ქვეყანაში ერთადერთი დისტრიბუტორი ქალის ამბავი - გზაპრესი

ქვეყანაში ერთადერთი დისტრიბუტორი ქალის ამბავი

მამაკაცებმა ქალების საქმეც შეითავსეს და, პირიქით - არც ქალებმა თქვეს უარი მამაკაცური საქმის კეთებაზე. თუმცა, ჩვენი რესპონდენტი მაინც გამონაკლისია: 52 წლის ნინო გოგატიშვილი ერთადერთი დისტრიბუტორი ქალია მთელ საქართველოში. ის 15 წელზე მეტია, ამ რთულ საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს...

- ცხოვრებამ მიკარნახა ამ გზით სიარული და მეც შევეჭიდე, რადგან სხვა გზა არ მქონია. 90-იანი წლები იდგა. უშუქობას, უგაზობასა და უწყლობას შეგუებული ვიყავით, მაგრამ ვერანაირ დროში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევეგუები უსაქმობას. დედა მათემატიკის მასწავლებელია და მისი ხელფასი არაფერში გვყოფნიდა. მაშინაც ავადმყოფობდა და წამლის ფული არ გვქონდა. დიღმის მასივში სავაჭრო ჯიხური ქირით ავიღე და იქ დავიწყე მუშაობა, რომ პურის ფული გვქონოდა. შემდეგ ეს ჯიხური შევისყიდე და ცოტა ამოვისუნთქე. მერე ამ სურსათს ნაყინის მაცივარი მივუმატე და ნაყინის გაყიდვა დავიწყე. დედა რამდენჯერაც შემომხედავდა, ტიროდა, - შვილო, რას აკეთებ, ამისთვის ვიწვალე ამდენი, რომ ქუჩაში მჯდარიყავიო? კურიოზად აქციეს ტაქსის მძღოლებმა ეს ფრაზა, მაგრამ მართლაც ორი უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე. უბრალოდ, ისეთი ცხოვრება მოვიდა, ჩემი პროფესია ვერაფერში გამოვიყენე. შრომა კი არასდროს მეთაკილებოდა... ერთი სიტყვით, ნაყინის სეზონი რომ მოდიოდა, კარგად ვმუშაობდი ანუ კარგი ვაჭრობა მქონდა. მერე ერთ-ერთ ქარხანაში მივედი, რათა თავად წამომეღო ჩემთვის საკმარისი ნაყინი. სულ მამაკაცები იყვნენ და კი გაუკვირდათ ჩემი დანახვა, მაგრამ არ შევიმჩნიე. კომპანიის უფროსმა მითხრა, - ვიცი, რომ კარგად მუშაობთ და თუ გარკვეული რაოდენობის ნაყინს გაყიდით, დისტრიბუციაში აგიყვანთო...

- არ გიფიქრიათ, რომ ეს ქალისთვის მძიმე სამუშაო იქნებოდა?

GzaPress- კი, როგორ არა, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება სიძნელეებთან ჭიდილში გავატარე და შეუძლებელი არაფერი ყოფილა... ლამის ბავშვობიდან ვმართავდი ავტომანქანას. სტუდენტობაში ერთადერთი გოგო ვიყავი, რომელსაც მანქანა ჰყავდა და გარშემო ყველა ამრეზით მიყურებდა, - საჭესთან მჯდომი ქალი მთლად კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდა, ისევე როგორც შარვლიანი ქალი. ერთი "ცუდი" თვისება მქონდა - საზოგადოებრივ სტანდარტებს არად დაგიდევდით. ჩავისვამდი ლექტორებს ჩემი "06" მარკის "ჟიგულში" და დავატარებდი. მენდობოდნენ, რადგან მაშინაც კარგი მძღოლი ვიყავი... ასე რომ, თავდაპირველად, ნაყინს ჩემი "ჟიგულით" დავატარებდი, შემდეგ ქარხანამ დიდი მანქანა გამოგვიყო, მძღოლთან ერთად. მამაც მეხმარებოდა, ჩემთან ერთად იჯდა ამ მანქანაში, მაგრამ ასაკში იყო და ვცდილობდი, არ დამეტვირთა. შემდეგ, ის ნაყინის ქარხანა დაიხურა და სხვაგან გადავედი. მუშაობის გამოცდილება უკვე მქონდა და არ გამჭირვებია. 7 წელია, აქ ვმუშაობ და ყველაზე კარგი საქმე, რაც გავაკეთე, ჩემს მშობლიურ საჩხერეში, სოფელ კორბოულში სახლის აშენება იყო. ამაზე ვოცნებობდი, რადგან როდესაც ასაკში შევალ და ასე შრომას ვეღარ შევძლებ, წავალ და სოფელში ვიცხოვრებ...

- მაინც როგორია თქვენი სამუშაო დღე?

