გრიგოლ წიტაიშვილის "წუთისოფელი" - გზაპრესი

გრიგოლ წიტაიშვილის "წუთისოფელი"

როგორც თავად ამბობს, რაც ჩაიფიქრა, ვერაფერს მიაღწია, მსახიობობაც ცხოვრებისგან მოწყობილი სიურპრიზი იყო მისთვის, უფლის ნებითა და შეწევნით. როგორ გაიარა მსახიობ გრიგოლ წიტაიშვილის "წუთისოფელმა", ეს მან მხოლოდ "გზას" გაანდო ექსკლუზიურად.

"დაბადებიდან მარტოობა მარგუნა ღმერთმა"

- მე რომ დავიბადე, 1937 წელს, დიდი თოვლი მოსულა. დედა მამიდას სახლში იყო; უბანში, რომელსაც ბათუმში ჭაობს ეძახიან. ტრანსპორტი ჭირდა და ამიტომაც, სახლში იმშობიარა. დაბადებიდან მარტოობა მარგუნა ღმერთმა: დედა მალევე დაიჭირეს, მამამ სხვა ქალი შეირთო ცოლად. ისეთი პერიოდი იყო, როცა ხალხს ნივთის, ბინის გამო იჭერდნენ, ასახლებდნენ ან სულაც ხვრეტდნენ. ადამიანები იკარგებოდნენ, ქრებოდნენ. კონკრეტული გეგმა ჰქონდათ, რომელი რესპუბლიკიდან რამდენი კაცი უნდა გაეგზავნათ.

- დედას დაჭერა მამის საქმიანობას ხომ არ უკავშირდებოდა?

GzaPress- მამა იურისტი, მოსამართლე იყო, კომუნისტური პარტიის წევრი. ერთხელ ისიც დაიბარეს "ენკავედეში", ვიდრე დედას დაიჭერდნენ. მე ახალი დაბადებული ვიყავი. მეუღლისთვის უთქვამს, - ბავშვით ხელში მოსაცდელში დაჯექი და სანამ არ გამოვალ, არ ადგეო. როგორც ჩანს, ბავშვს ანგარიშს უწევდნენ. მამა გამოუშვეს, მაგრამ მოგვიანებით, დედა მაინც ვერ გადაურჩა მათ და ათი წელი იყო გადასახლებაში. ამ უკუღმართმა დრომ ჩვენი პირადი ცხოვრებაც თან გაიყოლა.

ვიზრდებოდი ხან დეიდასთან, ხან - ბებიასთან, ბიძებთან, სამამულო ომის დროს კი უპატრონო ბავშვთა სახლში ვიყავი. მაგრამ თურმე, ასეთ გზააბნეულ ადამიანს ღმერთი ჰყავს შემწედ. ახლაც მიკვირს, როგორ გადავურჩი იმ წლებს. რაც მიზნად დავისახე, ვერაფერს მივაღწიე...

- პროფესიას გულისხმობთ თუ პირად ცხოვრებას?

- ყველაფერს! აჭარის ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი, ფეხბურთს ვთამაშობდი. მერე მეზღვაურობა მინდოდა. მაშინ არათუ საზღვრებს გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა, ნათესავი რომ გყოლოდა რომელიმე ქვეყანაში, ამისთვის დაგიჭერდნენ. საზღვრების გარღვევის ერთადერთი საშუალება გემზე მეზღვაურად მუშაობა იყო. როგორც გითხარით, ვერც ეს სურვილი დავიკმაყოფილე...

ფრიადებით შეცვლილი "ორიანები"...

- მამას მეორე ცოლთან გოგონა ეყოლა. მშობიარობის შემდეგ ბავშვის დედა მალევე გარდაიცვალა. მამამ ცოლი შეირთო. გარკვეული პერიოდი მე და ჩემი და ერთად ვიზრდებოდით. მოგვიანებით, მამა სხვაგან გადავიდა სამუშაოდ. მარტო დავრჩი ბათუმში. სკოლას ხშირად ვაცდენდი, არ ვსწავლობდი. ჩემი პატრონი არავინ იყო. მშობელს რომ დაიბარებდნენ, ორი სიძე მყავდა და ისინი მიმყავდა. რამდენი მამა გყავსო? - მეკითხებოდნენ. მეექვსე კლასში ვიყავი, როცა მამა თბილისში გადმოიყვანეს და მან ჩვენც თან წამოგვიყვანა. წარმოიდგინეთ, მალე ფრიადოსანი გავხდი. უცხო გარემოში მოვხვდი, ვერც ფეხბურთს ვთამაშობდი, არც ზღვა იყო. კლასელები კარგად სწავლობდნენ და მეც გამიჩნდა წიგნების მიმართ ინტერესი. გარდა ამისა, ალბათ არ მინდოდა, ვინმეს თვალში "ჩამოსული" ვყოფილიყავი (იცინის).

