ნანა მჭედლიძის ანდერძის დეტალები
31 მარტს ნანა მჭედლიძე ხონში დაკრძალეს. ეს რეჟისორის, მსახიობისა და სცენარისტის ანდერძის თანახმად მოხდა. ათზე მეტი ფილმის ავტორი იყო ერთადერთი სპექტაკლის რეჟისორი, რომელიც მან დრამატურგ რეზო კლდიაშვილის მონოსპექტაკლის - "მარტოობის ბინადარი" - მიხედვით, ერთი მსახიობის თეატრში დადგა.
მომავალი მსახიობი და რეჟისორი ხონში დაიბადა. ეზოში ორ ნაძვს შორის გაბმულ ბაწარზე, ტილოს გადაფენდა და საღამოობით წარმოდგენებს მართავდა მეზობლებისთვის. სოფლის კლუბში ფილმების სანახავად დადიოდა და იმავე ასაკიდან ფიქრობდა, რომ მომავალში თავს ამ სფეროში დაიმკვიდრებდა. ჯერ თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში რეჟისურის ხელოვნებას დაეუფლა. მისი პირველი ნამუშევარი გახლდათ კინო-ნოველა სახელწოდებით - "ჩქარი მატარებელი", რომელიც ოტია იოსელიანის ნაწარმოების მიხედვით გადაიღო. რეზო კლდიაშვილის ფოტოები წარსულის იმ მონაკვეთს აცოცხლებს, როცა სპექტაკლის რეპეტიციები მიმდინარეობდა. ბატონ რეზოს შინ ვეწვიე, რომ ნანა მჭედლიძესთან შეხვედრა და შემოქმედებითი ურთიერთობა გაეხსენებინა.
რეზო კლდიაშვილი:
- ნანა მჭედლიძე - ეს სახელი და გვარი ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას იწვევდა ჩემში. როცა გარდაიცვალა, სანამ მის ანდერძს წავიკითხავდი, მაშინვე დე გოლი გამახსენდა. ამ ჭკვიანმა კაცმა დატოვა ანდერძი, სადაც თავის სოფელში დაკრძალვას ითხოვდა. მახსოვს სიუჟეტი, კადრებზე ჩანდა, როგორ ჩაასვენეს პარიზიდან სოფელში დე გოლი და თუ როგორ მიაცილებდა მას სოფლის მოსახლეობა უკანასკნელ გზაზე. ახლა ამაზე ლაპარაკი შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მაშინვე ვიფიქრე, რომ ნანა აუცილებლად დატოვებდა ანდერძს, სადაც მის მშობლიურ კუთხეში დაკრძალვას მოითხოვდა. მართალი აღმოვჩნდი. როცა მისმა შვილმა მაგდამ ანდერძი წასაკითხად გადმომცა, მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირ ნანას არც ველოდი, მაინც გაოცებული დავრჩი. ანდერძი იყო ნანას პიროვნების სრული სურათი, ცოტა იუმორითა და დიდი სისადავით. 1937 წელს მამამისი რეპრესიებს შეეწირა და დახვრიტეს, დედა გადაასახლეს. ქალი წლების შემდეგ კი დაბრუნდა, მაგრამ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ნანა გამზრდელის გვერდით დაკრძალვას ითხოვდა. წერდა, ქვა არ დამადოთ, მოიპარავენ (გამზრდელის საფლავის ქვა მოუპარავთ), თუნუქიც მეყოფაო. იქვე იყო რელიგიური შინაარსის ამონარიდი, რომელიც სურდა, რომ მის საფლავზე დაეტანათ.
