"სიზმარში ხშირად ვნახულობ, როგორ მოვხურე ჩემი სახლის კარი"
ეს ქალბატონი მწერალთა სახლში გამართულ ტიციან ტაბიძის ხსოვნის საღამოზე შევნიშნე. ის თეატრალური სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელია და მისმა აღსაზრდელებმა პოეტის ლექსებზე აგებული ლიტერატურული კომპოზიცია - "ტიციანი - წითელი მიხაკი" წარმოადგინეს. პროფესიით მსახიობმა და რეჟისორმა, თამარ ხიზანიშვილმა ცხინვალის თეატრის სცენაზე ათი წელი გაატარა. ამჟამად, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის დრამატული თეატრის რეჟისორია. სხვადასხვა სასწავლებელში პედაგოგიური საქმიანობის 35-წლიანი სტაჟი დაუგროვდა. ამჟამად მუშაობს რეჟისორ გოგი თოდაძესთან, სტუდია "ბერიკებსა" და თეატრალურ უნივერსიტეტშიც.
- დედაჩემი ეროვნებით ოსია. მისი ოჯახი ცხინვალში ცხოვრობდა. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლავთ და თავის დროზე სამუშაოდ დმანისის რაიონში გაანაწილეს. ჰოდა, იქ შეხვდა ახალგაზრდა ისტორიის მასწავლებელს ანუ მამაჩემს. მამა სოფელ გომარეთიდან იყო და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მშობლიურ სოფელში გაანაწილეს პედაგოგად. ჩემს მშობლებს ხუთი შვილი შეეძინათ: ორი ქალი და სამი ვაჟი. მე ტყუპისცალი ვარ. სამწუხაროდ, ჩემი და 1 წლის იყო, როცა ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ბავშვები ფაქტობრივად, სკოლაში ვიზრდებოდით. ალბათ ამიტომაც არის, რომ დღემდე, ჩემს აუცილებელ მოთხოვნილებას წარმოადგენს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობა.
- როგორი ბავშვი იყავით?
- ვიყავი ძალიან ცელქი და შემეძლო, უბელო ცხენზე ვმჯდარიყავი, აქეთ-იქით მეჭენებინა, შორტით მერბინა ტყესა და მთებში, ბიჭებთან მემეგობრა. მამა მეუბნებოდა, - მაია წყნეთელივით ხარ, შენი ატანა შეუძლებელიაო (იღიმის). დედმამიშვილებში მხოლოდ მე ვიყავი ასეთი. 5 შვილის აღზრდა არ არის მარტივი. დედას დიდი დატვირთვა ჰქონდა სკოლაში და მე გიჟმაჟს, ხშირად მისტუმრებდნენ ბებია-ბაბუასთან, ცხინვალში. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ვთვლი, რომ ცხინვალელი ვარ.
- როგორ მოგარჯულეს?
- ვერაფრით მომარჯულეს (იღიმის). ვარ ძალიან სწრაფი და აქტიური. ალბათ, ცხოვრების ბოლომდე ასეთი ვიქნები. ბევრი ამბობს, რომ სამუშაო ადგილები არ არის და ვერაფერს აკეთებენ, მე კი ვმუშაობ ხუთ-ექვს ადგილას. ეს დაბალანაზღაურებადი სამსახურებია, მაგრამ ასე მირჩევნია. თუ ვხედავ, რომ ადამიანებს ვჭირდები, შემიძლია, წლები გავატარო მათ გვერდით. საერთოდ, ტყუპისცალების ფსიქოლოგია ძალიან განსხვავდება სხვებისგან. რომ ვაკვირდები, ყველაფერი მაქვს ორი: განათლება, სამსახური, შვილიც ორი მყავს...
- მეუღლეც?..
- არა, მეუღლე ერთი მყავს (იღიმის).
- ჯერ მსახიობი გახდით და მერე - რეჟისორი. პროფესიული არჩევანი როგორ გააკეთეთ?
