ტკივილით სავსე ცხოვრება, მოძალადის სინანული და მზრუნველობის საოცარი მაგალითი - გზაპრესი

ტკივილით სავსე ცხოვრება, მოძალადის სინანული და მზრუნველობის საოცარი მაგალითი

სახელად - სამირი ჰქვია, გვარი - უცნობია. დაიბადა უკრაინაში, კიევში. დედა უკრაინელი ჰყავდა, მამა - ბოშა. ახსოვს სტუმრიანობა ოჯახში, სადაც ხშირად, ბოშურ სიმღერებს ასრულებდნენ. მის მეხსიერებას ბავშვობიდან კიდევ ერთი "კადრი" შემორჩა, რომელმაც მთელი მისი მომავალი ცხოვრება განსაზღვრა.

4 წლის ბიჭს დედა ეუბნება, - წამოდი, ქალაქში გავისეირნოთ. ბიჭი მიჰყვება. სახლიდან გასვლის შემდეგ, ტაქსით ერთ-ერთ შენობასთან (სავარაუდოდ, საავადმყოფო იყო) მიდიან. დედა ეუბნება: მოდი, აბა, სართულები დავითვალოთ. ერთი, ორი, სამი... მერვე სართულზე ჩერდებიან. იქ დედა თეთრებში ჩაცმულ მამაკაცს (სავარაუდოდ, ექიმს) ესაუბრება. შემდეგ შვილს ეუბნება: დაბლა ჩავალ, აქ დამელოდეო, - და მიდის. ბიჭი დიდხანს ელოდა, მაგრამ დედა რომ აღარ გამოჩნდა, პირველ სართულზე ჩავიდა და ქუჩაში გავიდა. იმ დღის შემდეგ დედა აღარ უნახავს.

- სამირ, დედის წასვლა დამშვიდობებას ჰგავდა?

- არა, ჩვეულებრივად წავიდა. ქუჩაში რომ გავედი, ავტობუსის გაჩერება დავინახე. ერთ-ერთ ავტობუსში ავედი. ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ბოლო გაჩერებას რაც უფრო უახლოვდებოდა, მგზავრების რაოდენობა მცირდებოდა. ბოლოს მე და ერთი კაცი დავრჩით. მძღოლი ქალბატონი იყო. მკითხა, - შენ რატომ არ ჩადიხარო? - დავიკარგე-მეთქი, - ვუპასუხე და ტირილი დავიწყე.

დაკარგული ბავშვის ამბავი მძღოლმა პოლიციას შეატყობინა და პატარა სამირი ბავშვთა თავშესაფარში აღმოჩნდა. უცხო გარემოში მოიწყინა, თანატოლებთან თამაშის დროსაც კი არ შორდებოდა ფიქრი მშობლებზე და სჯეროდა, ადრე თუ გვიან დედა მას აუცილებლად იპოვიდა, შინ წაიყვანდა. რამდენიმე თვე გავიდა. ერთ დღეს სანატრელი სიტყვები გაიგონა: სამირ, შენი მშობლები მოვიდნენ. გახარებულმა ბიჭმა კიბე ჩაირბინა და მისი მშობლების ნაცვლად, კართან სრულიად უცხო მამაკაცი და ქალბატონი დახვდნენ.

- შენ ჩემი დედა არ ხარ-მეთქი, - ვუთხარი იმ ქალს. ჩამეხუტა, მომეფერა. - ჩემთან უნდა წაგიყვანოო, - მითხრა. თავდაპირველად უარზე ვიყავი, მაგრამ ჩემს სურვილს ვინ გაითვალისწინებდა? 2-3 დღის შემდეგ მომაკითხეს და მატარებლით საქართველოში წამომიყვანეს. დედობილი, ნინა კოტოვა ეროვნებით რუსი იყო, მამობილი - პეტრე სავჩუკი კი უკრაინელი. ისინი ჭიათურის რაიონის სოფელ თაბაგრებში ცხოვრობდნენ.

- ახალ ოჯახში შენი ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- ძალიან ცუდად მეპყრობოდნენ, განსაკუთრებით - დედობილი. ქართველი ხალხი ძალიან მიყვარს. სოფელში საოცრად თბილი მეზობლები მყავდნენ და ყურადღებას მაქცევდნენ. შეიძლება ითქვას, ქართველებმა გადამარჩინეს. ჩემი მამობილი და დედობილი ხშირად ჩხუბობდნენ, ალკოჰოლს ეტანებოდნენ. მამობილი დილით სამსახურში მიდიოდა და ძალიან გვიან ბრუნდებოდა. ასაკი რაც მემატებოდა, დედობილი საქმეებს მით უფრო მიმატებდა.

- რას გაკეთებინებდა?

