ქართველი მოცეკვავის წარმატებული კარიერა ნიუ-იორკში - გზაპრესი

ქართველი მოცეკვავის წარმატებული კარიერა ნიუ-იორკში

წყვილს შვილი, სამი წლის ლუკა ჰყავს, რომელიც დროის დიდ ნაწილს მშობლებთან ერთად, ცეკვის დარბაზში ან თეატრის კულისებში ატარებს. "საგვარეულო პროფესიისა" და საკუთარი წარმატებების შესახებ ოთო ნიუ-იორკიდან გვიყვება...

- საზღვარგარეთ მიწვევით წახვედით? რამდენი ხანია, რაც ნიუ-იორკში ცხოვრობთ?

GzaPress- პირველად ამერიკა გვანცასთან ერთად ვნახე და ვუთხარი, რომ აუცილებლად აქ ვიცხოვრებდით. ასეც მოხდა. დიდი რისკი იყო სამშობლოს მიტოვება და სხვა ქვეყანაში ცხოვრების ნულიდან დაწყება. თავიდან, ბუნებრივია, ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ ამერიკა მართლა ის ქვეყანაა, რომელიც საშუალებას გაძლევს აკეთო ის, რაც გულით გინდა და მიაღწიო დასახულ მიზანს, ამით დატკბე.

- საქართველოში ბალეტი ბიჭისთვის არც თუ ისე პოპულარულია. როგორ გახდით ბალეტის მოცეკვავე? ალბათ, ეს სფერო ოჯახისთვის არ იყო უცხო...

- დიახ, მოცეკვავეების ოჯახში გავიზარდე. დედაც, მამაც ბალეტის მსახიობები იყვნენ. მთელი ჩემი ცხოვრება თეატრთან არის დაკავშირებული. მეც და ჩემი დაც ბალეტის მსახიობები ვართ.

- წარმატებები როდის დაიწყო?

- მაშინ, როცა მოსწავლე ვაჟის საცეკვაო ნომრის საუკეთესო შესრულებისთვის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის შიდა კონკურსის ლაურეატი გავხდი; მეორე ჯილდო - ვახტანგ ჭაბუკიანის მედალი საბალეტო ხელოვნებაში გამორჩეული წარმატებისა და ხელოვნების პოპულარიზაციაში წვლილის შეტანისთვის ენიჭებათ. ეს მედალი ჩემთან ერთად, სასახელო არტისტებს გადაეცათ. ასე რომ, ეს სერიოზული წარმატება გახლდათ.

- როგორც ვიცი, თქვენი მეუღლეც ბალერინაა. რთული არ არის ერთ ოჯახში ორი ბალეტის მსახიობის ცხოვრება?

- მე და გვანცამ ერთმანეთი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გავიცანით. შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ. იყო ბალეტის მოცეკვავე, ეს მართლაც, უდიდეს შრომას მოითხოვს, ურთულესი პროფესიაა. სხვა რაღაცებისთვის პრაქტიკულად, დრო არ გვრჩება. ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობას მონატრებული ვართ. გაგვიმართლა, რომ ერთსა და იმავე პროფესიას ვემსახურებით და მთელ დღეს ერთად ვატარებთ. ორივემ ვიცით, რას ნიშნავს რეპეტიციიდან სახლში გადაღლილი დაბრუნება და ერთმანეთს მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. გვანცა არაჩვეულებრივი დედა და მეუღლეა. დატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, ახერხებს იყოს უნაკლო დიასახლისი. ჩემი თითოეული წარმატება მისი დამსახურებაა. ცეკვის გარდა, უკრავს ფორტეპიანოზე და ხატავს. გასტროლებზეც ერთად დავდივართ. გვყავს სამი წლის ლუკა, რომელიც დღეებს ჩვენთან ერთად, დარბაზში ან კულისებში ატარებს.

GzaPress- როგორ გაიხსენებთ ნინო ანანიაშვილთან მუშაობის პერიოდს და რა წვლილი აქვს მას თქვენს წარმატებაში?

- თეატრში მუშაობა იმ დროს მომიხდა, როცა ქალბატონი ნინო საბალეტო დასის ხელმძღვანელი იყო. მისი დამსახურებით საშუალება მომეცა იაპონიაში, ესპანეთში, იტალიაში, ჩინეთსა და ამერიკაში მეცეკვა. ასე რომ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება, მუშაობა მსოფლიოში აღიარებულ ქორეოგრაფებთან და ბედნიერება თავად ქალბატონი ნინოს პარტნიორობისა - ეს ყველაფერი მისი დამსახურებით მივიღე. გარდა ამისა, მან შექმნა ჩვენი დასის მრავალფეროვანი რეპერტუარიც.

- საქართველოში დაბრუნება ალბათ, არ შედის თქვენს უახლოეს გეგმებში...

- უახლოეს გეგმებში ეს ნამდვილად არ შედის, თუმცა, ვფიქრობ, ბოლოს ყველა უნდა დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს!

შორენა ლაბაძე