"ბავშვის წყალობით, ამ კაცზე შურს ვიძიებ"
მასზე როგორმე, შური ვიძიო. მყავს პატარა, რომლის შესახებ იცის, მაგრამ არასდროს უნახავს. მინდა, ისე გავამწარო, როგორც თავის დროზე მე გამამწარა. არა, უფრო მეტადაც კი მინდა, ვატკინო! ჰოდა, თუ ჩემს მესიჯს წაიკითხავს, გაიგოს, რომ მის შვილს მამის სიძულვილს ვუნერგავ. ერთ დროს მამა-შვილი აუცილებლად გაიცნობს ერთმანეთს, მაგრამ შვილი მას არასდროს მიიღებს და შურსაც იძიებს იმის გამო, რომ თავის დროზე ამ უნამუსო კაცმა უარი თქვა ჩვენზე, რომ მომატყუა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ჭაობისთვის გამიმეტა. ძალიან გთხოვთ, დამეკონტაქტეთ. მე თქვენ ძალიან მჭირდებით. პატივისცემით ნინო, 26 წლის".
ნინომ ჩემთან შეხვედრა არაფრით მოისურვა. მას ტელეფონით დავუკავშირდი. ამბობს, რომ მისი საყვარელი თანამდებობის პირი იყო, რომელმაც აცდუნა და მერე, როგორც წერილში აღნიშნა, ორსული მიატოვა. გოგონა ამტკიცებს, რომ არაფერი იცოდა მასზე მანამ, ვიდრე კაცმა არ მიატოვა: ის უბრალო მეზღაპრე იყო, რომელმაც ჯერ გული გამითბო და მერე ისე მატკინა, რომ სხვა კაცისკენ გახედვაც კი მაფრთხობსო.
- ყველა კაცს ერთ ქვაბში არ მოვხარშავ, მაგრამ ერთის გამო, უკვე სხვებისაც არ მჯერა. უნდობლობამ დაისადგურა ჩემს გულში. ერთ დროს ძალიან ლაღი ვიყავი, ახლა კი ბოღმიანი გავხდი და მხოლოდ შურისძიებაზე ვოცნებობ. ადრე თუ გვიან, მიზანს მივაღწევ, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, გულიდან სიძულვილს ვერ ამოვირეცხავ.
- მომწერე, რომ შვილს მამის სიძულვილს უნერგავ გულში. არა მგონია, სწორად იქცეოდე.
- აბა, იმ კაცის სიყვარული შთავაგონო, რომელმაც დაბადებამდე გაწირა უმამობისთვის? ის კაცი შევაყვარო, რომელიც წამითაც არ დაფიქრებულა, სად უშვებდა საკუთარ პირმშოს, როცა მისი ცხოვრებიდან გამაგდო? ის კაცი შევაყვარო, რომელმაც მისი მოშორება მიბრძანა?
- მაგრამ პატარას სიძულვილს რომ ასწავლი, შესაძლოა, ეს თავად შემოგიბრუნდეს ცუდად. ამაზე არასდროს გიფიქრია?
- შეიძლება, მართალიც ხარ და ცუდად ვიქცევი, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია. შვილს მხოლოდ სიმართლეს ვეუბნები, არაფერს ვიგონებ. სამაგიეროდ, მას მამის გარდა, ყველა და ყველაფერი ეყვარება. ისე ვზრდი, რომ არ შეიძლება, ცუდ პიროვნებად ჩამოყალიბდეს... რომ არ გამერისკა, დღეს ჩემი პატარა ამქვეყნად არ იქნებოდა და მან ეს უნდა იცოდეს. ახლა 6 წლისაა. უკვე შეუძლია შავისგან თეთრის გარჩევა. იმ მსუნაგ ბებერს ახლა მოუნდა გაზრდილი ბავშვი, მაგრამ ვერ მივართვი. უკვე დამოუკიდებლად შემიძლია შვილზე ზრუნვა. როცა მისი მხარდაჭერა ნამდვილად გვჭირდებოდა, მაშინ მიგვატოვა. ახლა უკვე არაფერი გვინდა მისგან. ჯობია, შეგვეშვას, თორემ მალე მის სახელსაც და გვარსაც გამოვააშკარავებ, ეს კარგად დაიმახსოვროს და თავი საქვეყნოდ მოეჭრება! მიფრთხილდი, ცუნცულ, მიფრთხილდი და შეგვეშვი.