- ძალზე დატვირთული: 8 საათზე გამოვდივარ სახლიდან, საწყობში მივდივართ და ვიტვირთებით. სატვირთო მანქანის კაბინა ძალიან მაღალზეა და ზედ ასვლა ქალს კი არა, მამაკაცს გაუჭირდება, მაგრამ მუშაობის პროცესში, დღეში 40-ჯერ ავდივარ - მაღაზიებში ხომ უნდა ჩამოვარიგო ნაყინი. ახლა შეეჩვივნენ, მაგრამ თავიდან მაღაზიის გამყიდველები, მყიდველები და უბრალო გამვლელები გაოცებული მიყურებდნენ, - ქალი ამას როგორ აკეთებსო?.. სხვა ჩემს ადგილას, უცხოეთში წავიდოდა სამუშაოდ და იქ მილიონებს გააკეთებდა. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში ვიყო, შავი სამუშაო მქონდეს და ასე ვიცხოვრო. ჩემი ქვეყანა ჩემთვის ყველაფერია. დედა რამდენიმე დღის წინ 78 წლის გახდა და მას ვერ დავტოვებ.

- დღის ბოლოს ალბათ ძალიან დაქანცული ხართ...

- იცით, საერთოდ, ძალიან ენერგიული ადამიანი ვარ. როდესაც მაგარი სიცხეებია და ნაყინზე დიდი მოთხოვნაა, საღამოს 9 საათამდეც ვმუშაობთ. მანქანის კაბინაში ისე ცხელა, პირდაპირ დუღს იქაურობა, მაგრამ რას ვიზამთ? ყველგან ცხელა და უნდა ვიმუშაო... სახლში რომ მივდივარ, თავს ვიწესრიგებ, ოჯახის წევრებს მოვისიყვარულებ და ტელევიზორს ჩავუჯდები ხოლმე. ყველა გადაცემას უნდა ვუყურო, რომ სამყაროს არ მოვწყდე... საღამოობით ახლახან ნაყიდი ველოსიპედით ვსეირნობ ქუჩებში. ველოსიპედის ყიდვას "წვიმები" დაემთხვა, ფარეხიდან ვერ გამომყავდა და ნერვები მეშლებოდა. ვხუმრობდი, - დავითარსე-მეთქი... წლების წინანდელი ამბავი გამახსენდა: ფერადი ტელევიზორი - "იანტარი" შევიძინე განვადებით და როგორც კი სახლში მოვიტანე, ბრეჟნევის გარდაცვალების ამბავი გამოაცხადეს. მაშინ სულ სამი ტელეარხი იყო და მთელი კვირის განმავლობაში სამივე არხზე ბრეჟნევის ცხოვრებისა და სიკვდილის ამსახველი კადრები ტრიალებდა. კინაღამ უკან მივაბრუნე ტელევიზორი... ლამის ასე დამემართა ველოსიპედის ყიდვისასაც - ძლივს გამოიდარა. ღამე შედარებით ნაკლები მოძრაობაა და ამ დროს სეირნობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს... ამას წინათ წვიმიან ამინდში ვსეირნობდი და მძღოლი ქალბატონები საყვირს მაძლევდნენ, სოლიდარობას მიცხადებდნენ. 70-იან წლებში მანქანის საჭესთან რომ ვიჯექი, მაშინ ჰქონდათ ასეთი რეაქცია... ჯერჯერობით, ველოსიპედით სიარული მაინც ეთაკილებათ ჩვენში. სხვისი აზრი არ მაწუხებს და სიამოვნებით ვსეირნობ. ერთი მეზობელი მყავს, 80 წლამდე ასაკის ქალბატონია, ვდაქალობთ. ერთხელ ვუთხარი, - ჩამოდით, თქვენც გატარებთ-მეთქი. ძალიან უნდა, რამდენიმე მეტრი რომ გაიაროს, მისთვის უდიდესი ბედნიერება იქნება, მაგრამ მეზობლების რცხვენია, - რას იტყვიან, ამ სიბერეში რამ გადარიაო!.. სხვებსაც უნდათ, მაგრამ ერთმანეთის და ვიღაცების რცხვენიათ, მე კი არ მესმის, რა არის ველოსიპედით სეირნობაში მიუღებელი ან თუნდაც არაეთიკური? რაც უნდა დაღლილი იყოს ადამიანი, ერთი საათით ველოსიპედით გასეირნება ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. ეს მათაც იციან, მაგრამ მაინც ერიდებათ.

- როდესაც ნაყინის სეზონი არ არის, უმუშევარი ხართ?