მამა იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. დაახლოებით ერთი წელი ვისწავლე თბილისში, მერე ოზურგეთში გადავედით, მაგრამ მალე მივხვდი, რომ იქ ვერ გავძლებდი. მამას ვუთხარი, - ბათუმში წავალ-მეთქი. შეცბა, თუმცა დამთანხმდა. ჩემი დედინაცვალი ძალიან კარგი ქალი იყო, მაგრამ მაინც ვერ ვეგუებოდი, "დედას" არ ვეძახდი და ეს ძალიან სწყინდა. წავედი ბათუმში. მონატრებულ-გახარებული ჩემს სკოლაში მივვარდი. ხელში ტაბელი მეჭირა, სადაც ჩემი ფრიადები იყო "ჩაწიკწიკებული". დირექტორს გაუკვირდა, - სად ხარ? მთელი წელი გავიდა, შენი ლანდიც კი არ ჩანსო. მეგონა, ყველამ იცოდა, თბილისში რომ ვიყავი და გული დამწყდა. დირექტორს ჩემი "ხუთიანებით" სავსე ტაბელის ფურცელი გავუწოდე. მაშინ ასეთი ფურცელი ყველგან იყიდებოდა ორ კაპიკად. დირექტორმა მიყვირა: როგორ ბედავ ჩემს მოტყუებას? ახლავე დატოვე ოთახი! ერთი "ოთხიანი" მაინც ჩაგეწერა, სულ "ხუთებით" რომ გაგივსიაო. წავედი მამიდასთან. დამამშვიდეს, თუმცა, არც იმათ სჯეროდათ ჩემი ფრიადოსნობის... როცა თბილისიდან საბუთები მოვიდა, სკოლაში დამიბარეს. ყველა გაოცებული მიყურებდა ახლა უკვე ნამდვილ ფრიადოსანს... დამსვეს ისევ ჩემს კლასში. ჩემი ფრიადები მალე ისევ "ორიანებით"Gშეიცვალა...

ცხოვრება ბათუმში და ნაპოვნი და

- მარტო ვცხოვრობდი. თუმცა, მაშინ ბათუმში სხვადასხვა კუთხიდან სამუშაოდ და სასწავლებლად ჩამოდიოდნენ და ასეთი სტუმრები არ მაკლდა, მამა სპეციალურად გზავნიდა მათ ჩემთან. მეათე კლასში ვიყავი, როცა უცხო ენაში საშემოდგომო გამომყვა. 20 აგვისტოს უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ამ დღეს დოღი იმართებოდა და მეც ბიძაშვილთან, ბახმაროში წავედი. პირველ სექტემბერს სკოლაში რომ მივედი, მითხრეს: უკაცრავად, თქვენ მეათეში უნდა დაბრუნდეთო. სხვა სკოლაში მოვხვდი. კლასში რომ შემიყვანეს, ერთი ნაწნავებიანი გოგონა დავინახე და გვერდით მივუჯექი. საწყალს სისხლს ვუშრობდი: ხან თმას ვაწიწკნიდი, ხან ნაწნავით ვაბამდი სკამზე. მიკვირს, როგორ ვბედავდი, რადგან დირექტორის შვილი იყო, ლამაზი, ჭკვიანი... ამ ლაღი დღეების შემდეგ მრავალმა წელმა განვლო, მე უკვე თბილისში ვიყავი, როცა გარდაიცვალა მამა, ჩემი დედინაცვალიც... სწორედ დედინაცვლის გასვენებაზე გავარკვიე, რომ ის ნაწნავებიანი გოგონა - ლეილა გოგიავა ჩემი და ყოფილა, ანუ - ჩემი ნახევარდა და ჩემი დის ღვიძლი და... აღმოჩნდა, რომ როცა დაიბადა, ჩუმად გაუშვილებიათ...

