უცნაური კაცის ორი სიყვარული - გზაპრესი

უცნაური კაცის ორი სიყვარული

მინდა გიამბოთ უცნაური ამბავი სიყვარულისა, რომელიც შეიძლება, ზოგს დაუჯერებლადაც მოეჩვენოს. საყვარელი ქალი ლამის სამჯერ შევირთე და სამივეჯერ დავკარგე. ახლა კი ვაპირებ, მეოთხედაც ვცადო ბედი და სავარაუდოდ, ეს ჩვენი საბოლოო შეყრა იქნება, რადგან იმ ასაკში ვარ, როცა დაუფიქრებლად ნაბიჯის გადადგმა აღარ შემეფერება"... ბატონი ამირანის წერილიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ მაინც დავურეკე. ის ცდილობს, ცოლყოფილს დაუმტკიცოს, რომ მისი სიყვარულით იკვებება. თითქოს, ერთგულიც არის, მაგრამ - ერთდროულად ორი ქალის ერთგული!

"ბედნიერი ვიყავი, აბღავლებულს რომ ვუყურებდი"

- უკვე 66 წლისა ვარ. დიდი ცხოვრებისეული გზა გამოვიარე და ისევ იქ მივედი, საიდანაც დავიწყე. შეუძლებელი ყოფილა პირველი ნამდვილი სიყვარულის დავიწყება და ასაკი რომ მემატება, ამაში მით უფრო მეტად ვრწმუნდები. მე და ხათუნამ ერთმანეთი ლამის დაბადებისთანავე გავიცანით - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყოველთვის ვიცნობდი. ერთსა და იმავე სკოლაში ვსწავლობდით. კლასელები გახლდით და ბედის წყალობით, პირველსავე კლასში, ერთსა და იმავე მერხთან დაგვსვა ჩვენმა პირველმა მასწავლებელმა - ქალბატონმა მაგდამ (აცხონოს უფალმა!). მას მერე, სკოლის დამთავრებამდე ჩვენი გზები არ გაყრილა. ეს კიკინებიანი გოგო გულში ჩამივარდა. თავიდან უშნოდ გამოვხატავდი მოწონებას: თმაში ვწვდებოდი ხოლმე და მოვქაჩავდი ან ჩანთას ვართმევდი. ის ტიროდა, მე კი ბედნიერი ვიყავი, აბღავლებულს რომ ვუყურებდი. მასწავლებელი ცდილობდა, დაემშვიდებინა პატარა ჩაპუტკუნებული გოგო და თან, მე მმოძღვრავდა: გოგოს ასე უნდა მოექცე? არ გრცხვენიაო?! რამდენჯერმე დააპირა კიდეც სხვა მერხთან დაჯდომა, მაგრამ ასეთ დროს თავს მოვიგიჟიანებდი ხოლმე და მანამდე ვერ მაწყნარებდნენ, ვიდრე ისევ ჩემ გვერდით არ დავიგულებდი... დრო რომ გავიდა, მერე უკვე მისი პირადი მცველი გავხდი. აბა, ვინმეს გაებედა და მისთვის გული ეტკინა, მაშინვე საყვარელი გოგოს გვერდით ავიტუზებოდი და ვაი, იმას, ვინც აწყენინებდა!..

