როგორი ადამიანები არიან - "გაბერილი სასტავი" უინტერესო ხედვით
როცა ბევრი გიგროვდება, თანდათან გაცილებით ტკბილი ხდება", - ამბობს მომღერალი ნიკო ბერიძე, რომელიც 12 წლის ასაკიდან ცდილობს, მატერიალურად დამოუკიდებელი იყოს.
- ჩემი აზრით, მდიდარი ადამიანები რაღაც მხრივ, ღარიბებიც არიან. უბრალოდ, სხვებისგან განსხვავებით, ბევრი ფული აქვთ. მდიდარი ადამიანები "გაბერილი სასტავია", ღარიბი და უინტერესო ხედვით. მათ მხოლოდ ერთი რამ - ფული აინტერესებთ... ფული ან ბატონობს თავის მფლობელზე, ან ემსახურება მას.
- რას ნიშნავს ფული შენთვის?
- ფული ჩემთვის ასოცირდება უფულობის დასაწყისთან ან პირიქით - მისი შოვნის იმედთან...
- უფულობის გამო დეპრესიაში თუ ყოფილხარ?
- დეპრესია არასდროს გამომიცდია და არც ვიცი, ეს რა მდგომარეობაა... ვფიქრობ, ასეთი რამ მხოლოდ სუსტ ადამიანებს ემართებათ.
- ბავშვობაში ფულს ხშირად აგროვებდი?
- ფული არასოდეს შემიგროვებია. ყულაბა მქონდა, მაგრამ მასში ხურდასაც არასდროს ვყრიდი. ბავშვობიდან ფულის ხარჯვა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე შეგროვება. ძალიან მიყვარს საჩუქრების ყიდვა ახლობლებისთვის და არა აქვს მნიშვნელობა, დაბადების დღე აქვთ თუ არა. როცა კარგ ხასიათზე ვარ, ვცდილობ, სხვებსაც კარგი განწყობა შევუქმნა.
- პირველი ხელფასი რამდენი წლისამ აიღე და თუ გახსოვს, რაში დახარჯე?
- 12 წლის ვიყავი, როცა მუსიკალურ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. ჯილდოდ 1-წლიანი სტიპენდია დამინიშნეს და თვეში 400 ლარს მაძლევდნენ. მახსოვს, ამ ხელფასით სახლისთვის ვიდეომაგნიტოფონი და საახალწლო ნაძვის ხე შევიძინე, რადგან ახალი წელი ახლოვდებოდა... შემდეგ უკვე ბევრი სხვადასხვა სამსახური მქონდა და შესაბამისად, გარკვეულ ანაზღაურებასაც ვიღებდი. თუმცა, პირველ ხელფასს მაინც განსაკუთრებული გემო ჰქონდა.
- ახლა მატერიალურად დამოუკიდებელი ხარ?
- ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, მატერიალურად დამოუკიდებელი ვიყო. 17 წლიდან სტაბილურად, საკუთარი შემოსავალი მაქვს. ჯერ ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრში ვმუშაობდი, მერე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატულ თეატრშიც.
- ამჟამად სად მუშაობ?
- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში ვმუშაობ, მუსიკალური პროდიუსერი ვარ. ასე რომ, უსაქმურობისთვის დრო არასდროს მაქვს... მიუხედავად ამისა, არის პერიოდები, როცა დახმარებაც მჭირდება.
- ასეთ დროს ვის მიმართავ ხოლმე?
- მეგობარს ან ოჯახის რომელიმე წევრს ვთხოვ, დამეხმაროს. თუმცა, ფულის სესხება იმდენად არ მიყვარს, რომ თითზე ჩამოსათვლელად მაქვს ეგ საქმე ჩადენილი (იცინის).
- ხელფასის თვიდან თვემდე გადანაწილებას ახერხებ?
- ვცდილობ, ხელფასი თვიდან თვემდე როგორმე გადავანაწილო. სამწუხაროდ, ყოველთვის არ გამომდის. ხანდახან გაუთვალისწინებელი რაღაცებიც ხდება ადამიანის ცხოვრებაში და ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი... ფულის ხარჯვა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეგობრებთან ერთად ვარ. ხშირად მივდივართ პიკნიკზე და სხვადასხვა გასართობ ადგილას. ყოველთვის ვცდილობ, ფული სწორად გადავანაწილო, უაზროდ არაფერს ვყიდულობ... ახლა ფულთან დაკავშირებით ერთი კარგი გამონათქვამი გამახსენდა: "ფული ნეხვივითაა. თუ მას არ გადაყრი, ნაკლები სარგებელი ექნება".
- შენც ასე ფიქრობ?
- რა თქმა უნდა, შენახულ ფულს სარგებელი არ მოაქვს. ფული გზას უნდა გაუყენო, რომ შენც ნახო სარგებელი და სხვებსაც რაღაც არგო.
- ანგარიში თუ გაქვს რომელიმე ბანკში გახსნილი, სადაც დანაზოგს ინახავ?
- დიახ, გარკვეული დანაზოგი მაქვს ერთ-ერთ ბანკში გახსნილ ანგარიშზე (იღიმის).
- თანხის ხარჯვა რაში არ გენანება?
- ფული არ მენანება მაშინ, როცა გაჭირვებულ ადამიანს ვეხმარები და ამას გულწრფელად ვამბობ. განსაკუთრებით ის მოხუცი ბებოები მეცოდებიან, ქუჩაში რომ სხედან...
