ქართველი ბიზნესვუმენის ენერგეტიკული სასმელი ამერიკასა და იტალიაში - გზაპრესი

ქართველი ბიზნესვუმენის ენერგეტიკული სასმელი ამერიკასა და იტალიაში

საქველმოქმედო ღონისძიებებს საქართველოშიც აქტიურად აწყობს. მარიამმა საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო: მისი ენერგეტიკული სასმელი ამჟამად, ამერიკასა და იტალიაში იყიდება...

დაახლოებით 12 წლის წინ, თბილისში, ინგლისურ ენაში ტესტირება ჩატარდა. მარიამმა, რომელიც მაშინ სკოლის მოსწავლე გახლდათ, გაიმარჯვა და გაცვლითი პროგრამით ტეხასში გაემგზავრა. ჰოდა, ქართველი გოგონას წარმატებებიც მაშინ დაიწყო...

- ბიზნესვუმენის ამპლუაში თავს როგორ გრძნობ? საქმეს როგორ აუდიხარ?

GzaPress- ასეთ დროს აუცილებელია, მოტივაცია გქონდეს, წარმატების გჯეროდეს. იღბალიც საჭიროა, რა თქმა უნდა. ბიზნესი საკმაოდ შრომატევადი საქმეა, დიდ ენერგიას მოითხოვს. ვინაიდან აქტიური ცხოვრება მიყვარს, საქმეს თავს კარგად ვართმევ. ბევრი ადამიანი არსებობს, ვისაც შრომა არ ეზარება, რწმენაც აქვს, მაგრამ არ უმართლებთ... ჩემ მიერ წამოწყებულ ყველა საქმეს დიდი ენთუზიაზმით ვეკიდები. არ მქონია შემთხვევა, რომ საქმე წარუმატებლად დამესრულებინოს, რისთვისაც უფლის მადლობელი ვარ.

- ენერგეტიკული სასმელის შექმნის იდეა რატომ გაგიჩნდა?

- 5 წელია, ქველმოქმედებას ვეწევი და საკუთარი ორგანიზაცია მაქვს. ყოველთვის მინდოდა, ჩემი ბიზნესი, შემოსავლის მუდმივი წყარო მქონოდა, რადგან შეიძლება, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად დონორების მოძიება ან საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზება ყოველთვის ვერ მოხერხდეს. ჰოდა, საკუთარი ენერგეტიკული სასმელის გამოშვების იდეა გამიჩნდა, რათა გაყიდული სასმლიდან მიღებული მოგება ქველმოქმედებას მოხმარებოდა. ასე რომ, ჩვენი პროდუქციის მომხმარებლები არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესს ირჩევენ, არამედ, ქველმოქმედებაშიც მონაწილეობენ.

- თქვენი ენერგეტიკული სასმელი რისგან მზადდება?

- ენერგეტკული სასმელი - GUARANA - ქოქოსის წყლითა და საუკეთესო ბრაზილიური ხილით მზადდება, ბუნებრივ კოფეინს შეიცავს. ამჟამად, ამერიკასა და იტალიაში იყიდება...

- საქართველოში ამ სასმელის შემოტანას არ გეგმავ?

- საქართველოში ორგანულ პროდუქტებზე დიდი მოთხოვნა არ არის.

- შენი საქველმოქმედო ორგანიზაციის - Honor Vitae შესახებ გვიამბე.

- Honor Vitae ლათინური სიტყვაა და ქართულად "ცხოვრების დაფასებას" ნიშნავს. ჩვენი მთავარი მისია არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობაა, რათა მიუსაფარ, ობოლ ბავშვებს ერთობლივი ძალით დავეხმაროთ. ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მთლიანად კაცობრიობის მომავალიც არის. ამქვეყნად ბევრი დაუცველი, ობოლი, მიტოვებული ბავშვია, მათ შორის - საქართველოშიც. პატარებს ზრუნვა, ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ - შეძლებისდაგვარად, მოხუცებსა და ყველა უსახლკარო ადამიანს ვეხმარებით. Honor Vitae პროექტებს სისტემატურად ახორცილებს. უკვე 2 წელია, საქართველოშიც გავხსენით ფილიალი. აქტიურად ვმუშაობთ, სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტს ვახორციელებთ. ჩვენი ძირითადი მიზანი თითოეული მიტოვებული ბავშვისა და გაჭირვებული ადამიანის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მზრუნველობა მოკლებული პატარებისთვის განათლების მიღებაში დახმარება გახლავთ. ამჟამად, თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი ფეხსაცმელები გადავეცით, ვაგონებში მცხოვრებ უსახლკაროებს - საოჯახო მოხმარების სხვადასხვა საგანი (ლეიბები, ქვაბები, ჩაიდნები, წყლისა და სარეცხისთვის აუცილებელი ჭურჭელი, პირსახოცები, უთო და ა.შ.), მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს - სასკოლო ნივთები...

- როგორც ვიცი, შენს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია.