GzaPress- არა, უსაქმოდ არასდროს ვარ. სულ რაღაცას უნდა ვაკეთებდე, სხვანაირად ვერ შევძლებ. 15 წელია, დისტრიბუციაში ვარ, მაგრამ როდესაც ნაყინის სეზონი არ არის, სხვა რამეს ვაკეთებ. ერგნეთშიც კი დავდიოდი და იქიდან ჩამომქონდა საქონელი. შემდეგ, გაყინული ქათმის ბარკლებს ვყიდულობდი. ბოლო დროს, ძველებური მუშაობა არ არის, ადგილობრივ ქათამს უცხოური ფირმები დიდ კონკურენციას უწევენ. რაღაც პერიოდი ყველის ბიზნესითაც ვიყავი დაინტერესებული. ეს პროდუქტი ძალიან სახათაბალოა და ვერ დავუდე გული. ერთხანს, დიდუბის ბაზრობაზე შოთის პურებს ვყიდდი. მერე რესტორნებსა და მაღაზიებსაც ვამარაგებდი. ჩემი დისა და დედას მეგობრები ჩემს დანახვაზე ტირილს იწყებდნენ, ჩემს მეგობრებზე აღარაფერს ვამბობ. ყველა ერთ ხმაზე მეუბნებოდა, - ნინო, რატომ აკეთებ ამასო? - რა ვქნა, არ მეთაკილება პატიოსანი შრომა, არ ვარ ის ადამიანი, რაღაც დამამცირებლად მიმაჩნდეს. სხვისი ხელების შემყურე რომ არიან, ის უფრო სათაკილო მგონია, ვიდრე თუნდაც შავი სამუშაოს შესრულება. ჩემი საქმე არასდროს დამიმალავს, ალალად, პატიოსნად ვმუშაობდი და სანამ შემეძლება, ვიმუშავებ... ჩემი და ექიმია და სულ მსაყვედურობს, - დაანებე თავი, ნინო, მადლობა ღმერთს, ისე არ გვიჭირს, რომ ასე წვალობდეო! სულ ვუხსნი, - არ ვწვალობ, ვმუშაობ-მეთქი. დიახ, ვიღლები, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა სიამოვნებას მანიჭებს და სადაც ვერ შევძელი მუშაობა, შევეშვი... უსაქმოდ არასდროს ვყოფილვარ, ნაყინის სეზონის დაწყებამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში "ვტაქსაობდი". მშობლებისთვის არ მითქვამს, არ მინდოდა მათი განერვიულება. მშობლისთვის შვილი ყოველთვის პატარაა და ისინი საქმის მიმართ ჩემს თავდაუზოგავ დამოკიდებულებას ძალიან განიცდიდნენ. ნაყინზე მუშაობა იმდენად მიყვარს, როგორც კი ზაფხული მოდის, ყველაფერს ვწყდები და ნაყინზე ვარ გადართული...

- ღამე "ტაქსაობდით" ხოლმე?

- არა, მხოლოდ დღისით, და მშობლებს ვეუბნებოდი, - ახლობლის მაღაზიაში ვარ-მეთქი. ბანკის ვალი მქონდა და ხომ უნდა გამესტუმრებინა?! თან მაინტერესებდა, შევძლებდი თუ - არა. მგზავრები მძღოლ ქალს რომ დამინახავდნენ, დიდი პატივისცემით მეპყრობოდნენ. ადმიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს და არც ეს საქმე გამჭირვებია. ისე კი, რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, რომ ახალგაზრდა ბიჭებმა "გადამაგდეს". ერთხელ კაცი კორპუსამდე მივიყვანე. მითხრა, - მეუღლეს გამოვართმევ ფულს და ახლავე ჩამოგიტანო. ველოდე, მაგრამ არ ჩამოვიდა. არადა, ისეთი ჩაცმული იყო, ვერც იფიქრებდი, ასეთ რამეს თუ იკადრებდა. უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი. ერთხელ ტელეწამყვანი ბიჭი შემხვდა, ვაკაჭი. ძალიან სასიამოვნო ადამიანია, ზრდილობიანი და იუმორის მქონე... ზამთარში ისევ დიდი სიამოვნებით "ვიტაქსავებდი", მაგრამ უკვე ძალიან დიდი კონკურენციაა, თან სახიფათოც არის და ვერ ვრისკავ...

- ისევ "ჟიგული" გყავთ?

- არა, 4-კარიანი "პუნტო" შევიძინე... უკვე პატარა არ ვარ და იმაზე ვოცნებობ, რომ ჩემი პატარა მაღაზია გავხსნა, სადაც ადამიანებს დავასაქმებ, ოღონდ - კარგი პირობებით...

- ოჯახის შექმნაზე არასდროს გიფიქრიათ?

- მიფიქრია, მაგრამ ყოველთვის დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი ვიყავი და მაშინ კი არა, ახლა ვერ ეგუებიან მამაკაცები ასეთი ტიპის ქალს. ჩემი ახალგაზრდობის წლებში სხვა ფასეულობები იყო. ამიტომ, დავრჩი ასე, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ამის გამო ძალიან უბედური ვარ. დისშვილები მყავს, რომლებიც შვილებივით მიყვარს.

ლალი პაპასკირი