არგენტინის "თელავში" მოღვაწე ქართველი მესაყვირე მამა-შვილი - გზაპრესი

არგენტინის "თელავში" მოღვაწე ქართველი მესაყვირე მამა-შვილი

მესაყვირე ზურაბ ჭრიკიშვილი 1997 წლიდან არგენტინაში ცხოვრობს. ის არგენტინის ხუთი საუკეთესო ორკესტრიდან ორის - მენდოსის უნივერსიტეტისა და მენდოსის ფილარმონიის ორკესტრების წევრია. მასთან ერთად, მისი შვილი - დავითიც უკრავს.

- ბატონო ზურაბ, რამდენად საჭიროა მესაყვირის პროფესია არგენტინაში?

GzaPress- არ არსებობს არგენტინის არც ერთი "ბიგ ბენდი" ან ორკესტრი, სადაც საყვირი არ არის. მაგალითად, ყველაზე ცნობილ სალსას მუსიკაში საყვირი ლიდერია. აქ საყვირი არა კლასიკურმა, არამედ თანამედროვე, ხალხის მუსიკამ გახადა პოპულარული. საქართველოში კი ის ძირითადად, კლასიკურ მუსიკაში გამოიყენება.

- არგენტინაში როგორ წახვედით?

- ერთწლიანი კონტრაქტით წამოვედი. აქ ჩამოსულმა მუშაობა უნივერსიტეტში დავიწყე და პირველსავე წელს უვადოდ დარჩენა შემომთავაზეს. აქაც იყო და არის პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისები, მაგრამ საქართველოში, ჩემი წამოსვლის პერიოდში მსგავსი კრიზისი ომში გადაიზარდა. ახალგაზრდები უკვე დაღლილი ვიყავით ცხოვრებით, ოჯახში ლუკმა პურის მისატანად "ვტაქსაობდით", არაფერს ვთაკილობდით. საკუთარი პროფესია აღარავის ახსოვდა. აქ კი საშუალება მომეცა, ოჯახი ჩემი პროფესიით, საყვარელი საქმით მერჩინა. ქალაქი მენდოსა, სადაც მე ვცხოვრობ, ყურძნის და ღვინის მხარეა. არგენტინისთვის მენდოსა იგივეა, რაც საქართველოსთვის თელავი...

- რატომ მაინცდამაინც საყვირი? ამ ინსტრუმენტის შესწავლა რაიმე კონკრეტულმა შემთხვევამ განაპირობა?

- ოჯახში პროფესიონალი მუსიკოსი არავინ იყო. 10 წლის ვიყავი, როცა სკოლაში გვითხრეს, სასულე ორკესტრისთვის გოგონებსა და ვაჟებს ეძებენო. ისიც შემოგვთავაზეს, თუკი პედაგოგ კოლია ქობულაშვილთან დღესვე ჩაეწერებით, ინსტრუმენტსაც დღესვე მოგცემთო. ნოემბრის ბოლო იყო. ბიჭებმა ვთქვით: წავიდეთ და თუ არ მოგვეწონება, ახალი წელი მოდის, ქუჩაში მაინც გამოვალთ და დავუკრავთო. მართლაც, ინსტრუმენტი პირველსავე დღეს მოგვცეს, მეორე დღიდან კი გაკვეთილები დაგვეწყო. ერთ წელიწადში ეს სასულე ორკესტრი პოპულარული გახდა. ის ახლაც არსებობს და ტრადიციებს აგრძელებს. მოგვიანებით, კოლია ქობულაშვილმა მითხრა, ისე კარგად ხარ მომზადებული, კონსერვატორიის მასწავლებელს უნდა მოვასმენინო და ვნახოთ, რამდენად შეძლებ ამ საქმიანობის გაგრძელებასო. როგორც კი მომისმინეს, კოლიას უთხრეს: ხვალიდანვე ჩარიცხე მოსამზადებელ კურსზე და მომავალ წელს ჩააბაროსო.

- საცხოვრებლად არგენტინა რატომ შეარჩიეთ?