შეიარაღებული მამა და ჩაშლილი სერენადა

- დაახლოებით მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ჩემმა ძმაკაცმა ხათუნას უთხრა: ვერ ხედავ, ეს ბიჭი შენზე შეყვარებული რომ არის? ისე ნუ იქცევი, თითქოს ჩირგვებში ზიხარო. ხათუნა წამოწითლდა: ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ, რაებს იგონებო?! - და გაიქცა. მაშინ მეგონა, ჩემი გოგო მართლა ვერაფერს ხვდებოდა და გადავწყვიტე, ძმაკაცის სიტყვები გამემყარებინა; მომინდა, ხათუნასთვის მიმეხვედრებინა, რომ უსაზღვროდ მიყვარდა. ჰოდა, იმავე საღამოს დავრაზმე ბიჭები და ეზოს წინ ჩასაფრებულებმა, სიმღერა შემოვძახეთ. მამამისი გამოგვივარდა: ვინ ხართო? თოფიანი კაცი რომ დავინახეთ, სულ ტყაპატყუპი ავუტეხეთ სოფლის ტალახს და სახლამდე როგორ მივაღწიე, არც მახსოვს. თუმცა, ამ ამბავს კარგი შედეგი მოჰყვა: ხათუნა, ცხადია, მიხვდა, ვინც უმღერა და მეორე დღეს, სკოლაში მოსულმა, ჯერ უცნაურად გამიღიმა, მერე თავშიც წამომარტყა: სხვანაირად არ შეგეძლო ამ ყველაფრის თქმა, მთელი სოფელი ჩემი სახლის წინ რომ არ შეგეკრიბაო?.. კარგა ხანს მაინც ვერ ვბედავდი მისთვის სიყვარულის გამხელას... ის ყველანაირად მიწვევდა და ცდილობდა, ჩემთვის სიმართლე დაეცდენინებინა, მე კი რამდენჯერაც სიმართლის თქმა დავაპირე, იმდენჯერ ყელში ბურთი გამეჩხირა.

გატაცებული შეყვარებულის დაბრუნება

- გავიგე, რომ ხათუნა ჩვენს პარალელურკლასელს უყვარდა და საქმის გასარჩევად მივუვარდი. საცოდავი, ისეთ დღეში ჩავაგდე, მას მერე მგონი, ცხვირი გასივებული აქვს, ჯერაც არ დაუცხრა. - თავი დამანებე, აღარ მინდა ხათუნა, შენი იყოსო, - მევედრებოდა, მე კი ჯიუტად ვცდილობდი, მისთვის დამემტკიცებინა, რომ მაგარი კუნთები მქონდა... ახალგაზრდა, სულ მუშტებზე ვიყურებოდი, სულ ვიღაცის ცემა-ტყეპაში ვიყავი, მაგრამ ახლა რომ დანებს ატრიალებენ, გეფიცებით, ასეთი რამ თავში აზრადაც არასდროს მომსვლია. ჩხუბის დროს დანა ერთხელაც არ გამომიყენებია, რადგან ეს ავკაცობად მიმაჩნდა. თუ ვინმეს ჩხუბისას იარაღს დავუნახავდი, საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი და ეს იარაღიანი შეიძლებოდა, ისე მეცემა, რომ საავადმყოფოში გამხდარიყო წასაყვანი... მერე ხათუნაზე შეყვარებული ბიჭის ამბავი ყველამ გაიგო და ჩემი შიშით, აღარავინ ეკარებოდა. სოფელში მოჩხუბრის სახელი მქონდა გავარდნილი და ვინ გაბედავდა ჩემს წინააღმდეგ წასვლას?! თუმცა, ერთმა ხისთავიანმა მაინც გაიტაცა, ვიდრე სკოლას დავამთავრებდით და იმდენი ვდიე, მაინც "ამოვთხარე", სიმწრით ატირებული გოგო დავიხსენი და საკუთარი თავიც გადავარჩინე - ხათო მასთან რომ დარჩენილიყო, ეჭვიანობისგან შეიძლებოდა, გავგიჟებულიყავი. ისედაც არ ვიყავი მთლად დალაგებული და ეს ამბავი კიდევ უფრო მეტად გადამრევდა - ეს ზუსტად ვიცი. უნდა გენახათ, იმ ბიჭის ნათესავების ოჯახში ყველაფერი როგორ მივანგრ-მოვანგრიეთ მე და ჩემმა ძმაბიჭებმა. ბოლოს გვეუბნებოდნენ: ოღონდაც თავი დაგვანებეთ, წადით და რაც გინდათ, გვთხოვეთ. შეცდომა მოუვიდა ამ აბდალს და ამის გამო, ყველა მისი ნათესავი ხომ არ უნდა ამოგვხოცოთო (იცინის)!