- შენი სიყვარულის ამბავზე რას გვეტყვი?
- რა თქმა უნდა, მხოლოდ სიმართლეს გეტყვით. 19 წლის ვიყავი, როცა შემთხვევით, ერთ-ერთ სუფრასთან გავიცანი. მეგობრებთან ერთად რესტორანში გახლდით. ის თავის "სასტავთან" ერთად მოვიდა. როცა ისინიც "გრადუსში" იყვნენ და ჩვენც, მოვიდა, მთხოვა, მეცეკვეო. უარი არ მითქვამს. რესტორანში გასართობად ვიყავით გოგოები და ვერაფერი ვნახე ცუდი იმაში, თუ უცხო ადამიანს ვეცეკვებოდი ერთჯერადად, მაგრამ მერე არა და არ მომეშვა. ლადოდ გამეცნო. მითხრა, რომ თავისი ბიზნესი ჰქონდა. არ გეცნობიო? - ისიც მკითხა. - არა-მეთქი, რომ ვუთხარი, - ძალიანაც კარგი, ახლა ხომ მიცნობო. ვიფიქრე, მთვრალია და ამიტომაც ურევს რაღაცას-მეთქი. ცეკვისას რაღაცნაირად დავახლოვდით. მართალია, ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა აშკარა იყო, მაგრამ ამაზე მაშინ დიდად არ მიფიქრია. უბრალოდ, ვერთობოდით. მერე მთხოვა, - თუ შეიძლება, თქვენი ტელეფონით ვისარგებლებო და სადღაც გადარეკა. მაშინ ამისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება, რადგან ნასვამი ვიყავი... დაახლოებით სამი დღის შემდეგ დამირეკა, - ლადო ვარ, არ გახსოვარო? გამიკვირდა: კი, მახსოვხართ, მაგრამ ჩემი ნომერი საიდან გაიგეთ-მეთქი? არშიყი დამიწყო: ჩიტმა მომიტანა შენი ტელეფონის ნომერი, რადგან იცოდა, უშენობით ვკვდებოდიო და ა.შ. ხომ იცით, ყველას მოსწონს ლამაზი სიტყვები და გამონაკლისი არც მე ვარ. თან, მაშინ თინეიჯერს თავშიც მიქროდა. მოკლედ, ტელეფონი რომ გავთიშე, მივხვდი, მასში რაღაც მომწონდა. მეორე-მესამე დღეს რომ არ შემეხმიანა, ცოტა არ იყოს, მეწყინა. მინდოდა, თავად დამერეკა, მაგრამ თავი როგორღაც შევიკავე.
- ანუ თინეიჯერს ასაკოვანმა კაცმა თავბრუ დაგახვია? მისით ასე ძალიან რატომ მოიხიბლე?
- ხომ იცი, ინტერესი ბევრ რამეზე გადამწყვეტად მოქმედებს. ეს კაცი ძალიან საინტერესო პიროვნებად მომეჩვენა. მისმა ყურადღებამ და ამავდროულად იმანაც, რომ თავს არ მაბეზრებდა, მიმიზიდა. გარეგნულადაც სიმპათიური გახლდათ და თუ მისი სუნამოს მიხედვით ვიმსჯელებდი, კარგი შემოსავალიც უნდა ჰქონოდა. ასე რომ, მოვიხიბლე. თან, უცოლო მეგონა. მასთან ფლირტაობის სურვილი მქონდა, თორემ თუ შემიყვარდებოდა და უფრო მეტიც, საქმე საწოლამდე მივიდოდა, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. მეგონა, ამ კაცს გავაგიჟებდი და მერე მისგან გავიქცეოდი, როგორც სხვა შემთხვევებში ვიქცეოდი ხოლმე...
ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. თავხედი გახლდით და ყველას ვეფლირტავებოდი, მერე გავრბოდი. არავინ ეკარებოდა ჩემს გულს ისე, რომ ვინმეზე სერიოზულად მეფიქრა და მეგონა, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდებოდა. მწარედ შევცდი... მეოთხე დღეს დამირეკა. ძალიან გამიხარდა. მეშვიდე დღეს უკვე პაემანი დამინიშნა. უარი არ მითქვამს. კაფეში წავედით, ვისადილეთ, ვილაპარაკეთ. შინ რომ დავბრუნდი, მივხვდი, მხოლოდ მე ვლაპარაკობდი, ის მისმენდა ან კითხვებს სვამდა. ჩემზე ლამის ყველაფერი გაიგო, მასზე კი ისევ არაფერი ვიცოდი. საკუთარ თავზე ძალიან გავბრაზდი და გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, ამ კაცზე რაიმე გამეგო. რამდენიმე დღე ისევ ტელეფონით მეკონტაქტებოდა. თავად მასთან არ ვრეკავდი, მიუხედავად იმისა, რომ ამის დიდი სურვილი მქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შევხვდით. რომ მეგონა, "მაგარი გოგო" ყველაფერს "დავაფქვევინებდი", რამდენჯერაც ლაპარაკი მის პირად ცხოვრებაზე ჩამოვუგდე, იმდენჯერ იუმორში გამიტარა და ისეთ რაღაცებს ჰყვებოდა, მუცელი ხელით მეჭირა, სიცილისგან ვიგუდებოდი. რასაც ვერ დავუკარგავ, ეს საოცრად კარგი იუმორის გრძნობაა. რამდენიმეთვიანი ურთიერთობის შემდეგ, მასზე იცით, რა გავიგე: მის ბავშვობაზე - ყველაფერი, თინეიჯერობაზეც - ბევრი რამ, აი, ბოლო წლებში როგორ ცხოვრობდა, ამაზე არაფერი! მხოლოდ ის გამანდო, რომ წარსულში ვიღაც უყვარდა, მერე ეს სიყვარული გაუფერულდა - მეტი არაფერი. ვფიქრობდი, ეტყობა, ცოლი არ ჰყავს, თორემ ამის დამალვას როგორ მოახერხებდა-მეთქი? ერთხელაც, სიყვარულში გამომიტყა. მეც მომწონდა მასთან ყოფნა და მაშინვე, დაუფიქრებლად ვუთხარი: მიყვარხარ-მეთქი. იცით, პატარა გოგოს, გარდა იმისა, რომ თავში მიქროდა, მისი მანერები მაგიჟებდა. იცოდა ქალთან მოქცევის წესები და წარმატებულად დამახვია თავბრუ. სიღარიბეში გაზრდილი მის მანქანასაც დავეხარბე. მომწონდა, ყოველდღე კომფორტულად რომ მიმაგრიალებდა სახლიდან უნივერსიტეტამდე, მერე სადმე კაფეში, ბოლოს ისევ სახლში. იშვიათად, რომ დღე ისე გასულიყო, ჩემს წასაყვან-წამოსაყვანად დრო ვერ გამოენახა. ეს ყველაფერი მიზიდავდა. ეჭვიც არ შემპარვია მის სიტყვებში, რომ ბიზნესმენი იყო. როცა ჩემთან გახლდათ, საეჭვოც არავინ ურეკავდა...
- მის გვერდით რამდენი ხანი გრძნობდი თავს ბედნიერად?
