"სხვისი სახლი" - გზაპრესი

"სხვისი სახლი"

საქართველოს, ესპანეთის, ხორვატიისა და რუსეთის კოპროდუქცია, რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი - "სხვისი სახლი" პოსტ ომის პერიოდსა და ომის შემდგომ "ღირსებაგადარჩენილ" ადამიანებს ეხება. რეჟისორის თქმით, ფილმს გარკვეულწილად, მშვიდობისმყოფელი დანიშნულება აქვს - ის ერთგვარი მცდელობაა ორი მხარის კვლავ ერთმანეთთან დასაკავშირებლად...

საზაფხულო ფესტივალების შემდეგ, ფილმის პრემიერა საქართველოში, სექტემბერში შედგება, რომელსაც რეჟისორის სურვილით, ომგამოვლილი ადამიანები დაესწრებიან... უფრო მეტიც, ფსიქოლოგიური დრამა აფხაზური სუბტიტრებით, აფხაზეთშიც გაიგზავნება. ფილმის ე.წ. "ლოგლაინის" ანუ მთავარი სათქმელის შესახებ რეჟისორს, რუსუდან გლურჯიძესა და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, მსახიობ სალომე დემურიას ვესაუბრეთ...

რუსუდან გლურჯიძე:

- ფილმში წამოჭრილი თემა არა მხოლოდ საქართველოს ან კავკასიის რეგიონის, არამედ მსოფლიოს პრობლემაა. ნამუშევარი არ არის კონკრეტულად ორი დაპირისპირებული მხარის შესახებ. არავინ ახსენებს სიტყვებს - "აფხაზი", "ქართველი", "მტერი". გვინდოდა განზოგადებული სახეები შეგვექმნა. ფილმში ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ტრაგიკული პერიოდი ღირსების შენარჩუნებით გადალახონ. ეს არის ფილმი-იმედი იმ ხალხისთვის, ვინც დღეს საკუთარი მიწა-წყლიდან შორს ცხოვრობს და კვლავ ელის, რომ ოდესმე სახლს დაუბრუნდება. როცა პრემიერა საქართველოში შედგება, მინდა, ეს ადამიანები მოვიწვიო. მათი შეფასება ჩემთვის ყველაზე ზუსტი ინდიკატორი იქნება. გავიგებ, რამდენად მოვახერხე სიმართლის ასახვა და რამდენად ღრმად შევძელი პრობლემის გახსნა.

- აფხაზეთის ომი პირადად თქვენც შეგეხოთ?

- ეს ჩემი ბავშვობა, პირადი ცხოვრების მტკივნეული ნაწილია. დავკარგე ახლობლები. ჩემს სახლში დიდხანს ცხოვრობდნენ ნათესავები, რომლებმაც სახლები დატოვეს.

- რით განსხვავდება "სხვისი სახლი" ამ თემაზე გადაღებული მრავალი ნამუშევრისგან?

- ეს არ არის ფილმი ომის თემაზე. ეხება პოსტ-ომის სინდრომსა და ადამიანებს, რომლებიც მის დაძლევას ღირსეულად ცდილობენ. "ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!" - ომის შემდგომი პერიოდი, როცა ქვემეხები ჩუმდება, გაცილებით საშინელია, ვიდრე თავად ომის მიმდინარეობის მონაკვეთი. ეს გახლავთ შემთხვევა, როდესაც მაყურებელს მოვუთხრობ აფხაზებზე და არა - ქართველებზე. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ იქითა მხარეს დარჩნენ ღირსეული ადამიანები, რომლებმაც ასევე, ბევრი გადაიტანეს და დღესაც პრობლემები აქვთ. ჩვენ მათზე ტკივილით ვსაუბრობთ და არა - ბრაზით.

- ფილმზე მუშაობისას აფხაზებთან პირადი კონტაქტი გქონდათ?

- ახალგაზრდებს ყოველდღე ვესაუბრებოდი ინტერნეტის საშუალებით. სხვათა შორის, მთავაზობდნენ, ჩავსულიყავი და ფილმი იქ გადამეღო. მპირდებოდნენ, რომ პირადად დაიცავდნენ ჩვენს უსაფრთხოებას, მაგრამ ჩემ გარდა, ფილმზე 40 ადამიანი მუშაობდა და ამ სარისკო ნაბიჯს ვერ გადავდგამდი. შესაბამისად, გადაღებები აჭარაში, სოფელ დაგვაში მიმდინარეობდა, რომელიც თავისი ბუნებითა და საცხოვრებელი სახლებით ერთი ერთში ჰგავს აფხაზეთს. "დაგვა" ანუ "მიწისა და პირისაგან აღგვილი" - ეს მიტოვებული სოფელი აჭედებული კარებითა და ფანჯრებით, რამდენჯერმე მიუტოვებია მოსახლეობას, ბოლო ჯერზე - ბერძნებს. აფხაზეთშიც ბევრი ბერძენი ცხოვრობდა, აშენებდნენ სახლებს. სწორედ ამიტომაა ორივე ადგილას ერთნაირი სახლები. კლიმატი, მცენარეები ემთხვევა ერთმანეთს. იგივე ატმოსფერო, იგივე ვიზუალი. ამ ფილმს მართლაც, საოცარი დამთხვევები ახლავს. სრულიად შემთხვევით, გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა, რომ როგორც უცხოელ მსახიობებს, ისე ქართველებს, სახლები ომში ჰქონდათ დაკარგული და მათ შორის, ერთ-ერთს - სამჯერ ჰქონდა ეს ტრაგედია განცდილი. ბანალურია, მაგრამ ამ ფილმის მთავარი სათქმელი კვლავ ის არის, რომ ნებისმიერი ომი დამღუპველია კაცობრიობისთვის!..

