დანგრეული ბავშვობა, დაფნის გვირგვინი და ქართველი გოგონას იტალიური წარმატებები
"შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი", - ბორის პასტერნაკის ლექსიდან აღებული ეს ფრაზა იმ რომანის სახელწოდებაა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა, ძალზე ჭკვიანმა და ნიჭიერმა ქართველმა გოგონამ - რუსკა ჟორჟოლიანმა იტალიურ ენაზე დაწერა და იქაური კრიტიკოსებისა და საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. საბჭოური რეალობა გამოგონილ ქალაქში ვითარდება და მამათა და შვილთა ცხოვრებას მხატვრულად ასახავს. რუსკა იტალიაში ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობს და სამომავლოდ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო სიღრმისეულად და სერიოზულად აპირებს განვითარებასა და წინსვლას. დევნილობაში გატარებული ბავშვობა, უცხო ქვეყნის სიტკბო, ნაწარმოებებსა და ნახატებში ასახული სამშობლოს სიყვარული, იტალიური ყოფა რუსკას მონათხრობის მთავარი თემებია.
პალერმო - დევნილი ბავშვების "სავანე"
- პალერმოში პირველად ათი წლისა იმ პროგრამის ფარგლებში მოვხვდი, რომელსაც საზოგადოება "საქართველო-იტალია" პალერმოს მერიასთან თანამშრომლობით ახორციელებდა და ძირითადად, დევნილ ბავშვებზე იყო გათვლილი. პალერმოელთა ოჯახებში გაგვანაწილეს და ზაფხულობით მთელი სამი თვის განმავლობაში ისინი გვმასპინძლობდნენ და გვპატრონობდნენ. ცდილობდნენ, ჩვენთვის ცხოვრება გაეხალისებინათ. ძირითადად, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები ვიყავით და ისინი, ვისაც რომელიმე მშობელი დაღუპული ჰყავდა. მოკლედ, 18 წლამდე ანუ ზრდასრულ ასაკამდე, პალერმოში წლების განმავლობაში ჩავდიოდით, მერე კი თითოეული ჩვენს გზას ვირჩევდით, ზოგი საქართველოში დარჩა და სწავლა განაგრძო, დაოჯახდა, ზოგმა - იტალიელ "მშობლებთან" ურთიერთობა არ გავწყვიტეთ და ის სითბო და სიყვარული, რაც იმ წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, დღემდე მოგვყვება.
ქართულ-იტალიური მრავალმხრივი სწავლა-განათლება და პირველი ლექსები
- ჩემი იტალიელი მშობლების დახმარებით, თბილისში იტალიური სკოლა დავამთავრე, მერე თსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე და დასრულებისთანავე იტალიაში გავემგზავრე. მათ შვილი არ ჰყავთ და ფაქტობრივად, შვილობილი ვარ. 2007 წელს გავემგზავრე იტალიაში საცხოვრებლად. თავიდან იქაც საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე, შემდეგ პროფილი შევიცვალე და ფილოსოფიის ფაკულტეტი დავამთავრე. იტალიურ ენაზე ლექსების წერაც დავიწყე და ჩემმა პირველმა, 2009 წელს დაწერილმა ლექსმა ერთ-ერთ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები იტალიის კულტურულ ცხოვრებაში. რაღაცებს მანამდეც ვწერდი - დღიურებს, წერილებს, ჩანახატებს ვაკეთებდი, მაგრამ ვფიქრობდი, რაიმე სერიოზულის დაწერა ჯერ ნაადრევი იყო. ჩემი წიგნის გარეკანს ჩემი დის ნამუშევარი ამშვენებს. ისიც პალერმოშია, აკადემიაში ფერწერას სწავლობს. ჩემი ძმა - ლაშა კი ლონდონში წარმატებული მუსიკოსია, დიჯეია, საკუთარი კომპოზიციებიც აქვს.
ფილოსოფია უმაღლესი მეცნიერებაა. სიმონა ვეილის (ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი ქალი) პოლიტიკური წიგნების კითხვისას მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო იყო. ჩემი ქაოსური იდეებისა და მისწრაფებების თავმოყრა და მოწესრიგება სწორედ ფილოსოფიას შეეძლო. სამაგისტრო მერაბ მამარდაშვილის ნაშრომებზე დავიცავი, რომლის იტალიური თარგმანი თითქმის არ მოიპოვება, ყველაფერი რუსულიდან და ქართულიდან ვთარგმნე. ნოემბერში რომის ფილოსოფიურ ჟურნალში ჩემი სტატია დაიბეჭდება, რომლის ნაწილი ჩემი სადიპლომოდანაა ამოღებული.