- 4-5 თვე ვიყავით ასე, კარგად. ერთხელაც მითხრა, - მცხეთაში, ქორწილში ვაპირებ წასვლას და ხომ არ გამომყვებიო? უაზროდ დავეთანხმე. სახლში მშობლები მოვატყუე, - ერთ-ერთ მეგობარზე ვთქვი, რაიონში მივყვები და მეორე დღესვე დავბრუნდებით-მეთქი. უპრობლემოდ გამიშვეს, რადგან იმ გოგონას ენდობოდნენ. თეკო წინასწარ გავაფრთხილე: შეყვარებულს მცხეთაში მივყვები და არ "გამიბაზრო". სახლში იციან, რომ ბებიაშენთან მივდივართ-მეთქი. არ მოეწონა, მაგრამ ვერ "გამიტეხა". დიდუბემდე მამამ მიმიყვანა. ლადო იქ დამხვდა და მანქანით მცხეთისკენ დავიძარით. გზად სახინკლეში შევიარეთ, მერე ვისეირნეთ. მითხრა: ქორწილი გვიან არის, დრო გვაქვს და სადაც გინდა, იქ წაგიყვანო. ცხადია, მის გვერდით ყოფნა ყველაფერს მერჩივნა და მოვიარეთ მთელი მცხეთა. რომ დაბინდდა, ერთ-ერთ სასტუმროში მიმიყვანა და გამომიცხადა: უნდა მაპატიო, მოგატყუე. ძალიან მინდოდა, მთელი დღე შენ გვერდით გამეტარებინა, ამიტომ ვიცრუე, ვითომ ქორწილში მივდიოდი. ღამე ამ სასტუმროში გავატაროთ, შენ ცალკე ნომერში, მე - ცალკე, ხვალ კი საგურამოში ავიდეთ, იქაურობაც მოვიაროთ და მერე თბილისში დავბრუნდეთო. მეწყინა, რომ მომატყუა და გავებუტე კიდეც, მაგრამ მალევე მომიბრუნდა გული. სასტუმროს რესტორანში წავუქეიფეთ, დავლიეთ და... დილით ერთ ნომერში გვეძინა. უკვე გვიანი იყო სინანული. რაც მოხდა, მოხდა! მას მერე მპირდებოდა, - არაფრის შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება, ბედნიერად ვიცხოვრებთო. მეც მჯეროდა მისი. ერთი თვის შემდეგ ისევ დამპატიჟა მცხეთისკენ, სასეირნოდ. გავყევი და იმ დღეს გამომიტყდა სიმართლეში: ცოლი მყავს, შვილები - არა. აღარ მიყვარს, მაგრამ ვერც ვშორდებიო. იმ დღეს სტრესი მივიღე. მისი დანახვა აღარ მინდოდა და გავექეცი, სახლში სამარშრუტო ტაქსით დავბრუნდი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რამდენიმე დღე არ ველაპარაკებოდი, მის ზარებს არ ვპასუხობდი, სახლიდანაც არ გავდიოდი. მერე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და სხვა გზა არ მქონდა, მასთან თავად მივედი. გაუკვირდა, - რა ბუზმა გიკბინაო? უკვე რაღაც სხვანაირად მითხრა და მისი ხმა, ტონი ძალიან არ მომეწონა. მივახალე, - შენგან ფეხმძიმედ ვარ-მეთქი. ახარხარდა, - ნამდვილად ჩემგან ხარ? რა გარანტია მაქვს, რომ სწორედ მე დაგაორსულეო? აგდებულად მექცეოდა. მივხვდი, ეს კაცი არ იყო ის, ვინც აქამდე მეგონა. გადავწყვიტე, მასზე ყველაფერი გამეგო და მისი ტყუილებისთვის ფარდა ამეხადა. სწორედ ამის მერე შევიტყვე, რომ ბიზნესმენი - არა, მაგრამ თანამდებობის პირი კი ყოფილა. მივხვდი, ეს ადამიანი ტიპური მატყუარა იყო. ერთი პერიოდი მის ოჯახში მისვლა და სიმართლის თქმაც დავაპირე, მაგრამ მივხვდი, ამას აზრი არ ჰქონდა. კაცმა არ იცის, დამიჯერებდნენ თუ არა და თან, ამით რას მოვიგებდი? ახლო მეგობრებს გავანდე საიდუმლო, ისინი კი დედას დაელაპარაკნენ. ატყდა ერთი ამბავი. მშობლებმა მაგრად დამსაჯეს, სახლიდანაც გამიშვეს. ბინას გიქირავებთ და თავიდან მოგვწყდი, შენი დანახვაც არ გვინდაო. მადლობა ღმერთს, ჩემი შვილი მოსაკლავად მაინც ვერ გაიმეტეს, მუცლადმყოფის მამისგან განსხვავებით. კარგა ხანი, მეგობრების გარდა, ვერავის ვნახულობდი. ნაქირავებ ბინაში გამოკეტილს, ისინი მამარაგებდნენ საჭმლით. ლამის 7 თვე გავატარე გამოკეტილმა და ამ დროის მანძილზე მას ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, მომავალი შვილის დედის ბედით დაინტერესებულიყო. მხოლოდ ახლახან, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გამოჩნდა, შვილი მოიკითხა. მაგრამ მე უკვე გამოვიგლოვე მისი სიყვარული დიდი ხნის წინ. ვიცი, ახლა ძალიან უნდა შვილთან ურთიერთობა, თუმცა - ვერ მიართვეს! ახლა ვიცი, როგორ ვიძიო მასზე შური.
