"ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" ათენის თეატრის სცენაზე
1972 წელს რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა ოტია იოსელიანის უკვდავი კომედია - "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი". დამდგმელი რეჟისორი გახლდათ იური კაკულია, როლებს კი ასრულებდნენ ქართული თეატრისა და კინოს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: გივი ბერიკაშვილი, ია ხობუა, თამარ სხირტლაძე, გურანდა გაბუნია, ეთერ სიხარულიძე...
მაშინ 7 წლის გახლდით და დღემდე არ მავიწყდება ამ სპექტაკლის "სუნი" და "გემო". ვერ გეტყვით, რომ მაშინ ყველაფერი კარგად გავიგე ამ სპექტაკლიდან, თუმცა დღემდე ჩამესმის ყურში ის ოვაციები, რაც მას მოჰყვა. მას შემდეგ 44 წელი გავიდა...
სულ ცოტა ხნის წინ, ათენის ქუჩებში გაჩნდა აფიშები, რომლებიც ქართველ ემიგრანტებს გვეპატიჟებოდა ამ სპექტაკლის სანახავად, მასპინძელი კი გახლდათ ქართულ-ბერძნული თეატრალური ორგანიზაცია "დიონისე", რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პროფესიით მსახიობი, თაკო სამხარაძეა. ის ამ სპექტაკლის რეჟისორადაც მოგვევლინა.
სიმართლე გითხრათ, პირადად მე, ცოტა სკეპტიკურად შევხვდი ამ ამბავს და თქვენ წარმოიდგინეთ, სპექტაკლზე წასვლა არც მინდოდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მეშინოდა, ვაითუ, მსახიობებს ისე არ ეთამაშათ, მეხსიერებაში როგორც მქონდა ჩარჩენილი, არ მინდოდა გული დამწყვეტოდა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. თეატრი "ელპიდა", რომელიც პატარა, მაგრამ ძალიან თბილ, მყუდრო თეატრს წარმოადგენს და ათენის ცენტრში მდებარეობს, მაყურებლებს ვერ იტევდა. სცენა პირდაპირ მაყურებელთა დარბაზში იყო შემოჭრილი და თითოეული ჩვენგანი თითქოს ამ სპექტაკლის მონაწილეებიც კი ვიყავით. საათ-ნახევრის განმავლობაში სიცილი და ოვაციები არ წყდებოდა და როდესაც სპექტაკლი დამთავრდა, დიდი ხნის განმავლობაში მაყურებელი ვერ ელეოდა მართლაცდა ამ უნიჭიერეს, არაპროფესიონალ მსახიობებს; მათგან მხოლოდ ორი - მირიან ზალოშვილი, რომელიც პროფესიით გახლავთ მსახიობი და რეჟისორი თაკო სამხარაძე, გახლდათ პროფესიონალი, დანარჩენი კი მოყვარული მსახიობები არიან: ნინო მამადაშვილი (პედაგოგი), ხათუნა ბოღრაშვილი (ეკონომისტი), თამრიკო ლომიაშვილი (პედაგოგი), კატერინა რეხვიაშვილი (ფილოლოგი), ლიზი კვინიკაძე (სტუდენტი).
ერთ მუშტად შეკრულმა დასმა, მართლაც რომ მშვენიერი სპექტაკლი შემოგვთავაზა. მუსიკალურად სპექტაკლი კი გააფორმა დავით წიქორიძემ. როგორც ქალბატონმა თაკომ ჩემთან საუბარში ბრძანა, თეატრი მიწვეულია სამ ქალაქში - სალონიკში, ნავპლიოსა და კალამატაში, სადაც უამრავი ქართველი ცხოვრობს და მონატრებულია ყველაფერ ქართულს. გარდა ამისა, დასი მომავალში ახალი კომედიის დადგმას აპირებს.
დიდი მიხაკო წერეთელი ბრძანებდა თავის დროზე: უცხოობაში ქართველს, ქართული საქმის კეთება გადაარჩენსო, - და ეს ფრთიანი ფრაზა თავის მნიშვნელობას დღესაც არ კარგავს. საბედნიეროდ, ათენში არის უამრავი ქართულ-ბერძნული ორგანიზაცია, რომლებიც მართლაც კარგ საქმეს აკეთებენ ქართველი ემიგრანტებისთვის და ერთ-ერთი მათგანი გახლავთ "დიონისე", რომელიც რამდენიმე წელია, არსებობს და ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებს აქაური ქართველებისთვის. შექმნილია თეატრალური ჯგუფები ბავშვებისა და უფროსებისთვის, მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიები, ენების შემსწავლელი წრეები და სხვა. შობის დღესასწაულზე პატარა ქართველმა "დიონისელებმა" ქართველ ემიგრანტებს წარუდგინეს საბავშვო სპექტაკლები - "ლურჯი ფრინველი" და "ფიფქია და შვიდი ჯუჯა", რომლებსაც პატარების დიდი მოწონება ხვდა.
მინდა, ყველა ემიგრანტის სახელით, გზა დავულოცო "დიონისეს" და წარმატება ვუსურვო მის ყველა თანამშრომელს. ქართული საქმე ეკეთებინოთ ყოველთვის. ჩვენ ხომ ასე ძალიან გვჭირდება ეს ყველაფერი...
ათენი, 15 მაისი, 2016 წელი
ლიგია მუშკუდიანი