"რუსმა ქალბატონმა თავბრუ დამახვია"

- ხათუნას მოტაცების ამბავი მის მშობლებს არც გაუგიათ. მშვიდად იყვნენ, რადგან იცოდნენ, საიმედო ხელში იყო და მისი მფარველობა მე მომანდვეს. უკვე სასიძოდ მიმიჩნევდნენ, თუმცა, ცხადია, ამაზე ხმამაღლა არავინ ვლაპარაკობდით - იმ დროში ისეთი თამამები არ ვიყავით, როგორებიც ახლანდელი ახალგაზრდები არიან. თავისუფალ ურთიერთობებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მერწმუნეთ, ხათუნასთვის არ მიკოცნია მანამ, ვიდრე მეთერთმეტე კლასში არ გადავედით და საბოლოოდ არ აღვუთქვით ერთმანეთს ცოლქმრობა. სკოლა რომ დავამთავრეთ, ოჯახიც შევქმენით. სწავლის გაგრძელებაზე თავს არც ერთი ვიკლავდით და ხელს რა შეგვიშლიდა? მამაჩემი ხელოსანი იყო და მეც მასწავლიდა საქმეს. ასე რომ, უმუშევრად ყოფნა არ მემუქრებოდა და როგორც კი მხრებზე უღელი დავიდგი, მაშინვე შევუდექი მოვალეობის შესრულებას, ოჯახზე ზრუნვას და მამის გვერდით ვმუშაობდი ხოლმე...

ძალიან ბედნიერები ვიყავით. ხათუნამ ქალ-ვაჟიც გამიჩინა და ამან კიდევ უფრო მეტად გამითბო გული. ისე გავთბი, რომ გადავწყვიტე, ოჯახში უფრო მეტი ფული შემომეტანა და ამ მიზნით, საქართველოდან გადავიხვეწე. ეს იყო ჩვენი დიდხნიანი, პირველი განშორება. რომ მეგონა, ერთი წელი ვიმუშავებდი რუსეთში და მერე ისევ ოჯახს დავუბრუნდებოდი, შევცდი - იქ სამი წელი ისე გავატარე, ერთხელაც არ ჩამოვსულვარ. ხათუნა მენატრებოდა, მაგრამ რუსმა ქალბატონმა თავბრუ ისე დამახვია, რომ დაბრმავებულ-დაყრუებულივით ვიყავი და მასაც გავაჩენინე გოგონა. მერე ისიც არ მეთმობოდა დასაკარგად. ხომ გითხარით, ერთგული ვარ და საყვარელ ადამიანებს ვერ ველევი. ხათუნასა და ბავშვებს ფულს ყოველთვის ვუგზავნიდი, თბილ მოკითხვებსაც არ ვიშურებდი. საყვედური არ დასცდენია, მიუხედავად იმისა, რომ დაქალები "აწვეთებდნენ": რაღაცაშია საქმე, ვინმე ხომ არ გაიჩინაო? მას ბოლომდე სჯეროდა ჩემი ერთგულების...

"ქალების წინაშე გამოვიჩინე სისუსტე"