- ყველაფერს, რასაც სოფელში ადამიანები აკეთებენ. სითბო მაკლდა. ჩვენს სახლში ტკბილ სიტყვას ვერ გაიგონებდი, აგრესია კი დიდი დოზით იყო. მეზობლებთან უფრო ახლოს ვიყავი, ვიდრე მშობლებთან. დედობილს ჩემ მიერ გარეცხილი სარეცხი, მოწმენდილი იატაკი ან მომზადებული კერძი თუ არ მოეწონებოდა, სასტიკად მსჯიდა.

- "სასტიკ დასჯაში" რას გულისხმობ?

- ხან სარდაფში მამწყვდევდა, ხან - საღორეში. ერთხელ ლამის ღორმა დამგლიჯა. მაშინ 11-12 წლის ვიყავი. მეზობელი თუ შემოვიდოდა და ვინმე მომიკითხავდა, კარს მიღებდა და მაფრთხილებდა, - ჩუმად იყავი, არაფერი თქვაო. სხეულზე არაერთი ნაიარევი მაქვს და ყველა - მის მიერ მოყენებული ფიზიკური დაზიანებების გამო. ბიცოლამ ბევრჯერ გადამარჩინა. მას ვეცოდებოდი და ზოგჯერ თავის სახლშიც მივყავდი.

- მამობილიც ცუდად გეპყრობოდა?

- ის თითქმის არასდროს იყო სახლში. შინ თუ მოვიდოდა, დედობილი მარიგებდა, რომ არ მელაპარაკა მასთან იმაზე, თუ როგორ მეპყრობოდა, თორემ უარესი დაგემართებაო.

- სკოლაში დადიოდი?

- დავდიოდი და სხვათა შორის, ძალიან კარგად ვსწავლობდი. დიდი სურვილი მქონდა, გიტარის დაკვრა მესწავლა, მაგრამ ჩემს სურვილებს არავინ ითვალისწინებდა. ის, რასაც ბავშვობაში ვუყურებდი, ფსიქოლოგიაზე ძალიან მოქმედებს, დიდი სტრესი მაქვს გადატანილი. 15 წლის რომ გავხდი, მამობილი თბილისში წამოვიდა. რამდენიმე თვე ისე გადიოდა, ჩვენს ამბავს არც კითხულობდა. მატერიალურად ძალიან გვიჭირდა და მშიერიც არაერთხელ ვყოფილვარ. მეზობლებს საოჯახო საქმეებში ვეხმარებოდი და ისინიც ყურადღებას მაქცევდნენ.

- ასე თუ უნდა მოგპყრობოდნენ, რატომ გიშვილეს? - ეს მათთვის არასდროს გიკითხავს?

- შიში მქონდა და ვერაფერს ვეკითხებოდი. 15 წლის რომ გავხდი, დედობილთან ერთად თბილისში წამოვედი. მან გაიგო, რომ მამობილს სხვა ქალთან ჰქონდა რომანი და სურდა, ქმარი დაებრუნებინა. თბილისში ბინა ვიქირავეთ, მაგრამ ქირის გადახდა პრობლემა იყო. მამობილი არ გვაკითხავდა. დედობილი მაიძულებდა, - წადი და ფული გამოართვი ან სახლში არ მოხვიდეო. ამ მიზეზით, არაერთი ღამე კიკვიძის ბაღში გამითენებია. ზოგჯერ ღამეს სკოლაშიც ვათევდი, დამლაგებელი მიწყობდა ხელს. მალე ისე მოხდა, რომ დედობილს უკურნებელი დაავადება დაემართა, ლოგინად ჩავარდა და მას ვუვლიდი. 1 წლის შემდეგ ჭიათურაში დავბრუნდით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მოსავლელი იყო, 3 წელი არ მოვშორებივარ, ყველაფერს ვუკეთებდი. ზოგჯერ ბიცოლა მეხმარებოდა.

- დედობილი რას გეუბნებოდა?

- თურმე, ტკივილი ცვლის ადამიანებს.

- განიცდიდა იმას, რომ ადრე ცუდად გექცეოდა?

- კი, მერე ვეცოდებოდი, ცრემლები ხშირად მოსდიოდა. სულ ვფიქრობდი, რომ არ გამხსენებოდა ის, რასაც ეს ადამიანი მიშავებდა. დავივიწყე არაერთი დამცირება, წყენა და ტკივილი. ისეთი საწყალი თვალები ჰქონდა, მეცოდებოდა. ის ჩემგან სითბოსა და მზრუნველობას არ ელოდა.

- მამობილი დაბრუნდა?

- მეუღლის გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო, ჩამოვიდა და დაკრძალვამდე დარჩა, თან მეორე მეუღლე ახლდა. არც კი ვიცი, როგორ მოვიდა? დედობილის გარდაცვალების შემდეგ, 1 წელი სოფელში გავჩერდი, თონეში ვმუშაობდი, მაგრამ ხალხს პური სულ ნისიად მიჰქონდა, მერე ზოგიერთი გადახდას ვერ ახერხებდა და იქ მუშაობას აზრი აღარ ჰქონდა.