GzaPress- ეს წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზია: დავოჯახდი და ვაჟი - ლუკასი შემეძინა. ჩემი მეუღლე, გეორგი პაპანასტასატოსი ბერძენი გახლავთ. ერთმანეთი კალიფორნიაში, წვეულებაზე გავიცანით და მას შემდეგ ერთმანეთის გარეშე ერთი დღეც არ გაგვიტარებია. უბედნიერესი ვარ, რომ გვერდით ასეთი კარგი ადამიანი მყავს. ქორწილს ახლო მომავალში, საბერძნეთის ერთ-ერთ ლამაზ კუნძულზე გადავიხდით.

- დედობა რთულია?

- ეს პირველ რიგში, დიდი ბედნიერებაა. ამისთვის ნამდვილად, მზად ვიყავი, ასაკიც ხელს მიწყობს. დაოჯახების მერე, ჩემი ცხოვრება უფრო ლამაზი და მშვიდი გახდა. თბილი ოჯახი ღვთის დიდი საჩუქარია.

- დაოჯახება შენს საქმიანობაზე როგორ აისახა?

- ორსულობის პერიოდშიც აქტიურად ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, ბავშვის მოვლის პარალელურად სხვა საქმის კეთება, ცოტა არ იყოს, რთულია, მით უმეტეს, როცა მეუღლეც დაკავებულია. ვცდილობთ, სამსახურისგან თავისუფალი დრო ჩვენს პატარას დავუთმოთ.

- შეგიძლია, შენი პირველი ხელფასი გაიხსენო?

- როგორც მახსოვს, 1.200 დოლარი იყო. ამ თანხით ოჯახის წევრებს საჩუქრები ვუყიდე.

- ანგარების მიზნით, შენთან მეგობრობა ან რომანის გაბმა თუ უცდიათ?

- უამრავი მეგობარი მყავს, მათ შორის - ბავშვობის დროინდელიც. ყველასგან ყოველთვის დიდ სიყვარულს, სითბოსა და თანადგომას ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, ჩემთან წრფელი გულით ურთიერთობენ ისევე, როგორც მე - მათთან.

- ბავშვობაში, როცა ამერიკაში სასწავლებლად გაემგზავრე, იფიქრებდი, რომ წლების შემდეგ ასეთი წარმატებული ქალი გახდებოდი?

- ბავშვობიდანვე ვოცნებობდი, საკუთარი ბიზნესი მქონოდა, გაჭირვებულ ადამიანებს დავხმარებოდი. აქტიური და ძალიან მიზანდასახული ბავშვი ვიყავი. სკოლაში ყოველთვის კარგი ნიშნებით გამოვირჩეოდი. ჩემი დევიზი "პირველობა" იყო: მინდოდა, ყველგან პირველი ვყოფილიყავი, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ყველა ოცნება ახდებოდა. ჩემი საყვარელი ენა ინგლისური იყო და ამერიკაში სწავლაზე ვოცნებობდი. ღვთის წყალობით, საშუალება მომეცა, სკოლა ტეხასის შტატში, ქალაქ აუსტინში დამემთავრებინა. ამერიკაში სკოლის დამთავრება ჩემს ცხოვრებაში წარმატებისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი იყო. ბევრი შრომის შემდეგ, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩავირიცხე, კარგი განათლება და მონდომება კი მიზნების მიღწევაში დამეხმარა.

- შენი მშობლები, დედმამიშვილები სად ცხოვრობენ, რას საქმიანობენ?

GzaPress- ჩემი ერთი და - ნინო დაოჯახებულია და თბილისში ცხოვრობს. ის ჩემი საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელი გახლავთ საქართველოში. მეორე დამ - ნათიამ საფრანგეთის ბიზნესსკოლა (მენეჯმენტის ფაკულტეტი) წარმატებით დაამთავრა. ამჟამად სტრასბურგში, ტრენინგებზე იმყოფება. ძმა ლონდონის უნივერსიტეტში (ROYAL HOLLOWAY, UNIVERSITY OF LONDON) სწავლობს. საკმაოდ წარმატებული სტუდენტია და ბიზნესმენობა სურს. დედა ხშირად მოგზაურობს. ამჟამად, ნიუ-იორკში იმყოფება და ლუკასის გაზრდაში მეხმარება. მამა ჩემი მარადიული სევდა და ტკივილია: ის 4 წლის წინ გარდაიცვალა...

- დაბოლოს, დასაქმების მოსურნე ქალბატონებს რას ურჩევ?

- თითოეულ ქალბატონს მოვუწოდებ, საკუთარი თავის სჯეროდეთ. ყველაფერს შეძლებენ, თუკი ძალიან მოინდომებენ. რწმენა მაშინაც კი არ დაკარგონ, თუ საქმე ცუდად წაუვათ; სიძნეელები ყოველთვის არსებობს, ჩვენ კი მათთან ბრძოლა უნდა ვისწავლოთ. წარმატებას თავად ვქმნით, მაგრამ ამას ბევრი შრომა და ძლიერი ნებისყოფა სჭირდება. ყოველი დღე პოზიტიურად დავიწყოთ და ყველაფერი აუცილებლად, კარგად იქნება!

ეთო ყორღანაშვილი