რატომ ატარებს ორ გვარს ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილი - გზაპრესი

რატომ ატარებს ორ გვარს ჯემალ ღაღანიძის შვილიშვილი

სადებიუტო როლს სხვა დანარჩენიც მოჰყვა და დღეს არსებულ რეპერტუარში, რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობს. ალბათ ბევრი იფიქრებს, - რუსთაველის თეატრში იმიტომ მოხვდა, რომ ბაბუამისი 1956 წლიდან ამ თეატრის მსახიობია, ბევრი იცნობს, პატივს სცემენო, მაგრამ ეს აზრი გაგიქარწყლდებათ, თუ სანდროს სცენაზე იხილავთ...

პიანისტი დედის, პროფესიით ფილოლოგი ბებიის და ასევე მუსიკოსი ქალბატონის გავლენით, ბავშვობაში მუსიკასაც სწავლობდა და ცეკვასაც. თუმცა, ბოლოს მაინც თეატრის სიყვარულმა გადასძალა. "ბაბუ და მე კოლეგები ვართ, რაც ჩემთვის სასიხარული ფაქტია. თუმცა, სულ ხაზგასმით ვამბობ, რომ თავიდან არ სურდა მსახიობი გავმხდარიყავი, მერე ნელ-ნელა შეეგუა" - ამბობს სანდრო...

GzaPress- მუსიკა ძალიან მიყვარს, მაგრამ აღარ ვუკრავ. კლასიკა ბავშვობიდანვე მესმოდა და ამ ჟანრისადმი სიყვარული მას შემდეგ ჩამომიყალიბდა.

- რეპის, პოპის მოსმენის პერიოდი არ გქონია?

- როგორ არა! შეიძლება, ცოტა ბანალური გახდა ფრაზა: "ყველაფერს ვუსმენ", მაგრამ ასეა გარკვეულ ასაკამდე და მერე იცვლება. არის ასეთი ელექტრომუსიკის მიმდინარეობა - მინიმალი. დილას ვიწყებ მუსიკით. მეზობლები შეჩვეულები არიან, რომ მაღალ ხმაზე უნდა ვუსმინო. სამწუხაროდ, ამას წინათ მოხდა ერთგვარი "ჩეპე". ჩემს ოთახში ვიყავი. დაახლოებით ღამის პირველი საათი იყო და მუსიკას ვუსმენდი. ცოტა ხანში "სვეტამუზიკა" დაემატა. ფანჯარა ქუჩის მხარეს გადის და გავიხედე, - რა ხდება-მეთქი? დავინახე პატრულის სამი ეკიპაჟი და რამდენიმე პოლიციელი. მუსიკას ჩავუწიე და ხუმრობით ვიკითხე: რა იყო, ჯიგრებო, შემთხვევით ჩემთან ხომ არ ხართ-მეთქი? ამომხედეს, - კი, შენთან ვართ და ერთი წუთი ჩამოდიო. მუსიკა გამოვრთე და გავედი. აღმოჩნდა, რომ პატრული ჩემ გამო იყო გამოძახებული. ამ ფაქტმა ძალიან გამაკვირვა. ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ მსგავსი რამ მანამდე არასოდეს მომხდარა. მეზობლები შეგუებულები არიან, რომ მუსიკა მიყვარს. ახლა სახლის გვერდით ახალი შენობა ააგეს და ეტყობა, ახალი მეზობლებიდან ვიღაც შეწუხდა. ცუდად ნურავინ გამიგებს, მაგრამ მე აქ დავიბადე და გავიზარდე, 27 წელია ასე ვცხოვრობ და ვერც ახლა შევცვლი რამეს.

- როგორ დასრულდა პატრულთან შენი დიალოგი?

- ავუხსენი ვითარება, - რეპეტიციას გავდივარ, სპექტაკლში მჭირდება-მეთქი. ერთ-ერთი საპატრული პოლიციის თანამშრომელი "ჯიგარი" აღმოჩნდა. მითხრა, - ვიცი, მსახიობი ხარ, შენს სპექტაკლებზეც ვყოფილვარ და ტელევიზიითაც გგულშემატკივრობთ, ბაბუაშენსაც დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ იქნებ შენც გამიგოო... რა თქმა უნდა, გავითვალისწინე მათი მდგომარეობა, მაგრამ ახლა ის ახალი მეზობელი, ვინც პატრული გამოიძახა, თუ ჟურნალ-გაზეთების მოყვარულია და "გზას" კითხულობს, იმედია, წაიკითხავს ამ ამბავს და მიხვდება, რომ მე მიყვარს მუსიკა და ამის გარეშე არ შემიძლია.

- მუსიკის მოსმენას ცეკვაც მოჰყვება ხოლმე, არა? ვიდეო მაქვს ნანახი, სადაც შენს ოთახში ცეკვავ...

