წინაპართა ნაკვალევზე - ერზინჯანი, ალთინთეფე, იოზგატი... ურარტუს ციხე-ქალაქიდან ხათების დედაქალაქისკენ
და ტრადიციული ტურების მიღმა, ბევრისთვის უცნობ ციხე-სიმაგრეებსა და სამონასტრო კომპლექსებსაც გაცნობთ, ამჯერად კი ერთი წლის წინ დაგეგმილი ე. წ. საშემოდგომო დიდი ტურის განხორციელება მოვიწადინეთ, თუმცა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაძაბულმა ვითარებამ ნაწილობრივ ხელი შეგვიშალა... ნაწილობრივ, მაგრამ არა- სრულად! ალთუნ-სიმუსებად წოდებულმა ჩვენმა 9-კაციანმა ჯგუფმა, 9-დღიანი ტური კაპადოკიასა და ისტორიულ ურარტუს, ხათებ-ხეთების სამეფოს, კილიკიასა და ანატოლიას მივუძღვენით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროთიც დავტკბით და ნემრუთის მთაზე, ზევსისა და მისი შვილების ქანდაკებებთან ერთად ულამაზეს ალიონსაც შევეგებეთ... ეს ანონსად მოგახსენეთ, დაწვრილებით კი, ტრადიციულად, გზადაგზა, წერილ-წერილ გიამბობთ!
ჩვენი შავი მინიბუსით "შტურმანმა" ზვიად ჩიტაურმა, "გენერალ-სიმუსმა" თამთა ჭანტურიამ, "რიგითმა სიმუსებმა"- მზევინარ მჟავანაძემ, თამუნა ბარბლიშვილმა, ლია მინაძემ, ლაზომ და თქვენმა მონა-მორჩილმა- მე, უკვე მერამდენედ გადავჭერით ვალეს მხრიდან საქართველო-თურქეთის საზღვარი. ამჯერად ორი ახალშემოერთებული "სიმუსიც" გვყავდა- რუსუდან ქაფიანიძე და მისი ვაჟი- გიო. ამჯერად ღამით მოგვიწია მგზავრობამ, გარეთ სუსხი იყო და მგონი, თურქ მებაჟეებს შეეზარათ კიდეც თავისი თბილი კაბინიდან გამოსვლა, ამიტომ პასპორტები იქით ვაახლეთ. "თამამო",- გვითხრეს და ის-ის იყო, საბაჟოდან უნდა გავსულიყავით, რომ ერთ-ერთი მაინც გამოვიდა, მანქანას მოუახლოვდა და რატომღაც ჩემს პასპორტს მიუბრუნდა. მერე, თითქოს იზეპირებსო, რამდენჯერმე ჩემი სახელი ხმამაღლა წარმოთქვა... თან ვერც წარმოთქვა, აშკარად გაუძნელდა, ბოლოს სახელსაც შეეშვა, ჩვენც, და გაბადრული დაგვემშვიდობა. უკუნეთ სიბნელეში მივდიოდით და ცოტა არ იყოს, დავიძაბეთ. ხუმრობა ხომ არ იყო- ერთ დღე-ღამეში თბილისიდან კაპადოკიამდე ლამის 1500 კილომეტრი უნდა გაგვევლო. ჩვენ რა გვიშავდა, ჩვენი უცვლელი საჭეთმპყრობელი კი გვეცოდებოდა, თვალის მოხუჭვას რომ ვერ შეძლებდა და თანაც გზად რამდენჯერმე უნდა გადაეხვია საინტერესო ადგილების სანახავად. ამიტომაც დავიჟინე, ცოტა წავუძინოთ-მეთქი და მართლაც, 1 საათით ავტოგასამართ სადგურთან გავჩერდით.