ნანას გარდაცვალება რომ შევიტყვე, მე და ზაზა აბაშიძე პირველივე დღეს გავცვივდით მის სახლში. დაუბარებია, რომ არ უნდოდა სამძიმარზე მისულებს სასახლის გარშემო წრე დაერტყათ, ამიტომ სასახლე კედელთან იყო მიდგმული. მიცვალებულებთან მიახლოება მიჭირს, მაგრამ ნანას მოვეფერე. თავი დავხარე და უკანა სვლით დავბრუნდი უკან. ამ რიტუალში იყო სილამაზე, თუ შეიძლება ამაზე ასე ითქვას.
ნანამ სიკვდილის შემდეგაც ჩაგვიტარა გაკვეთილი და შეეცადა, დაენახვებინა ჩვენთვის, რომ არ არის საჭირო ზედმეტი მოძრაობები. "ფეისბუკზე" მანანა დუმბაძის გვერდზე წავიკითხე ფრაზა - "ქართული კინოს ყველაზე თავმდაბალი ვარსკვლავი". არ ვიცი, მანანას სიტყვებია თუ სხვისი, მაგრამ ეს ზუსტი განმარტებაა.
ბევრს შრომობდა, შექმნა უნიკალური ფილმები, მარტო "პირველი მერცხალის" ფინალი რად ღირს, ანდა "იმერული ესკიზები", სადაც მისი გმირი ყველას ბებიაა. ნოდარ დუმბაძემ და შემდეგ უკვე თენგიზ აბულაძემ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" გენიალური სესილია თაყაიშვილის ოლღა ბებია გვისახსოვრეს, ხოლო ნანამ ის იმერელი ბებია გვაჩუქა, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს.
- ბატონო რეზო, ნანა მჭედლიძეს "ხმაური" არ უყვარდა და ასევე წავიდა...
- დიახ... ნანა მჭედლიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა და დაკრძალვის შემდეგ გავრცელდა წერილი "სად იყავი დღეს, ქართულო კინო?", სადაც ხონში ხელოვნების მუშაკების ჩაუსვლელობაზე იყო ლაპარაკი. მე გამაოცა ნანას ქალიშვილის, მაგდას წერილმა, რომელიც დაკრძალვის შემდეგ დაწერა. ის მადლობას უხდიდა ყველა იმ ადამიანს, ვინც პატივი მიაგო ნანას ხსოვნას და ამავდროულად აღნიშნავდა, რომ არაფერი იყო სასაყვედურო იმ ადამიანებთან, ვინც მოკლე დროში თვითორგანიზება ვერ მოახერხა, ვინაიდან დაკრძალვა გარდაცვალებიდან მალე, ყოველგვარი ქრისტიანული წესის დაცვით მოხდა. მაგდას არც თავად ჩაუყენებია საქმის კურსში საზოგადოება, რადგან ამგვარი იყო ნანას სურვილი. დედამისს სწორედ ასე უხმაუროდ სურდა ამ ცერემონიალის ჩატარება. წერილი სამჯერ წავიკითხე. ეს ჭეშმარიტად ნანას ქალიშვილის წერილია, სხვაგვარად მისი შვილი ვერ იაზროვნებს.
- როდის და როგორ გაიცანით ნანა მჭედლიძე?