თეატრალური ინსტიტუტი

- მიუხედავად იმისა, რომ ყველა სპექტაკლის, მსახიობისა თუ რეჟისორის შესახებ ყველაფერი ზეპირად ვიცოდი, არც მიფიქრია მსახიობობაზე. კინოზე ისე ვიყავი "გადარეული", დილის ათ საათზე რომ შევიპარებოდი სეანსზე, საღამოს ათამდე ვერ მაგდებდნენ შენობიდან... მეგობარი მყავდა, ბერდია ინწკირველი. ახლა ბათუმის თეატრის მსახიობია. თეატრის სიყვარულმა დაგვამეგობრა. მსახიობობაზე ოცნებობდა. პირველ წელს ვერ მოხვდა და მეორედ აბარებდა, ანუ იმ წელს, როცა მეც სკოლა დავამთავრე. თბილისში ერთად წამოვედით. ატესტატი კი მქონდა, მაგრამ სად უნდა ჩამებარებინა, წარმოდგენა არ მქონდა. დავიწყეთ და ყველა ინსტიტუტი ფეხით შემოვიარეთ. ზოგან მათემატიკის ჩაბარება იყო საჭირო, ზოგან - ფიზიკის, უცხო ენის და მეც ვამბობდი ერთსა და იმავეს: არა, აქ ვერ ჩავაბარებ-მეთქი. რას ჩავაბარებდი, რაც არ ვიცოდი?! მაშინ ისეთი დრო იყო, ან მთავრობის დონეზე უნდა გყოლოდა გულშემატკივარი, ან ბევრი ფული გქონოდა, ან - ცოდნა მაინც. მე არც ერთი არ მქონდა! ჰოდა, უბრალოდ, ბერდიას "სასეირნოდ" წამოვყევი თბილისში. როცა ყველა ინსტიტუტი მოვიარეთ, ბერდიამ მითხრა: მოდი, თეატრალურში სცადეო. ქართული წერის გამოცდისთვის "შპარგალკებს" შემპირდა. თანაც, თეატრალურში მთავარი მაშინ სპეციალობის ჩაბარება იყო. თუ სპეციალობის სამ ტურს გაივლიდი, საგნებს არ აქცევდნენ ყურადღებას. ჩემდა გასაოცრად, ყველა ტური გავიარე...

- ბერდიამაც ჩააბარა?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ბერდია ვერ მოხვდა. ის ჯარში წაიყვანეს და ჯარიდან ჩამოსულმა ჩააბარა...

"გაქცევა" მონატრებულ ქალაქში

GzaPress- შესანიშნავი პედაგოგები გვყავდა, მათ შორის: მიხეილ თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი, აკაკი ვასაძე, აკაკი ფაღავა, აკაკი ხორავა. ოსტატობას გვასწავლიდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ალექსიძე იყო, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბრწყინვალე პიროვნება. ასეთები ალბათ, საუკუნეში ერთხელ იბადებიან. ის რუსთაველის თეატრში "ბორის გოდუნოვს" დგამდა და ჯგუფის ბიჭები წაგვიყვანა. მის სპექტაკლებში ვმონაწილეობდით და თქვენ წარმოიდგინეთ, რეპეტიციაში ხუთ, სპექტაკლში კი ათ მანეთს გვიხდიდნენ, მაგრამ ეს "ბედნიერებაც" არ გაგრძელებულა დიდხანს: პირველ კურსზე ვიყავი, როცა ინსტიტუტიდან გამრიცხეს. მოხდა ისე, რომ დასვენების დღეები მიჰყვა ერთმანეთს. ბათუმი არანორმალურად მენატრებოდა. დირექტორთან, ილია თავაძესთან შევედი და რამდენიმე დღით გათავისუფლება ვთხოვე. საშინლად გაბრაზდა, კაბინეტიდან გამომაგდო. იმავე საღამოს სადგურში მეგობრებს ვაცილებდი. ვაგონიდან აღარ ჩამომიშვეს და ასე ამოვყავი თავი მახინჯაურში. თავსხმა წვიმა იყო. მთელი დღე ვიარე. ბათუმში ნაცნობი არავინ დამხვდა - ზოგი ჯარში, ზოგი სხვა ქალაქში იყო წასული. ერთიანად გალუმპული, სახლში მივედი. იქ მამიდაშვილი ცხოვრობდა. მახსოვს, ძალიან დიდხანს ვიდექი წვიმაში, აივანზე...

