რატომ ინიღბება ქუჩაში მალხაზ აბულაძე
მალხაზ აბულაძეს ცხოვრების საკმაოდ დატვირთული რეჟიმი აქვს: თეატრი, გახმოვანება, სერიალები... ამჟამად, ორ სერიალში მონაწილეობს: სოციალურ სატირაში - "ჩემი ცოლის დაქალები" და ორიგინალურ ქართული დრამაში "ტიფლისი" ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ, მაგრამ უარყოფით სახეს ქმნის.
- ბაბუა და ბებია ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები იყვნენ. დედა ქორეოგრაფია, ხოლო მამა - ვოკალისტი. თავის დროზე ერთმანეთი თეატრში გაიცნეს. მეც სულ იქ ვიყავი, თეატრის ზღაპრულ სამყაროში. მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. არასოდეს მიფიქრია სხვა პროფესიაზე.
- ერთი პერიოდი მღეროდით. ნიჭი მამისგან დაგყვათ?
- ალბათ, კი. ერთი პერიოდი, თეატრი თითქმის არ ფუნქციონირებდა და სწორედ იმ დროს მომიწია მუსიკასთან შეხებამ - დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა მოვსინჯე. ბათუმის თეატრში 5 წელი გავატარე და მას შემდეგ, 3 წელი მუსიკას დავუთმე. "ინსაითის" დრამერი ვიყავი, მაგრამ მერე იქიდან წამოვედი და თავადაც ვცადე სიმღერების დაწერა. ცოტა ხანში ჯგუფი "ჩვენ" ჩამოვაყალიბეთ, რომელმაც დაახლოებით სამი წელი იარსება. ვოკალისტი გახლდით და გიტარაზე ვუკრავდი, მაგრამ შემდეგ ისევ ჩემს მთავარ პროფესიას დავუბრუნდი. თეატრის გარეშე ცხოვრება ვერ შევძელი და გიორგი სიხარულიძესთან დავიწყე სპექტაკლზე მუშაობა. სწორედ იმ პერიოდში დაიშალა ჯგუფი "ჩვენ", რადგან მსახიობობა და მუსიკოსობა პარალელურ რეჟიმში ვერ შევძელი. ამ თემაზე ბიჭებმა ვილაპარაკეთ და ყველა გაგებით მოეკიდა. დღეს ჯგუფის მაშინდელი წევრები - ლაშა და ნიკუშა აბაშმაძეები წარმატებული მუსიკოსები არიან.
- ამჟამად, თუმანიშვილისა და მარჯანიშვილის თეატრებში, ასევე - გახმოვანებაზე მუშაობთ...
- დაახლოებით სამი წელია, რაც მარჯანიშვილის თეატრში ვთამაშობ. ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა ბატონმა ლევან წულაძემ და "დეკამერონში" ერთ-ერთი როლი შემომთავაზა. მას შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდა და ძალიან მოხარული ვარ, ასე რომ მოხდა... ტელევიზიებშიც ვმუშაობ სერიალებისა და ფილმების გახმოვანებაზე. საკმაოდ დატვირთული სამუშაო რეჟიმი მაქვს. იმდენად შრომატევადია ყველაფერი, რომ ძალიან რთულია, რომელიმე ერთ როლზე მუშაობის დროს განმარტოვდე. ოჯახშიც ყველა ყურადღებას ითხოვს ისევე, როგორც მე მჭირდება მათი ყურადღება. ჰოდა, დრო ყველაზე და ყველაფერზე რომ გაანაწილო, ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებ (იღიმის).
- თუ არ ვცდები, ქალაქგარეთ ნაკვეთი გქონდათ და გარკვეულ ხანს იქ ცხოვრობდით. ასეა?