მალე ცაც შეფერადდა, ინათა და კვლავ დავიძარით. ერზრუმს (ისტორიულ ბასიანს) რომ ჩავუარეთ, გათენდა კიდეც. ცოტა ხანში აღმოვჩნდით ერზინჯანთან. თამთამ იცოდა, რომ იქ, რომელიღაც ბორცვზე ძველი ურარტუს ციხე-ქალაქი იყო. კითხვა-კითხვით მივაგენით კიდეც და იქ მომუშავე არქეოლოგებსაც შევხვდით. ერზრუმის მუზეუმის არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები და თანამშრომლები კეთილგანწყობით შეგვხვდნენ და გიდობაც გაგვიწიეს, თუმცა ინგლისურად მოსაუბრე სიმპათიური თურქი არქეოლოგის მოსვლამდე ბევრი ვერაფერი გაგვაგებინეს- მხოლოდ თურქულად ლაპარაკობდნენ. ასე გავიცანით საკმაოდ საინტერესოდ მოსაუბრე მეჰმეტ ალი ილმაზი, რომელიც ერთი წლის წინ საქართველოში, კერძოდ- თბილისშიც კი ყოფილა, არქეოლოგთა კონფერენციაზე და ქართველ კოლეგებსაც იცნობდა. ბატონ გოდერძი ნარიმანიშვილთან მოკითხვაც კი დაგვაბარა. მეჰმეტმა მთელი ალთინთეპე მოგვატარა, დაწვრილებით აგვიხსნა, სად რა იყო განლაგებული, რა ფენებს მიაკვლიეს და კიდევ რას ეძებდნენ, ფოტოებიც გადაგვაღებინა და მხოლოდ რამდენიმე ადგილის ფოტოზე გვთხოვა, ჯერ ნუ გაასაჯაროებთო. აი, რა გვიამბო ახალგაზრდა არქეოლოგმა ციხე-ქალაქის შესახებ:
ალთინთეფე- ურარტუს ციხე-ქალაქის ნანგრევები ქალაქ ერზინჯანის აღმოსავლეთით, 20 კილომეტრში მდებარეობს. მას 1959 წლიდან თურქი არქეოლოგი, თაჰსინ ოზგუჩი შეისწავლიდა. ციხე-სიმაგრე აგებულია ურარტუსთვის დამახასიათებელი სტილით- ქვის დიდი ბლოკებითა და ალიზით. დასახლებას გარს აკრავს ბურჯებიანი გალავანი, რომლის შიგნით გათხრილია ურარტუს ტაძარი- ღია ტაძარი ან სამლოცველო, დიდი სამეურნეო სათავსი, მიწისქვეშა გამაგრება, ქვის აკლდამები და სხვა ნაგებობები. აღსანიშნავია ქვის სამკამერიანი აკლდამა, რომელშიც ქალისა და მამაკაცის სარკოფაგებთან ერთად სარეცელი, სკამები, ეტლის ნაწილები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი, რკინის საჭურველი და შრომის იარაღი, ცხენის აღკაზმულობა, ბრინჯაოს მცირე ქანდაკებები, ბრინჯაოსა და ძვლის სხვადასხვა ნივთი, თიხისა და ასურული ქაშანურის ჭურჭელი, ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით შემკული ტანსაცმელი, ოქროს ყელასაბამის ნაწილები აღმოუჩენიათ. საყურადღებოა ბრინჯაოს ორი ფირფიტა. ერთზე გამოსახულია ფრთოსან ცხენზე მდგარი ღვთაება, მეორეზე- სამ რიგად ომისა და ნადირობის სცენები. აღმოჩენილი ნივთები განეკუთვნება ურარტუს აყვავების ხანას (ძვ. წ. 713-679 წწ.). უღრმეს ფენაში აღმოჩენილია ადრეული ბრინჯაოს ხანის კერამიკა.
ბაზილიკის ტიპის ეკლესია (ზომები 19,6X11,3 მ.) შიგნით კოლონებით, მდებარეობს ალთინთეფეს ერთ-ერთ ტერასაზე, იგი გაწყობილია მოზაიკით, სადაც გამოსახულია ცხოველები და გეომეტრიული ორნამენტები. მისი ნაწილი ერზრუმის მუზეუმში გადაუტანიათ.
ჩვენი მეგზურის თქმით, ციხეს თავდაპირველად რამდენიმე გალავანი ჰქონია. გარდა ამისა, ის ბევრჯერ გადაუკეთებიათ და ამიტომ რამდენიმე არქეოლოგიური ფენა იკითხება: ძველი- ურარტუს პერიოდის და შედარებით ახალი- ბიზანტიური.
ფოტოსესიის შემდეგ არქეოლოგებს გულთბილად გამოვემშვიდობეთ და გზა ხეთების სამეფოსკენ განვაგრძეთ. თავდაპირველად ხეთების წინარე კულტურის მქონე ტომის- ხათების უძველეს დედაქალაქს- ალაჯა ჰუიუკს (Aლაცაჰოყუკ) მივადექით. ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა დედაქალაქიც და იქვე, მის მიმდებარე ულამაზეს ეზოში გაკეთებული მუზეუმი.