- 90-იან წლებში ჯანსუღ კახიძემ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი დატოვა, სადაც მე საყვირზე ვუკრავდი. ორკესტრის ხელმძღვანელად დევიდ დელ პინო კლინგე ჩამოვიდა. ის, პარალელურად, მენდოსაში მთავარი დირიჟორი გახლდათ. მენდოსის ორკესტრის მესაყვირეები უკვე საპენსიო ასაკში იყვნენ. სწორედ კლინგემ შემომთავაზა არგენტინაში ჩამოსვლა, თორემ დამიჯერეთ, ეს აზრადაც არასოდეს მომივიდოდა. აქ თბილისის ორკესტრიდან სულ 12 ვართ: ზოგი საქართველოში დაბადებული რუსია, ზოგი სომეხი და ზოგიც - ებრაელი. რომ ჩამოვედით, პასპორტში ყველას სხვადასხვა ეროვნება გვეწერა. უკვირდათ, ყველა საქართველოდან როგორ ჩამოხვედითო?..

- სხვა ქვეყნებში არ მიუწვევიხართ?

- ჩილეში, პარაგვაიში, ბოლივიაში, ურუგვაიში ვიყავი. ოღონდ, დავუკარი და ისევ მენდოსაში დავბრუნდი.

- როგორც ვიცი, თქვენი ვაჟიც თქვენთან ერთად უკრავს, ორკესტრში...

- დიახ. ჩემი ვაჟი 21 წლისაა. 5 წლის აქ გახდა. ცოტა რამ ახსოვს საქართველოზე. ვცდილობთ, ენა, ტრადიციები არ დაივიწყოს. საყვირზე დაკვრა თამაშით დაიწყო, მისთვის ეს არასოდეს დამიძალებია. როცა ვუკრავდი, ჩემთან ერთად თამაშობდა, უკრავდა. მერე შევატყვე, ტალანტი ჰქონდა და მეცადინეობა შევთავაზე. სიამოვნებით დამთანხმდა და ამყვა კიდეც. ახლა უკვე უნივერსიტეტის მესამე კურსზეა და ერთი წელია, ჩემთან ერთად ორკესტრში უკრავს.

- ნოსტალგია თუ გაქვთ და მასთან "გამკლავებას" როგორ ახერხებთ?

GzaPress- ნოსტალგია ყველა ემიგრანტს აქვს და ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ეს ჯანმრთელობაზეც დატოვებს კვალს. აქ მცხოვრები ქართველები ვიკრიბებით ხოლმე და ჩვენს ქვეყანას აქედან ვგულშემატკივრობთ. ამას წინათ, თბილისში ჩემი მეგობრები სვამდნენ, ჩართეს "სკაიპი", მეც ჭიქა ავიღე და ასე "ვქეიფობდით" (იცინის).

- სამშობლოში ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებთ?

- მას შემდეგ, რაც წამოვედი, სამჯერ ვარ ნამყოფი. ვიდრე აქაური მოქალაქეობა არ ავიღე, საერთოდ ვერ ჩავდიოდი. საქართველოს საელჩო არც ერთ ლათინურ ქვეყანაში არ იყო. ახლა უკვე არსებობს და ჩამოსვლაც შეგვიძლია. იცით, აქ ნებისმიერ დასაქმებულ ადამიანს შეუძლია ხელფასით უზრუნველად იცხოვროს, მაგრამ როგორც კი საქმე დოლარის ან ევროს შეძენას ეხება, მდგომარეობა რთულდება. ეს ვალუტები საოცრად ძვირი ღირს. საშუალოდ გეტყვით, აქედან საქართველოში ერთი კაცი რომ ჩავიდეს და ერთი თვე დარჩეს, დაახლოებით, 4-5.000 ევრო დასჭირდება, რაც ჩვენი ერთი წლის ხელფასი გახლავთ.

- როგორია საზღვარგარეთიდან დანახული საქართველო?

- წინსვლას ნამდვილად ვხედავ, მაგრამ სტაბილურობა მინდა დავინახო. ქართველი მუსიკოსები, ყოველგვარი გადაჭარბებისა და ნაციონალიზმის გარეშე, ბრწყინვალეები არიან, მაგრამ ეკონომიური თვალსაზრისით იჩაგრებიან.

შორენა ლაბაძე