- ახლა შვილთან ერთად, მარტო ცხოვრობ?
- კი, მარტო ვცხოვრობთ. მატერიალურად მშობლებიც მეხმარებიან და მეც ვმუშაობ. ბავშვი წელს სკოლაში მივიდა. ვახერხებ დროის განაწილებას ისე, რომ შვილსაც არ ჰქონდეს დედასთან ყოფნის დეფიციტი და საქმესაც არ ვავნო. ჩემი გოგონა მაბედნიერებს და ძალას მმატებს. სხვათა შორის, უკვე მყავს გვერდით ადამიანი, რომელიც მზად არის, ჩემი შვილიც მიიღოს და მეც მხარში ამომიდგეს, მაგრამ არ მსურს, ჩემი შურისძიება არ გამოვიდეს, ამიტომ მასთან ურთიერთობისგან თავს ვიკავებ. ჯერ გეგმებს მივხედავ და მერე ვიფიქრებ საკუთარ ბედნიერებაზე. არ შემიძლია, იმ კაცს არ გადავუხადო სამაგიერო, რომელმაც ჩემი ცხოვრება სულ სხვა რელსებზე შეაყენა. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ საოცარი გოგონა მყავს, მაგრამ ეს ძველ ტკივილს ვერ მავიწყებს. აუცილებლად მივაღწევ მიზანს, ამას გპირდებით.
- თქვენს ცხოვრებაში დაბრუნება როგორ სცადა?
- ცხადია, მოსვლა ვერ გაბედა და დამირეკა, ისევ საყვარლობა შემომთავაზა. ცოლის სტატუსი ვერ გაიმეტა ჩემთვის. ალბათ, მეორე ნახევრის თვალში პატიოსანი, უღალატო კაცის სახელი აქვს. არადა, მაგარი გველაძუაა. დარწმუნებული ვარ, ბევრ გოგოს ურევს თავგზას ეს მექალთანე. იმედია, მე თუ ვერ შევძლებ მიზნის მიღწევას, სხვა მაინც დაუნგრევს ტყუილებით აკოწიწებულ, საქმიანი კაცის იმიჯს. ეს არის თაღლითი, რომელიც გოგონების გულს იპარავს. ახალგაზრდებს გლეჯს საუკეთესოს, თვითონ რომ გაახალგაზრდავდეს. არად დაგიდევთ, მის გამო სხვები რომ იტანჯებიან. მას შეუძლია, ადამიანზე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს და მოგაჯადოოს. ძალიან არ მინდა, ჩემი შვილი მამას დაემსგავსოს.
- შვილს მამაზე რას უყვები?
- ვუყვები, რომ ის ცუდი ადამიანია. რომ პატარა გოგონებს ატყუებს, რათა თვითონ სულ ახალგაზრდა იყოს. ამ ყველაფერს ცხადია, ჯერჯერობით ცოტა შელამაზებულად ვეუბნები, მაგრამ როცა გაიზრდება, აუცილებლად ვეტყვი ყველაფერს და მერე ის თავად მიხვდება, როგორ უნდა აიძულოს სადისტი კაცი, ინფარქტამდე მივიდეს.
- და მაინც, გირჩევ, შეიცოდო ბავშვი...
- მის ფსიქიკას გავუფრთხილდე? მაგრამ მამაზე სიმართლეს თუ გვიან გაიგებს, მის თვალში ავტორიტეტს დავკარგავ. ის ვერ გადაიტანს, დედაც მატყუარა თუ ეყოლება, ამიტომ ჯობია, მწარე სიმართლე იცოდეს, ვიდრე ზღაპრული ტყუილი. შვილზე შეძლებისდაგვარად ვზრუნავ. მას არც სითბო აკლია და არც სხვა რამ. ვცდილობ, კარგი მოსწავლე იყოს და ბევრ წრეზეც დამყავს. გონიერი ბავშვია და ნამდვილად არ იმსახურებს ისეთი მამის ყოლას, როგორიც ლადოა!
P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com
ლიკა ქაჯაია