- სამი წლის მერე რამ გადამაწყვეტინა საქართველოში ჩამოსვლა? ისევ და ისევ დიდმა სიყვარულმა! მონატრებას ვეღარ გავუძელი და ახლა იმ ქალს დავპირდი: წავალ სამშობლოში, ჩემებს დავხედავ და მალე დავბრუნდები-მეთქი. არ მიშვებდა, - ვიცი მე ქართველების ამბავი, სამშობლოში რომ წავლენ, მერე ყველაფერს ივიწყებენო, მაგრამ მაინც დავუსხლტი ხელიდან. უნდა გენახათ, საქართველოში რომ დავბრუნდი, როგორ შემომეხვივნენ ახლობლები. უკვე გაზრდილი შვილები ხელს აღარ მიშვებდნენ, ბედნიერები იყვნენ ჩემი დანახვით. ხათუნაც გაბრწყინებული თვალებით შემომცქეროდა, თავს დამტრიალებდა. მარტო რომ დავრჩით, გამომიტყდა: უკვე იმედი გადამეწურა, რომ დაბრუნდებოდი. აქამდე ყველას ჯიუტად ვუმტკიცებდი, რომ არ მიღალატებდი, არ მიმატოვებდი, მაგრამ ლოდინმა ისე დამღალა, ბოლოს ოპტიმიზმის ძალაც გამომაცალაო, - მისი ეს სიტყვები ახლაც ჩამესმის ყურში. მეტკბილა მის გვერდით ყოფნა. ეს სულ სხვა სიყვარული იყო, ძალიან ძლიერი - კიდევ ერთხელ ვიგრძენი და დავიფიცე, რომ რუსეთისკენ აღარც გავიხედავდი. კიდევ ერთი შვილი რომ მყავდა, ესეც დავუმალე საყვარელ ადამიანებს, რადგან არ მინდოდა, გული სტკენოდათ. თურმე, სიმართლის აღიარებას უზარმაზარი ვაჟკაცობა სჭირდება. ვაჟკაცად კი მომქონდა თავი, მაგრამ ძალიან ძლიერიც ვერ ვყოფილვარ. ქალების წინაშე გამოვიჩინე სისუსტე და მარტო დარჩენილს, ახლა ეს ამბავი ძალიან მტანჯავს.

სახლიდან გაქცეული ცოლი

- აქაც ვმუშაობდი, მაგრამ ხომ იცით, ჭია რომ შეუძვრება ადამიანს გულში, მერე არაფერი ეშველება. ცოლს როგორღაც გავანდე: რუსეთში ვაპირებ წასვლას და საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს-მეთქი? ვერაფერი მიპასუხა. ოთახიდან ისე გავიდა, ხმაც არ გამცა. მივხვდი, ყელში ცრემლის ბურთმა მოუჭირა და გამექცა. ერთი პერიოდი მის გამო გადავიფიქრე კიდეც გამგზავრება, მაგრამ მერე მაინც გავიძურწე. წავედი ისე, რომ არავისთვის არაფერი მიკითხავს. მეგონა, იქიდან ფულს თუ გამოვგზავნიდი, ყველა მაპატიებდა გაქცევას. ისევ რამდენიმე წელი გავატარე რუსეთში. იქ ჩემი გოგონაც არ მემეტებოდა მისატოვებლად. ჩემი ქერა, პატარა ანგელოზს ჰგავდა. მამა ძალიან უყვარდა და მეხვეწებოდა, - შენს სამშობლოში წამიყვანეო... უკვე გაზრდილი დამხვდა, ლაპარაკობდა კიდეც. რუსმა "ცოლმა" მაპატია მისგან გაქცევა და ისე ჩამიკრა გულში, გეგონებოდა, ნაწყენი სულაც არ იყო ჩემზე... მაინც ვერ გავძელი ხათუნას გარეშე დიდხანს და რამდენიმე წელიწადში ისევ საქართველოში დავბრუნდი. ჩემი ორცოლიანობის სურვილის გამო, ხათუნა სახლიდან წასული დამხვდა. მშობლებმა მიამბეს: აქამდე არ მიგვატოვა, მაგრამ როგორც კი გაიგო, ჩამოსვლას აპირებდი, მოჰკიდა ბავშვებს ხელი, დაჰკრა ფეხი და კაცმა არ იცის, სად წავიდა. ეტყობა, ყველაფერი წინასწარ დაგეგმა. ჩვენც ვერ შევუშალეთ ხელი, რადგან მართალია ის ქალი, არ გაემტყუნება. აქამდეც რომ არ მიგვატოვა, ეს გვაკვირვებდაო. - რატომ უნდა მიეტოვებინეთ-მეთქი? - შევიცხადე. - ყველაფერი ვიცით. გვითხრეს, რომ რუსეთში სხვა ცოლ-შვილი გყავსო.