მერე დავბრუნდი თბილისში. ინსტიტუტის კიბე ავირბინე. კართან სასწავლო ნაწილის გამგე დამხვდა, - აქ რა გინდაო? - ზარი დაირეკა, ლექციაზე მივდივარ-მეთქი, - ვუთხარი. კითხვა ხომ იციო? - და იქვე, კართან განცხადებების დაფაზე მიმითითა. მივედი და რას ვხედავ: "გრიგოლ წიტაიშვილი გაირიცხოს ინსტიტუტიდან". ელდა მეცა. თავბრუდახვეული გარეთ გამოვედი... ისიც არ ვიცოდი, საით წავსულიყავი. ამხელა ქალაქში სრულიად მარტო ვიყავი, არავის ვიცნობდი... სტუდქალაქში ვცხოვრობდი. ყოველდღე მივდიოდი და ვუყურებდი, როგორ შედიოდნენ პედაგოგები, სტუდენტები ინსტიტუტში. თეატრალურის გვერდით საპარიკმახერო იყო. გარეთ ციოდა და იქ ვთბებოდი ხოლმე. დალაქი - გიორგი ძველი თეატრალი იყო და მიყვებოდა თეატრის, მსახიობების ამბებს. აკაკი ხორავა გიორგისთან ყოველდღე იპარსავდა წვერს. ის რომ შემოვიდოდა, მე გამოვდიოდი და ვეწეოდი. ასე გაგრძელდა თვეზე მეტხანს. ერთხელ, ერთმა პედაგოგმა მითხრა, - დირექტორი გეძახისო. მან გაფრთხილება მომცა და ლექციაზე შემიშვა.

- გამოდის, ხორავამ არ გიშველათ...

- ეჭვი მაქვს, რომ ხორავას გიორგიმ უთხრა ჩემს შესახებ, ის კი დირექტორს დაელაპარაკა. მეტად ყურადღებიანი იყო სტუდენტების, საერთოდ, ადამიანების მიმართ.

კინოვარსკვლავი მეგობრები და მსახიობის შეცდომა

- სადიპლომო სპექტაკლი - "დრო და კონვეის ოჯახი" ლილი იოსელიანმა დადგა. ინსტიტუტში ამბობდნენ, - ასეთი სპექტაკლი ჯერ არ დადგმულაო. როცა ქალბატონი ლილი სამხატვრი ხელმძღვანელად გორის თეატრში წავიდა, მიუხედავად სხვა შემოთავაზებებისა, მე და ჩემი ორი ჯგუფელი თან გავყევით. გორიდან ისევ ქალბატონ ლილისთან ერთად, თბილისში, "სამკულტურის" თეატრში წამოვედით. ერთ შტატზე ორ-ორი ვიყავით, 30 მანეთზე მთელი ენთუზიაზმით, დღე და ღამე ვმუშაობდით. აქვე იყვნენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, ნოდარ მგალობლიშვილი, გიზო სიხარულიძე და სხვები. ბევრი კარგი სპექტაკლი დაიდგა, თუმცა, მწირი დაფინანსების გამო, თეატრი მალე დაიშალა. ჯერ რუსთაველის, მერე - რუსთავის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის თეატრებში ვიმუშავე. თეატრის გარდა, ტელევიზიასა და რადიოშიც ვმუშაობდი. ბოლოს კინოსტუდიაში აღმოვჩნდი. ჩემი მეგობრები პირველი კურსიდან კინოვარსკვლავები იყვნენ. მაგალითად: ბელა მირიანაშვილი, იმედა კახიანი, თენგიზ დაუშვილი. მეუბნებოდნენ, შენც წამოდიო, მაგრამ იმდენად ვიყავი თეატრზე შეყვარებული, პრინციპულად არ ვიხედებოდი კინოსკენ... მსახიობობა დამოკიდებული პროფესიაა. როგორც ჩანს, ამას ვერ ვეგუებოდი და უკვე რუსთაველის თეატრის მსახიობი ვიყავი, როცა რეჟისორობა მოვინდომე. მინდოდა, მიხეილ თუმანიშვილთან მესწავლა.

- ეს ბევრ მსახიობს ემართება...

- ეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობიდან მოდის. თუმანიშვილი ნოვატორი რეჟისორი იყო, თითქოს გაუკვალავი გზით მიდიოდა. საინტერესო პიროვნება და შემოქმედი გახლდათ. ჩემი სურვილი გავუმხილე. გაუკვირდა. პირდაპირ უარი არ უთქვამს, მაგრამ შემომთავაზა: ინსტიტუტში ჩემს ასისტენტად იმუშავეო. ახლა ვნანობ, უარი რომ ვუთხარი. კინოგადაღებებში ვიყავი ჩართული და მაშინ ამაზე მომიწევდა უარის თქმა. ახლა ვხვდები, რომ ეს შეცდომა იყო...

