გოგლას უცნობი წერილი - გზაპრესი

გოგლას უცნობი წერილი

დიდხანს ფიქრობდა, როგორ გამოლაპარაკებოდა პოეტს. ბოლოს, გაბედა და...

ქალბატონი ნუნუ აბესაძე ჟურნალ "გზასთან" პოეტთან პირველ შეხვედრას იხსენებს. გაცრეცილი და სიყვითლეშეპარული წერილი, რომელიც პირველად "გზა"-ში იბეჭდება, პოეტმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მისწერა ქალბატონ ნუნუს.

პირველი შეხვედრა

- 1962 წელს ქუთაისში, ბაქანზე ვიდექით მე, ჩემი ძმა - გივი და ბიძაშვილი - ნოდარი. მატარებელში ავედით და... მეფურად იჯდა დიდი პოეტი გიორგი ლეონიძე, რომელიც მანამდე მარტო სურათებით მენახა.

მატარებელი დაიძრა. მინდოდა და ვერ გამებედა მიახლოება. ჩუმად ჩავჩურჩულებდი გივის და ნოდარს - როგორ მოვიქცე-მეთქი? არა და... ხმამაღლა მინდოდა პოეტის გასაგონად მეთქვა:

ბრწყინავს ბაღი, ელავს ბაღი,

ფირუზქარით დარხეული.

ყურძნის მსხვილი იაგუნდი

ვაზი, ვარსკვლავჩახვეული.

ჰგავს ალვის ხე თეთრ ჩოხაში

საქორწინოდ მორთულ სიძეს

და ატამი ტურფა ყმაწვილს,

აკვანში რომ გაიღვიძებს."

GzaPressბოლოს, გავბედე და მივედი: მე თქვენი ლექსები და პოემების უმეტესი ნაწილი ზეპირად ვიცი-მეთქი. ამომხედა და...

- შენ მართლა იცი, "ნინოწმინდის ღამე" და "ყივჩაღის პაემანი"?

- დიახ და სხვა მრავალიც-მეთქი.

შემდეგ გავეცანი, ვუთხარი სიამაყით:

- მე ვარ შვიდი ძმის ერთადერთი და, დიდი ისტორიის მქონე სოფელ მუხურადან, ჩვენი საოჯახო ანსამბლის სიმღერები ყოველ დილით გადაიცემა რადიოთი-მეთქი...

- მაშ, თქვენ მღერით? დღეს მე ლექსი დავწერე, - "ქუთაისს" და ეს შეგიძლიათ, იმღეროთ?

- დიდი სიამოვნებით-მეთქი, - ვუპასუხე...

ვიდრე საუბარს შეგვაწყვეტინებდნენ, მისამართი მოგვცა: "თბილისი, ლენინის ქ. #5, ტელ. 3.33.000. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი"...

შეხვედრა მეორე

იმ წელს ჩემი ძმები, რეზო და გელა, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტებზე აბარებდნენ. ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში ვეწვიეთ პოეტს.

პოეტი ორივეს გაესაუბრა და თავისი ახლობლებისთვის გადასაცემად გაატანა წერილი, "სალამი ქუთათურებს", რომელშიც მათ ამ ახალგაზრდების ნიჭიერების შესახებ ამცნობდა. სამწუხაროდ, წერილი ადრესატამდე ვერ მივიტანეთ.

უცნობი წერილი

ნუნუს და მიხეილს სალამი... 14.02.1966

თქვენი წერილი რა ხანია, მივიღე, მაგრამ სხვა წერილებში ჩაიკარგა და მხოლოდ ახლა გწერთ პასუხს. ჩემი აზრი თქვენს ნაშრომებზე ისევ ისეთია, ძალიან კარგი. საჭიროა მისი წიგნად დაბეჭდვა. ამაში დაგეხმარებით. საჭირო იქნება ამის კიდევ შევსება, როგორც თქვენ საჭიროდ დაინახავთ. ჩემს შენიშვნებს მე გეტყვით, როცა აქ ჩამოხვალთ, წერილში ძნელია (ამ წერილსაც თათბირზე გწერთ)... ჩამოსვლა როცა შეგეძლოთ, ჩამობრძანდით. ჩემი ნახვა ყოველდღე შეიძლება... რაც შეეხება დაბეჭდვას, წლეულს ვერ დაიბეჭდება, რადგან ყოველ წელს მხოლოდ რუსთაველის იუბილეს საქმიანობას ემსახურება. გეგმები გაწერილია. ისიც შეიძლება, რომ ჩვენ შევიძინოთ, მაგრამ არა დასაბეჭდად. დაბეჭდვა კი კარგი იქნება. თქვენ გადაწყვიტეთ... სალამი თქვენს ოჯახს...

გიორგი ლეონიძე

ნუნუ აბესაძე:

- დიდ პოეტთან რეგულარულად მიმქონდა საინტერესო ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალები. ერთხელ გულისყურით წაიკითხა ჩემი ძმის, მიხეილის - "ბუნება ვეფხისტყაოსანში" და ბუხუნა ხმით მითხრა: - ამის პატრონს სოფელში რა უნდაო... ეს ნაშრომი მოგვიანებით გამოიცა სათაურით - "გმირი და გარემო"...

65 წლის იუბილე ასე მივულოცეთ ჩვენი ქვეყნის სათაყვანებელ ერის მოჭირნახულეს:

"ერის ბერმუხავ, ვით ძვირფას მამას,

გკოცნით, გისურვებთ წელთა მრავლობას,

წელი ორკეცად სამოცდახუთი

დე, მეკვლედ ჰყავდე შთამომავლობას."

გამოსამშვიდობებელი სიტყვები...

გიორგი ლეონიძე 1966 წლის 9 აგვისტოს, 67 წლის გარდაიცვალა. მაშინ ეს ამბავი ნუნუ აბესაძეს არ გაუმხილეს, თვითონაც სიკვდილს ებრძოდა...

ნუნუ აბესაძე:

- 1966 წელს, შოთა რუსთაველის საიუბილეო ზეიმს გოგლა ვერ დაესწრო, უკვე ავად იყო... იმ საღამოზე ჩემმა ძმამ წაიკითხა ლექსი - "შოთა რუსთაველს" და პრიზი დაიმსახურა. როცა პოეტი მოინახულა, ჩემს თავს ვუკვდებიო, - უთხრა. ეს იყო ბოლო გამოსამშვიდობებელი სიტყვები... იმ ზაფხულს ისე ავად შევიქენი, რომ ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს... ცხადია, მისი გარდაცვალების ამბავი გამოჯანმრთელებამდე არ გამიმხილეს...

სამწუხაროდ, ჩვენი გადაცემული მასალები მის "ფიროსმანის სურათებთან" ერთად დაიკარგა...

გიორგი ლეონიძის ლექსი, - "ქუთაისს", ჩემმა ძმამ, გიგამ, მიუტანა კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძეს და მასზე მუსიკაც შეიქმნა...

გაცრეცილი და სიყვითლეშეპარული წერილები ქალბატონ ნუნუ აბესაძეს იმ დაუვიწყარ დროს ახსენებს, რომელიც გოგლა ლეონიძესთან აკავშირებდა, ამიტომაც ინახავს სათუთად...

თორნიკე ყაჯრიშვილი