სიზ­მარ­ში ნა­ნა­ხი და ცხად­ში ახ­დე­ნი­ლი ამ­ბე­ბი - გზაპრესი

სიზ­მარ­ში ნა­ნა­ხი და ცხად­ში ახ­დე­ნი­ლი ამ­ბე­ბი

ფიზიკოს ზურაბ ხვედელიძის ცხოვრება სავსეა ამოუცნობი მოვლენებით. პირველი სასწაული მის ბავშვობაში მოხდა. ახლა 84 წლის არის, ცხოვრებაში თავს გადახდენილი არაერთი ამბავი წინასწარ სიზმარში აქვს ნანახი. როგორც ფიზიკოსი, ამ მოვლენას ახსნას ვერ უძებნის, პაუზის შემდეგ კი დასძენს: - სხვა რა ვუწოდო, თუ არა - სასწაული?

- ჭიათურის რაიონის სოფელ რგანში დავიბადე და გავიზარდე. მამა მაღაროს მუშა გახლდათ, დედა - დიასახლისი. ოჯახში მე-7 შვილი ვიყავი, მაგრამ 2 ბავშვი გარდაცვლილი ჰყავდათ. წლინახევრისას "წითელა ბატონები" შემხვდა. თავდაპირველად არანაირი გართულება არ მქონია, მაგრამ ერთ საღამოს მამა შინ ნასვამი დაბრუნებულა. ამბობენ, როდესაც სახლში "ბატონებია", ოჯახის წევრებისთვის ალკოჰოლის მიღება იკრძალება. მამას სიმთვრალის გამო "ბატონები" "გაბრაზდნენ", 9 დღე-ღამის განმავლობაში გაუნძრევლად ვწოლილვარ. ადრე სოფლებში გამოლოცვები იცოდნენ, 9 ქალი მოუყვანიათ, მაგრამ მდგომარეობიდან მაინც ვერ გამოვდიოდი. ერთ დღეს სამსახურიდან შინ დაბრუნებული მამა შინ არ შემოსულა, ბოსლიდან ხარების უღელი გამოუტანია, კისერზე დაუდგამს და დაჩოქილს სახლის გარშემო სამჯერ შემოუვლია. თან ლოცულობდა და უფალს ჩემს თავს ავედრებდა. იმ საღამოსვე შედარებით კარგად გავმხდარვარ. მართალია გადავრჩი, მაგრამ დავმუნჯდი. საერთოდ ვეღარ ვლაპარაკობდი.

- მამათქვენმა რა თქვა, ასე რატომ მოვიქეციო?

- მამა ამ თემაზე არ ლაპარაკობდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სიზმარში უნახავს, ასე მოიქეცი და შვილი მორჩებაო. 4 წლამდე მუნჯი ვიყავი, ოჯახი ამ მდგომარეობას შეეგუა.

- ექიმთან არ წაგიყვანეს?

- როგორ არ წამიყვანეს. ყველა ექიმი ამბობდა, ეს ბავშვი ალაპარაკდებაო.

- ლაპარაკი როგორ დაიწყეთ?

- 4 წლის ასაკში თავს გადახდენილი ეს ამბავი ძალიან კარგად მახსოვს. აპრილის ბოლო კვირა დღე იდგა, თბილი ამინდი იყო, ეზოში დედა ტრიალებდა, ყველანი სახლში იყვნენ. ჩვენთან იქვე პატარა სახლი იდგა, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ. ბაბუა ღამის 4 საათზე ამდგარა ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს და სახლიდან წასულა. დაახლოებით დილის 11 საათი იყო, ეზოს კარი რომ გაიღო და ლამაზი ვაცი შემოვიდა, პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. დედას შეეშინდა. სასწაული ის იყო, რომ ეს თხა ჩემთან მოვიდა, მუხლებზე დაიჩოქა და გაჩერდა. არ შემშინებია, მივეფერე. ამ დროს ბაბუა შემოვიდა ეზოში და დავიძახე - ბაბუა! მამა მომვარდა, ცალკე გამიყვანა, მომეფერა. იცოდა, ემოცია ზედმეტად არ უნდა გამოეხატა, არ უნდა შემშინებოდა, თორემ შესაძლებელი იყო, მეტყველება ისევ დამეკარგა. მეორე სიტყვა "დედა" მითქვამს.