- არ ვარ ის ტიპი, რომ გადავიღო, როგორ ვცეკვავ. ერთხელ ბიძაშვილმა "ჩუმად" "დამიფეისბუქა" და ეს ვიდეო ასე გავრცელდა, ამას მოჰყვა მეგობრების გამოხმაურება: ზოგი გაერთო, ზოგმა დამცინა, აზრი აღარ ჰქონდა წაშლას და მეც აღარ ამიღია ჩემი გვერდიდან.

- ქართულ ცეკვა გიყვარს...

- დიახ, 13 წელი შევალიე ამ საGzaPressქმიანობას. ჩემი უსაყვარლესი ქორეოგრაფი - გოგი ჩაჩავა არის ადამიანი, რომელმაც არა მარტო ეს ხელობა მასწავლა, არამედ ადამიანური ურთიერთობებიც. კაცობას გვასწავლიდა, თითოეული მოსწავლის მეგობარი იყო. იმ ქორეოგრაფიულ ანსამბლს, რომელშიც დავდიოდი, "ჯორჯია" ერქვა, შემდეგ კი სახელი გადაარქვეს და "ჩვენი შვილები" უწოდეს. ათი წლის შემდეგ გადავედი ილიკოსთან, "სუხიშვილებში". მაშინ ბატონი თენგიზი ცოცხალი იყო. მერე თეატრალურ უნივერსიტეტში მომიწია ჩაბარებამ. მისაღები ტურების გავლის შემდეგ, ჩემმა პედაგოგმა, ნუკრი ქანთარიამ მითხრა, რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინდა ცეკვასა და თეატრალურ ინსტიტუტს შორის, რადგან ოთხი წლის განმავლობაში, "ჩაკეტილ სივრცეში" დილიდან-ღამემდე უნდა ვყოფილიყავი. ჰოდა, არჩევანი გავაკეთე.

- ბაბუა სცენაზე პირველად რა ასაკში ნახე?

- ღრმა ბავშვობიდან მახსოვს კადრები სპექტაკლებიდან: "კავკასიური ცარცის წრე", "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", "მაკბეტი" და ბევრი სხვა... მის თამაშს თვალს ვადევნებდი კულისებიდან, ზოგჯერ - განათების ადგილიდან, დარბაზიდან და ა.შ.

- ბაბუა ძალიან ღელავდა, როცა შენ სცენაზე იდექი. დღესაც ასეა?

- გარკვეული ნდობა გაუჩნდა, მაგრამ მაინც ნერვიულობს ხოლმე, მით უმეტეს, პრემიერებზე. მინდა, ერთი შემთხვევა გავიხსენო, რომელიც ცოტა არ იყოს, მძიმედ მახსენდება. ამას წინათ, სპექტაკლი "პრინცი ჰომბურგი" ჩემი ავადმყოფობის გამო მოიხსნა. შეძლებისდაგვარად, ყველას მოვუხადე ბოდიში, მაგრამ მსურს, თქვენი ჟურნალის მეშვეობით, კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო მაყურებელს.

- იმ მაყურებელს, რომელიც უკვე დარბაზში იყო, არა?

- დიახ, ასეა! ვირუსი მქონდა, სიცხიანი მივედი თეატრში. წარმოდგენის დაწყებამდე საგრიმიოროში გული წამივიდა, არადა, სრულ მზადყოფნაში ვიყავი - კოსტუმი მეცვა, გრიმი გაკეთებული მქონდა... იმ დღეს ჯემალი თეატრში იყო. გონს რომ მოვედი, დავინახე, ჩემზე მეტად ჰქონდა ფერი დაკარგული და ძალიან ღელავდა.

- ძველ თაობას გამძაფებული პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ბატონი ჯემალი რამდენიმე წუთით ადრე მიდის დაგეგმილ ინტერვიუზე, რეპეტიციაზე და ა.შ.

- დიახ, ჯემალი მართლაც გამორჩეულია ამ საკითხში და ამით ვამაყობ. საერთოდ, მისი თაობა მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და ეკიდება საქმეს. "მოხუცი ჯამბაზების" მაგალითზე გეტყვით. მოგეხსენებათ, რამდენიმე სამწუხარო ამბის გამო ერთი პერიოდი სპექტაკლი მოხსნილი იყო, მაგრამ შემდეგ აღდგა. ვინ იცის, უკვე მერამდენედ თამაშობს სპექტაკლს, აბსოლუტურად ზეპირად იცის ყველა ფრაზა, მიზანსცენა და დეტალი, მაგრამ დღესაც კი, როცა ის დღე თენდება, როცა უნდა ითამაშონ, დილიდან იწყებს მზადებას. ეს მისი პროფესიონალიზმის გამოვლინებაა და მიხარია, რომ ამ ყველაფერს თვალ-ყურს ვადევნებ. იმედია, მისგან მაქსიმალურად "ავკრეფ" რაღაც-რაღაცებს.