- ეს ჩემი მეუღლის გადაწყვეტილება იყო. ასეთ საკითხებში მიმნდობი ვარ და, - რატომაც არა, წავიდეთ, მოვსინჯოთ-მეთქი. თბილისის შემოგარენში დავსახლდით. სოფელ გამარჯვების შემდეგ, რუსთავის მეტალურგების აგარაკები იყო. ნაკვეთზე პატარა სახლი იდგა. წყალგაყვანილობა ჰქონდა, ეზოში ხეხილი იყო. მე და ჩემი მეუღლე შვილებთან ერთად, საცხოვრებლად იქ გადავედით. მიწასაც ვამუშავებდით და შეძლებისდაგვარად, ყველაფერი მოგვყავდა. ასე 2 წელი გავძელით. ძალიან რთული იყო დილის 5 საათზე ადგომა და ბავშვების თბილისში, სკოლაში წამოყვანა. სულ უძილოები ვიყავით და ამიტომ, ისევ დედაქალაქში დავბრუნდით. ახლა დიდუბეში ვცხოვრობთ.
- "ტიფლისში" ციმბირის ციხის უფროსის - კობას როლში ხართ. ამ სერიალში ვინ მიგიწვიათ?
- ბახალამ დამირეკა და მითხრა, - გვინდა, სინჯი გავაკეთოთ ერთ-ერთ როლზეო. მივედი და გავაკეთე, რაც საჭირო იყო. ორ დღეში დამიკავშირდნენ და ციხის უფროსის როლი მომცეს. კობას საკმაოდ დიდი გზა აქვს გავლილი, ნაწვალები კაცია. მის მომავალ ბედზე ბუნებრივია, ახლა ვერ ვილაპარაკებ... ძალიან მონდომებული და მოტივირებული შემოქმედებითი ჯგუფია შეკრული. და როცა ასეთ ადამიანებთან გიწევს მუშაობა, შენც ასეთივე მონდომებული ხდები.
- გადაღებები ზაფხულში გქონდათ. ციმბირის იმიტაციისთვის, თბილად ჩაცმულებს მუშაობა არ გაგიჭირდათ?
- მართალია, ზაფხულში ვმუშაობდით, მაგრამ მაინც კომფორტულად ვგრძნობდი თავს, რადგან გადაღებები ბეთანიაში მიმდინარეობა, იქ კი არაჩვეულებრივად გრილოდა.
- ამ ეპოქის გმირის როლის შესრულება უფრო მეტად კომფორტულია თქვენთვის თუ თანამედროვესი - ისეთის, როგორ პერსონაჟსაც "ჩემი ცოლის დაქალებში" ასახიერებთ? თქვენი ნება რომ იყოს, რომელ დროში იცხოვრებდით სიამოვნებით?
- ამ ორ ეპოქას შორის დიდი სხვაობაა და მინდა, ორივეს თანაბრად, შეძლებისდაგვარად მოვერგო. რაც შეეხება მეორე შეკითხვას: წლების წინ, ეზოთერიკით ვიყავი დაინტერესებული. ამ თემით ბათუმშიც და თბილისშიც ვერთობოდი. ერთ დღესაც, რამდენიმე ადამიანმა გადავწყვიტეთ გაგვეგო, ვინ ვიყავით წინა ცხოვრებაში. სიჩუში, გარინდული ვისხედით და უცებ "აღმოვჩნდი" ერთ-ერთ საზღვარგარეთულ თეატრში, რამდენიმე საუკუნის წინ. ისეთ ადგილას, სადაც ხალხი ცილინდრებითა და ხელჯოხებით დადიოდა, მე კი თეატრს ვხელმძღვანელობდი. ამაზე მერე ბევრი ვიცინე. ვფიქრობ, ეს სრული ილუზიაა, ფანტაზიის ნაყოფი.
- მას შემდეგ, რაც კობა გამოჩნდა ეკრანზე, ქუჩაში ხალხს როგორი რეაქცია აქვს თქვენი დანახვისას?