იტალიური ენა, მამული და მგრძნობიარე საზოგადოება
- იტალიელ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გახსნილები, გულითადები და მეგობრულები ჩანან. მძიმე ისტორიის მქონე ქვეყანაა, იტალიის გაერთიანებაც ხომ რთულ პროცესებთან იყო დაკავშირებული, თვითონ მათაც პრობლემები აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობაში. რეგიონებს შორის დღემდე ბევრი რამ გაურკვეველია. სიცილიელი და სარდინიელი იქაურად უფრო თვლის თავს, ვიდრე იტალიელად. ერთადერთი გამაერთიანებელი მათი ენაა. გახლეჩილობა იტალიის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია და ეს საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც აისახება. ასეთ საზოგადოებაში ემიგრანტის მიღება და თავის დამკვიდრება საკმაოდ რთულია. კარგად იციან, როგორ მოაწყონ სახლი, სად წავიდნენ, რომ ცხოვრება ხელოვნებით შეივსონ, რომელი ტილო სად ჩამოკიდონ, მაქსიმალური ესთეტიკური სიამოვნება რომ მიიღონ, როგორ მიირთვან ესა თუ ის კერძი და ყოველდღიურობა როგორ გაილამაზონ, ასეთი ნიუანსების შეტანაში ნამდვილად პირველები არიან.
იტალიურად ასახული საბჭოეთი გამოგონებულ რეალობაში
- ჩემი ნაწარმოები მხატვრული რომანია, იტალიურ ენაზე, სწორხაზოვანი სიუჟეტია, მაგრამ ფორმა - არა, თავებადაა დაყოფილი და მკითხველმა თვითონ უნდა დაალაგოს, თავები ერთმანეთს შეუსაბამოს. შიგადაშიგ, ჩანახატები, ლექსი, დღიური, გაზეთიდან ამონარიდი მაქვს ჩართული. საბოლოოდ, ყველაფერი ერთიანდება და მკითხველისთვის ერთიან სურათს იღებს. მოვლენები გამოგონილ იდეალურ ქალაქში ვითარდება, რომელსაც მიროსლავი ჰქვია. ისტორიულ-პოლიტიკური სივრცე საბჭოთა კავშირია, ტერიტორია - რუსეთის და სხვადასხვა წარმომავლობის პერსონაჟები არიან - ყაზახები, ქართველები, რუსი ებრაელებიც და ა.შ. ამბის თხრობა ოქტომბრის რევოლუციიდან იწყება და 2 000-იან წლებში სრულდება. ოთხი მთავარი პერსონაჟია - ბაბუები, მამები და შვილიშვილები და ისინი ერთმანეთს ცვლიან. მათი ცხოვრება ისტორიითაა გაჯერებული, რადგან ერთ-ერთი ტიპური კომუნისტია, რომელიც დარწმუნებულია, რომ განსაკუთრებულ ქალაქს ააშენებს. მისი მეგობარი დიმიტრი კი პირიქითაა, სკეპტიკოსია, ფილოლოგი და ეჭვობს, რომ ამ ყველაფერს კარგის მოტანა შეუძლია. მიუხედავად ბავშვობის მეგობრობისა, ერთმანეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდებათ. მას ვიქტორთან კამათი ხშირად მოსდის პოლიტიკურ თემებზე. ეს ყველაფერი კი შემდგომ მოქმედებას განსაზღვრავს ნაწარმოებში. დიმიტრის გადაასახლებენ და იქ დაიღუპება. ვიქტორი დიმიტრის შვილს იშვილებს და საკუთართან ერთად გაზრდის. მთხრობელი ვიქტორის შვილია. რომანის სათაური კი - "შენი აქ ყოფნა, როგორც ქალაქი", პასტერნაკის ლექსიდანაა აღებული. ჩემი წიგნის პრეზენტაცია პალერმოშიც გაიმართა და სიცილიის სხვა მთავარ ქალაქებშიც. რომშიცაა დაგეგმილი. ჩემთვის მოულოდნელი იყო ის დადებითი შეფასებები, რაც იტალიელი კრიტიკოსებისგან მოჰყვა. პრესამ საკმაოდ მოზრდილი სტატიებიც მომიძღვნა. ჩემი ცხოვრებით განსაკუთრებით დაინტერესდნენ, - როგორ მოხდა, რომ იტალიურად ასე კარგად ლაპარაკობ და წერ კიდეცო. ნამდვილად არ ველოდი ასეთ მიდგომას და ამან ჩემ გარშემო დადებითი განწყობა შექმნა.