- დაახლოებით 5 წლის ვიყავი, დედაჩემმა და ჩემმა სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტმა დეიდამ ქუთაისიდან თბილისში ჩამომიყვანეს და სოლოლაკში მეგობართან სტუმრად მივედით. მალე იქ მოვიდა მათი საერთო მეგობარი, თეატრალურის სტუდენტი ნანა მჭედლიძეც. ჩემს ბავშვობაში ძალიან კარგი ნიკელის საწოლები გვქონდა. სტუმრად ხის საწოლი რომ ვნახე, ვიძახდი: "ჯოხის საწოლები, ჯოხის საწოლები-მეთქი" და მათზე დავხტოდი. ყოვლად უზნეოდ ვიქცეოდი. არავის ვუჯერებდი, ვერაფერი მომიხერხეს. ნანა რომ მოვიდა, სთხოვეს, იქნებ შენ გააჩეროო, მაგრამ ისიც ვერაფერს გახდა. ბოლოს თქვა, მოდი, ეს გადარეული ბავშვი აქაურობას გავარიდოთ, ქუჩაში გავიყვანოთ, იქნებ ცოტა დაწყნარდესო. თავისუფლების მოედანთან იყო კიროვის ქუჩა, სადაც მაღაზიის ვიტრინაში დიდი მაიმუნის ფიტული იყო გამოდებული. მიყიდეთ-მეთქი, დავიჟინე. სტუდენტებს სად ჰქონდათ ფული და რომც ჰქონოდათ, მაიმუნს ვინ მიყიდდა? იქვე, ასფალტზე გავგორდი. გამვლელ-გამოვლელი მიყურებდა, ალბათ ფიქრობდნენ, რა უზრდელი ბავშვიაო, დარცხვენილი გოგონები კი ვერაფერს მიხერხებდნენ. წამოზრდილს, ჩემი უზნეო საქციელი მახსოვდა, მაგრამ იმ მოგონებებში ნანა არ ფიგურირებდა. გავიდა წლები და სოფიკო ჭიაურელს მივუტანე ჩემი მონოპიესა, რომელიც სპეციალურად მისთვის დავწერე. ქართული თეატრი მონოსპექტაკლებით განებივრებული არ ყოფილა და შემიძლია ვთქვა, რომ "მარტოობის ბინადარი" ერთ-ერთი პირველი მონოსპექტაკლი იყო. სოფიკომ ნანა მჭედლიძე დაასახელა, ის დადგამსო, კოტეც დაეთანხმა და სოფიკომ მაშინვე დაურეკა. მცირე ხანში სადილზე შევიკრიბეთ. იმ დღეს ლექცია მქონდა და ცოტა დამაგვიანდა. ოთახში რომ შევედი, ნანა უკვე იქ იყო. დამინახა თუ არა, თქვა, - მე ამის პიესას არ დავდგამო. ბატონმა კოტემ გაოცებულმა შეხედა, ამ დროს სოფიკოს რაღაც შემოჰქონდა მაგიდაზე დასადებად და ისიც გაშრა. მეც გაკვირვებული ვიდექი, მაგრამ ყველაფერი ცხადი მას შემდეგ გახდა, როდესაც იმ ამბავს მოჰყვა, რაც ახლა თქვენ გიამბეთ. რა თქმა უნდა, "არ დავდგამო" - იხუმრა. მალე დავიწყეთ რეპეტიციები. საუკეთესო გუნდი შეიკრიბა. ძალიან მიყვარს სპექტაკლის მსვლელობისას მაყურებელზე დაკვირვება, საფინალო სცენაში მუსიკა რომ ისმოდა, უკვე ვიცოდი, როდის გახსნიდნენ ჩანთას და ცხვირსახოცებს ამოიღებდნენ. საერთოდ, გვგონია, რომ ისეთი საინტერესო ადამიანები, როგორიც ნანა იყო, უკვდავები არიან, ამიტომ რეპეტიციების გადაღებაზე არ მიფიქრია. ახლა კი გული მწყდება, რომ იმ საინტერესო რეპეტიციების პროცესი გადაღებული არ არის.
- ამ შემთხვევაში ნანა მჭედლიძეს დრამატურგი გვერდით ეჯდა. რეპეტიციის დროს გეკითხებოდათ აზრს თუ დამოუკიდებლად მუშაობდა?