- კულტურის სფეროში ჩემი ოჯახის ბევრი წევრი მოღვაწეობდა. დედის ძმა ცხინვალის თეატრის მსახიობი იყო, დეიდა - კულტურის მინისტრი. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ახლობლებმა გადაწყვიტეს, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი. ჩემს ფანტაზიას საზღვრები არ ჰქონდა. გომარეთშიც და ცხინვალშიც უშველებელ ჩანთებს დავატარებდი, ერთი ყვითელი ჩემოდანი კი სავსე მქონდა ბიძისგან წამოღებული რეკვიზიტით. იქ მეწყო: გრიმი, "ძონძი" ტანსაცმელი, ქუდები, ჩიხტიკოპები... ეს ჩემი ჯადოსნური ჩემოდანი იყო და დღემდე მეხუმრებიან ნათესავები: როგორც კი გომარეთში შენი ყვითელი ჩემოდნით გამოჩნდებოდი, ყველამ იცოდა, რომ იმ დღეს კონცერტი გაიმართებოდაო. დავდიოდი სპორტზე, ცეკვაზე, ბალეტზე... მიუხედავად ჩემი სიცელქისა და აქტიურობისა, სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი. სკოლა 15 წლის ასაკში დავამთავრე და დედამ რომ მითხრა, თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარეო, არც კი ვიცოდი, სად იყო ეს შენობა. 16 წლის ასაკში, სამსახიობო ფაკულტეტზე რომ მოვეწყვე, იმ წელს მიღებულ იქნა ცხინვალის თეატრისთვის მიზნობრივი ჯგუფი და მათ შორის აღმოვჩნდი მეც. მერე "დიდი დროშით" წავედი ცხინვალის თეატრში - ეს იყო 1980 წელი. იქ ძალიან კარგი როლები მაქვს ნათამაშები. იმ პერიოდში დაიწყო მოღვაწეობა შადიმან შამანაძემ. პირველად ჩვენთან დაიდგა "ღია შუშაბანდი", რომელზეც შემდეგ ბუმი ატყდა. მე მაცაცოს ვთამაშობდი, ჩემს ძმას კი - დათო ელიოზიშვილი. ამგვარი დებიუტის შემდეგ შემიძლია გამოვყო კიდევ რამდენიმე როლი, მათ შორის: კონკია, იანო (მერაბ ელიოზიშვილის "ბერიკონში") და მაია წყნეთელი. ცხინვალშივე გავიცანი მომავალი მეუღლე. ჩემი ვაჟები 2 და 3 წლისები იყვნენ, როცა ომი დაიწყო და დედასთან, თბილისში ჩამოვედით. მრავალი წლის განმავლობაში, ცხინვალიდან დევნილებთან ერთად, სასტუმრო "ვაკეში" ვცხოვრობდი.
- მეუღლე და შვილები პროფესიით ვინ არიან?
- მეუღლე - ელგუჯა კეკოშვილი არქიტექტორია. ის ცხინვალში, კარგ თანამდებობაზე მუშაობდა. თეატრი ძალიან უყვარს. რაც შეეხება ვაჟებს: უფროსი პროფესიით ჟურნალისტია, ჰყავს ერთი შვილი და ახლა შვედეთში ცხოვრობს, ხოლო მეორე სოციოლოგია, "ილიაუნში" მუშაობს. ამჟამად, ბერლინში თავისუფალი უნივერსიტეტის დოქტორანტია.
- იქნებ მომიყვეთ, ცხინვალი როგორ დატოვეთ?
- პირველი არეულობა რომ დაიწყო, ჩემი მეუღლე მოსკოვში, მივლინებაში იმყოფებოდა. შვილებთან ერთად მარტო ვიყავი. ბევრი ოსი ნათესავი მყავს და დარწმუნებული ვიყავი, არანაირი პრობლემა არ გვექნებოდა. ვცდილობდით, თეატრში სპექტაკლები არ შეგვეწყვიტა. ხშირად გვეხმარებოდა პოლიცია: მოდიოდნენ და გვიცავდნენ, რომ წარმოდგენები მშვიდობიანად ჩატარებულიყო. ხშირად, ეს ოსური დასის გაღიზიანებას იწვევდა, რადგან ისინი ფიქრობდნენ (ისევე, როგორც ჩვენ), რომ დაცვა არ გვჭირდებოდა. ოსურ დასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვეუბნებოდნენ, არაფერი მოხდებაო... პირველი შეხლა-შემოხლა რომ მოხდა, ახალი წლის პერიოდი იყო. როცა საქართველოს მთავრობამ ჯარი შემოიყვანა, საშინელი დარბევები დაიწყო. 4 იანვარს ფეხით გამოვიყვანე ბავშვები ქართული ჯარის ნაწილებამდე. ტანკით გაგვიყვანეს სამშვიდობოს (ტირის). სიზმარში ხშირად ვნახულობ, როგორ მოვხურე ცხინვალში ჩემი სახლის კარი.