- ბაბუამ თხა საიდან მოგიყვანათ, მასაც ხილვა ჰქონდა?

- გაირკვა, რომ ბაბუას სიზმარი უნახავს. თავად ეს სიზმარიც საოცარია: წინასწარ იცოდა, 7 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ნავარძეთში, რომელ უბანში, რომელ მცხოვრებთან უნდა მისულიყო, რომ ეს თხა წამოეყვანა. ის კაცი ენდო და გამოატანა. ბაბუა ამბობდა, რომ წამოვიყვანე, გზას დაადგა და 7 კილომეტრი ისე გამოიარა, არსად გადაუხვევია, პირდაპირ ჩვენს ეზოში მოვიდაო. იმერეთის მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებზე გზა როგორ გამოიგნო, საოცრება არ არის? მეტყველება თავდაპირველად მიჭირდა, მაგრამ მავარჯიშებდნენ. მალე იმდენს ვლაპარაკობდი, ამ მუნჯ ბავშვს "ჭყარტალა" დამარქვეს. მთელი ცხოვრების განმავლობაში სიზმრად ვნახულობდი ამბებს, რომლებიც შემდეგ აუცილებლად უნდა ახდენილიყო.

- იმ ამბებს მომიყვებით?

- X კლასში ვიყავი, მე და ჩემს თანატოლებს გვითხრეს: თუ გინდათ საბედო ნახოთ, საღამოს ისე უნდა დაიძინოთ, არ ივახშმოთ; სავსე მთვარე უნდა იყოს, გახვიდეთ ეზოში, ხელუკუღმა აიღოთ ცოტაოდენი მიწა, ბალიშის ქვეშ დადოთ და დაიძინოთო. ამაზე თავიდან ბევრი ვიცინე, მაგრამ მაინც გავაკეთე. დავიძინე და დამესიზმრა დიდი დარბაზი, ვზივარ სცენასთან ახლოს და სცენაზე გოგონა ცეკვავს. ეს ჯერ ოჯახის წევრებთანაც კი არ მითქვამს, ახლა პირველად ვყვები. გავიდა რამდენიმე წელი, სტუდენტი გავხდი, უკვე მესამე კურსზე ვარ და ერთ დღეს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ფაკულტეტებს შორის ოლიმპიადა ტარდებოდა. ერთ-ერთმა გოგონამ იცეკვა აჭარული. ამ დროს გონებაში იმ სიზმარმა გამიელვა, ზუსტად ისეთი სიტუაცია იყო, როგორც სიზმრად მქონდა ნანახი. მალე ის მოცეკვავე გოგონა ჩემი მეუღლე გახდა.

- რას ლაპარაკობ, ამდენი წელია ერთად ვცხოვრობთ და აქამდე როგორ არ გამიმხილე? - სასტუმრო ოთახში ბატონი ზურაბის მეუღლე, ლამარა ნიჟარაძე შემოვიდა.

ზურაბი:

- ყველაზე დიდი უბედურება ჩემს ცხოვრებაში შვილის გარდაცვალება იყო. ჩემი ბიჭი მოსკოვში სწავლობდა, ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტი იყო. 31 წლისა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ეს ამბავი 1993 წელს მოხდა. ოჯახში "ავჩარკის" ჯიშის ძაღლი გვყავდა. ჩემი ბიჭი გამორჩეულად უყვარდა, მხოლოდ მას და მე გვემორჩილებოდა. ძალიან გონიერი არსება იყო. რამაზი მოსკოვში რომ წავიდა, თავის დასთან დატოვა, რომელიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობს. ერთ ღამეს დამესიზმრა, რომ ეს ძაღლი შემოვარდა ჩვენს ოთახში, ყველაფერი არია, გადმოყარა, მერე ჩემი ბიჭის ოთახში შევიდა, მის საწოლზე ახტა, არ დამემორჩილა, ძალიან გამაბრაზა და ისევ გაიქცა. ამ ამბიდან 2 დღეში ის ძაღლი მართლაც მოვარდა და ზუსტად ისე მოიქცა, როგორც სიზმარში ვნახე. ვერაფრით გავაჩერე, ისევ უკან გაიქცა. მაგიდა, სადაც ჩემი შვილი წასვლამდე მუშაობდა, სულ დაკაწრა. ჩემგან 1 კილომეტრში ცხოვრობს ჩემი ქალიშვილი. ეს გზა ძაღლმა მარტომ გამოიარა და ისევ უკან გაიარა. მეორე დღეს შვილის გარდაცვალების ამბავი გავიგეთ.

ლამარა ნიჟარაძე:

- სანამ შვილი გარდამეცვლებოდა, 2 წლის განმავლობაში სულ ხილვები მქონდა. ვხედავდი ხალხს, რომლებიც ჩვენთან სახლში მოდიოდნენ. თითქოს ამ სახლს ვცლიდი, ვფიქრობდი, სად რა უნდა გამეტანა, როგორ უნდა გამეტანა, რას ვერ გავიტანდი... ვიცოდი, ეს ოთახი უნდა დაცლილიყო. გამეღვიძებოდა, გული აჩქარებული მქონდა... სოფელში ორსართულიანი სახლი გვაქვს, აივანზე რომ გამოვიდოდი, ეზოს კუთხეში სვეტი აღიმართებოდა, თითქოს სასაფლაოს ვხედავდი. ასე გრძელდებოდა 2 წლის განმავლობაში. ეკლესიაში დიდი მოწიწებით დავდიოდი. რამაზის გარდაცვალების შემდეგ ეკლესიაში არ წავსულვარ. 40 დღე რომ გავიდა, სიზმარში გარდაცვლილ შვილს ვტიროდი. - რატომ ტირიო? - გამომეცხადა მსახიობი, რომელმაც ქრისტეს როლი შეასრულა. მას კვართი ემოსა. გაოცებულმა ვუპასუხე, - როგორ თუ რატომ ვტირი-მეთქი? - ნუ ტირი, შენი შვილი ქვეყანას უფლის სახლში მოევლინებაო. დილა რომ გათენდა, ტაძარში წავედი. სიონი შავოსანი დედებით სავსე დამხვდა. მაშინ ქვეყანაში სამოქალაქო ომი და ძალიან დაძაბული ვითარება იყო. დავდექი ჩემთვის კუთხეში, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. გაიღო აღსავლის კარი და მამა ლევანი (ფირცხალაიშვილი) გამოვიდა. რომ დავინახე, ძალიან ცუდად გავხდი. ქალები მომცვივდნენ, - რა გატირებს, რა დაგემართაო? ჩემი შვილის ფოტო ამოვიღე და მრევლს ვაჩვენე. რამაზი და მამა ლევანი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს. გაგიჟდნენ, ფოტო ხელიდან ხელში გადადიოდა. ერთმა ეს ფოტო მამა ლევანთან მიიტანა. ძალიან მომერიდა. დავინახე, მან ფოტოს დახედა, მერე მანიშნა, მივსულიყავი. - თქვენ რამაზის დედა ხართო? თურმე ერთმანეთს იცნობდნენ. ჩემი შვილისთვის ანდერძი მას აუგია. მე იმ მწარე დღეებიდან არაფერი მახსოვდა.

ზურაბი:

- სტუდენტობის წლებში დამესიზმრა, თითქოს მოსკოვში ვიყავი. სინამდვილეში მოსკოვი არასდროს მენახა. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის დიდი შენობის წინ ვიდექი. მერე ვნახე პატარა ოთახი, სადაც ერთი საწოლი იდგა, იქვე მოხუცი ცოლ-ქმარი იჯდა. გავიდა რამდენიმე წელი და მე ამ უნივერსიტეტის ასპირანტი გავხდი. მოსკოვში რომ მივდიოდი, მატარებელში ხანში შესული რუსი მამაკაცი დამემგზავრა, რომლის ძმაც თურმე თბილისის საავიაციო ქარხანაში მუშაობდა. გზად ვუამბე, რომ სასწავლებლად მივდიოდი, მაგრამ ბინა არ მქონდა. მან საკუთარ სახლში წამიყვანა. ზუსტად ის ერთოთახიანი ბინა დამხვდა, რომელიც სიზმრად მქონდა ნანახი. საწოლზე ბალიშებიც კი ანალოგიურად ეწყო, როგორც სიზმარში. იმ საღამოს მიმასპინძლა, სახლიდან აღარ გამიშვა. მეორე დღეს უნივერსიტეტში წავედი. ავტობუსის გაჩერებიდან გარკვეული მანძილი ფეხით იყო გასავლელი. გავუყევი ამ გზას და ზუსტად ეს 5-6 წლის წინ ნანახი სიზმარი მომაგონდა, მაგრამ კართან ახლოს რომ მივედი, გამახსენდა, სიზმრად ნანახი კარი სხვაგვარი იყო. თურმე ფიზიკის ფაკულტეტი ცალკე შენობაში ყოფილა. მიმასწავლეს და რომ მივედი, ზუსტად ისეთი კარი დამხვდა, როგორც სიზმარში მქონდა ნანახი.

- ბატონო ზურაბ, როგორც ფიზიკოსმა, ამ მოვლენებს რა ახსნა შეგიძლიათ მოუძებნოთ?

- ეს ღვთის განგებაა. ფიზიკაში არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ამ შემთხვევაში მთავარი არის ღმერთი.

- ეს ხილვები და სიზმრები დისკომფორტს არ გიქმნით?

- რა თქმა უნდა. რა მოხდება მომავალში, წინასწარ ამის ცოდნა სასიამოვნო არ არის. ჩემს ბავშვობაში დედასთვის ერთ ნათელმხილველს უთქვამს, - ეს ბიჭი კარგი კაცი დადგება, მაგრამ ოჯახის გვარი მასზე გაჩერდებაო. მართლაც ერთი ძმა, რომელიც ინჟინერი იყო, ნაადრევად გარდაიცვალა, მეორე ძმა ომში დაიღუპა. არც ერთს შვილი არ დარჩენია. მე მყავდა ბიჭი, რომელიც გარდაიცვალა. ჩემი ოჯახის გვარი მართლა ჩემზე "შეჩერდა", აღარ გრძელდება. ასეთი უცნაური ბედის კაცი ვარ. ბაბუა 9 წელი 7 სოფლის მამასახლისი იყო, მხოლოდ ხელის მოწერა იცოდა. შალვა დადიანს აქვს თხზულება - "რაც გამახსენდა", სადაც ბაბუაჩემის ოჯახს აღწერს. ბავშვობაში დედასაც დასიზმრებია, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, მაგრამ ამის შესახებ არასდროს არავისთან არაფერი უნდა ეთქვა. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა, 6 თვის იყო, დედა რომ დაეღუპა და მერე 2 დედინაცვალი ზრდიდა. დედას ერთ-ერთი დედინაცვლისთვის სიზმარი უამბია. მახსოვს, როდესაც დედა დაღუპულ შვილს ტიროდა, ხშირად იმეორებდა სიტყვებს "ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია, არ უნდა მეთქვა". შეშინებული, მერე ამ თემაზე საერთოდ აღარაფერს ამბობდა.

თამუნა კვინიკაძე