რას ჰყვება უკვალოდ გამქრალი ბიჭის მეგობარი - გზაპრესი

რას ჰყვება უკვალოდ გამქრალი ბიჭის მეგობარი

მოგეხსენებათ, წელს ლომისობის დღესასწაულზე, უამინდობის გამო, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ზემო მლეთაში, საფეხმავლო ხიდის ტერიტორიაზე მეწყერიც ჩამოწვა. საბედნიეროდ, იქვე მდგომ 2 ავტომობილთან მომლოცველები არ ყოფილან. უამინდობა შუადღისას დაიწყო, 17 წლის გურამ (გურიკო) დადიანიძე კი მეგობრებთან ერთად, ლომისის სალოცავიდან დაბრუნებისას, დილის 4-ის ნახევარზე გაუჩინარდა. "გაქრა", - ამბობენ მისი დაბნეულ-დაზაფრული მეგობრები. ბიჭის მოულოდნელ და უცნაურ გაუჩინარებასთან დაკავშირებით, პასუხი არც სამართალდამცველებს აქვთ, არც - მაშველებს. დასასვენებლად ქვაზე ჩამომჯდარი ბიჭის კვალიც კი არსად ჩანს...

მეგობრები გურამს დადებითად ახასიათებენ. იმასაც აღნიშნავენ, რომ ბიჭს პასუხისმგებლობის გრძნობა განვითარებული აქვს. რადგან არ გამოჩენილა, ე.ი. რაღაც უჭირსო...

გიორგი ვარდიშვილი, გურამის მეგობარი, 24 წლის:

GzaPress- დაახლოებით 15 მეგობარი (გოგო-ბიჭები) ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში, ღამისთევაზე წავედით. როგორც ყველა მორწმუნე ადამიანმა, ჩვენც პირჯვარი გადავიწერეთ და გზას შევუდექით. მშვენივრად ავედით. სანთელი დავანთეთ, ვილოცეთ. დილის 4-ის ნახევარი იყო, რომ ჩამოვედით. ერთ რიგად, მწყობრში მოვდიოდით - "ზოლი" გვქონდა გაკეთებული, რომ ერთმანეთი არ დაგვეკარგა. თან, უფროსი ადამიანი - კახა (ერთ-ერთი გოგონას ნათლია. - ავტ.) გვახლდა. უკვე დასახლებული ადგილი იწყებოდა, როცა გურიკო ქვაზე ჩამოჯდა. გვითხრა, - შევისვენებო. გზა განვაგრძეთ. კახამ უკან რომ მიიხედა, ბიჭი იქ აღარ იყო. არადა, 2 წამის წინ, ქვაზე იჯდა! კახა მიბრუნდა, ფანარს ანათებდა, გურიკოს ეძახდა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა.

- სადაც გურიკო დაჯდა, მიუვალი ადგილია?

- არანაირად. არც გადასავარდნია. ჯგუფებად გავიყავით და მისი ძებნა დავიწყეთ. მას შემდეგ ყოველდღე ვეძებთ, მაგრამ - უშედეგოდ. პოლიციაში ვიყავით, დაგვკითხეს, როგორც წესია.Aახლაც 70 მაშველია წასული და ეძებენ... მეგობრებიც იქ არიან. მე დღეს წასვლა ვერ მოვახერხე.

- იმ ადგილთან მდინარე ახლოს არის?

- პატარა მდინარე ახლოს ჩამოდის, მაგრამ იქ მისასვლელად გზის მეორე მხარეს უნდა გადახვიდე... შანსი არ არის, გურიკო უკვალოდ გამქრალიყო!

- შანსი არის, რომ მდინარისკენ ისე წასულიყო, თქვენს მზერას გამოჰპარვოდა?

- ამ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ძალიან "დაბალი" მდინარეა. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ყველაზე უარეს შემთხვევაში, მდინარეში რომ დამხრჩვალიყო, გვამი სადმე "გაჩერდებოდა", იქ ბევრი ქვაა...

- გურიკოსგან დაახლოებით, რა მანძილით იყავით დაშორებულები, როცა უკან მიიხედეთ?

- 10-15 მეტრით.

- როგორი ბავშვია?

- წყნარი, ზრდილობიანი, წესიერი. სასმელი არც დაულევია.

- სხვებმა დალიეს?

- მხოლოდ რამდენიმემ: უფლის სადიდებელი ვთქვით. საკვებიც არ წაგვიღია. ასეც ვგეგმავდით, რომ სანთელი უნდა დაგვენთო და მაშინვე წამოვსულიყავით.

- გურიკო რას საქმიანობს?

- მუშაობდა. იტალიურ რესტორანში მზარეულობას სწავლობდა. მშრომელი, საყვარელი ბიჭია. ნასამართლევი, პრობლემატური და "ბლატნოი" - არა. ქუჩაში უსაქმურად არასდროს იდგა, ცუდს არაფერს ჩაიდენდა. არც "ჩაკეტილი" არ იყო, ყოველ შემთხვევაში, "დაგრუზული" არ დადიოდა.

- სამართალდამცველები რას ამბობენ?

GzaPress- აქ არ არისო... არავითარი კვალი არ არის. მართლა გაქრა! რამე რომ მომხდარიყო ან თავს ცხოველი დასხმოდა თავს, რაღაცას მაინც მივაგნებდით. თან, იმ დღეს იქ ბევრი ხალხი იყო. ყველა აღნიშნავდა, - ლომისობას ამდენი ხალხი არასოდეს ყოფილაო.

- გურიკოს განმარტოება ხომ არ უყვარდა?

- არა.

- ქალაქგარეთ ხშირად დადიოდით?

- არა, პირველად წავედით. გურიკო კომუნიკაბელური, მხიარული, აქტიური ბავშვია. წლებია, ვიცნობ.

- მის ოჯახზე რას გვეტყვი?

- მშობლები დაშორებული არიან. მასზე დედაც ზრუნავდა და მამაც. გურიკო მამასთან ცხოვრობდა. დედა უცხოეთში იყო, ახლა აქ არის. მამიდასთან ხშირად მოდიოდა. ჩვენც მამიდამისის მეზობლად ვცხოვრობთ და ჩვენთან მეგობრობდა.

- სკოლაში რატომ არ დადიოდა?

- მეცხრე კლასიდან გამოვიდა და მზარეულობას სწავლობდა.

- თქვენი სამეგობროს შესახებ მოგვიყევი.

- უმეტესობა ვსწავლობთ: ზოგი - უნივერსიტეტში, მე კი აბიტურიენტი ვარ. საღამოობით უბანში გამოვდიოდით, კარტს ვთამაშობდით, ვსაუბრობდით, ანეკდოტებს ვყვებოდით...

- გურიკოს შეყვარებული ხომ არ ჰყავდა?

- არა. პირად ცხოვრებაში რაიმე პრობლემა არ ჰქონია.

ეთო ყოღანაშვილი