- "მასკიროვკას" ვიკეთებ, სათვალითა და ქუდით დავდივარ. ვცდილობ, წვერი არ მოვუშვა (იღიმის). "ქაღალდის ტყვიაში" რომ ვთამაშობდი, იქაც "ჩემი ცოლის დაქალებისა" და "ტიფლისის" პერსონაჟის მსგავსად, "ცუდი ბიჭის" როლი მქონდა. ჩემს სახლთან შორიახლოს, ჯიხური იყო. ერთ დღეს იქ რაღაცის საყიდლად რომ მივედი, გამყიდველმა ფანჯარა ცხვირწინ დამიკეტა. - რას აკეთებ-მეთქი? - გადი აქედან! შენ ის არა ხარ, ქალი რომ სცემეო? - ის კი მე ვარ, მაგრამ მე სხვა ვარ, სხვა-მეთქი (იღიმის). ერთხელ, "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი სერია გავიდა ეთერში. იქაც, წინა სერიების მსგავსად, დილიდან საღამომდე ვიგინებოდი და "ცოლს" ვამცირებდი. ერთ საღამოს, მეგობართან ერთად, ბარში ვიჯექი. გვერდით მაგიდასთან ორი "კარგად მოსული" ბიჭი იჯდა. მეც ცოტა შებუჟბუჟებული ვიყავი და მათკენ რომ გავიხედე, შევნიშნე, ცუდად მიყურებდნენ. მეგონა, მალე მოვიდოდნენ და "შემჭამდნენ". ძმაკაცს ვუთხარი, - გახედე იმ ორ ტიპს, მგონი, ცუდად მიყურებენ. თუმცა, ნასვამი ვარ და იქნებ ვცდები-მეთქი. იმანაც გახედა და მითხრა, - კი, ეგრეა, ცუდად გიყურებენ. აბა, რა გეგონა? იმ ქალს (მსახიობი ეკა დემეტრაძე, ნატაშკას პერსონაჟი "ჩემი ცოლის დაქალებში". - ავტ.) რომ აგინებ და სცემ, ეს ფსიქოლოგიურად მოქმედებს ხალხზეო... ახლა "ტიფლისში" ისეთ რაღაცებს ვუკეთებ კახა კინწურაშვილის გმირს, რომელიც საზოგადოებას ძალიან შეუყვარდა, რომ ბუნებრივია, ქუჩაში მცნობენ და "მასკიროვკაც" მჭირდება. ისე კი, ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა (იღიმის).
- ოჯახის წევრების გასახარებლადაც პოულობთ დროს. ახლახან შვილებს - საბას და ტასოს პატარა ძაღლი მიუყვანეთ...
- დიახ, ძალიან საყვარელი არსებაა. ადრე ტასოს შევპირდი, რომ ძაღლს ვაჩუქებდი. იორკშერ ტერიერის ლეკვი მივუყვანე. ჯინა ჰქვია და 5 თვისაა... ადრე ორი ძაღლი მყავდა: კოკერ სპანიელი და ნაგაზი. ჰოდა, ვერ წარმომედგინა, რომ პატარა ჯიშის ძაღლი ასეთ კარგ განწყობასა და დადებით ენერგეტიკას შემოიტანდა ოჯახში. თურმე, ცხოველის სიდიდეს მნიშვნელობა არა აქვს. ბათუმში რომ ვცხოვრობდი, კოკერი მაშინ მყავდა და 4 წლის იყო, როცა მონადირეებმა მომპარეს. უკვე თბილისში ვიყავი წამოსული, როცა ძაღლი შინ დაბრუნებულა. შემთხვევიდან უკვე 2 წელი იყო გასული. მეზობლებმა მითხრეს, - დავინახეთ, კართან იდგაო. მიახლოება რომ დააპირეს, აგრესია გამოუმჟღავნებია და მერე წასულა. მეორე ძაღლი - ნაგაზი კი მაშინ გვყავდა, როცა ქალაქგარეთ ვცხოვრობდით.
- დაბოლოს, დაასახელეთ თქვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი სპექტაკლი, რომელიც რეპერტუარში აღარ არის და გენატრებათ.
- თუმანიშვილის თეატრში, სპექტაკლში - "რა მოხდა სამხეცეში" ორი კაცი: მე და ნიკა წერედიანი ვთამაშობდით. სამწუხაროდ, ეს წარმოდგენა რეპერტუარში აღარ არის. პრემიერა 2006-2007 წლის სეზონზე გვქონდა. ვფიქრობ, ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი.
ანა კალანდაძე