- სახლიდან წამოიღეთ რამე?
- იქ ბინაც გვქონდა და სახლიც. არც მიფიქრია რაიმეს წამოღება. 1990 წელს, 9 აპრილის შემდეგაც დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო, მაგრამ მაშინ დავბრუნდით და მეგონა, მეორედაც ასე მოხდებოდა. იმდენად არ მჯეროდა იქაურობის დაკარგვის, როცა შვილები ცხინვალიდან გავიყვანე, მე უკან დავბრუნდი, - სპექტაკლია დანიშნული და უნდა ვითამაშო-მეთქი. ავტობუსით გარკვეულ ადგილამდე მივედი და მერე ქალაქში ფეხით გავუყევი გზას. ის ღამე სახლში მარტომ გავათენე. ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ არბევდნენ მოპირდაპირე კორპუსში ქართველების ოჯახებს. იქ სხვებთან ერთად, ცნობილი ძალოსანი, კახა კახიაშვილი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. ასევე, კასრაძეები და დავინახე, როგორ ჩამოყარეს ისინი ქვევით...
შემდეგ სახმო სიმების ანთება დამემართა. ექიმებმა მითხრეს, რომ ერთ დღეს შეიძლება, ხმის გარეშე დავრჩე და ამიტომაც, მსახიობობა ჩემთვის საშიში პროფესიაა. ვინაიდან თეატრის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, გადავწყვიტე, რეჟისორი გავმხდარიყავი. იმ წელიწადს ჯგუფს ქალბატონი ლილი იოსელიანი იღებდა და მასთან მაღალი ქულებით მოვეწყვე.
- დღეს რა ურთიერთობა გაქვთ მშობლიურ კუთხესთან?
- წლები გავიდა და არც ერთი წუთი არ მქონია ისეთი, რომ ცხინვალთან ურთიერთობა გამეწყვიტა. კონფლიქტის ზონაში დარჩენილ ქართულ სოფლებში რეგულარულად ვდგამდი სპექტაკლებს, სკოლებში არსებულ წრეებს ღონისძიებების მოწყობაში ვეხმარებოდი. ალბათ გახსოვთ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, "სანაკოევის პროექტი" წამოიწყეს, რომელიც ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების აღდგენას ითვალისწინებდა. როგორც რეჟისორი, აქტიურად ჩავერთე ამ საქმეში. მაშინ უკვე ცხინვალის თეატრის რეჟისორი ვიყავი და ვდგამდი სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში, თეატრალურ უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობდი. მერე სანაკოევის ადმინისტრაციაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა მივიღე. რამდენიმე სამსახურებრივი საფეხურის გავლის შემდეგ, მინისტრის მოადგილე და მრჩეველი გავხდი კულტურის დარგში. ჰოდა, მე და ჩემი მეუღლე უკან მივბრუნდით და 2006 წელს ცხოვრება თამარაშენში დავიწყეთ. იქ ქირით ვცხოვრობდით და ვმუშაობდით. 2008 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ განვიცადეთ დევნილობა. ამ ომმა ჩემ თვალწინ გაიარა. მგონია, რომ საქართველო ომს ვერაფრით დაიწყებდა. აღნიშნული პროექტის მსვლელობისას, დღე-დღეზე ველოდით კარგ შედეგს, კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ოსებისა და ქართველების გაერთიანება მიუღებელი იყო. ჩვენი მთავრობის ერთადერთი შეცდომა ის მგონია, რომ პროვოკაციას წამოეგნენ.
- თამარაშენის დატოვებაც მოგიხდათ?