- როცა რაღაცის შეძენა გინდა, გადაწყვეტილებას მალე იღებ?
- გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ და იმ კონკრეტულ მომენტში რა მინდა. შეიძლება, ისეთი რამ შევიძინო, რასაც შემდეგ ვერ გამოვიყენებ. ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. თუმცა, არის რაღაცები, რის ყიდვასაც წინასწარ ვგეგმავ. ასე შევიძინე მაგალითად, 12-სიმიანი გიტარა, ასევე - ელექტროგიტარა და ა.შ.
- არსებობს თუ არა შენს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, რომლის გამოც მთელი ხელფასი დაუნანებლად დაგიხარჯია?
- დიახ, არსებობს. მაგალითად, წელს "ლაივში" პირველად ვნახე ჩემი ნახევარდა, რომელიც ჯერ 9 წლისაა და საზღვარგარეთ ცხოვრობს. ერთი თვის განმავლობაში, მთელი ჩემი ბიუჯეტი დავახარჯე. დამყავდა პარკებში, სხვადასხვა ატრაქციონზე, სათამაშოების მაღაზიებში... უყვარს მულტფილმი - "მონსტერ ჰიგჰ" და განსაკუთრებულად მოსწონს პერსონაჟი Dრაცულაურა. ამიტომ ყველა ზომის Dრაცულაურას თოჯინა ვუყიდე, რაც კი შეგვხვდა (იცინის). მერე ერთი კვირა მშიერ-მწყურვალი დავდიოდი. თან, ხარისხს პატარებიც არჩევენ. თუმცა, რა მიკვირს, მეც ასე ვიყავი, უხარისხო არაფერი მომწონდა.
- ფულის ეკონომიურად ხარჯვა თუ შეგიძლია?
- რა თქმა უნდა, შემიძლია და ეს გამომდის კიდეც.
- მშობლებს ფულს ხშირად სთხოვ?
- იშვიათად... ბოლოს მამას ვთხოვე, კლავიატურა შეეძინა ვიდეოთამაშებისთვის (იღიმის).
- ვალის კარგი გადამხდელი ხარ?
- რა თქმა უნდა, ვალს ყოველთვის დათქმულ დროს ვიხდი, არასდროს ვაგვიანებ.
- ფულს თავად ხშირად ასესხებ?
- გამისესხებია, მაგრამ აქვე, ურცხვად გეტყვით, რომ გარკვეულ არსებებს თანხას არასდროს ვასესხებ... საერთოდ, პირდაპირი ადამიანი ვარ, "შორიდან შემოვლები" არ მახასიათებს...
- ბავშვობაში ფულს ხშირად გჩუქნიდნენ?
- იყო ასეთი მომენტებიც, მაგრამ რამდენად ხშირად მჩუქნიდნენ, ეს არ მახსოვს. ფულზე მეტად, ის მომწონდა, როცა სათამაშოები მოჰქონდათ.
- საკუთარი შემოსავლით რაიმე ღირებული თუ გაქვს შეძენილი?
- დიახ, შევიძინე: კომპიუტერი, ტელევიზორი, გიტარა და კიდევ, გამოცდილება (იცინის).
- როგორ ფიქრობ, ბევრი შრომა გიწევს საიმისოდ, რომ საჭირო თანხა გამოიმუშაო? შრომისმოყვარე ხარ?
- შრომისმოყვარე ვარ. როცა საქმე არ მაქვს, მაშინ "ცუდი" ადამიანი ვხდები. რაც უფრო მეტი ფული გაქვს, მით უკეთესია. ვშრომობ იმისთვის, რომ უფრო მეტი გამოცდილება შევიძინო და ამ გამოცდილებით ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდე. დამიჯერეთ, ბევრი ფული რომ მქონდეს, ეს არაფერში შემიშლიდა ხელს და არც "გამაფუჭებდა", "თავში არ ამივარდებოდა" (იცინის).
- ბანკის ვალი თუ გაქვს?
- როცა მატერიალური პრობლემები მაქვს, "ონლაინ ბანკის" საშუალებით ვიღებ საჭირო თანხას.
- ოდესმე ნისიად რაიმე შეგიძენია?
- რა თქმა უნდა, შემიძენია. ბოლოს მაგალითად, "პოსლეზე" ვისკი შევიძინე, 25-წლიანი დაძველებით. მოვინდომე და ეს ვალი ერთ კვირაში გადავიხადე.
- დაასახელე ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი, რომელიც საყვარელ ადამიანს მიართვი.
- შეიძლება, ვიღაცისთვის, შენი მირთმეული "ჩუპა-ჩუპსიც" კი ძვირფასი იყოს... თუმცა, ძვირად ღირებული ნივთებიც შემიძენია. ძალიან მაგარი შეგრძნება მეუფლება, როცა ადამიანს ვახარებ. ზედმეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ.
- ფულის დახმარებით, რაიმე წარმატება მოგიპოვებია?
- არასოდეს არანაირი ფული არ ჩამიდვია საქმეში წარმატების მისაღწევად. ფულით მიღწეულ მიზანს არც აზრი აქვს და არც - გემო. მოთმინება, დაჟინებული ჭიდილი, ოფლის ღვრა - ეს არის წარმატების მისაღწევად განუმეორებელი კომბინაცია.
სოფო ჭონიშვილი