- ფილმის გადაღება ვინ დააფინანსა?

- ჩვენ გვქონდა 250 ათასი ლარი საქართველოს კინოფონდიდან, 40 ათასი - აჭარის ფონდიდან, 10 ათასი ევრო სარაევოს კინოფესტივალიდან, ბიუჯეტის დიდი ნაწილი კი რუსმა პარტნიორებმა შეავსეს. დამეთანხმებით, ფილმის თემიდან გამომდინარე, ეს ფაქტი დიდი სიურპრიზი იქნება რუსეთის მთავრობისთვის. პრაქტიკულად, რუსულმა მხარემ ამ ფილმის დაფინანსებით, საქართველოს მთლიანობა აღიარა. მინდა, მადლობა ვუთხრა გადამღებ ჯგუფს, რომლის გარეშეც, ნამუშევარი ამ სახით ვერ შედგებოდა.

- ახალ სცენარზე უკვე მუშაობთ?

- დიახ, წერა უკვე დავიწყე. ამ თემამ ისე გამიტაცა, კვლავ მას ვუტრიალებ, მხოლოდ, სხვა მიმართულებით.

სალომე დემურია, მსახიობი:

- "სხვისი სახლის" გადაღებებისას ჩემი უმცროსი შვილი ექვსი თვის იყო. ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ის პერიოდი სრულად, გადასაღებ მოედანზე გაატარა.

- როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ბავშვობაში სოხუმის დატოვება მოგიხდათ. ამ ფაქტმა როლის მორგება გაგიმარტივათ?

- ჩემი გმირი - ირა ჩვეულებრივი ქალი არ არის, ის ომში სნაიპერი იყო. ომი დასრულდა და ხელთ სრული სიცარიელე, ცარიელი სოფელი, დისშვილი და, თავისი ქალური პრობლემები შერჩა. აბსოლუტურად ვგრძნობდი იმ ტკივილსა და სიცარიელეს, რასაც ის ფილმში განიცდის, რადგან მე ეს რეალურად მაქვს განცდილი. მაშინ 6 წლის ვიყავი... თუმცა, ამ მხარესთან კავშირი დღემდე არ გამიწყვეტია, იქ დასასვენებლად ყოველ ზაფხულს ჩავდივარ. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, აფხაზებისა და ქართველების (თუმცა, კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ დაყოფას) ურთიერთობა აფხაზეთში ჯანსაღია. "სხვისი სახლის" ერთ-ერთ მთავარ დანიშნულებად თუნდაც, იმ სტერეოტიპის დამსხვრევა მიმაჩნია, რომლის მიხედვითაც, აფხაზები ქართველების მიმართ აგრესიულები არიან. დამიჯერეთ, ასე არ არის. პასუხი მომხდარზე ორივე მხარემ თანაბრად აგო. ეს ხელოვნური დაპირისპირება მალე აუცილებლად დასრულდება. ამის მანიშნებელი თუნდაც ის არის, რომ რაც დრო გადის, მით უფრო მეტი აფხაზისა და მეგრელის ოჯახი იქმნება.

- სრულმეტრაჟიან ფილმში თქვენი პირველი კინოროლი ესპანელი რეჟისორის ფილმში - "ჩაიკა" შედგა, რომლის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ გაიმარჯვეთ ნომინაციაში - "საუკეთესო ქალი იტალიაში". როგორ შეგარჩიეს ამ როლისთვის?

- გამიმართლა და ფილმის ესპანელმა რეჟისორმა მთავარ როლზე დამამტკიცა. საქართველოში ბევრი ისეთი ადგილია, რომელიც სხვა ბევრ ქვეყანას შეგვიძლია დავამსგავსოთ. ჩინეთისა და ვლადივოსტოკის სცენები საქართველოში გადავიღეთ. ამ ფილმამდე ოთხ მოკლემეტრაჟიან ფილმში ვითამაშე. რეჟისორები ხშირად ამბობენ, რომ "ექსტრემალი" მსახიობი ვარ. გადაღებისას არ მაწუხებს არც სიცივე, არც გაუსაძლისი სიცხე და ა.შ. არ მესმის, როგორ უნდა იყო პრეტენზიული რეჟისორთან, რომელმაც ფილმში გადასაღებად სწორედ შენ შეგარჩია! პირიქით, ამისთვის მადლიერი უნდა იყო და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთო.

შორენა ლაბაძე