- სამწუხაროდ, ასეა. სიტუაცია რომ გამწვავდა, იმ პერიოდში თბილისში ვიმყოფებოდი და თამარაშენში ვეღარ დავბრუნდი. კეხვში ჯარი რომ შევიდა, დევნილების მიღების ორგანიზებაზე ზრუნვა დავიწყეთ. იმ პერიოდში ჩემი მეუღლე თამარაშენში იყო და სხვებთან ერთად გამოვიდა სოფლიდან.
- ქალბატონო თამარ, ცხინვალის თეატრში დღესაც დგამთ სპექტაკლებს?
- დიახ, და მათგან გამოვარჩევ ერთს, რომელიც დღესაც არის რეპერტუარში, მაგრამ ერთი მსახიობის გარდაცვალების გამო, დროებით არ წარმოადგენენ. ესაა ზეინაბ მეტრეველის რომანის - "საყდრის ჩიტების" მიხედვით დადგმული სპექტაკლი. ვფიქრობ, ის ჩემი ყველაზე კარგი რეჟისორული ნამუშევარია. ახლა "ბერიკებში" ვდგამ "რომეო და ჯულიეტას". მე და ბატონი გოგი ვმუშაობთ ჩეხოვის "თოლიაზე", "არტ-პლაზაში" "ცისფერყანწელებს" ვამუშავებთ და კიდევ ორი გეგმა მაქვს, რომელზეც მუშაობას უახლოეს მომავალში დავიწყებ. ახლახან პრემიერა გვქონდა რუსთავის თეატრში - გოდერძი ჩოხელის "ადამიანთა სევდა" დავდგი. ეს სევდითა და იუმორით გაჯერებული ნაწარმოები ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, თუ გინდა, ომი დაამარცხო, მასზე უნდა ილაპარაკო და იღადაო კიდეც, თორემ სხვაგვარად ვერ გადაიტან. ქართველებს ბევრი რამ გადაგვიტანია, მაგრამ მაინც გვაქვს ის უნარი, რომ იუმორით მივუდგეთ ჩვენს ყველაზე დიდ ტკივილსაც კი. ყოველდღიურობაში პატარ-პატარა ნოველებივით, ხშირად ღადავ-ღადავით ვყვები იმ წლების ამბებს და საკუთარ თავს ვეკითხები, რა გავლენა მოახდინა ჩემზე ომმა? - ადამიანების დიდი სიყვარული და პატიების უნარი გამიჩნდა. მგონია, ერთმანეთს ყველა ნაბიჯზე უნდა დავეხმაროთ და გავუფრთხილდეთ (ტირის).
- დევნილებთან ამ შეკითხვის დასმა მიჭირს, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, ოდესმე დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ?
- ეს ტერიტორიები ჩვენია, უბრალოდ, მათ ახლა ვერ ვაკონტროლებთ. ვერ ვიტან და არასოდეს მითქვამს სიტყვა "დაკარგვა". ეს ტერიტორიები ჩვენია!
- დღეს ცხინვალში თქვენს სახლში ვინ ცხოვრობს?
- სახლი და ეზო გაპარტახებულია, ხოლო ჩემს ბინაში რამდენჯერმე შესახლდა სხვადასხვა ოჯახი. ბოლოს ვინც ცხოვრობდა, მათ პატარა ბიჭები ჰყავდათ. მინდა, ბედნიერები გაიზარდონ. ახლა ისინი დიდები იქნებიან და მსურს, თავი საქართველოს მოქალაქეებად იგრძნონ.
- ყველაზე გულდასაწყვეტი, რა დაგრჩათ თქვენს კარ-მიდამოში?
- ჩემი შვილების პატარაობისა და მეუღლის წინაპრების ფოტოები. სახლის ეზოში ჩემს მამამთილს ვაზის განსაკუთრებული 2 ჯიში ჰქონდა. მეუბნებოდა, - ძალიან ძვირფასი ჯიშებია, მხოლოდ მე მაქვსო. ვფიქრობდი, იქ რომ მეცხოვრა, კარგად მოვუვლიდი და გავუფრთხილდებოდი... მაგრამ არა უშავს, ქართველები ხომ მაძიებელი ხალხი ვართ. რომ ჩავალთ, მოვძებნი, სადმე ფესვები იქნება და გავახარებ.
ანა კალანდაძე