- პიესას რომ ვწერ, თუკი რამეს ვფიქრობ და განვიცდი, იმ დროს იქ ვდებ, მაგრამ როცა რეჟისორთან ვმუშაობ, ვარ ოფიციალური მუნჯი. ყველა რეპეტიციას ვესწრები, მაგრამ აუცილებლობას თუ არ წარმოადგენს ან სცენის ცვლილება არაა საჭირო, არაფერში ვერევი. რეპეტიციების პერიოდში საოცრად ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემ თვალწინ პიესა ერთი მსახიობის თეატრის კამერულ გარემოში დღითი დღე იძერწებოდა. სპექტაკლის გასინჯვა ივნისში მოხდა, რომელსაც მთელი თეატრალური ელიტა დაესწრო და უკვე სექტემბერში, ერთი მსახიობის თეატრი "ვერიკოს" XV სეზონი "მარტოობის ბინადარით" გაიხსნა. წარმოდგენა ყოველთვის ანშლაგებით მიდიოდა, იყო შემთხვევები, როცა მაყურებლის დიდი რაოდენობის გამო, სოფიკოს სახლში რაც კი სკამი იყო, ყველა დარბაზში შემოჰქონდათ. სპექტაკლი ნახა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და შესანიშნავი ჩანაწერი დაგვიტოვა შთაბეჭდილებების წიგნის გვერდებზე. გარდა ამისა, სპექტაკლს დაესწრო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, სრული შემადგენლობით. ლიტერატორმა საბა მეტრეველმა წარმოდგენის გარჩევის ჩანაწერები უნივერსიტეტის გაზეთში დაბეჭდა და ესეც დარჩა ისტორიას.
- პრემიერის შემდეგ, სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი სცენაზე ე.წ. "პაკლონზე" რომ გამოდის, ნანა მჭედლიძე თქვენთან ერთად იყო?
- გასინჯვაზე სცენაზე არ გამოსულა, არც პრემიერის დღეს აპირებდა. ვთხოვდით, მაგრამ უარზე იყო. ბოლოს სოფიკომ ცოტა ხმამაღალი ტონით, შეტევაზე გადასულმა სთხოვა, ჩვენ გვერდით მდგარიყო. როგორც იქნა, დაგვთანხმდა და სწორედ ამ მომენტის ამსახველი ფოტო მაქვს არქივში.
- როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა?
- ჩემი და ნანას ურთიერთობა ასე არ დამთავრებულა. მერეც ხშირად ვსაუბრობდით ტელეფონით, თბილად მომიკითხავდა, ოჯახს დამილოცავდა. დაინტერესებული იყო ჩემი პირველადი პროფესიით, ქიმიით და სულ მეკითხებოდა, რაზე ვმუშაობდი. ერთ ამბავს გავიხსენებ: რეპეტიციამდე მანქანით ვაკითხავდი და თეატრიდანაც შინ მე მიმყავდა. ბუნებრივია, გზაში ათას რამეზე ვსაუბრობდით. არ ვიცოდი, რომ ის რელიგიური ადამიანი იყო, სასულიერო პირების შთამომავალიც გახლდათ. ყოველ სამ საათში ლოცვებს კითხულობდა, მორიდებით ადგებოდა და გადიოდა, მაგრამ ამას დემონსტრაციულად არ აკეთებდა. მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, დიდ პატივს ვცემ ჩემს რელიგიას, ტაძარშიც დავდივარ, სანთელს ვანთებ, ლურჯი მონასტრის აღდგენაში ვმონაწილეობდი, მაგრამ ყველაფერს ისე ვერ ვასრულებ, როგორც საჭიროა. ერთ დღეს სახლში მიმყავდა, როცა მკითხა, დრო თუ გაქვს, ერთ ადგილას წავიდეთ, მინდა, ერთ ხატთან მიგიყვანოო. ჩვეული დარბაისლური სიარულით შეაბიჯა ვერაზე, ლურჯი მონასტრის გვერდით რუსულ ეკლესიაში. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატთან მივედით და თითქოს ჩააბარა ჩემი თავი. მას შემდეგ დროდადრო რაღაც ძალა მეტყვის ხოლმე, რომ იქ უნდა მივიდე. არ ვიცი, რამდენად სწორად ვამბობ, მაგრამ ნანას დამსახურებით, მას შემდეგ ვმეგობრობ იმ ხატთან.
ანა კალანდაძე