შენ მოგიყვან და ვეცდები, ის კოშმარი, რაც აქამდე გამოვიარე, წარსულში დავტოვო, სულ სხვანაირი გავხდები, შენ გამო შევიცვლები, რათა ისე გაგაბედნიერო, როგორც შენი მოსვლით გამაბედნიერეო... მოკლედ, ცუდ გუნებაზე დამაყენა ამ ყველაფერმა... როგორც იქნა, დასრულდა ჩემი სატანჯველი და როცა გარეთ გამოვედი, შვებით ამოვისუნთქე. საკუთარ თავს შევპირდი, რომ მის ზარს აღარ ვუპასუხებდი და რაღაც პერიოდი, ამ პირობას ვასრულებდი კიდეც.

- მერე რამ გაიძულა, საკუთარ თავთან დადებული პირობა დაგერღვია?

- ერთხელ მობილურიდან დამირეკეს. ვერ ვიფიქრებდი, ციხეში მობილურიც თუ იშოვებოდა. ჰოდა, თამამად ვუპასუხე. ჯერ მაგინა, მერე ჩხუბზე გადავიდა. ხმა ვეღარ ამოვიღე. არ ვიცოდი, რა მეთქვა და კარგა ხნის მერე, ტელეფონი უნებურად გავთიშე. ამან ეტყობა, წონასწორობა დააკარგვინა. კიდევ ერთხელ დამირეკა. თავიდან ყურმილს არ ვიღებდი. მერე გადავწყვიტე, მეპასუხა და მეთქვა, რომ აღარასდროს დაერეკა ჩემთვის. მიზეზად კი მის ცოლს დავასახელებდი. როგორც კი ვუპასუხე, ეგრევე მუქარაზე გადავიდა, მაგრად შემომიტია.

- რით დაგემუქრა?

- ამბობდა, რომ ციხიდან გამოსვლისთანავე მეც მომკლავდა, ჩემს მშობლებსაც და საყვარელ ადამიანებსაც. მითხრა, სანანებელს გაგიხდი ჩემს მიტოვებას. ჯერ მშობლებს ვაცემინებ შენს თავს, მერე მე დაგტანჯავ. ციხეში რომ იყავი, ამის დასადასტურებლად კი ის ფოტოებიც საკმარისი იქნება, რომელიც ჩემმა მეგობრებმა გადაგიღეს და ახლა კედელზე მაქვს გაკრულიო. მოკლედ, როგორც შეეძლო, დამაშანტაჟა. მე სულელს, ლამის გული გამისკდა. ვეღარ ვუთხარი, ყურმილს რატომაც აღარ ვპასუხობდი. ჩუმად ვუსმენდი მის ჩხუბსაც, მუქარის შემცველ ტექსტებსაც და იმასაც, თუ როგორ მეფერებოდა. თურმე, მეტსახელიც შეურჩევია ჩემთვის...

- ჯერ კიდევ არ იცის, მასზე რეალურად რას ფიქრობ?

- ერთხელ გავბედე და მხოლოდ ის ვუთხარი: შენ ჩემზე ბევრად უფროსი ყოფილხარ. ესეც რომ არა, ცოლ-შვილი გყავს და არ ვაპირებ, თქვენ შორის ჩავდგე-მეთქი. ვთხოვე, მუქარა შეეწყვიტა. მაგრამ ვერაფერი გავაგებინე. მითხრა, ცხოვრებაში არავის "გადავუგდივარ" და ამას შენც ვერ შეძლებო. აღარ ვიცი, როგორ მოვიშორო თავიდან.

- მშობლებთან მის შესახებ სიტყვაც არ დაგცდენია?

- რას ამბობ, ეს რომ გაიგონ, შეიძლება, ინფარქტი მიიღონ, მე კი დაობლება ნამდვილად არ მინდა.

- როგორ ფიქრობ, ამ სიტუაციიდან რა გამოსავალი არსებობს?

- ჩიხში ვარ. ბევრს ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიშორო თავიდან. მით უმეტეს, რომ ახლა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომლის მიმართ გულგრილი არ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც მაკონტროლებენ, მასთან პაემანზე წასვლას ვახერხებ ხოლმე. არ მინდა, პატიმრის გამო დავკარგო ადამიანი, რომელთან ერთადაც ოჯახს სიამოვნებით შევქმნიდი.

- დაახლოებით რამდენი წელი მოუწევს ციხეში ყოფნა?

- სამწუხაროდ, ამნისტიის შედეგად რამდენიმე წელი "ჩამოაკლეს" და ალბათ, დაახლოებით 7 თვეში გამოვა.

- ტელეფონის ნომრის გამოცვლა არ გიცდია? გარდა მობილურის ნომრისა, შენ შესახებ კიდევ რა იცის?

- ბევრი რამ იცის და ჩემი მოგნება ნამდვილად არ გაუჭირდება. ასე რომ, ნომრის გამოცვლას აზრი არ აქვს. იქნებ, ჟურნალ "გზის" მკითხველებმა, რომლებიც მახსოვს, ჩემნაირ გზააბნეულებს აძლევდნენ არაჩვეულებრივ რჩევებს, მეც მომწერონ, ჩემს ადგილას როგორ მოიქცეოდნენ? როგორ მოვიქცე? მერწმუნეთ, გულწრფელად ვნანობ, თავის დროზე რომ ავცანცარდი და ისეთი ნაბიჯი გადავდგი, რასაც მთელი ცხოვრება ვინანებ, მიუხედავად იმისა, ის კაცი მუქარას შეასრულებს თუ თავს უმტკივნეულოდ დამანებებს. მაინც ყოველთვის მექნება გულში ხინჯად, რომ ოდესღაც მამას ვუღალატე და ისეთი რამ გავაკეთე, რაც ჩემს ოჯახს არ შეეფერებოდა. ბევრჯერ მიფიქრია: ნეტავ, მე მომკლავდეს და დაისვენებდეს, ჩემს მშობლებს კი არაფერი ავნოს, შვილის უპასუხისმგებლო საქციელის გამო პასუხი მათ არ მოსთხოვოს-მეთქი. მაგრამ ვიცი, ადრე თუ გვიან, სიმართლე გამჟღავნდება და ამ დღის მოახლოება ძალიან მაშინებს.

ლიკა ქაჯაია