- როცა ახალ როლს ამზადებ, ყოფილა ერთგვარი "ჩაბარება" ბაბუასთან?

- არა, მხოლოდ კითხვებითა და რჩევებით შემოვიფარგლებით. როგორც თეატრში აქვს ყველას თავის საგრიმიორო, ისე ვართ შინაც: ჯემალს თავის ოთახი აქვს და მე - ჩემი. მირჩევნია, პრემიერამდე, "შიდა ჩვენებაზე" ნახოს ყველაფერი და რჩევა მომცეს. ვეკითხები მხოლოდ ჩემს უარყოფით მხარეებზე, მაინტერესებს "შავი წერტილები".

- "უფლისწულსა და მათხოვარში" პირველად მოგიწიათ ბაბუა-შვილიშვილს სცენაზე პარტნიორობა...

- ეს სპექტაკლი საახალწლოდ დაიდგა, დღეში ორ წარმოდგენას ვმართავდით (პრემიერა 2013 წლის 25 დეკემბერს შედგა. - ავტ). კმაყოფილი დარჩა როგორც პატარა, ისე უფროსი თაობის მაყურებელი. რაც შეეხება ჯემალთან ერთად მუშაობას, ეს იყო დიდი სიხარული და გაკვეთილი. სხვათა შორის, ამ სექტაკლზე მზადების დროსაც ვცდილობდით, რომ არა სახლში, არამედ სცენაზე შევხვედროდით ერთმანეთს და იქ გაგვეცვალა აზრები. სხვათა შორის, ჩემი ნათქვამიც გაითვალისწინა, რაც მახარებს (იცინის).

GzaPress- აუცილებლად უნდა გკითხო გვარზე: შენი არჩევანი იყო, ორი გვარი გეტარებინა?

- ეს არჩევანი საკმაოდ ღრმა ბავშვობაში, დაახლოებით 5-6 წლის ასაკში გავაკეთე და მოგვიანებით, თეატრალურში სწავლის პერიოდში განვახორციელე. მე და ჯემალს ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და სულ ერთად ვმოგზაურობდით. ბაბუს საძმაკაცო წრეში გავიზარდე. ყოველთვის შეგუებული ვიყავი იმ ამბავს, რომ ჯემალს ცნობდნენ, ეთაყვანებოდნენ, პატივს სცემდნენ და ეს მიხაროდა. ერთხელაც, ბათუმში ყოფნის დროს ვითევზავეთ, უფრო სწორად - გავერთეთ. გარშემო ბევრი ბარი იყო. ერთგან პლასტიკატის მრგვალი, 15 მაგიდა გვერდიგვერდ დაედგათ და დაახლოებით 40-კაციანი სუფრა ჰქოდნათ გაშლილი. მე და ბაბუ ნაპირს მივუყვებოდით. ეს ბარი უკან ჩამოვიტოვეთ, მაგრამ წამოიშალნენ სუფრასთან მსხდომები და მიგვიპატიჟეს. მთელი ღამე მათთან ერთად გავატარეთ... იმ ღამით, როცა შინ დავბრუნდი, ეს გადაწყვეტილება მივიღე და ჯემალს ვუთხარი: "ბაბუ, მინდა ვიყო ღაღანიძე!" იმდენად პატარა ვიყავი, რომ მეგონა, მხოლოდ ეს გვარი იყო ხალხის მხრიდან ჯემალის მიმართ ასეთი თბილი დამოკიდებულების მიზეზი (იღიმის). მინდა, ვისაც აინტერესებს, ისიც განვუმარტო, რომ ჯემალს ჰყავს ერთადერთი შვილი ანუ დედაჩემი ნათია. ჯემალის ძმა გარდაცვლილია. ბაბუს ძმისშვილებს ანუ ჩემს ორ ბიძას ორ-ორი გოგონა ჰყავთ და გვარის გამგრძელებელიც რომ არ იყო, ამანაც იქონია გავლენა.

- შენი შვილი - ელენე რამდენი წლისაა?

- სამწლი-ნახევრის არის. ქალბატონი შევიდა ბაღში და ძალიან კმაყოფილია. უყვარს ყველა ასაკის ადამიანთან ურთიერთობა. საერთოდ, ვგიჟდები ბავშვებზე. მათთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და ვიდრე მე მეყოლებოდა შვილი, მეგობრებისა და ახლობლების ბავშვების გვერდით ყოფნისას, სულ ვფიქრობდი: ნეტავ, მეც თამამი, ალალი, საყვარელი, კეთილი შვილი მყავდეს-მეთქი. როგორიც მინდოდა, ელენე ზუსტად ისეთია. ძალიან კარგი გოგოა, თან - ულამაზესი (იღიმის).

ანა კალანდაძე