მერე თბილისში წამოვედი. ერთი მეზობლის დახმარებით, ავტოსამრეცხაოში დავიწყე მუშაობა, სადაც 4 წელი გავატარე. მერე იძულებული გავხდი, თავი დამენებებინა, რადგან მანქანებს ცივი წყლით ვრეცხავდი და ხშირად ვცივდებოდი, ფილტვების ანთებაც დამემართა.

სამირმა გიტარაზე დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა, კარგად მღერის და შეიძლება ითქვას, რომ დღეს თავს სიმღერით ირჩენს. ის ქუჩის მუსიკოსია. თავდაპირველად რუსთაველზე, მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა. იმის გამო, რომ სუსტი ფრჩხილები აქვს, ხოლო გიტარაზე დაკვრა მტკივნეულია, სამირს მარჯვენა ხელზე ხელოვნური "ფრჩხილები" აქვს მიკრული, რომელიც ბუნებრივისგან ფერით განსხვავებულია. ამის გამო, კონფლიქტიც არაერთხელ მოუვიდა. მიანიშნებენ, რომ ფრჩხილის ლაქი მოიშოროს (განსხვავებულ ფერს ლაქად აღიქვამდნენ), შეურაცხყოფას აყენებენ.

- ქუჩაში სიმღერა რთულია. ზოგიერთი ნასვამი მოდის და "ქურდული" სიმღერების შესრულებას მთხოვს. ინსტრუმენტიც დამიმტვრიეს. არასდროს ვითხოვ დახმარებას იმ ადამიანებისგან, ვისაც ვიცნობ. არ მივდივარ და არ ვეუბნები, რომ მიჭირს. რაც მაქვს, იმით ვკმაყოფილდები. გონებაში, გულში ერთი ფიქრი მიტრიალებს, რომ ცუდი არასდროს არაფერი გავაკეთო. ადამიანს, რომელიც არ მომწონს, წყნარად ვეცლები. მიუღებელს არაფერს გავაკეთებ. ამჟამად მეტროში, საბურთალოს ხაზზე ვარ და იქ ვუკრავ.

მეტრო იმიტომ შეარჩია, რომ იქ დაცვაა, კამერებია და თავს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობს. ბინისა და ფულის უქონლობის გამო, რუსთაველზე, ძველ საბაგიროსთან ღამე არაერთხელ გაუთენებია.

ამჟამად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და თვეში 150 ლარს იხდის. არსებობისთვის საჭირო სარჩოს სიმღერით შოულობს. ცხვირის ძვლის მოტეხილობის გამო, გამრუდება აქვს და სუნთქვა უჭირს. ჰაერის უკმარისობა სიმღერაშიც უშლის ხელს. "ფრჩხილების" გამო მომხდარი ჩხუბის შედეგად, სახეზე არაერთი დაზიანება და ტვინის შერყევა ჰქონდა. ეს ამბავი 3 წლის წინ მოხდა. ახლა სამირი 30 წლისაა. პირადი ცხოვრების აწყობა, დაოჯახება ძალიან უნდა, მაგრამ ამის საშუალებას მატერიალური მდგომარეობა არ აძლევს. დიდი ხანია, ჭიათურაში აღარ ყოფილა, რადგან იქ ჩასულს, ყველა ტკივილი ერთდროულად ახსენდება. მამობილთან ურთიერთობის "დათბობა" რამდენჯერმე სცადა, მაგრამ იგრძნო, ეს მის მეუღლეს არ სიამოვნებდა. ერთხელ ისიც კი უთხრა, - აქ რომ მოდიხარ, რა გინდაო? სამირს არ სურდა, მათ შორის უსიამოვნების მიზეზი გამხდარიყო, ამიტომ შორს ყოფნა არჩია. დღეს მასთან მხოლოდ "ცივი" სატელეფონო საუბრები აკავშირებს.

ჩემი რესპონდენტის მონათხრობის შემდეგ, პატრიარქის სიტყვები გამახსენდა. ვიცი, სამირი ამ ინტერვიუს აუცილებლად წაიკითხავს და მას გასამხნევებლად დავუტოვებ ამონარიდს უწმინდესის ქადაგებიდან:

"არასდროს ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში! ყოველ გრიგალს სიმშვიდე მოსდევს, სიბნელეს - განთიადი და სინათლე, დასავლეთს - აღმოსავლეთი, დაცემას - სინანული, ყოველ "ჯვარცმას" - "აღდგომა", ყოველ პრობლემას - მისი მოგვარება, ყოველ ცრემლს - ღიმილი"...

თამუნა კვინიკაძე