შეხვედრა სერგო ზაქარიაძესა და სოფიკო ჭიაურელთან

- ცხოვრებაში უამრავ არაჩვეულებრივ ადამიანს შევხვედრივარ, ისეთებს, საუკუნეში ერთხელ რომ იბადებიან. გარდა ამისა, ჩემ მიერ შესრულებული როლები ხალხს ახლაც ახსოვს და ვფიქრობ, მთლად ტყუილად არ ჩაუვლია ჩემს ცხოვრებას... სერგო ზაქარიაძე მახსენდება. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის წინაშე და არა მხოლოდ როგორც მსახიობს. ბრეჟნევს ძალიან მოსწონდა ფილმი - "ჯარისკაცის მამა" და სერგოსთან შეხვედრა მოინდომა. ერთი საათი გაგრძელდა მათი შეხვედრა. ამბობდნენ, - ასეთი რამ არ მომხდარაო... თურმე ბრეჟნევმა ჰკითხა, რამე ხომ არ გჭირდებათო? სერგომ უპასუხა, - ძალიან მცირე ხელფასები გვაქვსო. იმწუთასვე დაიწერა ბრძანება და რუსთაველის თეატრი "ვნეშკალნი" გახდა. ასეთი თეატრი სულ სამი იყო: მოსკოვის დიდი თეატრი, მცირე და სამხატვრო თეატრები; ბრეჟნევის ბრძანებით კი, მათ რიგს რუსთაველის თეატრი შეემატა. მას შემდეგ მსახიობებს ხელფასი გაუორმაგდათ... სერგო უდიდესი პიროვნება და მსახიობი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პედაგოგიც გახლდათ, მხატვრულ მეტყველებას მასწავლიდა. მასთან მუშაობის ბედნიერება თეატრშიც მქონდა, როცა ის ჯერ მსახიობი, შემდეგ კი დირექტორი იყო. სერგოს ძმა, ბუხუტი ზაქარიაძე თვითნაბადი ბაჯაღლო იყო, როგორც მსახიობი და როგორც პიროვნება, მაგრამ ის არ იყო ისეთი მებრძოლი როლისა და მდგომარეობისთვის, როგორიც სერგო.

- "წუთისოფელში" პარტნიორობას სოფიკო ჭიაურელი გიწევდათ...

GzaPress- სოფიკო უნიჭიერესი მსახიობი გახლდათ. გარდა ამისა, უკეთილშობილესი, ალალი, გულწრფელი, სიკეთით სავსე ადამიანი იყო. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როცა ცნობილი ტელესპექტაკლების რეჟისორი, ოთარ გვიჩია სპექტაკლს დგამდა. სოფიკოსთან ჩემი პირველი შეხვედრა აქ მოხდა: მე გერმანელი ჯარისკაცის, ის კი ფრანგი გოგონას როლს ასრულებდა, რომლებსაც სპექტაკლში ერთმანეთი შეუყვარდათ. მრავალი წლის შემდეგ "წუთისოფელში" შევხვდით, სადაც სოფიკომ შესანიშნავი სახე შექმნა და ვფიქრობ, ფილმის წარმატება დიდწილად ამან განაპირობა... ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ უგანათლებულეს, უკეთილშობილეს სპარტაკ ბაღაშვილთან ერთად "ცისკრის ზარებში" ვითამაშებდი და ყაზბეგის სასტუმროში მეზობლები ვიქნებოდით. მისი მეუღლე გემრიელ საჭმელებს ამზადებდა და ყოველთვის მეპატიჟებოდა ხოლმე.

თეატრალური ინტრიგები

- თეატრებიდან ჩემი ხშირი "გაქცევის" ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინტრიგები გახლდათ. არსებობდა დაჯგუფებები და რომელიმე მათგანში "შესვლა" თითქმის აუცილებელი პირობა იყო. ახლა აღარსად ვარ და უკვე აღარც მინდა; კონტაქტი აღარავისთან მაქვს... ბევრმა ალბათ, არც კი იცის, ცოცხალი რომ ვარ... ჩემი ბოლო კინოროლი გიორგი აბაშიშვილის ფილმში - "ყველაფერი ადამიანებზე" შედგა. გიორგის ხათრი ვერ გავუტეხე და ვფიქრობ, კარგადაც მოვიქეცი.

- პირად ცხოვრებაზე არაფერს გვეტყვით?

- პირად ცხოვრებაზე ბევრის ლაპარაკიც შეიძლება და საერთოდ არაფრისაც. მგონი, ჯობია, მეორე ავირჩიო... ჩემი ცხოვრება ერთი დიდი კოშმარული სიზმარი მგონია და სულ ვფიქრობ, როდის გავიღვიძებ-მეთქი? ძნელია მარტოობა და მარტოსულობა. თუმცა, ეკლესიაში დავდივარ და სასოწარკვეთილებაში არ ვარ. ბავშვობიდან უგზო-უკვლოდ დავეხეტებოდი, მაგრამ სულ ვგრძნობდი, რომ ღმერთი ჩემთან იყო.

შორენა ლაბაძე