კიდევ ერთი გაქცევა

- ხათუნა, ცხადია, ვერსად დამემალებოდა. ვიპოვე და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, შემოვირიგე, სახლში დავაბრუნე. ვუყვარდი და ამიტომაც დამითმო, მაგრამ მივხვდი, ჩემ მიმართ ძველებურად თბილი აღარ იყო. ვერც გავამტყუნებდი ამის გამო და დავიფიცე, - მომავალში ისე მოვიქცევი, რომ გული აღარ ეტკინოს-მეთქი, მაგრამ ფიცი ისევ გავტეხე: რუსეთიდან დამირეკეს, თქვენი გოგონა ცუდად არის, უნდა ჩამოხვიდეთ, მამა სჭირდებაო. წავედი როგორღაც. ქვეყანაში უკვე ყველაფერი არეული იყო, მაგრამ მაინც გავრისკე. ხათუნა შეეცადა, ჩემთვის გაეგო, მე კი დავპირდი: როგორც კი ჩემი შვილი კარგად გახდება, მაშინვე დავბრუნდები-მეთქი. იქ ჩასული კიდევ რამდენიმე წელი დავრჩი. არც ისინი მემეტებოდნენ მისატოვებლად და გული საქართველოსკენაც მექაჩებოდა. მერე ისევ იგივე გამეორდა: სამშობლოში დაბრუნებულს ცოლი ისევ გაქცეული დამხვდა, შვილებმა კი უკვე საყვედურიც გამიბედეს, - თუ არ გინდივართ, წადი, თავი დაგვანებე, რას გვაპამპულავებ ან ამ ქალს რას ანერვიულებ? დედა შენ თუ აღარ გჭირდება, ჩვენ გვინდა მისი თავი და ნუ მოგვიკლავო! ის საღამო დარდისგან თეთრად გავათენე. ისევ დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ შემოვირიგე ცოლი, რომელიც ბავშვების ხათრით, შემირიგდა.. რაღაც პერიოდის შემდეგ, ისევ გავიქეცი თბილი ბუდიდან...

"შემირიგდი, მჭირდები!"