დევნილი ბავშვობა
- ადრე, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ვცხოვრობდით. ძირითადად, სვანებით დასახლებული სოფელი იყო, 1989 წელს ჩემმა მშობლებმა სახლი იყიდეს და საცხოვრებლად იქ გადავედით, მაგრამ ომი რომ დაიწყო, იძულებული გავხდით, ყველაფერი მიგვეტოვებინა და საკუთარი თავისთვის გვეშველა. შემდგომ, მე ბებია-ბაბუასთან ვიყავი მესტიაში, მშობლები კი თბილისში, ჩემს ძმასა და დასთან ერთად. ერთმანეთი წელიწად-ნახევრის მერე ვნახეთ... ამ პერიოდს დაემთხვა იტალიაში წასვლის შესაძლებლობა და ამან ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, ბავშვობა დამიბრუნა. ნებისმიერი ტიპის ომი ადამიანის ცხოვრების საჭირო ეტაპებს, ჯაჭვს ანგრევს - ბავშვობა, ახალგაზრდობა. პალერმოელმა ოჯახმა კი ეს ბავშვობა დამიბრუნა. იქ მოგზაურობის შესაძლებლობაც მაქვს ხოლმე, შარშან ესპანეთშიც ვიყავით წასულები მე და დედა, ახლა ავსტრიაში ვაპირებ გამგზავრებას. ამ მხრივ, კარგად შეიძლება დროის, სივრცისა და იმ შესაძლებლობის გამოყენება, რასაც ევროპა იძლევა. შიდა გადაადგილებებისთვის დიდი თანხები არაა საჭირო. თავისუფლად მოძრაობის, სწავლის საშუალებაა. იტალიელების ცხოვრებაში დიპლომის დაცვა დიდი მოვლენაა, რადგან სწავლა რთულია და ყველა კურსდამთავრებულისთვის დღესასწაული ეწყობა, დიპლომაღებულს დაფნის გვირგვინს ადგამენ და მერე წვეულებას მართავენ. მეც დამადგეს ეს გვირგვინი.
სამომავლო გეგმები და წიგნები
- რაც შეეხება სამსახურს, მინდა, აქაურ უნივერსიტეტში დავრჩე და სწავლა და კვლევა განვაგრძო. იქ მოხვედრა ძალზე რთულია და თუ ეს ვერ მოვახერხე, ვნახოთ, რა იქნება. წერას აუცილებლად განვაგრძობ, ვთვლი, რომ ეს ჩემი გზაა და იმედი მაქვს, ჩემი მცდელობები გაამართლებს. სხვათა შორის, "ჩაწყობები" იტალიაშიცაა, ოფიციალურიც კი, ვითომდა "სარეკომენდაციო წერილის" სახით. ცდილობენ, მისგან გათავისუფლებას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. ამ მენტალიტეტის შედეგია მაფია და პირიქით, მაფიის შედეგია ეს, ყველაფერი ღრმადაა გამჯდარი, ზოგადად ამ ტერმინს აღარ იყენებენ, მაგრამ ფენომენი იგივეა და მათ მთავარ პრობლემად რჩება.
სამომავლოდ, ვაპირებ, საქართველოზე წიგნი დავწერო, სადაც ქართულ კულტურას უკეთესად წარმოვაჩენ. შემდეგ კი რაიმე მოქმედებას იტალიაშიც გავშლი და სიუჟეტს ამ ორ კულტურასთან დავაკავშირებ. თუ რომელიმე საგამომცემლო სახლი ინტერესს გამოთქვამს, ჩემს დაბეჭდილ წიგნს ალბათ ქართულადაც ვთარგმნი.
თამთა დადეშელი