რომეო! სიყვარულმა შენ კი არა, გადარია ტარიელი
მახვილი თვალი არ გჭირდება, რომ რუსთავი-თბილისის გზის საკმაოდ გრძელ მონაკვეთზე გაკეთებული სასიყვარულო წარწერები შენიშნო.
პირველი წარწერა ფონიჭალაშია, ბილბორდზე - ”ნინი მიყვარხარ”.
თუ შერლოკ ჰოლმსის ”დედქუციურ მეთოდს” გამოვიყენებთ, იოლი მისახვედრია, რომ გოგონა ამ უბანში უნდა ცხოვრობდეს, რადგან რუსთავიდან ფონიჭალამდე სხვა წარწერა არსადაა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, არც რაიმე ისეთი ადგილია, სადაც წარწერის გაკეთება შეიძლება და შეყვარებულმა რომეომ სწორედ პირველსავე მოსახერხებელ ადგილზე დატოვა საქვეყნო მესიჯი, თავისი ჯულიეტასთვის.
ამ ბილბორდის მოპირდაპირე მხარეს ეზოდან გამოსასვლელია და გზის ნაპირზე მდგარი მაღაზიის კედელზე, ისევ მწვანე საღებავით შესრულებული წარწერა გვაუწყებს: ”მიყვარხარ მაგრამ ამ სიყვარულს იაფი სცენის სურნელი ასდის”.
ისევ ”დედუქციურ მეთოდს” თუ მოვიშველიებთ, ნინი ამ ეზოში უნდა ცხოვრობდეს...
როგორც მივხვდი, ეს ოთარ ჭილაძის ძალიან ლამაზი ლექსის - ”გამოთხოვება” - მიხედვითაა დაწერილი... თუმცა, ცოტა გადაკეთებულია, მაგრამ წარწერის ავტორს უგრძნია:
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელი ახლავს...
ამბობს გენიოსი შემოქმედი... წარწერის ავტორს კი თავისებური ხედვა აქვს, თუმცა გასაკვირი სულაც არაა, სიყვარული ხომ აბრმავებს, აყრუებს და ამუნჯებს ადამიანს...
5-6 კილომეტრის შემდეგ ავტოპროფილაქტორიუმის კედელზეც მოზრდილი წარწერაა - ”შენ ზღვას ჰგავხარ დამშვიდებულს. ნინი” და რამდენიმე მეტრში, - ვულკანიზაციის კედელზე _ ”სულს მოქცემ”.
ნუ, აქ ეს ”ქ” ცოტა ”უტეხავს” ავტორს, მაგრამ გულითაა დაწერილი და ალბათ ეპატიება.
კიდევ 2-3 კილომეტრში, ავტოგასამართი სადგურის კედელზე ვრცელი წარწერაა - ”იმდენს ვფიქრობ, რომ შემიძლია, შეგეხო”...
ყველგან, სადაც ფოტოები გადავიღე, ვიკითხე, - წარწერის ავტორს ხომ არ იცნობთ მეთქი? მხრებს იჩეჩდნენ - არაო...
გზის მთელ მონაკვეთზე, ასეთივე ფერის საღებავით, ”სხვა თემაზე” ერთი წარწერაა მხოლოდ - ”ვულკანიზაცია”...
იქნებ წარწერების ავტორი იქ მუშაობს?
მართლაც საინტერესოა, ვინაა შეყვარებული და რომანტიკული რომეო...
გაჭრა თუ არა სიყვარულის ახსნის ასეთმა მეთოდმა და უპასუხა თუ არა მის გრძნობებს ნინიმ...
თუ რომელიმე მათგანი გამოგვეხმაურება, დიდი სიამოვნებით მოვისმენთ მათი ცალმხრივი თუ ორმხრივი (იმედია) სიყვარულის ამბავს.
მოკლედ, ჩემი ვერსია ასეთია (”დედუქციური მეთოდით” რომ დავადგინე) - ვულკანიზაციაში მომუშავე, ახალგაზრდა, რომანტიკული მამაკაცი, რომელსაც უყვარს ოთარ ჭილაძის შემოქმედება და არ უყვარს სასვენი ნიშნების გამოყენება, ფონიჭალაში მცხოვრებ ნინიზეა შეყვარებული... ის კი სავარაუდოდ, მის გრძნობას არ პასუხობს...
ისე, ნეტავ ნინიმ იცის, რომ ეს წარწერები ამს ეკუთვნის?
და ბოლო წარწერა - ”მე ვაფრენ”...
რომეო! სიყვარულმა შენ კი არა, გადარია ტარიელი...