- სიყვარული უცნაური რამ არის. ერთგული ვარ, მაგრამ - ორი ქალის! მესამე არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს ალბათ, ვერ მამართლებს. ხათუნა ქვეყანას მირჩევნია, მაგრამ ჩემი რუსი გოგოც მიყვარდა. დასაკარგად არც ის მემეტებოდა და ქალიშვილი - მით უმეტეს, რომელსაც ქართველ მამაზე ჭკუა ეკეტება და საქართველოშიც ბევრჯერ ჩამოვიდა ჩემი ხათრით, და-ძმაც გაიცნო და მათთან აქვს ურთიერთობა. სხვათა შორის, ის ხათუნამაც კარგად მიიღო. გეგონებოდა, დიდი ხნის უნახავი შვილი დაუბრუნდაო, გულში ჩაიკრა, მაგრამ ჩემ მიმართ ვერა და ვერ გაუთბა გული. ზოგჯერ სიყვარული ადამიანს აიძულებს, ისეთი რამ ჩაიდინოს, რაც მის მორალსაც კი ეწინააღმდეგება. უნებურად გავხდი ნაძირალა, ოჯახის მოღალატე, მაგრამ გარე ურთიერთობები რომ არასდროს მიძებნია, ეს არავის აინტერესებს. კაცი ქალის სიყვარულისთვის დაბადებულა ამქვეყნად და როგორ გინდა, ცდუნებებს გაუძლო?! მე ორმა მაცდუნა, სხვებმა ვეღარ მოახერხეს ჩემი გულის მოგება. ეს ცდუნება არ უნდა მომეტევოს? ქვეყნად ხომ ქალები კაცებზე ჭარბად არიან და თუ ორ ადამიანს დავიგულებ ცოლად, ამის გამო უნდა ვეწამო?.. მას მერე, რაც ჩემი რუსი გოგო ამ ქვეყნიდან წავიდა და ჩემი კატოც დედის გარეშე დარჩა, გულის რაღაც ნაწილი ჯერ გათავისუფლდა, მერე მთლიანად ამოივსო ხათუნას სიყვარულით, მაგრამ მას ჩემი სახელის ხსენებაც აღარ უნდა. ამბობს: იმდენჯერ მატკინა, რომ მასთან დაბრუნების ყოველგვარი სურვილი დავკარგეო. ასეა და რა ქნას?! ამბობს, როცა ქმარი მჭირდებოდა გვერდით, სულ გარბოდა და ახლა მოსავლელი კაცი რა თავში ვიხალო?! წადი, შენი გზა მოძებნე და ისეთი ქალიც, ვინც შენზე იზრუნებს. მე კი ვიცი, რაც მევალება ამ ცხოვრებაში, მხოლოდ შვილებსა და მათ შთამომავლებზე ვიზრუნებო. ასეც არის - ახლა ჩვენს შვილიშვილებს, უსაყვარლეს ბავშვებს აკვდება თან. შვილიშვილები დამცინიან, - ბაბუ, ბებო კიდევ ვერ შემოირიგე? თუ მიზანს მიაღწევ, მაგარ ქორწილს გადაგიხდით, მით უმეტეს, ჯვარი არ გქონიათ დაწერილი და მიზეზიც გვექნებაო. ისინი ხუმრობენ, მაგრამ ამ სიბერეში მგონი, მართლა გავგიჟდი და მეც მაქვს სურვილი, ჩემი ფუმფულა ხათუნა თეთრ კაბაში გამოწყობილი ვნახო და მასთან ჯვარი დავიწერო, რომ ბედმა სიცოცხლის ბოლომდე არ გაგვყაროს, რომ იმ ქვეყნადაც მის გვერდით ვიყო.

ქალებო, როგორ ფიქრობთ - არ მეპატიება ის შეცდომა, რომელსაც ვაღიარებ? ნუთუ, სიყვარული ისეთი ძლიერი გრძნობა არ არის, რომ ყველა და ყველაფერი უკან მოიტოვოს და მომავალზე დაგაფიქროს? ხათუნა, მჭირდები და ვიცი, შენც გჭირდები. შეუძლებელია, სიყვარულით მფეთქავი ორი გული საბოლოოდ დაშორდეს ერთმანეთს, თუ მათ სიკვდილი არ გაყრის. მიყვარხარ და გთხოვ, ეს ბებერი გული ამივსე სიხარულით. დიდი ხანი არ მიწერია ამქვეყნად ყოფნა და გთხოვ, დარდს ნუ გამატან იმ ქვეყნად საგზლად. შემირიგდი, ჩემო ქალბატონო, და გავიტანოთ წუთისოფლის დარჩენილი წუთები სიამტკბილობით. მართალია, დავბერდი, მაგრამ გულმა სიბერე არ იცის და ისევ სიყვარულით მიძგერს ეს მოხუცი გული! ღვთის გულისთვის, დამიბრუნდი, ნუ მკლავ.

დაბოლოს, ყველას გილოცავთ ახალ წელს! სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენს გულს! თუ ეს გრძნობა არ დაგაქვთ, თუ ეს გრძნობა არ არის თქვენი მეგზური, მაშინ ნაადრევად დაბერებულხართ, ჩემო კარგებო. ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ და, ბოლოს და ბოლოს, გაბრწყინებულიყოს ეს საქართველო ისე, რომ ქართველ კაცებსა და ქალებს სამშობლოდან გასაქცევად არ ჰქონდეთ საქმე!

P.s. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია