პოლიგლოტი მთარგმნელის ცხოვრების სტილი
XX საუკუნის 40-იან წლებში შექმნილი "პატარა უფლისწული" დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საკითხავ და ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნ წიგნად ითვლება. ფრანგი მწერლის ყველაზე გახმაურებულ ნაწარმოებს ქართულად ბაჩანა ბრეგვაძის წყალობით გავეცანით. ბავშვობის წლების შემდეგ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვკითხულობდით ამა თუ იმ უცხოელი მწერლის შემოქმედებას და ალბათ, ბევრჯერ ყურადღებაც არ მიგვიქცევია, თუ ვის მოჰქონდა ჩვენამდე მშობლიურ ენაზე თარგმნილი ესა თუ ის ნაწარმოები...
"ქართველი მკითხველი მისგან დავალებულია", - ბოლო ხანს ალბათ, არაერთმა მოისმინეთ ეს ფრაზა და მართლაც, მისი თარგმნილი წიგნები იმდენად ბევრია, ჩამოთვლა მიჭირს, მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილ ნაწარმოებებს დავასახელებ: ნეტარი ავგუსტინის "აღსარებანი", ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწული", მიგელ დე სერვანტესის "დონ კიხოტი", შოპენჰაუერის "ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები" და "ახალი აღთქმა", რომლის თარგმნაც პატრიარქმა სთხოვა. შიში და სიხარული ერთმანეთში აირია, ყველა სხვა საქმე გვერდზე გადადო და "ახალი აღთქმა" ერთწლიანი მუშაობის შედეგად მოამზადა. ბაჩანა ბრეგვაძე თარგმნიდა ძველბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, რუსული ენებიდან. მართალია, ჩვენში ადამიანებს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აფასებენ, მაგრამ ბაჩანა ბრეგვაძის ღვაწლს მის სიცოცხლეშივე გაესვა ხაზი. სხვადასხვა წელს მიღებული აქვს ჯილდოები: ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და დავით აღმაშენებლის პრემიები, ორგზის იყო "საბას" მფლობელი - ერთხელ, როგორც მთარგმნელი და და მეორედ - "ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" ნომინირებული. ასევე, ორჯერ დააჯილდოეს ღირსების ორდენით. მიუხედავად ამისა, მაინც არ იცნობდა ფართო საზოგადოება - ეს ან თავმდაბლობის გამო არ სურდა, ან კიდევ, მსოფლიო ლიტერატურაში "გათქვეფილს", ყოველდღიურობისთვის ნაკლებად რჩებოდა დრო.
ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, სოციალურ ქსელში ლიტერატორ ზურაბ კიკნაძის ვრცელი წერილი გავრცელდა, რომელიც მან თავის მეგობარს მიუძღვნა. ერთგან მათ ნაცნობობას და ურთიერთობას "მთელი ეპოქა" უწოდა. მთაწმინდის პანთეონში დაკრძალული, 80 წლის ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, მეგობრის პორტრეტის "დასახატად", სწორედ ბატონ ზურაბს მივმართეთ.
ზურაბ კიკნაძე:
- კარგად მახსოვს მასთან პირველი შეხვედრა, მაგრამ არ მახსოვს, დათო წერედიანმა გამაცნო თუ ემზარ კვიტაიშვილმა ან ორივემ ერთად. 1958 წელს ბაჩანა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. ასე მახსოვს, ვერაზე, "კომუნისტის" რედაქციასთან ვიდექით და ვსაუბრობდით რამდენიმე მეგობარი. ჩვენ ხომ იმხანად ქუჩებში ვხვდებოდით ერთმანეთს, დავსეირნობდით რუსთაველზე, წინ და უკან, ვერადან "ერევნის მოედნამდე", მერე ისევ მოედნიდან ვერამდე და ა.შ. ეს ერთგვარი რიტუალი იყო. ქუჩაში ამ სეირნობების დროს ვეცნობოდით ერთმანეთს. ჰოდა, იდგა ყმაწვილი ბაჩანა თავის მეგობრებში, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, დავილაპარაკეთ საერთო ინტერესებზე. აღმოჩნდა, რომ მან იცოდა სასაუბრო ესპანური, რაც მაშინ იშვიათობა იყო. საიდან იცოდა? - ნაძალადევში, მის მეზობლად სამოქალაქო ომს გამორიდებული ესპანელთა ოჯახები ცხოვრობდნენ და იმ აბრეშუმის ფაბრიკაში მუშაობდნენ, ახლა რომ დანგრევის პირასაა... სახელიც კი მახსოვს მისი ესპანელი მეგობრის - ფერნანდესი! ესპანურის ცოდნამ, იტალიური ენის სწავლა გაუადვილა, იტალიურმა - ლათინური, რომლის შესწავლას სტუდენტობისას შეუდგა და ასე ძველბერძნულამდე მივიდა. რაც ისწავლა, საკუთარი ინიციატივით, მონდომებით, არავის წინაშე ვალდებულებით! რამდენადაც მახსოვს, მასწავლებელი არც ერთ ენაში და არც ერთ საგანში არ ჰყოლია, ყველაფერში თვითნასწავლი გახლდათ... ეგვიპტურ ენაშიც მოსინჯა ძალები. ეს ის პერიოდი იყო, როცა იმდენად დავახლოვდით, რომ თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ჩემს ბინაში, ვერაზე და თითქოს, ანგარიშს მაბარებდა ხოლმე, თუ რამდენად წაიწია წინ იეროგლიფების შესწავლაში. ახლაც თვალწინ მიდგას ფაქიზი კალიგრაფიით ავსებული მისი რვეული.
- პრესითა და ტელევიზიით არ ჩანდა. ამიტომ, ბევრმა მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყო, თუ ვინ იყო ბაჩანა ბრეგვაძე. საინტერესოა, როგორი პიროვნება იყო, რა უხაროდა და რა სწყინდა?
- თავის გამოჩენა რომ ჰყვარებოდა (ეს არც იყო მიღებული ჩვენს წრეში), მაშინ ბაჩანა - ბაჩანა აღარ იქნებოდა! ოფიციალურობა, თავის გამოჩენა არ უყვარდა, ყურადღების ქვეშ ყოფნას გაურბოდა. არ მახსოვს, ოდესმე თავისი წიგნის პრეზენტაცია მოეწყოს, წიგნები კი დროთა განმავლობაში მომრავლდა, თითქმის ყოველ წელს ახალი წიგნი იბეჭდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ განდეგილივით ცხოვრობდა ან არ აინტერესებდა მკითხველის აზრი. პოლიტიკაშიც კარგად ერკვეოდა. ახლო ნაცნობ-მეგობრების საზოგადოება, მხიარული თავყრილობები უყვარდა. არასდროს გაურბოდა სუფრას, ლხინს... მაგრამ მაინც, განმარტოებას ამჯობინებდა ხოლმე. ბევრი რამ ჰქონდა მოსასწრები, ისეთი ფართო იყო მისი ლიტერატურული თუ ფილოსოფიური ინტერესების წრე. ბევრი გააკეთა, მაგრამ ბევრიც ვერ მოასწრო.
- ქართველი მკითხველი მისი მადლიერი უნდა იყოს. ოდესმე, თუ უთქვამს საყვედური იმის გამო, რომ მისი გზა არ იყო ია-ვარდით მოფენილი?
- ალბათ, გულნაკლული წავიდა ამ სოფლიდან. ხშირად გულისტკივილით იტყოდა: კი, მაგრამ სჭირდება ვინმეს, რასაც მე ვაკეთებო? ეჩვენებოდა, რომ საზოგადოება გულგრილი იყო მისი შემოქმედების მიმართ. ამაში ცდებოდა, ცხადია. მისმა გარდაცვალებამ საზოგადოებას აჩვენა მისი შემოქმედების მასშტაბი და აუცილებელი საჭიროება. ის თითქოს, თავისი "ჭიის გახარებისთვის" იღვწოდა, მაგრამ შედეგი გლობალური იყო.
- იქნებ მისი მეუღლე და შვილებიც გაგვაცნოთ. რომელიმე ოჯახის წევრი მის საქმიანობას ხომ არ აგრძელებს?
- მოხდა ისე, რომ მომავალ მეუღლეს - ლია იმერლიშვილს, განათლებით ანგლიცისტს, კვალიფიციურ რედაქტორსა და შესანიშნავ მთარგმნელს (მისი თარგმნილია ჯოისის "დუბლინელები"), ბაჩანა მისმა პირველმა წიგნმა, პლატონის "ნადიმმა" შეახვედრა. ლია მისი რედაქტორი იყო. ორი ქალიშვილი შეეძინათ: ქეთევანმა ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ენებისა და ლიტერატურის განყოფილება დაამთავრა... ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. უმცროსი - ანი მუსიკოსია და მუსიკალურ რადიოგადაცემებს უძღვებოდა. მას სამი შვილი ჰყავს: ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი.
- სად და რა გარემოში გაატარა ბავშვობის წლები?
- რაჭის მაღალმთიან სოფელში, ამჟამად დაცლის პირას მისულ სხვავაში დაიბადა. მამა იოველი სამამულო ომში დაეღუპა. დედა თბილისში ზრდიდა, ხოლო ზაფხულს სოფელში, მამიდებსა და ბაბუასთან ატარებდა, რომელმაც ას წელს მიატანა. ბაჩანას მამისგან სიდინჯე გამოჰყვა, მეგრელი დედისგან კი ფიცხი ხასიათი. ეს ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო ტემპერამენტი როგორღაც თავსდებოდა მის პიროვნებაში. რაჭულმა ხასიათმა განსაზღვრა არა მხოლოდ მისი შრომისმოყვარეობა და გამძლეობა, არამედ ინტერესთა სტაბილურობა იმ სფეროში, რომელიც მან სიჭაბუკიდანვე აირჩია... როცა სხვავაში სტუმრობისას მისი ბაბუა, გედეონი გავიცანი, მივხვდი, რომ ბაჩანა ენისადმი თავის დამოკიდებულებაში წინაპრისგან იყო დავალებული. ვისმენდი ბაბუამისის დინჯ, მწყობრ საუბარს ტკბილ დიალექტზე, რომელიც ბაჩანას თარგმანებში, განსაკუთრებით - "პლატონის დიალოგებში", ბრწყინვალე სალიტერატურო ენად გარდაისახა.
- თავისი თარგმანებიდან "პატარა უფლისწული" ძალიან უყვარდა. ასეთივე დამოკიდებულება კიდევ რომელიმე ნაწარმოებისადმი თუ ჰქონდა?
- არასოდეს დამისვამს მისთვის ასეთი კითხვა და არც ვიცი, რომელი ნამუშევრით ამაყობდა. მე მხოლოდ ჩემი გადასახედიდან შემიძლია ვილაპარაკო. თუ გადავხედავთ მის შემოქმედებას, მაინც "პლატონის დიალოგები" უნდა დავასახელო და ვგონებ, დამეთანხმებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავისი შემოქმედების მწვერვალს მიაღწევდა, დანტეს "ღვთაებრივი კომედია" რომ ეთარგმნა, რომლის ტექსტი შესანიშნავად იცოდა და დანტეც მისთვის პოეზიის მწვერვალი იყო, სიმბოლო ევროპული კულტურისა, რომელსაც ეთაყვანებოდა. აი, სად გამოჩნდა მისი ფიცხი ტემპერამენტი:
ერთხელ ცნობილი პროფესორი დანტეზე მოხსენებას კითხულობდა. მომხსენებელმა ისე წარმართა ლექცია, რომ რუსთაველის ქების ექსტაზში დანტე მის ჩრდილქვეშ მოაქცია. უნდა გენახათ ბაჩანას გამძვინვარება. გვერდით ვუჯექი და დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მისი აღშფოთება მომხსენებელს არ შეემჩნია. რუსთაველის რა საწინააღმდეგო უნდა ჰქონოდა, მაგრამ დანტეს "დამცირება" მისთვის აუტანელი იყო. "ღვთაებრივი კომედია" რომ ეთარგმნა, თარგმანზე დართული კომენტარები და ნარკვევი (ესსე) მნიშვნელოვანი შენაძენი იქნებოდა ქართული კულტურისთვის.
- ამიერიდან, როცა ის გაგახსენდებათ, რა გაიელვებს გონებაში პირველი?
- ბევრი რამ გამახსენდება. განსაკუთრებით, ჩვენი დაახლოების პირველი ხანები, აზრთა გაზიარებაში თუ "სამკვდრო-სასიცოცხლო" კამათში გატარებული საღამოები ჩემს ბინაში, სადაც ძმასთან ერთად ვცხოვრობდი... და ალბათ, ამიერიდან ხშირად გამახსენდება უკანასკნელი სატელეფონო საუბრები, მის დაღლილ ხმაში რაღაც შეშფოთება რომ იგრძნობოდა, რაღაც ეგზისტენციური შიში ყოფიერების წინაშე... ნუგეში კი არ იყო.
ანა კალანდაძე