ალაჯა ჰუიუკის ბორცვი ქალაქ იოზგატიდან (ოზგატ) ჩრდილოეთით, თურქეთის დედაქალაქ ანკარის აღმოსავლეთით, 180 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამ ძეგლის გათხრები 1930-იან წლებში ჰამიტ კოშაის დაუწყია. ალაჯა ყველაზე უკეთ ადრე ბრინჯაოს ხანის განსაკუთრებით მდიდრული სამარხებისა და ხეთური პერიოდის არქიტექტურითაა ცნობილი. აქ გათხრილი ცამეტივე სამარხი ეკუთვნოდა ცალკე ინდივიდს, ქალს ან კაცს, რომელშიც თავმოყრილი იყო მდიდრული ნივთები, განსაკუთრებით კი- ძვირფასი ლითონისა და ბრინჯაოსაგან დამზადებული სამკაული, ტორევტიკა, იარაღი, სარიტუალო არტეფაქტები და სხვა. მას შემდეგ, რაც სამარხი კონსერვდებოდა ხისა და თიხის სახურავით, იმართებოდა რიტუალი, რომლის ნარჩენებიც ლაგდებოდა თითოეული სამარხის ზემოთ გაკეთებულ ორმოში. აქ აღმოჩენილ ლითონის ნაწარმს ბევრი საერთო აქვს კავკასიის ლითონით მდიდარ კულტურასთან, რაც, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ანატოლიაში ინდოევროპულ ენაზე მოლაპარაკე მასის ინფილტრაციაზე უნდა მეტყველებდეს. შუა და გვიან ბრინჯაოს ხანებში (ძვ.წ. 2000- 1200 წწ) ალაჯა ჰუიუკი წამყვან ხეთურ ქალაქად იქცა და ის მხოლოდ 30 კილომეტრით იყო დაშორებული დედაქალაქ ხათუსადან. ალაჯას გარს ერტყა გალავანი კოშკებით და მონუმენტური სფინქსებიანი კარიბჭით. ქალაქის კედლის შიგნით იყო აგებული ფართო სასახლე, ღია შიდა ეზოთი და ოთახების რიგებით. ის განკუთვნილი იყო საზოგადოების ელიტური ნაწილის საცხოვრებლად და ასევე, მათი მომსახურე ფენისათვის. ალაჯა ჰუიუკის ნამოსახლარის დახასიათებისას განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაქალაქარის ციტადელი და მისი მთავარი კარიბჭის მდიდრული არქიტექტურულ-სკულპტურული გაფორმება. ალაჯას მთავარი კარიბჭე ხეთურ პერიოდში გამოირჩეოდა ქვის ორი სფინქსის სკულპტურით და რელიეფური ტექნიკით შესრულებული პროცესიისა და ნადირობის სცენებით, რომელიც ერთმანეთთან მწყობრად განლაგებულ ქვის ბლოკებზე იყო ამოკვეთილი. ალაჯაში, ასევე, გაითხარა სახლები და ქუჩები, რომლებიც სავაჭრო ადგილებს- მაღაზიებს ესაზღვრებოდა.
ციტადელის შიგნით მდებარეობდა სამეფო სამაროვანი, სადაც, როგორც ზემოთ ვახსენეთ, 13 მდიდრული სამარხი გაითხარა. განსაკუთრებით საყურადღებოა აქ აღმოჩენილი ოქრომჭედლობისა და ბრინჯაოს მხატვრული ნიმუშები, რაც ცხადად მიუთითებს ცენტრალურ ანატოლიაში ამ დარგების ჩასახვასა და ადრეულ ხანაშივე დაწინაურებაზე. ხეთური კულტურა გამოირჩევა ოქრომჭედლობის მრავალფეროვანი ნიმუშების დიდი რაოდენობით. მათ შორის მრავლადაა წარმოდგენილი სამკაული და ტორევტიკა. ოქროს სამკაულთა ტიპურ ნიმუშებს შორის გამოიყოფა: სხმული სამაჯურები, დიადემები, საკინძეები, სასაფეთქლე რგოლები, მრავალფეროვანი სტილის ყელსაბამები და ოქროს მისამაგრებლები. ისინი საკმაოდ განსხვავებულია დამზადების ტექნოლოგიური ხერხებისა და მხატვრული დამუშავების მხრივაც. ალაჯა ჰუიუკის ბრინჯაოს ნიმუშებში ვხვდებით სხვადასხვა ფორმისა და მხატვრული სტილით შექმნილ სტანდარტის თავებს: მრგვალს, რომბისებრსა და ზოომორფული სტილისას, რომელიც მდიდრულად შემკული გეომეტრიული სახეებითაა გაფორმებული. ამ კულტურის კერამიკული ნაწარმი შედარებით უბრალო, ნაკლებად მდიდრული სტილისა და რამდენადმე უხეშკეციანია. ფორმათა შორის ძირითადად ყელდაბალი ქოთნები და თასებია წარმოდგენილი. ალაჯას ნამოსახლარი, როგორც ჩანს, ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის ბოლოს გაუკაცრიელდა, მაშინ, როდესაც ზოგადად ხეთურმა იმპერიამ განიცადა კოლაფსი.
ხეთების დედაქალაქის დათვალიერების შემდეგ მუზეუმშიც შევიარეთ. სამწუხაროდ, დიდხანს ვერც იქ დავყოვნდით, რადგან წინ ულამაზესი ხათუსა- ხეთების დედაქალაქი გველოდა.
ირმა ხარშილაძე